-2010 +2011

სადღაც წამიკითხავს თუ გამიგონია ჩინელები ყველა საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი დღის არდასავიწყებლად თითო მარცვალ ბრინჯს ყრიან ჯამში და სიცოცხლის ბოლოს ითვლიან მათ რაოდენობას.

ისე ჩემს მიერ განვლილ მარტო ბოლო წელს თუ გადავხედავ ამ ჯამში ალბათ იმდენი მარცვალი ჩავარდებოდა, დათვლა რომ გაჭიდება.

ეხლა მართალია წლის ბოლო დღეა და აზრებს ძნელად ვუყრი თავს, მაგრამ რადგან წლის ბოლოა და  განვლილის მეტ–ნაკლებად შეჯამება ერთგვარი აუცილებლობაა შევეცდები ტვინი დავძაბო და რაღაც მაინც გავიხსენო....


ბედნიერების პიკს მაშინ მივაღწიე, როცა აგვისტოს ერთ ცხელ დღეს ოჯახმა წარმოუდგენელი სიურპრიზი მომიწყო და ისე როგორც ოცნებებში ხდება ხოლმე სამსახურის წინ მანქანა დამახვედრა, ე.წ. ციცინო, რომელიც გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.



ყველაზე დაუვიწყარი განცდა ალბათ ის დილის 6 საათი იქნება, რომელმაც სამდღიანი დამღლელი მოგზაუროს ბოლო დილას გამაღვიძა და იქ ტაო–კლარჯეთში მამცნო პატარა გიორგი ლაკვეხელიანის (ბღლუნწუსის) დაბადება


წლის ყველაზე დიდი მოულოდნელობა დეიდაჩემის უეცარი და საბოლოო გადაწყვეტილება გახლდათ. ამ წუთამდე ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია რა იყო ეს. ჩემი მეორე დედა – ნაირა ბარბარედ წოდებული რამდენიმე თვეში დედა ანად გარდაიქმნა.

მთელი წლის მანძილზე კარგი და უფრო კარგი, მოულოდნელი და წარმოუდგენელი ამბები ერთმანეთს ენაცვლებოდა. წარმოუდგენელი და დაუვიწყარი იყო ყველა მოგზაურობა, რომელიც წინა პოსტით შევაჯამე.

მოკლედ, სხვა რა დამრჩენია დიდი მადლობა უნდა მოვახსენო 2010 წელს და უფრო მეტი კარგის მოლოდინით დაველოდო ახალ 2011–ს.


მანამდე კი, ჩემგან ყველაზე, ყველაზე კეთილი სურვილები მათ ვინც მიყვარს, ვისითაც ვარსებობ და ვისი არსებობაც ასე მაძლებინებს ამ წუთისოფელში.

ჩვენი საქართველო აქ არის..........

ვინაიდან და რადგანაც 2010 წელი დასასრულს უახლოვდება და დიდის სიხარულით და მთელის მოლოდინებით ველი მომდევნო 2011–ს;

ვინაიდან და რადგანაც წელსაც ისევე როგორც გასულ წელს ჩემს ცხოვრებაში მოგზაურობას აქტუალობა არ დაუკარგავს და დიდი იმედი მაქვს მანამ არ დაკარგავს, სანამ ჩემი გული იმუშავებს და სხეულიც მომყვება, გადავწყვიტე "ჩემი საქართველო აქ არის"  მეორე ნაწილი დამეწერა, ან უბრალოდ შემეჯამებინა მიმდინარე წლის გასვლები.


ტრადიციას არ ვუღალატებ და უკვე რეალიზებული ოცნებებისთვის მადლობა www.karavi.ge -ს კარგი იდეებისთვის, ჩემს მეგობრებს – გვერდში დგომისთვის, სამსახურს – ფინანსური გაძლიერებისთვის და ჩემს ოჯახს, რომელსაც იდეები არ ელევა აშკარად.

მარტი: დაუვიწყარი გასვლა ტრაპზონში ჩვენი რაგბისტების მხარდასაჭერად, ემოციები სრულად გამოვხატე  ამ ბმულებში, ამიტომ აღარ დავწვრილმანდები.




აქვე,  ულამაზესი სანახაობა სუმელა .



მაისი: ლომისობა მლეთაში   თავისი ტრადიციებით წარმოუდგენლად რთული გზით, რომელიც წელიწადში 1ხელ აუცილებლად უნდა გაიარო.



ივნისი: შეხვედრა წარსულთან, დაკარგული ჰერეთი და პირველი გასვლა აზერბაიჯანის საზღვრებში.


აქვე, მეორე გასვლა ტაო–კლარჯეთში და გზაში გატარებული სამი დაუვიწყარი დღე.


ივლისი:  სრულიად უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ ვათვალიერებთ სამცხე ჯავახეთს, არმაზს, კახეთს და ათასჯერ ნანახს....


აგვისტო:  ორდღიანი გასვლა აჭარაში. ამ დღეების გამორჩეულობა იმაშია, რომ პარასკევ დღეს გამოიხურავ სამსახურის კარს, აიღებ ზურგჩანთას და დაადგები გზას, იცი რომ გაქვს მხოლოდ ორი თავისუფალი დღე და ორშაბათს აუცილებლად უნდა დაუბრუნდე იმ ადგილს, რომელიც ასე ბედნიერად დატოვე პარასკევს.......



განუმეორებელი აგვისტოს მეორე ნახევარი, სვანეთის დაუვიწყარი დღეები და ციცინოსთან შეხვედრის მოლოდინი.... (ციცინოს ვინაობას წლის ბოლო პოსტში წაიკითხავთ)




სექტემბერი: კიდევ ერთი გასვლა აჭარაში და თურქეთის საზღვრების კიდევ ერთხელ გადაკვეთა. შოპინგგასვლა რიზემდე........



ოქტომბერი–ნოემბერი: ციცგასვლები:
 დარიალის ხეობაში

ყვარელში

ბოდბე–სიღნაღსა


და მცხეთაში

დეკემბერი: კარვული გასვლები კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე



და ჯიპტური გარეჯის უდაბნოში........





ეს არაა ყოველივე ის რაც ამ წელს ვნახე და მოვიარე, ეს არის ის რაც განსაკუთრებით ჩამრჩა გულში და კვალი დატოვა ჩემში.....




მესამე ნაწილი ალბათ იქნება, ოღონდ 1 წლის შემდეგ 

ფოტინესადმი....

ამ წუთას ღამის 10:30 –ია. დიდი ხანია ბლოგი არ გამხსენებია. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რას დავაბრალო ეს ამბავი. შეიძლება ძალიან დამაკავეს სამსახურის საქმეებმა. არც იმას გამოვრიცხავ რომ ცოტა ჩავიკეტესავით, შეიძლება ამინდის ბრალია, ან იქნებ ზედმეტი აქტიურობიდან ჩემგან დამოუკიდებელი TAME OUT–ის ან იქნებ ემოციული და ფიზიკური გადაღლილობის (ეს უკანასკნელი იმ გაგებით არა ტყე–ღრეში რამდენიმესაათიანი ხეტიალის მერე რომ გემართება ადამიანს).

ღამის 11 არ შესრულებულა და ირგვლივ უჩვეულო სიჩუმეა. შუქი გამოირთო ახლო პერიმეტრში და ამის გამოა შორეულმა მოგონებებმა რომ წამოყო თავი. ისე კარგი ნათქვამია "შეუჩვეველს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო!" , რადგან სადღაც 8–10 წლის წინ შუქის მოსვლით გახარებული ადამიანების ჟივილ–ხივილი მართლა ცას სწვდებოდა, მოუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცოდა ეს სიხარული რა მცირე ხანს გრძელდებოდა. დღეს იმდენად არ გვეფიქრება  ეს საკითხი, რომ სიბნელეში აღმოჩენილმა საჭირო სანთელიც კი ვერ ვიპოვე სახლში, უფრო მეტიც, ჩემი სახლის წინ ასვეტილ რამდენიმე მრავალსართულიანში მხოლოდ თითო ოროლა სარკმლიდან ჩანს ბაცი სიყვითლე. კარგია ალბათ რწმენა მაინც რომ შეგვრჩა და ოჯახში საეკლესიო  სანთლებს ვინახავთ. რამდენიმე წუთიც და ეს სინათლეც ქრება... ალბათ მოასწრეს საწოლამდე მიღწევა...

ფიქრებით ისევ სადღაც 10 წლით უკან ვიხევ  და მახსენდება წინასწარ მომარაგებული პარაფინის თეთრი სანთლებით განათებულ ოთახში, როგორ ვატარებდით საღამოებს შეძლებისდაგვარად მხიარულად. გვქონდა პატარა რადიო და ჩაბჟირებით ვუსმენდით ქართულ მელოდიებს. შიგადაშიგ ბოლო ხმაზე რომ ვყვებოდით, ცოტა უნიჭოდ მაგრამ რა მოხდა მერე???. გვყავდა სტუმარი და დაუღალავად ვსაუბრობდით არსებულზე თუ ჩვენით შეთხზულზე. ვაგებდით მომავლის გეგმებს და ვოცნებობდით იმ ეტაპისთვის წარმოუდგენელზე. გვესმოდა და უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს. ვაცნობიერებდით ერთმანეთის გაჭირვებას და საკუთარი გამოცდილებით ან თუნდაც გამოუცდელობით გვერდით ვედექით. ვსწავლობდით და ვასწავლიდით, ვთხზავდით და ვკითხულობდით. არ გვქონდა თანამედროვე ტექნიკა, თუმცა მაინც ვახერხებდით არ ჩამოვრჩენოდით არსებულ გარემოს.

არა ამ პოსტით ჩემი მიზანი წარსულზე ტირილი, ან არსებულის ქება სულაც არაა. უბრალოდ დღის ბოლომ მოიტანა ეს გახსენება და რამდენიმეწუთიანმა უშუქობამ.. ეს ყველაფერი კი უბრალოდ წარსულში განცდილის მცირედი გახსენებაა და სხვა არაფერი.......

ფრაგმენტები

ნაწილი 1  (მობილურის ჩანაწერები) 

1. ასეთი რამ ხომ გვიგვრძვნია ყველას, გძინავს და ძილში კიდევ ძილს ნატრობ. ახლა სვანეთის გზას ვადგავარ და იმაზე ვფიქრობ, რომ ნეტა არ დასრულდეს ეს წამი. ენგური კი შაბიამნისფერია, ისეთი როგორც არასდროს. მთას ფერი ეპარება, აი ისეთი ფერი მარტო ამ მხარეში რომ იცის. ნამდვილი შემოდგომისფერი.




2.სვანეთში სიყვარულმა უნდა წაგიყვანოს.ამ ხალხის სიყვარულმა და იმ ტრადიციების პატივისცემამ, რომელიც ასე ხშირად ძალიან გაუგებარი და მიუღებელია ჩვენთვის. სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება.



3. ფესტივალი მესტიაში ძალაშია შესული. გაამართლა აშკარად. ადგილობრივი ახალგაზრდობა აქტიურია, მათი მშობლები ჯიუტად სდუმან. შემთხვევა თუ მოგეცა გაარკვევ, რომ ეს ყველაფერი საერთოდ არ ეხატებათ გულზე, სულ უბრალოდ, სიმშვიდეს ურღვევს მათ, არ სჭირდებათ საქმეში ცხვირის ჩამყოფები.



4. ზურგს უკან "ბოლო გამოშვება" საესტრადო განათებაა, ასე ძლიერ რომ მჭრის თვალს. მე ზურგშექცევით ვდგავარ და განათებულ კოშკებს შევცქერი. ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი, ახლო მთის წვერზე კოცონი ანთია. ხვალ ჩვენც უნდა ავიდეთ ამ თვალუწვდენელ წვერზე. მესტია უბრალოდ აღმოჩენაა და ამოუწურავი....




ნაწილი 2 

ნიკა სვანია, დაფასებული სვანი, აზრიც რომ მოეკითხება და პატივსაც რომ სცემენ. ხმას არ იღებს ზედმეტად, თუმცა ბევრს ფიქრობს და განიცდის.



რას განიცდის????

სვანეთის სრული რეაბილიტაცია, ჩაკეტილი კასტის ცხოვრებაში ხელებისფათურია....

გამრავლებული ტურისტი ამ მხარეში მარტო ცივილიზაციის შემომტანი კი არააა, იმის დამანგრეველია რაც ამ ტურისტს დღეს იზიდავს სვანეთში....

