ტბავერცხლი ანუ ტობავარჩხილი

3 სექტემბერი, 2012 - მისტიური წელი, გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი მომავლით. არა აქ სამყაროს შესაძლო აღსასრულს სულაც არ ვგულისხმობ, რამდენიმე კვირაში არჩევნებია და ჰაერში ისეთი დაძაბულობააა გაქცევაც რომ გაგიჭირდება. მომავალს მომავალი გვიჩვენებს, აი აწმყოს რაც შეეხება, 3 სექტმბერია და ყველაფერი იდეალურადაა, უკეთაც შეიძლება, თუმცა ბედს ვერ ვუჩივლებ.

რამდენიმე დღეში  ჩემი დაბადების დღიდან კიდევ ერთი წელი დაიწყებს ათვლას, წლების მატება კი გარკვეული დისკომფორტია და უკვე შევეჩვიე, რომ წინა დღეებში სევდა მიპყრობს, თან ისე ძლიერი თუ არ გავექეცი, შეიძლება სასოწარკვეთაში გადამივიდეს.

წლევანდელი სევდის დასაძლევად კი ტობავარჩხილი საუკეთესო გამოსავლად მივიჩნიე და არც ვაციე, არც ვაცხელე, თითქმის უცხო გარემოში დავადექი ამ მეტად რთულ გზას. (უცხო გარემო ბოლო ხანებში ახალ ჩვევად მექცა. მარტოობისთვის და ზედმეტი ჩაღრმავებებისთვის თავის არიდება თუ გინდა მშვენიერი გამოსავალია. ერთი და იგივე ხალხთნ მუდმივი კონტაქტი სულ იმის შეგრძნებას მიმწვავებს რომ მეტად გაშიფვრადი ვხდები და შესაბამისად უინტერესო, იმდენად რომ საკუთარი თავის მობეზრება თავად მეწყება ხოლმე).

ტობავარჩხილი ოფიციალური მონაცემებით მდებარეობს ზღვის დონიდან 2650 მ-ზე. მისაღწევად ორი გზა შეგიძლია გამოიყენო. წალენჯიხის რაიონი სოფელი მუხური და სოფელი სქური. ფეხით სავალი მანძილი შეადგენს დაახლოებით 18-20 კილომეტრს (ერთი გზა). გზა არის რთული რამდენადაც რამდენიმე უღელტეხილზე და ე.წ. მთის ყელში გიხდება გაძვრომა.





რაც მეტად ხდება ამაღლება შერეული, ფოთლოვანი ტყე ალპურში გადადის და ნელ ნელა აცნობიერებ, რომ თითქმის ცას მიუახლოვდი. გზად ნისლიც ბევრჯერ გადაგივლის და თავის გზას გააგრძელებს მშვიდად, მთავარია შენ იდგე მიწაზე მყარად და მუდმივად აკონტროლო ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები.



აი აქ ფასობს ყველაზე მეტად შენი ფეხების სიძლიერე და თუ გიმტყუნა შემთხვევით რომელიმემ მთლად კარგი საქმე არ იქნება, როგორც შენთვის, ისე ჯგუფისთვის.






ტობაზე მიმავალს აუცილებლად გჭირდება გვერდით ადამიანი, რომელსაც დათვებთან ბრძოლის მინიმალური გამოცდილება ექნება. დათვის არსებობა ამ ტყეში, ისევე როგორც რაჭაში გამოგონილ ზღაპრად მექნებოდა წარმოდგენილი თავად რომ არ შევსწრებოდი, როგორ ამიფრთხიალდა ცხვირწინ და კიდევ კარგი არ შემოტრიალდა, თორემ ალბათ ამ პოსტს ვერასდროს დავწერდი. აფრთხიალდა და ისეთი სილამაზის მომსწრე გამხადა (გადაჭარბების გარეშე) ტობას მთელი სილამაზე 1 წამში დამავიწყა.




ტობამდე იყო გზა ჩხოროწყუმდე, ჯერ სამარშუტო  და შემდეგ კერძო ტაქსით. მთელი გზა ვფიქროვდი ეს დღეები ქვეყანაში არსებულ ვითარებას დავივიწყებ და მხოლოდ კარგზე ვიფიქრებთქო, მაგრამ ვინ გაცალა. ცალკე ისტორიაა ტაქსის მძღოლი, რომელმაც სენაკიდან- ჩხოროწყუმდე სავალ 20 წუთის გზაზე, გამწარებული იუმორით ისეთ დებატებში ჩაგვრთო მგზავრები ყველა პოლიტიკურ თოქ-შოუს რომ შეშურდება.

სამეგრელო უდავოდ ფავორიტია სტუმართმასპინძლობის წესში და ამაზე დავა თუ მოუნდება ვინმეს, ე.ი. არ უვლია საკმარისად საქართველოს რეგიონებში.


დავუბრუნდეთ მთავარ თემას, ტობაზე წამსვლელები ძირითადად ორ - დიდ და პატარა ტობაზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე, არანაკლებდასაფასებელი ტბა მიმდებარე ტერიტორიაზე.




 ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ ტბა ტბაა და განსაკუთრებული რა უნდა იყოს მასში, მაგრამ არც ასეა საქმე, მისი განსაკუთრებულობა მთებს შორის მოქცეული სილამაზეა, ასე საოცრად რომ ირეკლავს და წამიერად იცვლის ფერებს. სიტყვები ხანდახან მართლა არაფრისმთქმელია, ფოტო კი მინიმალურს ასახავს იმისა, რაც რეალურად არის. საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი მაინც სულ სხვაა...

პატარა ტობა:






 
 

დიდი ტობა:



P.S. ჩემი რჩევა იქნება მინიმუმ ერთი სრული დღე- ღამე გაატარო დიდ და ერთიც პატარა ტობასთან, სრულად რომ შეძლო მისი სილამაზის აღქმა, რადგან აქ მზის ამოსვლაც ისევე ლამაზია, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა...