წლის ბოლო პოსტი

ხვალ ამისთვის არ მეცლება ვიცი, ამიტომ დღეს დავწერ. 

ძვირფასო და საყვარელო 2009-ვ, შენ ნამდვილად გაამართლე ჩემი მოლოდინები, არამარტო გაამართლე, სიმართლე გითხრა გადააჭარბე კიდეც. რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლი, ჩემთვის განუმეორებელი იყავი ნამდვილად, ამიტომ დიდი მადლობა:))) გულწრფელი სიყვარულით და ცოტა გულისწყვეტითაც გაცილებ, იმ იმედით რომ მომავალი 2010 არანაკლები იქნება. ყოველშემთხვევაში მე ასე მინდა. ბანალობებს არ დავიწყებ, არც თოვლის ბაბუს ან სანტა კლაუსს არ დაველოდები (რომელიმე მათგანი მაინც მოვა ახალი წლის ღამეს საჩუქრებით, (კარგი ტრადიციაა და რას ვიზავთ)) პირდაპირ დავწერ რამდენიმე სურვილს, რაც ძალიან მინდა რომ ახდეს უკვე 2010-ში და მომავალი წლის ამ დროს (თუ ცოცხალი ვიქნები რათქმაუნდა) გავიხსენებ ამ პოსტს და პლიუსს ან მინუსს დავსვამ:
1. მანქანა;
2. მოგზაურობა კაბადოკია, ტაო-კლარჯეთში და სასურველია რომელიმე ევროპულ ქვეყანაში;
3. ის რისი დაწერაც არ მინდა, უბრალოდ არ მინდა და მორჩა :P (ბევრი არ იფიქროთ, მაინც ვერ მიხვდებით)

ზოგადსაკაცობრიო  სურვილები:

1. ჩემების კარგად ყოფნა (აქ ჩემები საკმაოდ ფართო ცნებაა);
2. მშვიდობა შინ და გარეთ;
3. და ის კიდევ რაც შეიძლება მინდოდეს და ეხლა გადაღლილობის გამო არ მახსენდებოდეს.........

მოკლედ და კონკრეტულად:

გამარჯობა საუკუნის პირველი ათწლეულის დასასრულო........
იმედია ისეთი დაუვიწყარი იქნები (დადებითად), რომ შენი წინამორბედი არც გამახსენდება.....




 პ.ს. ჩემო ბლოგმეგობრებო ჩათვალეთ რომ დაგთაგეთ :))))

ამბავი იმისა თუ როგორ დასრულდა ის რაც არც დაწყებულა, 10 წლის წინ და 10 წლის შემდეგ

NO COMMENT!!!!!





 

ცოტა გულახდილად

ბოლო პერიოდია ვხვდები, რომ ძალიან ხშირად ვვარდები დეპრესიაში (ყოველ შემთხვევაში ჩემს ამ მდგომარეობას დეპრესიას ვეძახი). ეს დღეებია ვფიქრობ და დავასკვენი, რომ სულ რამდენიმე მომენტი მაგდებს ამ მდგომარეობაში: 1. როცა რაღაც მინდა და არ მაქვს, 2. როცა რაღაც არ მინდა და მაქვს და ბოლოს, 3. როცა ირგვლის ყველაფერი ყოველდღიურობაში გადადის.

დღეს დილიდან ვაკვირდები, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ერთი და იგივე ხდება: დილის 07:50-ზე რეკავს მაღვიძარა, 08.00-მდე ვიტანჯები იმ ფიქრით ავდგე თუ არა, ბოლოს საკუთარ თავს ვერევი და ვდგები, მერე სადღაც 30 წუთი მოწესრიგების, ტანსაცმლის შერჩევის  და სხვა წვრილმანების პერიოდი და ზუსტად 08:40 წთ-ზე გავდივარ სახლიდან.გზად აუცილებლად ვხვდები ჩემი უბნის მეეზოვეების ბრიგადირს და #61 სამარშუტოს გამცილებელს, ყოველდღიურობაა მათი დაინტერესებული მზერა:))) მერე ეს ყველაფერი გრძელდება სამსახურში, ყოველ დღეს ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე კითხვით და ერთი და იგივე ამოჩემებული რეპერტუარით. მოკლედ საათივით აწყობილი საქმე. დიდი ხანია დავაფიქსირე, რომ ეს აწყობილობაა რაც მკლავს  და ამისგან გაქცევას ვცდილობ მთელი ცხოვრება. რათქმაუნდა მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ვერაფრით გაუგიათ  2 კვირის წინ ეგვიპტიდან დაბრუნებულს რატომ უნდა მქონდეს ისევ დაკარგვის სურვილი. მოკლედ, ასეა და რა ვქნა, კაცია და გუნებაო ხომ უთქვამს ვიღაცას, უთქვამს და ძაან გენიალურადაც.

