დმანისი -ბოლნისი

ამ პოსტში საუბარი მექნება მე და ჩემი მეგობრების ბოლო გასეირნებაზე ქვემო ქართლის მიმართულებით. ზოგადად, საქართველოს ყველა კუთხე მდიდარია ღირსშესანიშნაობებით, ეს შეიძლება იყოს ისტორიული ძეგლები, ციხე კოშკები, ტბები, ნასახლარები და ა.შ. ჩემი დაკვირვებით როცა საქმე ექსკურსიებს ეხება რატომღაც ჩვენში გავრცელებულია ძირითადად ტაძრების მონახულება , თუმცა მგონია, რომ არანაკლებ ლამაზი სანახაობაა რომელიმე ტბა, ან ნასახლარი და.ა.შ.


ამ თემაში ვწერ მე და  ჩემი მეგობრების მორიგ არჩევანზე, მოგვენახულებინა დმანისის ნაქალაქარი, ანუ მთავარი წერტილი იყო ეს და აქვე გადავწყვიტეთ უკანა გზაზე უკვე დროის მიხედვით დაგვეგეგმა სხვა საინტერესო ადგილებში შევლა.

საგზაო რუკა გამოიყურება ასე:



View Larger Map




მანქანით სავალი დროა დაახლოებით 2 საათი. ტრასა ბოლო წერტილამდე მოასფალტებულია, ასე რომ დაბალი გამავლობის მანქანაც შეფერხების გარეშე მივა დათქმულ პუნქტთან. გზად გადიხარ ისეთ ქალაქებს, როგორიცაა მარნეული, ბოლნისი, კაზრეთი. ადგილობრივი მოსახლეობა აწარმოებს სიმინდს, კარტოფილს, ხორბალს და სხვა ბოსტნეულს, შესაბამისად მთელი გზის განმავლობაში არსებობს იმის საშუალება ბოსტანში ახლადდაკრეფილი მოსავალი შეიძინო ქალაქთან შედარებით ძალიან იაფად.


დმანისის ნაქალაქარი არის საკმაოდ დიდი კომპლექსი, აქ ნაქალაქარის გარდა, საშუალება გვეძლევა მოვილოცოთ VII საუკუნის ღვთსმშობლის მიძინების სახელზე აგებული ტაძარი. აღსანიშნავია, რომ დღეს მონასტრული ცხოვრება შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მორჩილით. ადგილზე მიღებული ინფორმაციით ტერიტორია, რომელიც ამჟამად ნანგრევებს გულისხმობს, შუა საუკუნეების პერიოდისაა, აქ საკმაოდ კარგად იყო გავრცელებული საზოგადოებრივ-სამოქალაქო ცხოვრება. თავის დროზე აქ აქტიურად მოქმედებდა სახაზინო თუ კულტურული მოღვაწეობა. ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის ნახვაც შესაძლებელია გარკვეული თანხის გადახდით შემდეგ (მოზრდილები 3 ლარი მოსწავლეები, პენსიონერები 0.50 თეთრი). როგორც ცნობილია, სწორედ აქ მოხდა უძველესი ჰომონიდით ჩვენთვის ზეზვა და მზიას სახელით ცნობილი ადამიანების გვამების აღმოჩენა.

დმანისის სიონი და ნაქალაქარი:
















ხედები გარშემო:





ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, აქვე არის საპრეზენტაციო დაფა, სადაც გამოფენილი ნივთები დაახლოებით წარმოდგენას გიქმნის რა აღმოჩენები კეთდება მიმდებარე ტერიტორიაზე.








აქ ვასრულებთ დმანისის მონახულებას და ვაგრძელებთ გზას უკან, თბილისისკენ. აქედან პირველი გადახვევა ტანძიაა, მიზანი სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის ნახვა, თუმცა იმედები გაგვიცრუვდა, რადგან როგორც აგვიხსნეს სულხან-საბასეული აქ არაფერია, მხოლოდ კარის საყდარი, სხვა ყველაფერი, რასაც სურათებში ნახავთ მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია. 16 საუკუნის სახლი ბოლშევიკ-მენშევიკების დროს აგურ-აგურ დაუნგრევით და მასალა ადგილობრივი რაიკომისა თუ სხვა მსგავსი დაწესებულების ასაშენებლად გამოუყენებიათ.







ეს გახლავთ სულხან-საბას ხელმოწერა, რომელსაც გადმოცემის მიხედვით ერთი ხელის მოსმით აძლევდა ამ ფორმას




გზად ტანძიისკენ  ხელმარჯვნივ, ბორცვზე ციხე-გალავანს აუცილებლად შენიშნავთ. შეჩერება თუ ვერ მოახერხოთ და დაინტერესდით მისი წარმომავლობით ეს ქვეშის ციხეა, რომელიც დაახლოებით მეექვსე საუკუნიდან არსებობს.




ვაგრძელებთ გზას და შემდეგი გაჩერება უკვე ბოლნისია. თვითონ ტაძარი ბოლნისის სიონი ცენტრალური გზიდან 9 კოლომეტრში მდებარეობს, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, სამნავიანი ბაზილიკა, თარიღდება V საუკუნით და მისი კიდევ ერთი ღირსება იმ უძველეს, ასომთავრულ წარწერებში მდგომარეობს, რაც ტაძრის გარე ნაწილში იკითხება. თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ბარელიეფები ამ ეტაპზე ინახება ჯანაშიას მუზეუმში, ხოლო თავად კედელზე რასაც ვხვდებით მხოლოდ ასლებია.

ტაძარში რამდენიმე ადგილას გამოსახულია ე.წ. ბოლნური ჯვარი.














ბოლნისის სიონიდან 3 კილომეტრში მდებარეობს XIII საუკუნის ძეგლი, წუღრუღაშენის ტაძარი. ეს გახლავთ მამათა მონასტერი. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ტაძარი ქართულ მონასტრებს შორის ყველაზე გამორჩეულია თავისი ლამაზი არქიტექტურით, ვიწრო და მაღალი გუმბათით. ვისი სახელობისაა სამწუხაროდ არ მახსოვს. ბოლნისის სიონიდან წუღრუღაშენამდე გზა დაგრუნტულია, თუმცა ყველანაირი გამავლობის მანქანისთვის ბოლო წერტილმდე მისვლა არის შესაძლებელი.

წუღრუღაშენის მონასტერი (ტაძრის ინტერიერის გადაღება აკრძალულია):









ამით დავასრულეთ ამ დღის მოგზაურობა ქვემო ქართლში.

P.S ჩაის მოყვარულებს ვურჩევ ცოტა ხნით შეყოვნდით მარნეულში ჩაის დასალევად :)



0 comments: