ოცნებას ვინ მოუკლავს :)))

ჩამონათვალი ურიცხვი...

სურვილი ბევრი......

ოცნება უფრო მეტი..............

ნატვრა უკიდეგანო................

დრო და ფინანსები მინიმალური, უფრო ხშირად არარსებული.

უსაზღვრო ბოდიალი რომ ჩემი სტიქიაა, ეს ცნობილი ფაქტია. პრინციპში ვის არ უყვარს მოგზაურობა, მაგრამ არჩევანშია განსხვავება (კომფორტი თუ მინიმალური პირობები) . ნუ რადგან ჩემს ბლოგზე ვართ დავსძენ, რომ ორივე პირობაში კარგად ვგრძნობ თავს.

მოწყენილობა (სიტყვა დეპრესიას მოვერიდები) ძირითადად ორ შემთხვევაში მიტევს: როცა ნაკლებდატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს და ყოველდღიურობა რუტინაში გადადის (8 სთ–ზე მაღვიძარა, მომზადების 45 წთ–იანი პროცედურები, სამსახურში ჯდომა 9 დან 18–მდე და საღამო დაძინებამდე).... ასეთ დროს თავს იჩენს ფიქრები ცხოვრებისეულ ამაოებებზე და მეტი რა მიზეზია საჭირო მოსაწყენად.

აზრი ამეკვიატა ოდესმე ვნახავ შემდეგს? :

მაჩუ პიკჩუ

 მეტეორა
 დუბაი
 ვენეცია
 კენია და უბრალოდ ცოცხალი ჟირაფი
 პეტრა
 ტაჯ–მაჰალი
 შთამბეჭდავი სიაა ხომ???? მერე რა, ეს ხომ მხოლოდ ოცნებაა და თან ამ ოცნების ნაწილი....


ნატვრების რა გითხრათ და ოცნებები ხომ ხდება :)))

41 X 5

ყურში ვივალდის "Four Seasons" , თან რაც შეიძლება ხმამაღალზე ...

სამსახური, როგორიც არის ისეთი, რას ვიზავთ ვერაფერს შეცვლი, ფინანსები საჭიროა, თორემ გამოიჯახუნებდი კარს დიდი სიამოვნებით და რამდენიმე ადამიანს კი გააოცებდი ამ ქცევით. არა შეიძლება სულაც ვერ მიმხვდარიყო ის რამდენიმეც რატომ ხარ ასე ბედნიერი შენი მოქმედებით, 

მაგრამ 

მუდამ ვოცნებობ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც იმდენი სამუშაო ადგილი იქნება, რომ მობეზრების შემთხვევაში შეძლო უკვე არსებულს გამოუხურო კარები და ახლის ძიება დაიწყო იმ იმედით, რომ აუცილებლად იპოვი....

ოცნებები ხდება...

იმედები მართლდება...

არჩევნები გადაგორებულია...

ქვეყანა შეცვლილია.....

არსებული გადაგდებულია....

ხალხი 41 x 5-ზეა

მოლოდინი დიდია...

ოცნება და  იმედი იდეაა, რამდენიმე თვე გვანახებს რეალობა როგორი იქნება.

ჩემი ოცნება და იმედი ყველა ერასა და ეპოქაში ერთი და იგივეა....

მოთხოვნები მკაცრია და მეტად კატეგორიული....

მეტი წინსვლის დროა.....





ტბავერცხლი ანუ ტობავარჩხილი

3 სექტემბერი, 2012 - მისტიური წელი, გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი მომავლით. არა აქ სამყაროს შესაძლო აღსასრულს სულაც არ ვგულისხმობ, რამდენიმე კვირაში არჩევნებია და ჰაერში ისეთი დაძაბულობააა გაქცევაც რომ გაგიჭირდება. მომავალს მომავალი გვიჩვენებს, აი აწმყოს რაც შეეხება, 3 სექტმბერია და ყველაფერი იდეალურადაა, უკეთაც შეიძლება, თუმცა ბედს ვერ ვუჩივლებ.

რამდენიმე დღეში  ჩემი დაბადების დღიდან კიდევ ერთი წელი დაიწყებს ათვლას, წლების მატება კი გარკვეული დისკომფორტია და უკვე შევეჩვიე, რომ წინა დღეებში სევდა მიპყრობს, თან ისე ძლიერი თუ არ გავექეცი, შეიძლება სასოწარკვეთაში გადამივიდეს.