საშობაო ამბავი

ახალი წელი ახლოვდება...

შესაბამისი განწყობის შექმნას ვცდილობ.....

უბრალოდ, ცოტა ძნელი აღმოჩნდა ზამთარში ზაფხულიდან დაბრუნებულმა ახალ წელზე მეფიქრა.

იმ დღესაც ასე იყო ალბათ, რამდენიმე (სადღაც 4) წლის წინ.


კარგად მახსოვს  ერთ ნაცრისფერ საღამოს სახლში ვიჯექი მოწყენილი და უცებ კალამს და ფურცელს დავუწყე ძებნა, მერე ამ თეთრ ფურცელზე გაჩნდა შავად დაწერილი სახელები და ტირეები მათ გვერდით, მერე გაჩნდა ფიქრი: ნეტა რა გვინდა მომავალ წელს რომ ახდეს და საბოლოოდ, ეს თეთრი შავით ნაწერი დაილუქა, შეინახა საგულდაგულო ადგილას და იქვე დავიწყებულ იქნა მისი არსებობა. ერთი დეტალი, მახსოვს მობილურში ჩავინიშნე იმ დღის თარიღი და საათი დავაყენე ერთი წლის მერე იმავე დღესა და საღამოს 9 საათზე.

ეს ყველაფერი 25 დეკემბერს ხდებოდა........

ამის მერე ყოველ წელს ხდება ერთი და იგივე:

25 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე იხსნება წერილი, სადაც ჩემივე ხელით ჩამოწერილია ახლობლების სახელები და მათი სურვილები (იმ წლის) და იწერება ახალი, უკვე მომავალი წლის.

ეს უკვე ტრადიციაა, მშვენიერი ტრადიცია, ამ დღეს ყველა სიხარულით ელის ჩემს მოულოდნელ ზარს კითხვით: რა გინდა აბა რაც ჩაუთქვამ.......


დრო ფულია?????

მინდა მქონდეს 1 მილიონი.  ბოლო 1 თვეა ეს ფრაზა მუდმივად ტრიალებს ჩემს გარშემო (სამსახურს ვგულისხმობ).

ფიქრობენ,

მსჯელობენ,

განიცდიან,

გეგმებს აწყობენ,

უბრალოდ ერთი პრობლემაა, მილიონი არ აქვთ და არც ის გზა საიდანაც მისი შოვნა შეიძლება........

მე ამ ორომტრიალში ჩემი აზრს მორიდებულად ვაფიქსირებ (როცა მეკითხებიან რათქმაუნდა):


არ მინდა  მილიონი, სულაც არ მინდა .........  და სწორედ აქ იწყება თავდავიწყება.


არა მილიონი რათქაუნდა ყველას უნდა და რაც მეტი მით უკეთესი კიდევ, მაგრამ ჩემი პასუხის პასუხად საკმაო გასამართლებელი მიზეზი მაქვს.

კითხვაზე: რატომ, შეგცვლის ის შენ???

პასუხი:  1. არა, მე ისევ ისეთად დავრჩები, უბრალოდ სხვები შეიცვლებიან ჩემს მიმართ (სხვებში მეგობრებს ვგულისხმობ ან იმ ადამიანებს, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია ჩემთვის) და მე არ მექნება იმის თავი ვამტკიცო, რომ ეს თანხა ჩემთვის არაფერს ნიშნავთ, მითუმეტეს ხელს არ უშლის ურთიერთობებს.

2. ვერ შევძლებ განვკარგო ისე, რომ ამით ვინმეს ან თუნდაც საკუთარ თავს რაიმე კარგი გავუკეთო, ერთი მიზეზის გამო: ყოველთვის მექნება  ”ნეტა უფრო მეტი მქონოდას” განწყობა და ნაკლები თავისუფლება........

3 და ამ ეტაპზე ბოლო, ცოტა რომ გაქვს იმ ცოტას გაცემა უფრო უხარის ხოლმე გულს.....

მოკლედ არ მინდა სამყარო და მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ შეიცვალოს  მხოლოდ ერთის, მატერიალურის ნიშნით. მოკლედ არ მინდა მქონდეს მილიონი:))))


ვისაც გექნებათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.........


იქ სადაც სდუმან...........

