* * * *

ყველა ოცნებობს;

ყველას რაღაც უნდა;

ყველას რაღაც ენატრება;

ზოგს ეს , ზოგს ის...

ჩემი საოცნებო შენთვის გაუგებარია, ისევე როგორც შენი ჩემთვის :)))

სულ მარტივად: ისტერიულად მეოცნებება აფხაზეთში მოგზაურობა...

ამიხდინეთ ვინმემ ეს ოცნება და თანახმა ვარ იყოს თუნდაც უკანასკნელი.



შიდა ქართლი. გორი, ატენის ხეობა, უფლისციხე

აგვისტოს დასაწყისი ჩემთვის ბოლო წლებია რუსეთ-საქართველოს ომთან ასოცირდება და სხვა არაფერი მომდის აზრად, გარდა  უარყოფითი განცდებისა, ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელ თემაში ვისაუბრო შიდა ქართლის ღირშესანიშნაობათა მხოლოდ ნაწილზე. დავაკონკრეტებ, რომ ეს მოგზაურობაც იყო ერთდღიანი და საკმაოდ ბევრი რამის ნახვა მოვასწარით.


მარშრუტი: გორი -სტალინის სახლმუზეუმი - გორისციხე - გორიჯვარი - ატენის სიონი - უფლისციხე.



View Larger Map



შენიშვნა
C-ატენის სიონი
D-უფლისციხე



გორამდე გზა დაახლოებით 83 კმ-ია, მაქსიმუმ 1 საათით გზაა. მარშუტში დასახელებულ ყველა პუნქტამდე მიდის მოასფალტებული გზა, ასე რომ ყველა შესაძლებლობის მანქანისთვის არის ხელმისაწვდომი ამ ნაწილში მოგზაურობა.
ინტერნეტ ინფორმაციით, გორი ოფიციალურ ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება მომდინარეობს შუა ქალაქში აღმართული გორისგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე - გორის ციხე, მას ძირითადად სამხედრო, თავდასაცავი ფუნქცია ეკისრებოდა საუკუნეთა მანძილზე.
გორში უერთდება ერთმანეთს ორი დიდი მდინარე მტკვარი და ლიახვი.









ქალაქზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად რამდენიმე ფოტო:




ულტრათანამედროვე იუსტიციის სახლი და სავარაუდოდ გორის "დილას" საწვრთნელი ბაზა


პირველი რასაც ათვალიერებ გორში არის სტალინის სახლმუზეუმი. სხვათაშორის, წლევანდელი მონაცემებით, ამ მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვმა თურმე ყველანაირ რეკორდს გადააჭარბა. რათქმაუნა ძირითადად უცხოელები ჭარბობენ ვიზიტორთა შორის, რადგან მეეჭვება ბევრ ქართველს გაუჩნდეს სურვილი 15 ლარი გადაიხადოს შესასვლელ ბილეთში. თუმცა სულხან-საბას სახლმუზეუმისაგან განსხვავებით, აქ სხვადასხვა ისტორიულ ნივთებს მაინც წააწყდები:







 გარდაცვალების შემდეგ სტალინის სახიდან 8 ნიღაბი აიღეს. ეს გახლავთ მეექვსე ასლი

 სამუშაო დარბაზი, თუმცა აქ ალბათ მინიმალური დრო აქვს გატარებული თავად სტალინს

ეს პიანინო გიდის გადმოცემით წლების მანძილზე ინახებოდა აფხაზეთში, 90-იან წლებში, ომის შემდეგ, მათივე ინიციატივით გადმოეცა გორის სახლმუზეუმს.


 ამ პატარა ოთახში ცხოვრობდა იოსებ ბესარიონის ძე
 ეს გახლავთ ვაგონი, რომლითაც საქმიანი ვიზიტებისას მოგზაურობდა. მასში არის სამუშაო ოთახი, საპირფარეშო, საძინებელი, სამზარეულო და ოთახი მომსახურე პერსონალისთვის




მუზეუმში ინახება სხვადასხვა ლიდერის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები, ძვირფასი ნივთები და დოკუმენტალური მასალა.



მოკლედ, სტალინი კარგი ადამიანი იყო თუ ცუდი ამის განსჯას აქ არ შევუდგები, ფაქტია, რომ გორის მკვიდრი მოსახლეობისთვის საამაყოა და შეკამათებას მათთან არ გირჩევთ :)





შემდეგი გაჩერება გორის ციხე:

ეს ციხე საუკუნეების მანძილზე თავდაცვის სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა, გადმოცემის თანახმად ძველი ქალაქიც სწორედ მის გარშემო ყოფილა გაშენებული. საუკუნეების მანძილზე ინგრეოდა დამპყრობლების მიერ და ხელახალი აღდგენა ხდებოდა. დღევანდელი სახე მიიღო მე-18 საუკუნეში, ერეკლეს მეფობის დროს.

