სუმელა

დიდი ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი (ანუ გადაიკითხეთ კლასიკოსები).....

ტრაპიზონიდან სადღაც 45 წუთის სავალზე მშვენიერ სანახაობას წააწყდებით, პრინციპში მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილია, თუნდაც მარტო ტაო-კლარჯეთი და კაბადოკია რად ღირს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რომელიმე ამ ტურის შედგენისას, აუცილებლად მოახერხოთ სუმელას წმ.გიორგის მონასტრის ნახვა. ინტერნეტში მწირი ინფორმაცია დევს, ამიტომ აღვნიშნავ, რომ ეს არის ბერძნული სამონასტრო კომპლექსი,  ტრაპიზონის პროვინციის ერთ მიყრუებულ კუთხეში მდებარეობს 1200 მეტრის სიმაღლეზე და გადაჰყურებს ალპურ მთებს.

მონასტერი 386 წელს დაარსეს ათენელმა მღვდლებმა ბარნაბამ და სოფრონმა. მათ აღმოუჩენიათ ღვთისმშობლის ხატი ერთ ერთ გამოქვაბულში, რომელიც დევნისას ქრისტიანებმა გამოარიდეს.
1923 წლამდე აქ ქრისტიანი ბერძნები ცხოვრობდნენ, რომლებიც თურქებმა გაცვალეს თავის ხალხში, და რომლებმაც გადასახლების მერე , იგივე სახელობის მონასტერი საბერძნეთში დაარსეს. (ამონარიდებია ერთ-ერთი რელიგიური ფორუმიდან).

ვაგრძელებ: ეს კომპლექსი რატომღაც ვარძიასთანაა შედარებული, მე ასე არ მივიჩნევ, თავად განსაჯეთ:




 ეს სხვაობა არამარტო გარეგნულ იერსახეში, არამედ შიგნიდანაც საგრძნობია


  
ტაძარი მოხატულია ძველი ბერძნული სტილით, ფრესკები კარგადაა შემონახული. ისე რამდენიმე ადგილას აშკარად მოსჩანს ზედა ნამუშევრის ქვემოთ სხვა ფრესკები, სავარაუდოდ უფრო ძველი. ტაძარი არაა მოქმედი, თუმცა როგორც მივხვდი ადგილობრივებისთვის ფულის კეთების მშვენიერი საშუალებაა (შესასვლელი ბილეთი 8 ლირა ღირს). ის ფაქტი, რომ იქვე ახლომახლო მეჩეთიც არაა, იმის შეგრძნებას ამძაფრებს, რომ თურქებს ტაოსგან განსხვავებით ან არ ადარდებთ ამ ტაძრის დაკარგვა ან უბრალოდ მისი დაკარგვის საშიშროებას ვერ ხედავენ...


რა დასამალია და სანახაობა მართლაც ერთნაირ დადებით რეაქციას იწვევს ყველაში განურჩევლად აღმსარებლობისა.....


დაბოლოს, ეს ორდღიანი გასეირნება სრულდება ორშაბათს გამთენიისას თბილისში დაბრუნებით, ალბათ ბევრს არ დაავიწყდება ის გზა, ჩვენი უხმო (ხმა რაგბის მსვლელობისას დავკარგეთ)და უსმენო სიმღერა, ბექას მიერ ორიგინალური შესრულებით ”დაბა დაბა დაბა და” და გაოცებული ხაბაზი, რომელსაც ღამის 2 საათზე ბათუმში დავადექით თავს და რამის თონეში ჩავუცვივდით სანამ უკანასკნელ  პურს მოგვცემდა.

დღეს ჩემს მეგობართან(რომელიც ეს-ესააა ეგვიპტიდან დაბრუნდა და ემოციებისგან გამოსვლა უჭირს) პირადი საუბრისას აღვნიშნე, რომ ნოსტალგია იმისა, რაც მოგწონს მალევე რომ არ გაგიჩნდეს უკეთესია, თუ მას  ჩაანაცვლებ ახალი თავგადასავლით. მოგონებები სიბერეშიც გვეყოფა. ასე რომ წინ ახლა უკვე ახალი თავგადასავლებისაკენ......


 დასასრული 

ტრაპზონიადა

ნაწილი მეორე....