წლევანდელი სევდის დასაძლევად კი ტობავარჩხილი საუკეთესო გამოსავლად მივიჩნიე და არც ვაციე, არც ვაცხელე, თითქმის უცხო გარემოში დავადექი ამ მეტად რთულ გზას. (უცხო გარემო ბოლო ხანებში ახალ ჩვევად მექცა. მარტოობისთვის და ზედმეტი ჩაღრმავებებისთვის თავის არიდება თუ გინდა მშვენიერი გამოსავალია. ერთი და იგივე ხალხთნ მუდმივი კონტაქტი სულ იმის შეგრძნებას მიმწვავებს რომ მეტად გაშიფვრადი ვხდები და შესაბამისად უინტერესო, იმდენად რომ საკუთარი თავის მობეზრება თავად მეწყება ხოლმე).

ტობავარჩხილი ოფიციალური მონაცემებით მდებარეობს ზღვის დონიდან 2650 მ-ზე. მისაღწევად ორი გზა შეგიძლია გამოიყენო. წალენჯიხის რაიონი სოფელი მუხური და სოფელი სქური. ფეხით სავალი მანძილი შეადგენს დაახლოებით 18-20 კილომეტრს (ერთი გზა). გზა არის რთული რამდენადაც რამდენიმე უღელტეხილზე და ე.წ. მთის ყელში გიხდება გაძვრომა.





რაც მეტად ხდება ამაღლება შერეული, ფოთლოვანი ტყე ალპურში გადადის და ნელ ნელა აცნობიერებ, რომ თითქმის ცას მიუახლოვდი. გზად ნისლიც ბევრჯერ გადაგივლის და თავის გზას გააგრძელებს მშვიდად, მთავარია შენ იდგე მიწაზე მყარად და მუდმივად აკონტროლო ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები.



აი აქ ფასობს ყველაზე მეტად შენი ფეხების სიძლიერე და თუ გიმტყუნა შემთხვევით რომელიმემ მთლად კარგი საქმე არ იქნება, როგორც შენთვის, ისე ჯგუფისთვის.






ტობაზე მიმავალს აუცილებლად გჭირდება გვერდით ადამიანი, რომელსაც დათვებთან ბრძოლის მინიმალური გამოცდილება ექნება. დათვის არსებობა ამ ტყეში, ისევე როგორც რაჭაში გამოგონილ ზღაპრად მექნებოდა წარმოდგენილი თავად რომ არ შევსწრებოდი, როგორ ამიფრთხიალდა ცხვირწინ და კიდევ კარგი არ შემოტრიალდა, თორემ ალბათ ამ პოსტს ვერასდროს დავწერდი. აფრთხიალდა და ისეთი სილამაზის მომსწრე გამხადა (გადაჭარბების გარეშე) ტობას მთელი სილამაზე 1 წამში დამავიწყა.




ტობამდე იყო გზა ჩხოროწყუმდე, ჯერ სამარშუტო  და შემდეგ კერძო ტაქსით. მთელი გზა ვფიქროვდი ეს დღეები ქვეყანაში არსებულ ვითარებას დავივიწყებ და მხოლოდ კარგზე ვიფიქრებთქო, მაგრამ ვინ გაცალა. ცალკე ისტორიაა ტაქსის მძღოლი, რომელმაც სენაკიდან- ჩხოროწყუმდე სავალ 20 წუთის გზაზე, გამწარებული იუმორით ისეთ დებატებში ჩაგვრთო მგზავრები ყველა პოლიტიკურ თოქ-შოუს რომ შეშურდება.

სამეგრელო უდავოდ ფავორიტია სტუმართმასპინძლობის წესში და ამაზე დავა თუ მოუნდება ვინმეს, ე.ი. არ უვლია საკმარისად საქართველოს რეგიონებში.


დავუბრუნდეთ მთავარ თემას, ტობაზე წამსვლელები ძირითადად ორ - დიდ და პატარა ტობაზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე, არანაკლებდასაფასებელი ტბა მიმდებარე ტერიტორიაზე.




 ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ ტბა ტბაა და განსაკუთრებული რა უნდა იყოს მასში, მაგრამ არც ასეა საქმე, მისი განსაკუთრებულობა მთებს შორის მოქცეული სილამაზეა, ასე საოცრად რომ ირეკლავს და წამიერად იცვლის ფერებს. სიტყვები ხანდახან მართლა არაფრისმთქმელია, ფოტო კი მინიმალურს ასახავს იმისა, რაც რეალურად არის. საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი მაინც სულ სხვაა...

პატარა ტობა:






 
 

დიდი ტობა:



P.S. ჩემი რჩევა იქნება მინიმუმ ერთი სრული დღე- ღამე გაატარო დიდ და ერთიც პატარა ტობასთან, სრულად რომ შეძლო მისი სილამაზის აღქმა, რადგან აქ მზის ამოსვლაც ისევე ლამაზია, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა...


ისრაელი/პალესტინა

შესავალი:



2012 წლის დასაწყისში შევქმენი გარკვეული სია იმ ადგილებისა, რომლის ნახვაც მინდა ამ წელს სათაურით "პროგრამა მინიმუმი". ამ სიამ ჩემს მეგობრებში კითხვა გააჩინა, ამას თუ მინიმუმს უწოდებ, მაქსიმუმი რაღას ჰქვიაო. იდეაში სიის შედგენისას კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ყველაფერის ნახვას ვერ მოვახერხებ, ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ვცადოთ, ჩვენი რა მიდის. ამ სამყაროში აუსრულებელი ხომ არაფერია :)

დაინტერესებულთათვის სია გამოიყურება შემდეგნაირად: იერუსალიმი, ტობავარჩხილი, მზის ამოსვლა ბახმაროში, სტამბული, განახლებული ქუთაისი და ბაქო. (დამეთანხმეთ რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია:) )

ეს შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ შემდეგ აბზაცში გაღიმებულს დამეწერა, ყველაზე დიდი სურვილი ამ სიიდან, იერუსალიმი, ასრულებულია და შესაბამისად მასზე დიდი პლიუსია (+) დასმული.


ზოგადი


ტურისტები დამეთანხმებიან, რომ  უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას მნიშვნელოვანია ვისთან ერთად მიდიხარ, ემთხვევა თუ არა თქვენი ღირებულებები ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ოცნებად ქცეული მოგზაურობის რამდენიმე დღე უბრალოდ კოშმარად გექცეს.

დაკიდევ, სამშობლოში დაბრუნებისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ აეროპორტში მინიმუმ 3 საათით ადრე გამოცხადდეთ რეგისტრაციის გასავლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ დაგელოდებათ თუ მაგალითად რომელიმე შემოწმებისას 2 საათით შეგაყოვნეს.ჩემოდანსაც ისე ნუ ჩაყრით, რომ რიგით საკონტროლო პუნქტთან მისი აუცილებელობით გამოწვეული გახსნის შემდეგ გვერდძე მდგომისა მოგერიდოთ :)




რეკომენდაციები:


მე მაინც მგონია, რომ იერუსალიმში მოგზაურობა ყველასთვის არ არის რეკომენდირებული. რეკომენდაცია ჩემი მხრიდან ეძლევა მათ, ვისაც რწმენაში განმტკიცება ესაჭიროება და მათ, ვინც დარწმუნებულია თავის რწმენაში. ათეისტისთვის ეს ადგილი აუცილებლად იქნება უდაბნოში გაშენებული თეთრი, უფორმო ნაგებობებით გავსებული ტერიტორია.

თუ გადაწყვეტთ მოგზაურობას წმინდა მიწაზე, საუკეთესო ვარიანტია წახვიდე მრევლთან ერთად (საკუთარი მოძღვრით თანხლებით), გყავდეს გამოცდილი გიდი და გქონდეს წინასწარგაწერილი პროგრამა. რატომ???

1.სასულიერო პირის თანხლება საშუალებას გაძლევს რამდენიმე ეკლესისს საკურთხეველში არსებულ სიწმინდეებს შეეხო. მაცხოვრის საფლავზე საგანგებოდ გამოყოფილ დღეს ლიტურგიის მონაწილე გახდე და თუ გაგიმართლა ეზიარო კიდეც (მართლმადიდებლებისთვის ეს დღე სამშაბათის ღამისთევაა).