ამჟამად ის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია, კარგი საშუალება ზემოდან გადახედო ქალაქს, თუმცა, ჩემი აზრით, მეტად დასუფთავება და მოწესრიგება არ აწყენდა,













გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი წყაროებზე დაყრდნობით აგებულია 1806-10 წწ. როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წ. ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა. 1990-იან წწ. ნაგებობა გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.









გორიდან ისე წამოსვლა რომ არ ესტუმრო გორიჯვრის ეკლესიას მიუღებელია. ამ ეკლესიის დღესასწაული აღინიშნება 6 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით გორის ეპარქია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, ამ ტაძარში გიორგობის დღესასწაულზე მაინც იკვლება  ურიცხვი პირუტყვი და არამარტო ამ დღეს ე.წ. სწორებზეც. გადმოცემის მიხედვით ამ ტაძარში შეიძლება დაკრძალული იყოს წმ. გიორგით თავი, თუმცა ეს მხოლოდ გადმოცემაა და არავის ადასტურებს ან უარყოფს მის ჭეშმარიტებას.



ტაძარი მდებარეობს მთაზე, თუმცა სულ ახლახანს დამთავრდა გზის მშენებლობა. არამარტო სამანქანო, არამედ ველოსპორტის მოყვარულთათვის გამოყოფილია ცალკე ტრასა. სიმართლე გითხრათ ისეთი დაქანებული დაღმართია და შესაბამისად, მკვეთრი აღმართი, მხოლოდ ექსტრემალი ველოსიპედისტები თუ მოიხიბლებიან ამ გზით.







ატენის სიონი მდებარეობს ატენის ხეობაში, გორიდან 12 კილომეტრში. ტაძარი არის VII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა.ბოლო წლებია ტაძარში მიმდინარეობს რესტავრაცია, ამიტომ ინტერიერის ფრესკები დაფარულია ხარაჩოებით. აქვე დაახლოებით 1 კილომეტრში ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.









 ატენის ხეობიდან 20 წუთის სავალზეა უფლისციხე, ძველი წელთაღრიცხვის კლდეში ნაკვეთი ქალაქი. აქვე: ნაქალაქარში შესვლის ღირებულება მოზრდილებისთვის 3 ლარია. შესასვლელი კეთილმწყობილია და შეგიძლია ტურისტმა თუ უბრალოდ დამთვალიერებელმა ისარგებლო კომფორტული ბარით თუ WC დაწერებულებით, რაც ასეთი იშვიათობაა ჩვენს ქვეყანაში მსგავს ადგილებში.

აქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ყოველთვის ქარია, არ არის რეკომენდირებული წასვლა ზაფხულში, რადგან ქვეწარმავლები მრავლობენ.

გამოქვაბულები რამდენადაც წარმოადგენენ ნასახლარებს, თითოეულ მათგანს გარკვეული დანიშნულება აქვს, საყოფაცხოვრებო თუ კულტურული თვალსაზრისით.










P.S  ეს არის მოკლედ ცნობები ზოგადი წარმოდგენისთვის. ინტერნეტ სივრცეში ბევრი ინფორმაცია დევს მითითებულ ადგილებზე. ჩაღრმავებისთვის მიმართეთ ვიკიპედიას :)


დმანისი -ბოლნისი

ამ პოსტში საუბარი მექნება მე და ჩემი მეგობრების ბოლო გასეირნებაზე ქვემო ქართლის მიმართულებით. ზოგადად, საქართველოს ყველა კუთხე მდიდარია ღირსშესანიშნაობებით, ეს შეიძლება იყოს ისტორიული ძეგლები, ციხე კოშკები, ტბები, ნასახლარები და ა.შ. ჩემი დაკვირვებით როცა საქმე ექსკურსიებს ეხება რატომღაც ჩვენში გავრცელებულია ძირითადად ტაძრების მონახულება , თუმცა მგონია, რომ არანაკლებ ლამაზი სანახაობაა რომელიმე ტბა, ან ნასახლარი და.ა.შ.


ამ თემაში ვწერ მე და  ჩემი მეგობრების მორიგ არჩევანზე, მოგვენახულებინა დმანისის ნაქალაქარი, ანუ მთავარი წერტილი იყო ეს და აქვე გადავწყვიტეთ უკანა გზაზე უკვე დროის მიხედვით დაგვეგეგმა სხვა საინტერესო ადგილებში შევლა.

საგზაო რუკა გამოიყურება ასე:



View Larger Map




მანქანით სავალი დროა დაახლოებით 2 საათი. ტრასა ბოლო წერტილამდე მოასფალტებულია, ასე რომ დაბალი გამავლობის მანქანაც შეფერხების გარეშე მივა დათქმულ პუნქტთან. გზად გადიხარ ისეთ ქალაქებს, როგორიცაა მარნეული, ბოლნისი, კაზრეთი. ადგილობრივი მოსახლეობა აწარმოებს სიმინდს, კარტოფილს, ხორბალს და სხვა ბოსტნეულს, შესაბამისად მთელი გზის განმავლობაში არსებობს იმის საშუალება ბოსტანში ახლადდაკრეფილი მოსავალი შეიძინო ქალაქთან შედარებით ძალიან იაფად.