ახალგაზრდობა ისე აღარ განიცდის და სჯის თავის გვარისას, როგორც აქამდე იყო, იქნებ კარგიცაა, ნაკლები გვარი შეწყვეტს ამ მხარეში სამუდამო არსებობას....

სასულიერო პირის გამოჩენა ამ მხარეში ვერ გადაუწყვიტავს მათ ძირითად პრობლემას, აქ ხალხის შეგნება უნდა მივიდეს იქამდე, რომ ერთმანეთის სისხლის აღება  უბრალოდ ცუდი გადმონაშთია...

აქ ყველაფერი რაც ეხლა კეთდება კონკრეტულების გულის საოხია და არა ამ მხარის......




ნაწილი 3

ჩვენ დაახლოებით ათნი ვართ, პირდაღებულები შევცქერით გარემოს და ყველა ხესთან თუ კოშკთან სურათს ვიღებთ.....



დღეები იმდენად დატვირთულია და ერთმანეთისგან განსხვავებული, რომ ფაქტების გადააზრებას ვერ ასწრებ....

დღეები გრძელია და ღამეები ძალიან მოკლე.....

უშბა დანისლულია,  მკაცრად დამალული....



რიტმი გაუჩერებელი და აუდიტორია განცვიფრებული, რომელიც დროგამოშვებით ზურგს აქცევს სცენას ჩვენი შემხედვარე.....



ფილმის იდეა შერჩეულია და კადრები დალაგებული....

უბრალოდ ილუზიაა და სიგიჟეა ეს ყველაფერი



ბოლო კითხვა: რა არის შენთვის სვანეთი?

სულის ნაწილი, რომელიც ასეთი ნოსტალგიური ხდება ხოლმე და დაბრუნებას მთხოვს.....

ზოგჯერ უბრალოდ....

უბრალოდ არაფერი ხდება...

ცხოვრებას მოაქვს ცუდიც და კარგიც

ცხოვრება გხდის ერთ წამში ბედნიერს და უბედურს....

საუკუნე ვერ შეცვლის იმდენს, რაც ერთმა წამმა შეიძლება  ქნას....

ზოგჯერ უბრალოდ ცხოვრება ისეთ სიურპრიზს გიმზადებს, რომელმაც შეიძლება რეაქცია დაგიკარგოს

არა, გამოხატვის უნარით ისედაც ვერასდროს დავიკვეხნი, მაგრამ

სიტუაცია, ზიხარ სამსახურში იმ აზრით გაბედნიერებული, რომ სულ რამდენიმე საათი დარჩა შვებულებამდე, მარტო ერთი აზრი გიტრიალებს გულში იმავე საღამოს როგორ გაიქცევი სადგურში და რამდენიმე საათში შენს საოცნებო უშბას იხილავ.

მობილზე ზარია....

- შეგიძლია 1 საათით გაენთავისუფლო უფროსს???

მშობელს უარს როგორ ეტყვის ნორმალური ადამიანი რამე თხოვნაზე და მეც ცოტა უკმაყოფილო გამოვდივარ სამსახურიდან....

შეხვედრის ადგილი ახლოა...

მოსახვევში უცნობი მანქანა დგას...

რამდენიმე ახლობელი სახე და 1 ფრაზა ”შენია”....

რამდენიმე დღეში იუბილე მაქვს, თარიღი არაფრით გამორჩეულია, უბრალოდ მთელი ცხოვრება დასამახსოვრებელი..........

იქ სადღაც------

პოსტს ვწერ ჯუნიორით შთაგონებული:

ახალი  სიცოცხლე ბევრის ოჯახში შემოჭრილა ალბათ და თავზგა აუბნევია ყოველდღიურობისთვის......

ამ სურათში გიორგი სულ რაღაც ერთი საათისაა და თუ დააკვირდებით ნახავთ რომ იღიმის, ჩემს ალბომში ბევრი მოიძებნება ასეთი სურათი.. მძინარე ჩვილთან თუ დაყოვნდებით რამდენიმე წამი, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ის ძილში ბევრჯერ იცვლის სახეს და უცაბედი ღიმილიდან შეიძლება საშინელ ტირილზე გადავიდეს. როგორც ამბობენ ამ დროს პატარას კეთილი და ბოროტი ანგელოზები ადგანან თავს და მათი მოქმედებების მიხედვით ხდება ჩვილში ხასიათის ცვლილება. (მაგ: ბოროტისგან შეშინებული იწყებს უმიზნო ტირილს).

იგივე გიორგი ამ დღეებში 2 თვის შესრულდება, სასწაულია ნახო კვირიდან-კვირამდე როგორ იზრდება და იცვლება...  ”აღუს” თქმის ინტენსიობა უკვე იმდენად მაღალია, რომ უნებურად ისმის კითხვა, რას ნიშნავს ეს ”აღუ” და იქვე პასუხი: არც მეტი არც ნაკლები -- ”არს ღმერთი”.

ნამდვილად არ ვიცი, ეს ყოველივე ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია თუ არა, ან სხვა ქვეყნებში როგორ ფიქრობენ, მაგრამ  საქართველოში მართლა ასე ჰგონიათ და მიზეზი არ მაქვს შევეწინააღმდეგო:)

პ.ს ვაპირებ დაკვირვება გავაგრძელო და რაიმე საინტერესოს  აღმოჩენის შემთხვევაში პოსტს აუცილებლად ექნება გაგრძელება...

ქათქათა ბათუმის ლურჯი week-end-ი

ბევრი დასკვნები არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ მთავარია გქონდეს: სურვილი, ფინანსები (რაც მეტი მით უკეთესი) და ცოტა რისკი. დანარჩენი თავისთავად ეწყობა.

უბრალოდ:

აგვისტოს ხვატი, შვებულებამდე დარჩენილი დღეები

გაწელილი დრო და გადაღლილობის პიკი...


პატარა თუ დიდი შური ქალაქში მოსიარულე დასვენებული სახეების მიმართ

და

მორიგი იდეა....

არც მეტი, არც ნაკლები - ბათუმი...

საღამოს 6 საათზე სამსახურის გამოჯახუნებული კარი;

სახელდახელოდ შეკრული ზურგჩანთა, რომელშიც მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ლურჯის სხვადასხვა ტონალობის ტანსაცმელი გიწყვია და

ავტობუსში გატარებული ღამე...