2. გიდი, რომლის საფასური გაგიკვირდებათ და დღის განმავლობაში 200 დოლარს გულისხმობს (მნიშვნელობა არ აქვს ის 1 ადამიანს ემსახურება თუ 100–ს) იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი დახმარებით (განსაკუთრებით თუ ადგილობრივია) შეიძლება შეაღწიო იმ ადგილებში, რომელსაც მარტო ყოფნის შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ გვერდი აუარო, მარტივად ვერ მიხვდე რომ იქ რაღაც არის სანახავი, ეს რაღაც კი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოს მატარებელი იყოს მორწმუნესთვის. სხვა შემთხვევაში ადგილობრივ გიდს აქვს დიდი პოტენციალი საერთო ენა გამონახოს ტაძრის მეთვალყურესთან და თუ კარგად მოქნილიც აღმოჩნდა აუცილებლად იშოვის გასაღებს, რომელიც  მაგ: იმ ციხის კარებს გაგიღებს, სადაც მაცხოვარი ეწამებოდა ცხოვრების ბოლო საათებში.


3. წინასწარგაწერილი პროგრამა გულისხმობს იმ ადგილების ჩამონათვალს, რაც იერუსალიმში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახო. მორწმუნე ადამიანისთვის იერუსალიმი ეს არის ადგილი, სადაც მისი ყველაზე დიდი რწმენის ობიექტი, იესო ქრისტე დააბიჯებდა, სასწაულებს აღავლენდა და უბრალოდ სხვებთან ერთად თანაარსებობდა. პროგრამის გარეშე, კი შეიძლება ისეთი ადგილი გამოტოვო, რომლის ნახვასაც მთელი ცხოვრება ოცნებობ.



აქვე დავამატებ: ტერიტორია არააა დიდი, პირიქით იმდენად პატარაა და იმდენად ახლოსაა ყველა ეს ღირშესანიშნაობა მოქცეული ვინმემ, უფრო გამოცდილმა თუ არ მიგაქცევინა ყურადღება უბრალოდ დარჩები გულდაწყვეტილი.


 

ჩემი იერუსალიმი


 ვინაიდან და რადგანაც რამდენჯერმე ჩემი დიდი მცდელობა მოვხვედრილიყავი წმინდა მიწაზე უშედეგოდ დასრულდა, ამ შემთხვევაშიც ბოლო წამამდე არანაირი იმედი არ მქონდა რომ ამ ოცნებას ასრულება ეწერა. საბედნიეროდ ასრულდა და თანაც ისე, რომ დიდი ნიშანი დამასვა გულში.

გიდის წყალობით შევძელით გვენახა ყველა ის ადგილი და + კიდევ 2 ჯერ მეტი რაც პროგრამით იყო თუ არ იყო გათვალისწინებული. გიდს ხშირად ვახსენებ, რადგან სიტყვა "პროფესიონალი" პირველად მასთან მიმართებისას მივხვდი თურმე რას ნიშნავს.

ქვეყანა იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც მრავალაზრიანი იყო ჩემი გული ამ ქვეყანაში.

მოგონებები იმდენად ქაოსურია, აგერ უკვე 1 კვირაა დავუბრუნდი ჩემს ბედკრულ ქვეყანას და ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ ცოტა დავლაგდე.

"ბედკრული" რომ საქართველოსთან მიმართებაში სრულიად გამართლებული სიტყვაა ძალიან მკაფიოდ სწორედ წმინდა მიწაზე აღიქმება, რატომ???

"V საუკუნიდან XVIII საუკუნემდე ქართული კოლონია ერთ-ერთი უძლიერესი იყო იერუსალიმში. ქართველები პალესტინაში 19 მონასტერსა და ეკლესიას ფლობდნენ."

"ათწლეულების მანძილზე მხოლოდ ქართველი ბერები რჩებოდნენ ღამე უფლის საფლავის ტაძარში, მხოლოდ ქართველები აღავლენდნენ წირვა-ლოცვას უფლის საფლავზე, მათ ეპყრათ უფლის საფლავის სამლოცველოს გასაღები და ეკუთვნოდათ გოლგოთა." – ვკითხულობთ სხვადასხვა გამოცემებში.