დმანისის ნაქალაქარი არის საკმაოდ დიდი კომპლექსი, აქ ნაქალაქარის გარდა, საშუალება გვეძლევა მოვილოცოთ VII საუკუნის ღვთსმშობლის მიძინების სახელზე აგებული ტაძარი. აღსანიშნავია, რომ დღეს მონასტრული ცხოვრება შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მორჩილით. ადგილზე მიღებული ინფორმაციით ტერიტორია, რომელიც ამჟამად ნანგრევებს გულისხმობს, შუა საუკუნეების პერიოდისაა, აქ საკმაოდ კარგად იყო გავრცელებული საზოგადოებრივ-სამოქალაქო ცხოვრება. თავის დროზე აქ აქტიურად მოქმედებდა სახაზინო თუ კულტურული მოღვაწეობა. ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის ნახვაც შესაძლებელია გარკვეული თანხის გადახდით შემდეგ (მოზრდილები 3 ლარი მოსწავლეები, პენსიონერები 0.50 თეთრი). როგორც ცნობილია, სწორედ აქ მოხდა უძველესი ჰომონიდით ჩვენთვის ზეზვა და მზიას სახელით ცნობილი ადამიანების გვამების აღმოჩენა.

დმანისის სიონი და ნაქალაქარი:
















ხედები გარშემო:





ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, აქვე არის საპრეზენტაციო დაფა, სადაც გამოფენილი ნივთები დაახლოებით წარმოდგენას გიქმნის რა აღმოჩენები კეთდება მიმდებარე ტერიტორიაზე.








აქ ვასრულებთ დმანისის მონახულებას და ვაგრძელებთ გზას უკან, თბილისისკენ. აქედან პირველი გადახვევა ტანძიაა, მიზანი სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის ნახვა, თუმცა იმედები გაგვიცრუვდა, რადგან როგორც აგვიხსნეს სულხან-საბასეული აქ არაფერია, მხოლოდ კარის საყდარი, სხვა ყველაფერი, რასაც სურათებში ნახავთ მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია. 16 საუკუნის სახლი ბოლშევიკ-მენშევიკების დროს აგურ-აგურ დაუნგრევით და მასალა ადგილობრივი რაიკომისა თუ სხვა მსგავსი დაწესებულების ასაშენებლად გამოუყენებიათ.







ეს გახლავთ სულხან-საბას ხელმოწერა, რომელსაც გადმოცემის მიხედვით ერთი ხელის მოსმით აძლევდა ამ ფორმას




გზად ტანძიისკენ  ხელმარჯვნივ, ბორცვზე ციხე-გალავანს აუცილებლად შენიშნავთ. შეჩერება თუ ვერ მოახერხოთ და დაინტერესდით მისი წარმომავლობით ეს ქვეშის ციხეა, რომელიც დაახლოებით მეექვსე საუკუნიდან არსებობს.




ვაგრძელებთ გზას და შემდეგი გაჩერება უკვე ბოლნისია. თვითონ ტაძარი ბოლნისის სიონი ცენტრალური გზიდან 9 კოლომეტრში მდებარეობს, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, სამნავიანი ბაზილიკა, თარიღდება V საუკუნით და მისი კიდევ ერთი ღირსება იმ უძველეს, ასომთავრულ წარწერებში მდგომარეობს, რაც ტაძრის გარე ნაწილში იკითხება. თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ბარელიეფები ამ ეტაპზე ინახება ჯანაშიას მუზეუმში, ხოლო თავად კედელზე რასაც ვხვდებით მხოლოდ ასლებია.

ტაძარში რამდენიმე ადგილას გამოსახულია ე.წ. ბოლნური ჯვარი.














ბოლნისის სიონიდან 3 კილომეტრში მდებარეობს XIII საუკუნის ძეგლი, წუღრუღაშენის ტაძარი. ეს გახლავთ მამათა მონასტერი. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ტაძარი ქართულ მონასტრებს შორის ყველაზე გამორჩეულია თავისი ლამაზი არქიტექტურით, ვიწრო და მაღალი გუმბათით. ვისი სახელობისაა სამწუხაროდ არ მახსოვს. ბოლნისის სიონიდან წუღრუღაშენამდე გზა დაგრუნტულია, თუმცა ყველანაირი გამავლობის მანქანისთვის ბოლო წერტილმდე მისვლა არის შესაძლებელი.

წუღრუღაშენის მონასტერი (ტაძრის ინტერიერის გადაღება აკრძალულია):









ამით დავასრულეთ ამ დღის მოგზაურობა ქვემო ქართლში.

P.S ჩაის მოყვარულებს ვურჩევ ცოტა ხნით შეყოვნდით მარნეულში ჩაის დასალევად :)