ახალს არაფერს ელოდეთ:

ტრაპიზონი (ასევე ტრაბზონი, მოძვ. ტრაპეზუნდი; კლას. ბერძნ. Τραπεζοῦς, თანამ. ბერძ. Τραπεζούντα, თურქ. Trabzon) ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე ამჟამინდელი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით; ტრაპიზონის პროვინციის დედაქალაქი; ისტორიული ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქი. მდებარეობს ბათუმიდან სტამბოლისკენ მიმავალ გზაზე და ისტორიულად მნიშვნელოვანი წერტილი იყო საერთაშორისო ვაჭრობისთვის. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 214.949 ადამიანს (2000 წ. მონაცემებით). 

ეს ვილკიპედიის მონაცემები (ანუ ოფიციალობა).


არაოფიციალურად...........

სარფიდან გადადიხარ თუ არა იმდენად თვალშისაცემია ის ამბავი რომ სხვა ქვეყანაში მოხვდი ვერ წარმოიდგენ, არა მე რომ პატრიოტი ვარ და ძირითადში ჩემი ქვეყნის ნაგავი მირჩევნია სხვის მაგალითად ეიფელის კოშკს ეს ბევრმა იცის, თუმცა იმის ღირებულებაც აბსოლუტურად გააზრებული მაქვს :) ბევრი რომ არ გავაგრძელო პირველი ქალაქი გზად არის ხოფა, უსახური, არაფრისმთქმელი და რაღაც სოციალისტური, გზადაგზა ხვდები, რომ დონე შედარებით იმატებს, მაგრამ ეს მატება საგრძნობი არაა. ერთი რამ ფაქტია სარფიდანვე გრძნობ კლიმატის სხვაობას, განსაკუთრებით თუ ზამთრისპირას მგზავრობ....


ქალაქები ძირითადში მშენებარეს შთაბეჭდილებას ტოვებს და მჭიდრო, მიჯრილი, შეფერადებული სახე აქვს. გაშენება შიგადაშიგ მთადშეფენილია და მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ორ ნაბიჯზეა ძირითადში მოწესრიგებული პლიაჟი არ არსებობს. სარფიდან ტრაპზონამდე დაახლოებით სამი საათის სავალია, პრინციპში ქართველი მძღოლი ამ გზას სადღაც 45, მაქსიმუმ ერთ საათში აითვისებდა ოფიციალური შეზღუდვა რომ არ არსებობდეს (80 კმ/სთ–ში). მინიმალური გადაჭარბება და საზღვარზევე წამოგაწევენ სოლიდურ ჯარიმას. (პრინციპში ასე აწყობილი საქმე მისასამებელიცაა). გზა იმდენად მოწესრიგებულია, რომ რაღაც მომენტში თვითმფრინავში გგონია თავი, თუმცა საკმარისია სარფს გადმოსცდე თვით ყველას მიერ ასე ნაქები საქართველოს გზა საშუალებას არ მოგცემს ორი დღის უძილომ თვალი მოატყუო.

თავად ქალაქი ტრაპიზონი ძალიან წყნარი, ძირითადად გარკვეულ სიმაღლეზე გაშენებული ქალაქია, გარეგნული  სისუფთავე იგრძნობა, მოიხედავად იმისა რომ გარე ვაჭრობა თვალშისაცემია. ქალაქის დასაწყისშივე ხვდები დიდ სავაჭრო ცენტრს, სახელად "ფორუმი", მშვენიერი რამაა, თუ შემთხვევით მოწყდი მთავარ ჯგუფს (რაც ერთობ მოსალოდნელია) ან იმ ადგილს უნდა მიაგნო სადაც შენს სახელს ხმამაღლა გამოაცხადებინებ ოპერატორს, ან უბრალოდ უნდა დადგე და ელოდი იქნებ ვინმემ თავად გიპოვოს.... 


თურქეთში გადასულმა ჩაი რომ არ დალიო არ შეიძლება, თუ ძალიან არ გინდა ქვიშაზე მოდუღებული თურქული ყავა აუცილებლად გასინჯეთ, მართლა კარგი რამეა.

ერთი თვალშისაცემი რამ: მოსახლეობამ თურქულის გარდა სხვა ენა არ იცის. არ გესმის, არ ესმის, მაგრამ მაინც ახერხებ ურთიერთშეთანხმებას რაღაცნაირად მიაღწიო. აქვე: ჩვენმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ რაც უფრო ხმამაღა დაელაპარაკები, მით მეტი შანსი გაქვს რამე გააგებინო. გულდაწყვეტილი აღვნიშნავ, რომ ქალები ჩრდილში მოვექეცით, რადგან მათი მხრიდან მეტი ინტერესი უფრო ბიჭებისკენ იყო (კაცები გადამალეთ...........).

რაც შეეხება სასტუმროს: აქედან წასვლამდე "კეთილისმსურველები" გვაფრთხილებდნენ ბორდელებში გაგანაწილებნო, სინამდვილეში მე ეტყობა ამ დაწესებულებაზე უფრო ცუდი წარმოდგენა მქონია. შენიშვნები რათქმაუნდა მაქვს, მაგრამ არაუშავს რამდენიმე დღით შეძლებ გაუძლო პირობებს, (თუმცა როგორც იტყვიან ხოლმე "ცოტა უკეთაც შეიძლებოდა")


რაც შეეხება ადგილობრივებს: მშვენივრად ესმით რომ სხვა ქვეყნის სტუმარი, მათთვის გარკვეული  ფინანსური სიძლიერის მომტანია, ამიტომ ძალ–ღონეს არ იშურებენ რამენაირად შეგიტყუონ თავის მაღაზიაში. პროდუქცია ძირითადად უხარისხო და მასიურია, სამაგიეროდ ე.წ. "გემრიელობები"  აქვთ ძალიან თვალისმომჭრელი.. 

 



                                                                                 მეორე ნაწილის დასასრული 

ტრაპზონში გაჭრილები


ანუ  ნაწილი პირველი  ”შეკვეთილი პოსტი”


ალბათ გადამეტებული ემოციების ბრალია, რომ ორი დღეა უშედეგოდ ვცდილობ რამე დავწერო. ვასასის დაჟინებული მოთხოვნა რომ არა კიდევ კარგა ხნით გადავდებდი ამ ამბავს, მაგრამ რადგან გავხსენი სუფთა ფურცელი ე.ი. ვიწყებ,  აქვე ვაღიარებ რომ პოსტს ამ ლინკის გავლენაც აუცილებლად ექნება.

თითქმის ერთი თვეა ველოდები........

ეს ერთი თვე არ მიფიქრია ამ საკითხზე, რადგან დაკვირვებული ვარ, როცა რაღაცაზე ვფიქრობ ის ამბავი არ გამოდის ხოლმე, ამიტომ თავი ვაიძულე ისეთი სახე მიმეღო თითქოს არაფერი არ ხდება. სპორტისადმი ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ასეთია: ვუყურებ ფეხბურთს, მიყვარს კალათბურთი, ვგულშემატკივრობ რაგბის. (სიტყვა ფანი შეგნებულად არ ვახსენე, იმიტომ რომ ჩემს ლექსიკონში ასეთი სიტყვა არაფრის და არავის მიმართ არ მოიძებნება).

დაახლოებით ერთი თვის წინ მივიღე ასეთი შემოთავაზება: რაგბი ხომ არ გვენახა ტრაპზონში... ეს ის უნიკალური შემთხვევა იყო, როცა პირველივე თქმაზე უარი არ ვტკიცე ადამიანს,. ალბათ იმ პერიოდის ჩემი ”გაჭედვის” დამსახურებაცაა, (რაღაცაზე გულის გადაყოლება მჭირდებოდა).

და ასე ბედნიერად, 18 მარტის საღამოს რვა საათზე აღმოვჩნდი ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის მოედანზე) და არა მარტო მე.

”ყველაფერი ავტობუსის რიგით დაიწყო, ღიმილი არ იყო დეფიციტში, არც დადებითი ემოცია, და არც ქართული ადამიანური კომუნიკაცია. მოკლედ დავიძარით, თბილისის გადახაზული ტრაფარეტი და ბოთლების გახნს ერთდროულად გამოვიდა სცენაზე” (ვსესხულობ ზემოთმოყვანილი ბმულიდან).

თავიდანვე პატრიოტული მუხტი მხარდასაჭერად დარიგებულმა ყელსახვევებმა და ხალხის დიდი ნაკადის შემართებამ გამოიწვია. ყველას გვიხაროდა, მართლა გვიხაროდა, ის კი არა რომ საზღვარს ვჭრიდით, თუმცა ჩვენში ბევრი იყო ისეთი, ვინც პირველად გადიოდა საზღვრებს გარეთ, არამედ გვიხაროდა გარანტირებული გამარჯვება, იმათზე ვინც წელიწად ნახევრის წინ ასეთი კოშმარი მოგვიწყო ჩვენსავე ქვეყანაში. გამარჯვება არა იარაღით, არამედ შემართებით, რაღაც ჟინით და მოკლედ გვიხაროდა ალბათ ერთად ყოფნა, მოუხედავად იმისა ვიცნობდით თუ არა ერთმანეთს. 