დღეს რა ხდება?? იერუსალიმი ქართველობისთვის მხოლოდ მომლოცველობითი ფუნქციის მატარებელია, უფრო მეტი, ადგილობრივ სასულიერო პირებში (ადგილობრივში იგულისხმება ბერძნული და სომხური ეკლესია) ქართული ხმა–გალობის გაგონება იმდენად უარყოფით რეაქციას იწვევს მზად არიან, მიუხედავად ხარისხისა გამოგაძევონ უფლის სახლიდან. არასდროს დამავიწყდება ალბათ, ბერძენმა მოძღვარმა როგორ ჩააქრო ცენტრალური სანთელი (სადაც მადლმოსილი ცეცხლი ანთია მუდმივად), იმ მიზეზით, რომ თავი ამ მომეწვა ჩემი სანთლებისთვის.

მთელი კვირა თან მდევდა აზრი: ნეტა ოდესმე მართლა ვიყავით, ისეთი ძლიერი ერი, რომ შეგვეძლო პრეტენზია გვქონოდა თუნდაც ერთ გოჯ მიწაზე  წმინდა ქალაქში და თუ ვიყავით მაშინ რატომ ვართ დღეს ასე, უარაფროდ, მაშინ როდესაც ჩვენს მეზობლებს ჩრდილოეთიდან ასე ძლიერად აქვთ მოკიდული ფეხი, ხოლო სამხრეთელებს ისე აქვთ გადგმული ფესვები, მათი შერყევა უბრალოდ არაფერს და არავის ძალუძს.



ებრაელი


ტომი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერად ეღიარებინა დანარჩენ სამყაროს, დაებრუნებინა თავისი კუთვნილი თუ არკუთვნილი, გადარჩენილიყო და შთამომავლობისთვის დაეტოვებინა მთავარი იდეა – ეროვნულობის, ტრადიციულობის შეგრძნება. ხალხი, რომელიც შაბათ დღეს "კვდება", არვიცი სხვა რა უნდა უწოდო მდგომარეობას, რომელიც თითის განძრევას (აბსოლუტურად პირდაპირი მნიშვნელობით!!!!!) გიკრძალავს.




ისრაელი/პალესტინა

ერთი ქვეყნის ორი მტრულად განწყობილი ნაწილი. ქვეყანა ბეტონის კედლით გაყოფილი ორად, მრავალეროვანი, მრავალსარწმუნოებიანი და მრავალგაგებიანი. ნაწილი, რომელიც ჩვენი ჩასვლის დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს, ხოლო მეორისთვის იგივე დღეს გლოვაა გამოცხადებული.




ადგილი, სადაც სულ სხვა მადლი ტრიალებს.....

 

საბა განმწმენდელის ლავრა. აქ შესვლა მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დასაშვები. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ პალმის რტო, რომელის ნაყენის მიღება უშვილო წყვილებისთვისაა რეკომენდირებული.



მწყემსთა ველი, ამ ადგილას ემცნოთ მწყემსებს უფლის ანგელოზისგან ინფორმაცია მაცხოვრის დაბადების შესახებ

 მაცხოვრის შობის ადგილი, ბეთლემი

 მამრეს მუხა, ძველი აღთქმის მიხედვით,სწორედ ამ ადგილას უნდა შეეწირა აბრაამს ღმერთისთვის ისააკი.
 ყველაზე მაღალი სამრეკლო

 ადგილი, საიდანაც ღვთისმშობელი უყურებდა მაცხოვრის აღდგომას

 იოანე ნათლისმცემლის თავის მეორედ პოვნის ადგილი. აქ აკეთებ დიდ მეტანიას, ისე რომ თავი სრულად ჩარგო ჩაღრმავებულ ადგილას.

ადგილი, საიდანაც მაცხოვარი ამაღლდა ზეცად

 "მამაო ჩვენოს" ტაძარი. ამ ტერიტორიაზე გადასცა იესომ ლოცვა მოწაფეებს. ამ ტაძარში ყველა ქვეყნის ენაზე წერია მამაო ჩვენო. სამწუხაროდ ქართულ ფორმატს ასეთი სახე აქვს.
 ებრაელთა უძველესი სასაფლაო ზეთისხილის მთაზე. აქვეა დაკრძალული შინდლერი. ჭორების თანახმად ბევრ ცნობად სახეს უკვე გადახდილი აქვს დაახლოებით მილიონი დოლარი, რომ მისი სამუდამო განსასვენებელი ამ ადგილას იყოს, რადგან სჯერათ რომ მეორედ მოსვლისას პირველი სწორედ ეს მიცვალებულები დაიწყებენ აღდგომას :)

 ერთადერთი მონასტერი ქრისტიანულ სამყაროში, სადაც საკურთხეველი დასავლეთ მხარესაა მოქცეული. ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ კუთხით იდგა მაცხოვარი იერუსალიმში შესვლის წინ და ლოცულობდა.