დილის 8 საათი, უკვე აჭარაში ხარ. გაღვიძებს ვინმე მგზავრის მოთქმა იმის თაობაზე, რომ რატომ შეიძლება ადამიანებს უნდოდეთ ქობულეთში დასვენება...

და მე ვუწყებ მტკიცებას - ქალბატონო დაიღალა ეს ხალხი ქალაქის სიტუაციით და აცალეთ დაისვენონ სადაც უნდათ, თუნდაც ურეკში, ან ქობულეთში ან-ან, მოკლედ სადაც უნდათ....   მალე  ვხვდები, რომ მისი ფილოსოფია თავს მატკიებს და ვჩუმდები.

ბოლოსდაბოლოს ბათუმში ვართ, ვიწყებთ ძიებას, რაშიც სახელდახელოდ დაქირავებული ტაქსის მძღოლი ვითომ გვეხმარება.

ერთ რამედ ღირს მისი ოქროს კბილებით  ნამღერი ”ბათუმს ქათქათას” სმენა.... მგონი ვყრუვდები...

ქალაქი სავსეა, სასტუმროები გადატენილი, არც ღირს მიახლოება ფასების გამო...

ერთი ღამით ჩასულს ყველა გიფრთხის, უფრო ხანრგძლივდამრჩენის მოლოდინში, იმდენს ვერ თვლის, რომ  ხუთი კაცისგან მინიმუმ 100 ლარი უნდა აიღოს 1 დღეში (ვაიმე, რამდენს ვწვალობთ თუნდაც ამ 100 ლარისთვის).

თავშესაფარი ნაპოვნია, პლიაჟი იმდენად სავსე, რომ ერთნამეთს ვეხვეწებით - ფეხი გასწიე, თავი უნდა დავდო - და საუკეთესო გადაწყვეტილება, მეზობელი დაბის პლიაჟზე ვინაცვლებთ....

ბათუმი თეთრია, ქათქათა, ბევრი მეზობელი დამსვენებლით, შიგადაშიგ არამეზობელი სახეებიც მოჩანს, ოღონდ აქა-იქ....

ზღვით დახამებული ვეღარ ამჩნებ როგორ გადადის მზე ზენიტიდან დასავლეთისკენ და სულ მცირე ხანში შუქნიშნის წითელ ფერს ემსგავსები (სხვა უკეთესი მეტაფორაც არსებობს ამ მდგომარეობის აღსანიშნავად, მაგრამ აქ უხერხულია:)))))

რაღაც მომენტში გადაღლას გრძნობ, ბევრი ნაცნობია ირგვლივ, დიდ ხნის უნახავი, თუ ის ვისაც ორი დღით გამოექეცი....

მოკლედ, შენს გარემოსთან ერთად ყველაფერი კარგია ......

მოკლე შენიშვნები: 
ქალაქი გადათხრილია, ოჯახებში ოფიციალურად წყალი არ მოდის, ირგვლივ სულ მშენებარე გარემოა (მერე რა რომ ეს მშენებარე ჰილტონი ან თუნდაც რედისონია), მომსახურების დონე მინუსებშია გადასული (პერსონალი აშკარად გადაღლილია). რეკლამა დიდია და მაცდური, რეალობა ცოტა სხვანაირი...

ბევრი ფიქრი არ მჭირდება იმ დასკვნის გამოსატანად, რომ შვებულების მეორე ნაწილი ბათუმში არ გავატარო......

ეეეჰ.....

ღმერთო რა ცუდია ხანდახან ეს ცხოვრებათქო, გულში გამაფიქრდა დაიაურის ტრავმის წარმოდგენაზე და იქვე დამკრა აზრმა, სულ ამ ცხოვრების რომ ვადანაშაულებთ ყველაფერში, რა იქნებოდა იმ დღეს მძღოლს ეფიქრა თავის ოთხი თვის შვილზე, მაშინ როცა ნასვამი, ან როგორც ხეობებს სჩვევიათ ღრეობიდან გადამთვრალი საჭესთან ჯდებოდა. რა იქნებოდა მანქანაში მსხდომ სხვა პირებს პროტესტი გამოეხატათ, მაშინ როცა მძღოლი დაძალებით ეტანებოდა  შემოთავაზებულ სასმელს. მაგრამ მათ, მთის შვილებს, ალბათ აზრადაც არ მოუვიდათ, რომ თავისი მხარე, მიწა, რომელიც მართლაცდა ამ თითო-ოროლა ადამიანის აქტიურობით ცოცხლობს, ასე გაწირავდა და ამხელა ტრაგედიას დაატეხდა თავს..


ალბათ ბევრი დაიწყებს იმაზე ფიქრს ნეტა რა ცოდვა ედო გელას ასეთი, ამხელა მსხვერპლი რომ ითხოვა მისგან ღმერთმაო;

მეორენი ალბათ სხვა მხრიდან განიხილავენ ამ საკითხს და იფიქრებენ, ღმერთს ჰყვარებია გელა და ამ ჯვარსაც  გადაიტანს ვაჟკაცურადო....

მე შარშან ამ დროს ვიყავი შატილში და ამ 2 დღიანი გასვლის ყველაზე ნათელ წერტილად მუცოს კოშკზე გელა დაიაურის ნამღერი, მის მიერვე მოყოლილი ბავშვობის მოგონებები, სამშობლოს სიყვარულით ანთებული მისი პოეზია და ხალიასიანი იუმორი მახსენდება....

მეორედაც ვგეგმავ იქ ჩასვლას კი კიდევ მრავალჯერ, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ის ცივი შატილი ასეთი შეუვალის განწყობა რომ დატოვა მაშინ ჩემში ერთადერთი სახემხიარული მასპინძლის გარეშე როგორი ასატანი გახდება......

აბააააა....

მახსოვს მთელი ბავშვობა მიკვირდა ადამიანს ასაკს რატომ ეკითხებიან, მთავარია მისი ჯანმრთელობა იკითხონთქო....

ისიც მახსოვს ცხოვრების ყველა ეტაპზე განვიცდიდი, რომ ესა თუ ის პროცესი მეც შემეხებოდა გარკვეული დროის განმავლობაში....... ეტყობა კარგად ვაცნობიერებდი, რომ მეც ადამიანი ვარ და სხვას რაც მოსდის იგივე ერთ დღეს შეიძლება მეც დამემართოს.....