ალბათ არასდროს დაავიწყდება ტრაპზონს და არცერთ იქ მყოფ ქართველს ის ემოცია რაც ამ გამარჯვებამ გამოიწვია თითოეულში. თვითონ თამაშის ხარისხზე არაფერს ვიტყვი, ამაზე ანგარიშიც მეტყველებს (36-8), აუდიტორია იყო იმდენად მობილიზებული, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე რუსებისგან გაშვებული 3 ქულა შეიძლება იმ ტალღების ბრალი იყო, რომელმაც თვით ქართველი რაგბისტების ყურადღება მიიპყრო. ჩემს გვერდით მჯდომი თურქი პოლიციელი, რომელიც თამაშის დასაწყისში გულდასმით მთხოვდა თამაშის პრინციპების ახსნას, ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში იმდენად მოიხიბლა ტოლს არ მიდებდა ემოციების გამოხატვაში, თამაშის განმავლობაში წარმოშობილი რამდენიმე კონფლიქტური სიტუაცია თამამად შეიძლება ვთქვა, რომ აუდიტორიამ განმუხტა (ფაქტია ცემის საბაბი ორივე მხარეს ჰქონდა), აქვე აღვნიშნავ, რომ მოუხედავად მოლოდინისა 6 ათას კაციან სტადიონს რამდენიმე ასეული რუსი მაინც შეავსებდა, აღმოჩნდა რომ ამ მატჩს მხოლოდ ორი სლავი წარმოშობის ადამიანი ესწრებოდა.


ალბათ დიდი ხანი გამყვება ის ემოციაც რაც თამაშიდან გამოსულ, თბილისისკენ გაბრუნებულ მანქანების კოლონაში იგრძნობოდა.....შემართება იმდენად დიდი იყო ერთი წამით იდეამაც კი გამკრა პირდაპირ აფხაზეთისკენ ხომ არ აგვეღო გეზი.... 


დღის ლოგიკური გაგრძელება იყო ღამეც, ზემოთ ვახსენე, რომ ქართველების გაჭრა ტრაპზონში თურქებს დიდი ხანი არ დაავიწყდებათ, ამ აზრის გამოთქმის საშუალება რამდენიმე მომენტმა გამიჩინა: ქალაქი, რომელიც რამდენიმე წუთში გაცოცხლდა და რაღაცნაირად შეირყა, ქალაქი, რომელმაც თავის ისტორიაში ალბათ პირველად იმდენი მოგება ნახა ამ ორ დღეში (ფინანსური თვალსაზრისით), რამდენიც თავის არსებობის მანძილზე არ ღირსებია და ქალაქი, რომელმაც სულ მარტივად, იმ ღამეს ვერ დაიძინა ალკოჰოლით გაბრუებული ქართველების სიმღერისა და ცეკვა-გართობის გამო.......

გაგრძელება აუცილებლად იქნება 

ყოფნა წრუწუნჯან ყოფნააააა.....

რაღა დაგვრჩენია ამ უსწორმასწორო დედამიწაზე, გარდა იმისა, რომ ვისხდეთ და ვწეროთ, თავხედობა პიკს მაშინ აღწევს, თუ ეს უკანასკნელიც არ გეხერხება. არაუშავს ფიქრობ  იყოს მაინც და აგრძელებ..........


არადა რამდენი საინტერესო რამ ხდება ამ ქვეყანაზე. მაგალითად:

დღეს მთელმა სამყარომ გაიგო ამბავი He Ping Ping-ის გარდაცვალების შესახებ. ერთი შეხედვით ეს სახელი და გვარი არაფერ ახალს არ გვეუბნება, მე ყოველშემთხვევაში, მაგრამ საკმარისია სურათს შევხედოთ და........




ყველაფერი ალბათ უკვე ცხადია............


იმედი მაქვს იგივე მთელი მსოფლიო მოასწრებ გაიგოს, რომ საქართველოში, სოფელ საჩინოში დღესაც ცხოვრობს ადამიანი სახელად ანტისა ხვიჩავა, ამის განსაკუთრებულობა ისევ სურათებიდან......