 გოდების კედელი. იგი ესაზღვრება აღდგომის ტაძარს. ებრაელებს სწამთ რომ მათმა მრავალწლიანმა ლოცვამ ამ კედელთან გამოიღო ნაყოფი და როგორც ერი გააძლიერა ისინი. ეს ტერიტორია გაყოფილია ორ ნაწილად: ქალების და  მამაკაცების კუთხედ. ქალებს მცირე ტერიტორია აქვთ დათმობილი, რადგამ მათ ყველგან შეუძლიათ ილოცონ, ხოლო მამაკაცებს ლოცვის უფლება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში აქვთ.
 გოდების კედლის კიდევ ერთი ფუნქცია სურვილების მიღებაა. აქ შეგიძლია დატოვო შენი სურვილები ჩანაწერის სახით. ლოცვის დასრულების შემდეგ, კი ებრაული წესით, თუ გინდა რომ ყველა ჩანაფიქრი აგიხდეს ზურგის შექცევის გარეშე უნდა დატოვო აღნიშნული ტერიტორია.
 ზეთისხილის ბაღი. ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი, რაც ამ დრომდეა შემორჩენილი

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც შეგვიძლია მოვილოცოთ ღვთისმშობლის, მისი დამწინდველი იოსებისა და მშობლების - იოაკიმესა და ანას საფლავები. ამ ტაძარში სრული მონოპოლიით სარგებლობს სომხური ეკლესია, რომლებმაც გაიგონეს რა ქართული გალობა სასწრაფოდ მოითხოვეს დაგვეტოვებინა ტაძარი.

 ღვთისმშობლის საფლავი. როგორც ახალი აღთქმიდან გვახსოვს, იგი სხეულით აიყვანა მაცხოვარმა ზეცაში. ამ ადგილას ალბათ რამდენიმე საათი დაჰყო ღვთისმშობელმა მიძინების შემდეგ
ქართველთა ტკივილი - ჯვრის მონასტერი, მოუვლელი და მიტოვებული. აქვეა შოთა რუსთაველის ფრესკა და რამდენიმე ხუცურად დაწერილი ფრაზა.


ეს ჯვარი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ჯვრის მონასტერს 1980 წლის 25 მაისს შესწირა. მასზე იკითხება შემდეგი ფრაზა: "იესო ტკბილო ჯვარცმულო, დაიფარე ერი ჩემი ყოვლისაგან განსაცდელისა და მოგვმადლე ძალა ამაღლებისა".
 ამ სარკოფაგში ესვენა ლაზარეს გარდაცვლილი სხეული ოთხი დღის განმავლობაში
 სვიმეონ მიმრქმელის საფლავი ამავე სახელწოდების მონასტერში
 ამ ადგილას იყო გადამალული 2 წლის იოანე ნათლისმცემელი, მანამ ჰეროდე მუსრს ავლებდა ამავე ასაკის ბავშვებს.

 viadolorosa -ვნების გზა. ეს არის ის გზა , რომელიც მაცხოვარმა გაიარა ჯვარცმის ადგილამდე. ამ გზაზე სულ 14 გაჩერებაა, იმის შესაბამისად სად შეჩერდა თუ შეაჩერეს მაცხოვარი ბოლო გზაზე.

ციხე, სადაც ბარაბას ნაცვლად მოათავსეს იესო ქრისტე

 ერთ-ერთი გაჩერება, სადაც ნაწამებმა და დაღლილმა მაცხოვარმა ხელი დაადო კედელს, ანაბეჭდი დღემდე სწორედ ამ ადგილასაა შემორჩენილი.

