შემოდგომა სამცხე ჯავახეთში

ბუნებას თუ გადახედავ შემოდგომა ათასჯერ სჯობს გაზაფხულს, მაგრამ რომ ფიქრობ ამის შემდეგ წინ გელის მინიმუმ 4 თვიანი ცივი ზამთარი ისევ გაზაფხულზე ამბობ რომ წლის ყველაზე ლამაზი დროა. მე შემოდგომა მელამაზება ყველაზე მეტად, მაგრამ მზიანი. კონკრეტულად კი ოქტომბერი. 





თუ გინდა შემოდგომის სილამაზე სრულად აღიქვა ოქტომბერში უნდა მოინახულო საქართველოს ტყიან-ხიანი მხარეები. უფრო კონკრეტულად ესენია: რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი, სამცხე, კახეთი. ქართლისკენ ლამაზი შემოდგომის ფერები შეგიძლიათ ნახოთ რკონში, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის გზაზე, საბადურებისკენ და ზოგადად, ყველგან, სადაც ბევრი ხე დგას :)


ამ ყველაფრის ნახვა ერთ წელშიც შესაძლებელია თუ გაქვს დრო და ხელს თუ გიწყობს ამინდი. წელს რატომღაც მხოლოდ შაბათ-კვირას წვიმდა, ხოლო ოქტომბერი მხოლოდ ოთხ შაბათ-კვირა დღეს გულისხმობს, მერე იწყება ხეების განძარცვა ფოთლებისგან და წინ მთელი ზამთარია.

წელს რადგან მხოლოდ სამცხე ვნახე შემოდგომით, შესაბამისად მოგიყვებით როგორ შეიძლება დაგეგმოთ შემოდგომის ერთი მზიანი დღე. 
გზა, რომელიც ამ ერთ დღეში გავიარე, საკმაოდ დამღლელია, თუმცა სასიამოვნო და ფერადი. ამ ტურს თამამად შეიძლება ვუწოდო პილიგრიმული, რადგან მოვილოცეთ რამდენიმე ტაძარი

მარშუტი: თბილისი - ბორჯომი - ადიგენი - ჭულე (ვი) - ვარძია - თბილისი. ერთი გზა საშუალოდ 350 კმ. დრო - დაახლოებით 4 საათი. 





პირველი გაჩერება, ბორჯომი, კერძოდ, სერაფიმ საროველის სახელობის ეკლესია. იგი მდებარეობს საბაგირო გზის  და ეშმაკის ბორბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში, ულამაზეს ნაძვნარ ადგილას. ტაძრის მოლოცვის შემდეგ შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ხედებით სიმაღლიდან და თუ მუშაობს იკატავოთ ეშმაკის ბორბალზე. 









აქვე, რეკომენდაციას ვუწევ მწვანე მონასტერს, რომელიც მდებარეობს ბორჯომი - ლიკანის გზაზე, გადასახვევიდან დაახ. 1 კილომეტრში, ტყეში, ულამაზესი ადგილია. ამ ეტაპზე ჩემს მარშუტში ამ ტაძრის მოლოცვა არ იყო გათვალისწინებული, ვისაც არ აქვს ნანახი, ნამდვილად ღირს.

გაჩერება მეორე- ადიგენი, ზარზმის მამათა მონასტერი. გარდა იმისა, რომ ტაძარი დაახლოებით VIII საუკუნისაა და თავისი უნიკალური ფრესკებით წარმოადგენს ხუროთმოძღვრების ძეგლს, მერწმუნეთ, ერთ რამედ ღირს დაესწრო წირვას ამ მონასტერში და უსმინო ბერების გალობას. 






გაჩერება მესამე - ჭულე (ვი). 14 საუკუნის, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც მდებარეობს ზარზმიდან დაახლოებით 20 წუთის გზაზე. 








ტაძრამდე მისასვლელი გზა არ არის მოასფალტებული, შესაბამისად დაბალი გამავლობის მანქანებისთვის არ არის რეკომენდირებული. გზად ლამაზი ხედები და შემოდგომის ულამაზესი სურათები იშლება. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეა ასევე ჩანჩქერი. 











გაჩერება მეოთხე - ვარძია. 

ადიგენიდან ვარძიამდე გზად აუცილებლად გაივლით ახალციხეს და რაბათის ციხე კომპლექსს. ჩემი გათვლით რაბათის ნახვის შემთხვევაში ვარძია ნამდვილად ვეღარ მოესწრებოდა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ოქტომბერში დღე საგრძნობლად მოკლეა, ხოლო ვარძიის კომპლექსი 5 საათამდეა ღია. ამიტომ ახალციხეში ამ ეტაპზე აღარ შევჩერებულვართ, გზა განვაგრძეთ ვარძიისკენ, რომელიც ეკუთვნის ასპინძის რაიონს. ახალციხიდან ვარძიამდე 60 კმ.ია. გზად გაივლით ხერთვისის ციხეს და შეგიძლიათ შორიდან თვალი შეავლოთ თმოგვის ციხესაც. სხვათაშორის, ხალხური გადმოცემით, სწორეთ თმოგვის ციხე მოიაზრება "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ქაჯეთის ციხის პროტოტიპად. 





რაც შეეხება ვარძიას, როგორც ზემოთ აღვნიშნე მუშაობს 5 საათამდე. ბილეთის ფასი 3 ლარი მოზრდილებისთვის. კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსი, თარიღდება XII საუკუნით. აშენდა თამარის მეფობისას, მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. სწორედ აქ არსებულ ტაძარში შეგვიძლია ვნახოთ თამარის ფრესკა, რომელიც სულ ოთხია შემორჩენილი დღემდე (ბეთანია,ვარძია, ყინწვისი და ბერთუბანი).








ინფორმაციისთვის: ვარძიის კომპლექსის მოპირდაპირედ მდებარეობს, მეორე კომპლექსი "ვანის ქვაბები", უნიკალური ძეგლი, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს.

სურათები გადაღებულია 2007 წელს:







და ბოლო, მეხუთე გაჩერება - ვარჩიის დედათა მონასტერი, რომელიც მდებარეობს ვარძიის კომპლექსიდან 2 კმ-ში. 







P.S  ე.წ. კევის ხე :)