ნაწილი 1

ზუსტადაც რომ ეგარი, არ დავიწყებ აქ იმის ახსნას ეგვიპტე სად მდებარეობს, რა ესაზღვრება და საერთოდაც რას წარმოადგენს, დაინტერესებულთ (თუ ასეთი გამოჩნდება რათქმაუნდა) შეუძლიათ  ამ ლინკს გაეცნონ. მოკლედ იყო და არა იყო რა იყო იდეა, სადღაც ერთი წლის წინ გაჩენილი და ზუსტად 1 წლის მერე ახდენილი. ჩემს ცხოვრებაზე დაკვირვება მაჩვენებს, რომ რაც უფრო დაჩქარებული ტემპებოთ მიდის საქმე, მით კარგი შედეგით მთავრდება იგი. ასე მოხდა ამჯერადაც. გავიდა რეკლამა, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და გაჩნდა აზრი (მამას მხრიდან), მოდი გადადე მანქანის ყიდვა და წადი ეგვიპტეში (უნიკალური მამა მყავს). და იყო იმ დღის მერე ფიქრში გათენებული იმავე დღის ღამე, და გათენებული მეორე დღე, რომელმაც მიბიძგა ჯერ საიტები გადამეთვალიერებინა, მერე რამდენიმეგან დამერეკა, მერე ადგილზე მივსულიყავი იმ რამდენიმეგან და ბოლოს გადაწყვეტილება მიმეღო (გაზვიადებული არაა, ყველაფერი თავად დავგეგმე და განვახორციელე, თან ისე რომ ბოლომდე არ მჯეროდა). ეს ყველაფერი 1 კვირაში ჩამოყალიბდა და ფრთა შეესხა. აქვე იყო განცდა, უკვე რეალობის წინაშე დამდგარი ადამიანის (ზოგადად ნერვიული ტიპი ვარ, ამას ყველგან ვაღიარებ სადაც საშუალება მეძლევა.) რაზე ვნერვიულობდი???? ალბათ იმაზე რომ აზიაში (აფრიკაში) მივდიოდი, მომყვებოდა (მიმყავდა) გიორგი, რომელსაც თმის ღერიც რომ ჩამოვარდნოდა საკუთარ თავს არ ვაპატიებდი და ხათო, რომელიც უუუძალიანესად მინდოდა რომ წამოსულიყო და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. ბავშვობიდან ერთი განსაკუთრებული ტრადიცია მახსენდება ჩვენს ოჯახში, სახლიდან ყველა ერთად არ უნდა გავიდეს, განსაკუთრებით თუ ეს გასვლა შორ, სარისკო გზას ეხება და განსაკუთრებით ეს მოთხოვნა ახალგაზრდა თაობაზე ვრცელდება. მინდა ვთქვა რომ ამ შემთხვევაში ეს ტრადიცია აბსოლუტურად დავარღვიეთ. ბევრი რომ არ გავაგრძელო და ზედმეტად რომ არ დავკონკრეტდე, მოკლედ დადგა ის დღე როცა უნდა წავსულიყავით იქ, სადაც მუდამ ზაფხულია და წავედით კიდეც. წავედი და არც ვინანე, თუმცა აქვე ვაღიარებ აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა ის დრო, რაც გავატარე და აქვე დავწერ, რომ წამოსვლისას, იგივე გულის წყვეტის გრძნობა დამრჩა რაც ასე ხშირად მდევს ხოლმე თან რაღაც რომ მთავრდება.



ნაწილი 2


და ალბათ გაჩნდება კითხვა რა იყო იქ:


იყო სასტუმრო;




 

 იყო ზღვა, ძალიან სუფთა და მარილიანი, უბრალოდ წითელი ზღვა.......



 

 იყო პლიაჟი და ხალხი, ბევრი ბევრი ხალხი, სხვადასხვა გაგების, ეროვნების, წარმომავლობის, ფერის........



 

 


 იყო:

აჰმედი (გიოს მიერ ხვიჩადწოდებული), ქართველით გულდამწვარი.........


 მუჰამედი (უმაგრესი ადამიანი)




ე.წ სოსო (შეზლონგების მეთვალყურე)






და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი.

იყო:

ქაირო




 პირამიდ(ები)ა


 


 სფინქსი



 

 ალიონი სინას მთაზე






 

 წმ. ეკატერინეს მონასტერი......



 ორთოდოქსული მიმდინარეობის ერთ-ერთი სასწაული შეუწველი მაყვალი




 იყო საჰარა კვადროციკლების ქროლვისას დანახული დაისით



ფერადი კანიონი, დაუვიწყარი თავგადასავლებით




იყო ზღვისქვეშა სამყარო და ჩემივე გაბედულებით განცვიფრებული მე

და კიდევ, რას მუჰამედი



კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ ის რაც გონებაში ჩაიბეჭდება და ენით არ გამოითქმის, ის რაც მარტო ფოტოაპარატმა დააფიქსირა და თვალმა ვერა, ის რაც ჩემს რვეულში ჩაიწერა (რომელიც იქ ყოფნის განმავლობაში დღიურის მაგივრობას წევდა) და იქვე დარჩა. მოკლედ კარგი იყო, ძალიან კარგი.

პ.ს. იყო ნათია (კუდა) და მისი ემოცია  

ხათო და მისი განცდები 

ნინო და.............