ეს დღეებია ჩემი ეს ბავშვობისდროინდელი აზრები მახსენდება, ალბათ იმიტომ, რომ მათმა უმრავლესობამ განხორციელება იწყო....

ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იციან, რომ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც ხშირად სტუმრობს ექიმებს (ხშირად რა, თითქმის არასდროს), ეს ალბათ იმის დამსახურებაცაა, რომ ოჯახში და გარემოცვაში ამ პროფესიის წარმომადგენლები მრავლად არიან და ალბათ გარკვეულ პროცესებს ჩანასახშივე ასპობენ. რეალურად კი ჯანსაღ ცხოვრების წესს მივყვები და ყველანაირად ვცდილობ არც საკუთარ თავს და არც ირგვლივ მყოფებს ნერვები არ ვუშალო....

ეს ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ კარგად ვაცნობიერებ ასაკის მატებასთან ერთად გარკვეული  პროფილაკტიკური სახის გამოკვლევები დროდადრო აუცილებელია და ერთ-ერთზე გიამბობთ...

ბოლო დღეებში ჩემი გახშირებული თავბრუსხვევებით თავმობეზრებულმა გადავწყვიტე კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის მიმემართა და ყველა შესაძლო ეჭვი გამომერიცხა....

ყოველთვის მიკვირდა დედაჩემთან კარდიოგრამის გადასაღებად მოსულ ადამიანებს რატომ ეშინოდათ ამ უწყინარი დანადგარის, მაგრამ იგივე მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდი შინაგანი აფორიაქება შევატყვე საკუთარ თავს......

პროცედურა იმდენად საშიში არა, რამდენადაც ძალიან დამღლელია.. გაუნძრევლად წოლა ერთ მდგომარეობაში დაახლოებით 15 წუთის მანძილზე და საოცარი ხმები, გარდამავალი ერთი ელექტრონული მელოდიიდან მეორეში (ისე ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს კარგ იდეებს გაუღვიძებდა ერთი ასეთი დასხივება). პერსონალს ეტყობა კარგად ესმის ეს ხმა რა  გულისგამაწვრილებელია და თავისმხრივ ცდილობს კარგი კომპოზიციით გაგიმასპინძლდეს, რომელიც მხოლოდ შუალედებში აღწევს შენამდე და მთლიანობაში მისი აღქმა უბრალოდ ჭირს. შენ კი წევხარ ასე თვალებგაფართოებული და იმის შიშით იქვე არ ჩაგეძინოს გასართობს ეძებ, არჩევანი კი იმდენად მწირია, იძულებული ხდები ექიმის თვალებს უყურო დაბურულ მინაში, იქნებ მის მიმიკებში მაინც გაარჩიო, რას ხედავს იმწუთას შენს ტვინში........



პ.ს. დასკვნა ბანალური, ეს ხომ ისედაც ვიცოდიო რომ იტყვი: ”წადი დაისვენე, კარგად გამოიძინე და ყველაფერი მწყობრში მოვა” 

ძალიან მნიშვნელოვანი.......

ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელობანი მოვლენები იმდენად იშვიათადღა ხდება, რომ ყველა სიახლე უკვე მნიშვნელოვნად იქცევა ხოლმე. ამ პოსტს ვწერ იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს საეკლესიო მსახურებისას მცხეთის სამთავროს დედათა მოსანტერში ასეთი ინფორმაცია გაჭღერდა: ოქტომბრის თვეში სვეტიცხოველში აღევლინება  მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მოვლენა მირონის მოხარშვა.

ცოტა უფრო დაწვრილებით:

მირონი მცენარეული, სურნელოვანი ზეთია, მას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს და გამოიყენება მხოლოდ (!!!) ნათლობის, ტაძრისა და წმინდა ტრაპეზის კურთხევის და მეფედ კურთხევის დროს.  ანუ  რიგითი ადამიანი თავის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ -  ნათლობისას იცხებს მირონს. თავდაპირველად ეს პროცესი ხორციელდებოდა მხოლოდ მაღალი რანგის სასურიერო პირების მიერ, დროთა განმავლობაში მირონცხების უფლება (ალბათ ძირითადად ნათლობისას) მიეცათ მღვდლის ხარისხში მყოფ სასულიერო მოღვაწეებს.

ვილკიპედიის მიხედვით: გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმინდა მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში იმ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმელი, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვა).

ჩემი მხრივ დავამატებ, რომ ამას ემატება გაძლიერებული ლოცვა.

თვითონ მოვლენა მირონის მოხარშვა ხდება, მხოლოდ იმ ეკლესიებში, რომელსაც ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) გააჩნია. ამჟამად ჩვენს სამყაროში არსებობს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია და საქართველო მათ ჩამონათვალში მეცხრე ადგილას იმყოფება.

მცირედი ისტორია: ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი 1811 წელს ავტოკეფალია გააუქმა. მას შემდეგ რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს სცნო.

და სწორეს ამის შემდეგ  საქართველოში, იქ სადაც ამ მოვლენას დიდი ისტორია აქვს, (ჯერ კიდევ ტაოში მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი ისტორიის თანახმად ხანძთის მონასტერში აღასრულებდა მირონხარშვას:) მეც მქონდა ბედნიერება 1995 წელს სვეტიცხოველში მიმდინარე მოვლენებს დავსწრებოდი, ეს იყო უდიდესი ზეიმი, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ მრავალწლიანი რუსული მორჩილების შემდეგ  დაიბრუნა თავისი უფლებები და მაშინ როცა ხალხი ჯერ კიდევ ძალიან ნაკლებად იყო გარკვეული რწმენაში მირონხარშვის რამდენიმე დღე დიდ ზეიმად გადააქცია.

დღეს როცა ყველას გვაქვს ცოტა თუ ბევრი პრეტენზია ჩვენს რწმენით ცხოვრების შესახებ, ვისაც გინდათ მოწოდებად ჩამითვალეთ ერთ-ერთ უდიდეს მადლად შეიწირება მცირედიც კი გაღებული ყველას ოჯახის მიერ, რათა ერთად მოხდეს მირონკურთხევა საქართველოში, მოვლენა, რომელიც მართლაცდა ღმერთმა იცის კიდევ როდის განმეორდება.........