 რიგითი გაჩერება, მაცხოვრის აღდგომის ტაძრის სახურავზე. ერთი შეხედვით გარეგნულად ეს მცირე ზომის ტაძარი, შიგნით რამდენიმე სართულისგან შედგება, აქვეა თავმოყრილი ქრისტიანობის უდიდესი სიმბოლოები: გოლგოთა, გარდამოხსნა, კუმუკლია (აღდგომის ადგილი). ჯვრის პოვნის ადგილი და ა.შ

ეს არის აღდგომის ტაძრის ის საყრდენი ბოძი, რომელსაც უკავშირდება შემდეგი ისტორია: ერთ წელს სომხურმა სამღვდელოებამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე მიეღო მადლმოსილი ცეცხლი და მართლმადიდებელი მოძღვარი არ შეუშვა ტაძარში. სწირედ ამ ბოძთან მლოცველ პატრიარქს მოევლინა სასწაული ღმერთმა, ცეცხლმა გააპო კედელი და აინთო პატრიარქის ხელთ არსებული სანთელი, ბოძს კი ასეთი ბზარი შერჩა. 
 ამ ადგილას როცა მოხვდებით, გიდი გირჩევთ, რომ ყურადღება დაძაბოთ, ყური მჭიდროდ დაადოთ მარმარილოს ტრაპეზს და გულდასმით მოუსმინოთ, იქნებ თქვენც გაიგოთ ნაწამები მაცხოვრის გმინვა.
ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო მაცხოვარი, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად. მორიგი სასწაული და ელენე დედოფლის მიერ ნაპოვნი ძელი ცხოველი.

აქ დაასვენეს მოწაფეებმა ჯვარიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი (გარდამოხსნა). მსგავსი სურნელი, რაც ამ ქვაზე ტრიალებს არ მგონია სადმე გქონდეთ ნაგრძნობი.

ახალ აღთქმაში მაცხოვარი ამბობს: როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი ვერ შევა სამოთხეში. სწორედ ამ ადგილას თქვა ეს ფრაზა მაცხოვარმა. პირჯვარი გადაისახეთ, გაძვერით და ცოდვების მიტევება შესთხოვეთ უფალს.


 ძველი ქალაქი - იერუსალიმი ახლისგან გამოყოფილია კედლით, რომელიც თავის მხრივ შედგება რამდენიმე კარიბჭისგან (სულ 7: დამასკოს, ჯაფას, ლომის, სიონის, ნაკელის, ახალი და ოქროს კარიბჭე).

ოქროს კარიბჭე -ებრაული ტრადიციით ეს ის კარიბჭეა, რომელშიც მესია იერუსალიმში უნდა შემოვიდეს მეორედ მოსვლისას. კარიბჭე დალუქულ იქნა 1541 წელს ოსმალეთის სულთანი სულეიმან I-ის მიერ.

 სწორედ ამ ადგილას გაიმართა დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობა



დავით მეფსალმუნეს ძეგლი არაბულ კვარტალში - ერთადერთი სტატუ მთელს იერუსალიმში,  მასზე აშკარად ჩანს ცუდად მოპყრობის კვალი

 ღვთისმშობლის მიძინების ადგილი

 გიორგი ხოზიბელის ლავრა

 იორდანე, აქ მოინათლა მაცხოვარი. მოუხედავად ერთი შეხედვით ჭუჭყიანი წყლისა, ამ ადგილას განბანვის (სამჯერ უნდა ჩახვიდე სრული სხეულის წყალში) შემდეგ ხვდები რომ სრულიად გათავისუფლებული ხარ ზედმეტი სიმძიმისგან.
 განცდის მთა, იერიქონი. ახალი აღთქმის მიხედვით 40 დღეს განეშორა მაცხოვარი ხალხს და მარხულობდა უდაბნოში. მეორმოცე დღეს მოშივდა, სწორედ აქ გამოეცხადა ეშმაკი და გადაწყვიტა მისი ცდუნება. (:"არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი ") ტაძარში ადიხარ საბაგიროს საშუალებით.

ზაქეს მუხა: სწორედ ამ მუხაზე ავიდა ტანმორჩილი მევახშე ზაქე, რომ ცალი თვალით მაინც  დაენახა მესია. 