წასვლის ამბავში.........

ცხოვრება გარკვეული სახის დინამიკაა, ეს მოძრაობა რომ არ არსებობდეს აბა რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას.....

მე ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ მჯერა, რომ ჩვენ ყველა ამ ეპოქას ვქმნით, ცალკ–ცალკე და ყველა ერთად. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მაინც ვქმნით ისეთს, როგორიც შეგვიძლია. მერე რა რომ საერთოდ არ ვჩანვართ. ცუდი პარალელი: არსებობს ჩარხი, რომელიც ძირითად საქმეს აკეთებს, მაგრამ რომ არ არსებობდეს ჭანჭიკი, ის ხომ ვერ შეასრულებდა თავის მოვალეობას. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ უბრალო ჭანჭიკები ვართ, რაღაც განსხვავებით, ხან გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება, ხან უბრალოდ გასამჯელო გვამოძრავებს და ა.შ.

ცხოვრება როდის ირყევა იცი შენს გარშემო??? როცა რაღაც ისეთი ხდება რასაც არ ელი, უბრალოდ სიურპრიზია, უკეთეს შემთხვევაში დადებითი გამოხატულებით, უარეს შემთხვევაში კი უარყოფითი სახით. ხან ვერც ხვდები რა არის იმ კონკრეტულ შემთხვევაში უკეთესი ან უარესი, ამასაც დრო აჩვენებს..........

ისე ჩემი ცხოვრება მაჩვენებს, რომ რისკი და იმაზე დადებითი პასუხის მიცემა, რისი მომავალიც ბუნდოვანია უფრო ამართლებს, ვიდრე ბევრი ფიქრი და წინასწარი გათვლები...

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს......

ვასასის მადლობა დაtagისთვის და ვიწყებ ჩემი ხუთი სისუსტის ჩამოთვლას....

პრინციპში წინა პოსტებში მეწერა ამ ყველაფერზე, უბრალოდ აქ ერთიანად მოვუყრი თავს...


1. მოგზაურობა, კარავი, აფრენა–დაფრენა, ექსტრემი, და უბრალოდ ბოდიალი ტყე–ღრეში



2. ძალიან მარტივად, ქართული ფოლკლორი


3. კითხვა, ოღონდ არა ყველაფრის



4. ოპერა, თეატრი, ქართული კინო, მუზეუმები და მოკლედ კულტ. ამბები



5. და ბოლოს მიყვარს ყველაფერი ის, რაც და ვინც ბედნიერს გამხდის კონკრეტულ დღეს (მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს)




ჩემი მხრივ თემის გაგრძელებას ვთხოვ ეკას, მაკას  და კესოს.

გზად აყოლილი ფიქრები....

18 ივნისის დილის 5 საათი....

მაღვიძარას ხმაზე გაღვიძებულმა ერთი კი გავიფიქრე მოდი ”დავიკიდებ” ამ მოგზაურობას და ძილს გავაგრძელებთქო, მაგრამ არც ასე ადვილადაა საქმე....

ტაო-კლარჯეთში პირველად შარშან ზუსტად ამ დროს მოვხვდი, სრულიად შემთხვევით და ისე მოვიარე ძალიან მცირე ნაწილი (თან საზღვრებს იქით ეს ჩემი პირველი გადასვლა იყო) ბევრი არაფერი გამიგია.... წელს კი ეს ყველაფერი წინასწარ დავგეგმე, შევათანხმე ყველა დეტალი და ასე გავუდექი გზას........

ამ პოსტის სათაური უჩვეულო სულაც არ არის, თუ წარმოვიდგენთ რომ სამი დღე გზაში გავატარე და წამოფიქრების საშუალებაც მხოლოდ ტრანსპორტში მეძლეოდა. ამ ფიქრებს კი ასოციაციები იწვევს ხოლმე ჩემში, ის ასოციაციები, რომლებიც საიდან მოდიან ხშირად ვერც ვაცნობიერებ.........

1 ფიქრი: მთელი გზა გამყვებოდა ის აზრი, რომ სახლში დაბრუნებული აუცილებლად წავიკითხავდი ხელახლა გიორგი მერჩულეს  გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას.  ხელახლა იმიტომ რომ სკოლის ასაკში დაზეპირებული წიგნი რეალობაში აღმოჩნდა რომ საერთოდ არ მახსოვდა.....

2 ფიქრი: სამი დღე სიტუაციიდან გამომდინარე ერთ აზრზე ვერ შევჯერდი, საქმე იმაშია რომ ძირითადად თუ სადმე წასვლას ვგეგმავ ინიციატორიც მე ვარ და იქამდე ვუწუხებ ხალხს გულს, სანამ მინიმუმ 5 კაცი არ შეიკრიბება ჩემი სანაცნობოდან, ამას მოსდევს ის, რომ მგზავრობის პერიოდში მუდმივი დისკომფორტი მაქვს რამე ისე თუ არ არის... ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა არავინ შევაწუხე და მე და ჩემი დის მეგობარი დიანა გავუდექით გზას, შესაბამისაც ტურიც ძალიან მშვიდი, ჩემი ემოციებისთვის ნაკლებ დამღლელი და ნაკლებად ნერვიული აღმოჩნდა

3 ფიქრი: არ არსებობს ტაო-კლარჯეთში მოგზაურობამ არ დაგიტოვოს უკმაყოფილობის  განცდა, ეს ე.წ. დაუკმაყოფილებლობა დიდ მანძილზე გაბნეული მრავალი სანახაობით და დროის სიმცირითაა გამოწვეული, დაბრუნებულს აუცილებლად დაგწყდება გული, რომ რაღაც მაინც გამოგრჩა

4.... მოგზაურობისას მუდმივად გეფიქრება დღევანდელ უსუსურობაზე, იმაზე როგორ შეეძლო ასაკოვან მოღვაწეს ეს რთულად დასაძლევი გზა ერთი ტაძრიდან მეორემდე დღეების განმავლობაში გაევლო, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში (ძირითადში ეს ადგილი უდაბნოს წარმოადგენს) და შიშით ვერც კი ავლებ პარალელს დღევანდელობასთან.

გეფიქრება უამრავზე, ყველაზე, ყველაფერზე, აწმყოზე წარსულზე, მომავალზე, რომელიც თუ არ შეიცვალა აღარაფერს დაუტოვებს შემდგომ თაობებს და ეს ფიქრები იმდენია, რომ მათ გადააზრებას უაზრობად მიიჩნევ და მიუხედავად უზომო დაღლილობისა მაინც ხელიდან არ უშვებ აპარატს, იმ აზრით რომ შეძლო შენი ნანახი მარტო შენში კი არ დაიტოვო რამე ფორმით სხვასაც გადასცე..............



მათხოვრობა, როგორც პროფესია და ხელობა...

ჩემი ყოფის ყველა ეტაპზე მახსოვს თბილისში მათხოვრები, მათი რიცხვი ქვეყანაში მიმდინარე ამბების პარალელურად იზრდებოდა ან ძალიან იზრდებოდა, პრინციპში შემცირების ტენდენცია არც ყოფილა არასდროს.

ყველაზე ადრეული მოგონებიდან ვიტყვი, მახსოვს კისლავოდსკში ვისვენებდი (სადღაც 4–5 წლის ვიქნებოდი), საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცი ქალი ამოვიდა, ხელგამოშვერილი და არავინ მიაქცია ყურადღება მის თხოვნას, დავინტერესდი ვინ იყო ეს ადამიანი და მშობლებმა ამიხსნეს (ახლა არ ვიცი როგორაა მაგ მხრივ საქმე, მაგრამ იმდროინდელ რუსეთში ნამდვილად უარყოფით საქციელად ითვლებოდა ეს და ქართველების გარდა არავინ ეხმარებოდა მათ), ახლაც მახსოვს იმ მოხუცის სახე, როგორი დამორცხვილი და უსუსური იყო.

დღევანდელ საქართველოში კი საქმე სულ სხვანაირადაა... რეაქციაც შესაბამისად ცვალებადია, ახალი სახე ყოველთვის შეცოდებას იწვევს, რამდენიმე დღის მერე ეს სახე უკვე ყოველდღიურობა ხდება და მისი სიმორცხვეც თანდათან სითამამეში გადადის, სითამამე კი ბოლოს იმდენად თავხედობაში, რომ ერთ დღეს შენი საკუთარი მობილიდან დარეკვასაც გთხოვს და იმდენს იჭორავებს, სადღაც სოფელში მონატრებულ ნათესავთან, რომ არც გაახსენდება ვიღაც რომ ადგას თავზე.... ან იგივე "გაჭირვებულ–დაუძლურებული" მოხუცი აუცილებლად შეგხვდება ქალაქგარეთ რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე ფულის კეთებით დაკავებული......

არა პრობლემა არაა.... არაა კი არა არის, ძალიან დიდი პრობლემაა, მათხოვარი, ადამიანი ამ გაგებით ალბათ იმიტომ შექმნა ღმერთმა, რომ ჩვენ რიგით ადამიანებს ვისაც მათზე შედარებით მეტი გვაქვს, სიკეთის კეთების საშუალება მოგვეცეს, მაგრამ არც ის ვარგა, რაზეც ზემოთ დავწერე, რადგან მიჩნდება მათ ნაკლებზე საუბრის სურვილი, ე.ი. ჩემს მიერ გაწეული მოწყალება სიკეთედ აღარ ითვლება და პირიქით უარყოფით განწყობას მიყალიბებს ამ ადამიანების მიმართ...........

:*

რამდენიმე დღის წინ ჩემმა იდეინმა დამ მე–ხათომ სრული სერიოზულობით იკითხა, თუკი არსებობს ასეთი გამოთქმა "უბედურება დამატყდა თავსო", ნეტა როგორი იქნება ბედნიერების თავზე დატყდომაო :))) ამის მერე მეც ბევრი ვიფიქრე იგივე საკითხზე (ჩუმად რათქმაუნდა) და ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ამ ტერმინთან ახლოს მოსულიყო. პრინციპში მაშინ საუბარი მასების მასიურ ბედნიერებაზე გვქონდა და დასკვნის გამოტანა ამიტომ გაგვიჭირდა...



თუკი გავასუბიექტურებ, ალბათ ბედნიერება მაშინ გატყდება თავს როცა რამდენიმე კარგი (შენთვის სასურველი) ამბავი ერთად ახდება და იმდენად სწრაფად მიდის ეს პროცესი, რომ გაცნობიერებას ვეღარ ახერხებ, იმის გაცნობიერებას რომელი ერთი გიხაროდეს :)

ვკარგავთ და ვერ ვიბრუნებთ

ხვალ ტაოში მივდივარ, საკუთარი თავზე დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ  ბოლო ემოცია ყოველთვის აჭარბებს ხოლმე წინას და ყოველივე ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მეწერინება უკვე ერთი კვირაა (ალბათ ინფორმაციის გადახარშვა და დაწყობა გამიჭირდა), შევეცდები რამეს მოვაბა თავი. როგორც წინა პოსტში ვწერდი ე.წ. წანწალის სეზონი გავხსენი და აწი რაღა გამაჩერებს ერთ ადგილას.

ისტორიულ საინგილოში, იგივე ჰერეთში ჩვენი მოგზაურობა იმითაა გამორჩეული, რომ გარკვეულწილად პირველი მერცხლები ვიყავით, ვინც გადადგა ნაბიჯი და მასშტაბური დათვალიერება მოაწყო იმ მხარის. ქურმუხის წმ. გიორგი, ეს სახელი ალბათ ბევრს გეცნობათ, შეიძლება გიორგობის დღესასწაულზე საზღვარი მის მოსალოცადაც გადაგილახავთ, მაგრამ მეეჭვება სხვა დანარჩენი რაც იმ მხარეშია, მრავალი ძალიან ბევრთა შორის გენახოთ,

დავიწყოთ თავიდან....

დღე მზიანი, ძალიან ცხელი, აი ისეთი როგორც კახეთს შეეფერება.....

ლაგოდეხის საზღვარი და უკვე აზერბაიჯანის მიწაზე ხარ.... ეს ისე ოფიციალურად...



ჩემი პირველი შეშფოთება იქვე დავაფიქსირე, როცა სრული წარმოსადეგობით თათარმა ადამიანმა ინგლისურად მომიკითხა, როგორ ხარო, და პასუხად იქვე მიპასუხა, ქართული რად უნდა ვიცოდე, მაშინ როცა ინგლისური ენა საერთაშორისოაო... ეჭვი მაქვს, თანაც საფუძვლიანი იმ ადამიანმა how are you-ს გარდა რამე ინგლისურის იცოდეს, მარა რას ვიზავთ......

თვალშისაცემი გარემოება...

ადმინისტრაციული ცენტრი კახი ლაგოდეხიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარეობს, როგორც ზევით აღვნიშნე ვერაფრით განასხვავებ კახეთის რომელიმე სოფლისგან, მაგრამ მთავრობას აშკარად უზრუნვია გზები კეთილმოეწყო და ყვავილებით გაეფორმებინა, ასევე თვალშისაცემია ე.წ. ”დალმატინელის” კედელი, რომელიც მთელს გზას მიჰყვება და ძალიან დიდი მცდელობა აქვს გადაფაროს, ისტორიული, თამარის დროინდელი გალავანი, რომელიც თავის დროზე თელავიდან კასპიის ზღვამდე ყოფილა გადაჭიმული.....





გზად ყველგან სადაც კი შეიძლება (სახლის მინაზე, ანძაზე, ბანერზე და ა.შ) გამოჭიმულია ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტის სახე ყველანაირ ფორმასა თუ პოზაში



საერთოდ ყველაფერი რაც კარგი გვაქვს თამარის სახელს უკავშირდება და მითუმეტეს კახეთში  (ბებიაჩემის სოფელი ”ვეჯინი” მახსენდება, ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ თამარს ამ ადგილას შეუსვენია და მოგვიანებით უთქვამს ამ ადგილზე ”აქ ვეჯინეო”), საინგილოშიც თუ რამე ისტორიულია შემონახული, ძეგლი თუ უბრალო ნაგებობა ყველაფერი თამარის სახელთანაა დაკავშირებული, ისე რა გასაკვირია, თუ ისტორიას გადავხედავთ........

მოგზაურობისას გაგვარკვიეს, რომ მოსახლეობის 90% ქართველია, მათთან კონტაქტისას მიხვდები, რომ ისინი სულაც არ არიან ”ჭოროხის შვილების” მსგავსნი. უფრო მეტიც, უპრობლემოდ გადმოდიან საზღვარზე, განათლებას იღებენ თბილისში და ერთი შეხედვით  რომ არა ეს ”ლაგოდეხის საზღვარი”, ჩვეულებრივი ქართველები არიან, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით, რეალურად?????

რეალურად ხდება ის, რომ მათ სასწავლო წიგნებშია მოცემული: თბილისი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ქალაქია და მთელი საქართველო მათი შემადგენლობიდან გასული ნაწილია, რომელიც ”ცუდი” მეფეების წყალობით თავს ესხმის აგერ უკვე საუკუნეებია და ავიწროებს, თამარ მეფე  უკაცრავად გამოთქმისთვის და ”ბოზია” რომელიც უამრავი ქმრებისა და საყვარლების გარემოცვაში ცხოვრობდა და მოკლედ, ყველა ქართველი მათი აშკარა თუ ფარული მტერია.

ეს ყველაფერი მაშინ, როცა ზემოთხსენებული ქურმუხის წმ. გიორგი გარეგნულად ლამაზი წითელი აგურითაა შემოსილი და რაღაც მომენტში ძალიან ჰგავს გრემის ტაძარს (კახეთის მხარეში ჩემი დაკვირვებით ყველა ტაძარი ერთნაირი სტილითაა ნაშენები), ეს გარეგნულად, ინტერიერი კი ისეა განადგურებული, თუ ვინმემ არ მიაქცია ყურადღება ოშკის ტაძარი ალბათ მოგონება იქნება.....


ეს მაშინ, როცა ლექარტის უნიკალური  სამონასტრო კომპლექსი, მათი თქმით საბანაო ადგილს წარმოადგენდა თავის დროზე და ყოფილ  თუ მოქმედი პოლიციელის მონათხრობს რომ დაუჯერო მშვენიერ ზღაპარს გაიგებ მობანავე ქალზე და მის ზედამხედველ ადამიანზე.....

და კიდევ ერთხელ ეს მაშინ, როცა ალბათ ბევრ ქვეყანას არ აქვს ასეთი  ”დროში გაქვავებული” უნიკალური სამაროვანი (დაახლ.500 წლის),  რომელიც იდეაში ვედრებას, ხელაპყრობილს გამოხატავს, მაგრამ რა გადის დრო და ისევე იკარგება მისი ისტორია, როგორც ამ ქვების ქვეშ მოქცეული ადამიანების.... (დიდი გამოკითხვის მიუხედავად ადგილობრივებისგან ვერ შევიტყვეთ ვერანაირი ინფორმაცია მის შესახებ)


ეს ყველაფერი ხდება იქ სადაც 90% ქართველია და სადაც ელემენტარულად მეჩეთიც კი არ აქვთ რომ ილოცონ (თათრები ხომ თავიანთი მორწმუნეობით არიან ცნობილნი) და აქვე იმასაც არ ახარებენ რაც რეალურად მათში დევს.. შეშინებული ადგილობრივი ქართველი სამარშუტოში შემოიკეტება და ჩუმად, ოღონდ სხვამ არ შეამჩნიოს აგიხსნის გაჭირვებით ან ვერც აგიხსნის, რომელიმე ისტორიული ძეგლის ადგილმდებარეობას......

აქვე აღვნიშნავ, ეს არის მხარე, რომლის ლექსიკონშიც არ დევს სიტყვა ”სტუმართმასპინძელი”......

შინ დაბრუნებული დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ ამ მხარეში დაბრუნება უბრალოდ არასდროს მომინდებოდა..... ამის გასამართლებლად არაკომფორტული ყოფა და ძლიერი სიცხე დავასახელე (სხვათაშორის მსგავსი სურვილი პირველად გამიჩნდა), ალბათ იგივე მიზეზით არ მქონდა სურვილი ამ თემაზე თუნდაც ბლოგზე დამეწერა რამე, მაგრამ თანდათან ვაცნობიერებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა დავბრუნდები, ბევრთან ერთად და თან არაერთხელ.............