 მაცხოვრის პირველი ამქვეყნიური სასწაული უკავშირდება  გალილეის კანას. კანაში, სწორედ ამ ადგილას არსებობდა სახლი, სადაც სვიმონ კანანელმა ქორწილი გადაიხადა, სუფრაზე ღვინო შემოაკლდათ, მაცხოვარმა მოითხოვა დოქები წყლის გაევსოთ და ისე მიეტანათ სუფრაზე. ახალმირთმეული ღვინის სიკარგით გაოცებულმა თამადამ იკითხა: კი მაგრამ ჩვენში ხომ ასე იციან ჯერ კარგი ღვინო მოაქვთ სუფრაზე და ცუდს ბოლოს შემოაპარებენო. აქ კი ყველაფერი პირიქით მოხდა. ეს სწორეს ის სიმონ კანანელია, ანდრია პირველწოდებულთან ერთად პირველ საუკუნეში საქართველოს საზღვრებს რომ მოადგა ჩვენს გასაქრისტიანებლად. მისი ნაწამები სხეული კი აფხაზეთში განისვენებს.
 გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა - აქ ამცნო ღვთისმშობელს მთავარანგელოზმა გაბრიელმა, რომ ის შობდა მესიას
 თაბორი, ფერისცვალების ტაძარი. ამ ტაძარში არის ხატი, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა შემწეა.
 ეს თევზი სიმბოლურად უნდა მიირთვათ პეტრეს სახლში სტუმრობისას, მისი ფასი სულ რაღაც 50 დოლარია, გემო - უგემური, გარემოც არამომხიბვლელი, მარა სიმბოლური და ამ მოგზაურობის აუცილებელი ნაწილი.
 კაპერნაუმი, მდინარე გალილეი.

მკვდარი ზღვა. ლეგენდის მიხედვით ამ ტერიტორიაზე არსებობდა ისტორიული ბაბილონი, რომელიც სოდომისა და გომორის გამო დაარბია ღმერთმა, ამავე გადმოცემით ამ ტერიტორიაზე არაფერი ხარობს. მკვდარი ზღვა იმდენად მარილიანია, მასში შესული ადამიანი ბუნებრივად ტივტივს იწყებს. აქ მოიპოვება სამკურნალო ტალახი. სწორედ ამ ტალახის აბაზანების მისაღებად ჩამოდის მილიონობით ტურისტი მკვდარ ზღვაზე.



აღდგომის ტაძარი (ექსტერიერი)


 გოლგოთა - როგორც ზემოთ აღვნიშნე იგი მოქცეულია აღდგომის ტაძრის ფარგლებში, შესასვლელში ხელმარჯვნივ გვხვდება კიბეები, რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ მოხვდებით გოლგოთაზე.
 მაცხოვრის ტაძრის გუმბათი
 კუმუკლია

შესასვლელი მაცხოვრის საფლავზე


ეს არის ხვლერი, რაც კუმუკლიას აკავშირებს ტაძართან, სწორედ ამ მხრიდან გადმოსცემს საზოგადოებას პირველად გადმოსულ მადლმოსილ ცეცხლს იერუსალიმის პატრიარქი. (ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ედებოდა ცეცხლი ტაძარს მანამ, სანამ პატრიარქი გამოვიდოდა მაცხოვრის საფლავიდან. აი თურმე როგორ :))
 წმ. გიორგის საფლავი მდებარეობს იერუსალიმის ქალაქ ლოდში. საფლავი მირონმდინარეა და შეუდარეველი სურნელებაა ირგვლივ. საფლავი განთავსებულია ეკლესიის მეორე ქვედა ნაწილში
 ერთგვარი ტრადიცია: ადამიანი რომელიც სურათზეა გადაფარებულია ხვრელს, საიდანაც ჩანს წმ. გიორგის საფლავი.  აქ ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ახდება

 დასასრული


ეგ გახლავთ შემოქმედი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი, მასში იგულისხმება ფესვებს მოწყვეტილი ებრაელი ერი, რომელიც მაინც აგრძელებს განვითარებას და ცისკენ სწრაფვას

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, ქალაქი იაფო.


ასეთი მრავალფეროვანი ფლორა რაც აქ გვხვდება ალბათ ბევრისთვის გასაოცარია:




    P.S ეს არის მცირე ნაწილი ინფორმაციისა, რაც შემეძლო ამ ეტაპზე გადმომეცა.
 კეთილი სურვილებით და უკეთესი მომავლის რწმენით მე :)
 .