ისე გამიგია ქართველებს ბევრი გვაქვს საამაყო, მაგრამ ეს ძირითადად ძველს ეხება, აგერ შანსი კიდევ ერთხელ გავაოცოთ სამყარო და რატომ აქამდე არ გამოვიყენეთ არ მესმის სიმართლე გითხრათ.........

თუშეთი

გარეთ წვიმს მთელი დღეა. მე კი მგონი ნოსტალგია შემომაწვა და უცებ მომინდა რამე დამეწერა და ეს რამე მაინცდამაინც თუშეთის შესახებ...........

ყველაფერი დაიწყო იდეით რომ შვებულება ერთად გაგვეტარებინა, თან ისეთ ადგილას სადაც დავისვენებდით და ცივილიზაციას მოვწყდებოდით, ოცნებებით ცხრა მთას იქით გადაკარგულებმა ბევრი არ ვიყოყმანეთ როცა თუშეთისკენ ავიღეთ გეზი. ცხრა არა მაგრამ სადღაც 20 მთაც იქით (მინიმუმ) მართლა აღმოვჩნდით. ამაღლება ხდება იმდენად, რომ ღრუბლები ქვევით რჩება, თუკი ოდესმე გინატრია ადამიანს გენახა რა ხდება ღრუბლებს ზემოთ, პირველად ეს გრძნობა მართლა თუშეთისკემ მიმავალ გზაზე დამეუფლა.

გზა საშიში, არა საშიში კი არადა ძალიან საშიში, შემზარავად საშიში. ამბავს გავუსწრებ: იქ ყოფნისას ამბავი მოვიდა მანქანა გადავარდაო, ჩვენ მიამიტად ვიკითხეთ ხომ გადარჩაო. ადგილობრივებმა მძიმე დუმილის შემდეგ.... გადავარდნა უკვე ფატალურს ნიშნავსო. აქვე მინდა ვთქვა რომ მთელი გზა ჩვენს მძღოლს რომ ვუყურებდი სულ ერთი ფიქრი გამდევდა, ნეტა ყოველთვის უმართლებთ??? ამ გზას ნამდვილად ჰქვია რისკი და რაღაცასთან ბრძოლა... გზა ნისლიანი, მუდამ სველი და რეალურად არარსებული გზა.........

:







                                     

ქვემო ალვანიდან დაახლოებით 7 საათი გჭირდება რომ ზემოთხსენებული 9 მთა გადაიარო და დასახლებულ პუნქტს მიაღწიო. იმდენად დიდ ადრენალინს გამოყოფ, რომ საერთოდ არ გახსენდება დრო რაც სიარულში გალიე. ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ გზადაგზა ულამაზესი სანახაობა გეშლება, დაღლა რა მოსატანია. სადღაც ალვანიდან დაახლოებით 2 საათის სავალზე თუ მძღოლმა გითხრა მოასწარი ხელი ან თავი გადაყავიო და ამ ყველაფრის შემდეგ თუ რამდენიმე წვეთი წყალი მაინც დაგეცა სხეულზე უკვე თუშად ინათლები და ამ ადგილიდან ჩათვალე რომ ნამდვილი თუ არა წარმოსახვითი თუში ხარ. აქვე არ გაგიკვირდეს თუ იმავე თანამგზავრმა უცბად არ გკითხოს, შემთხვევით ღორის ხორცისგან წარმოებული რაიმე ხომ არ გიდევს ჩანთაშიო. გაოცების გამოხატვა მაშინაც დიდი სულმდაბლობა იქნება თუ მის მოთხოვნაზე ან ყველაფერი ახლავე გაათავე ან არადა აქვე ხრამში გადაუძახეო პროტესტი რომ გამოხატო. აქაურებს სწამთ, რომ ღორი უწმინდურია და მისი ხსენებაც არ უნდათ მთიან თუშეთში, თორემ ალვანში გამოსაზამთრებლად დაბრუნებულები თავადაც მადიანად შეექცევიან მწვადებს.



გზად ერთი ადგილია, სადაც წყარო ჩამოდის და იქ არყით გზა რომ არ დაილოცო ესეც მასპინძლის უპატივცემულობად ჩაგეთვლებათ. მძღოლი თავადაც იღებს განსაზღვრულ დოზას და უფრო გახალისებული აგრძელებ გზას.



არ დაგავიწყდეთ უმაღლეს მწვერვალზე  ასვლამდე  გზად თითოეულმა რიყის ქვა მოითხოვოთ და მშენებარე ტაძარს შეეწიოთ თუნდაც ერთი ქვით.


მერე იწყება დაშვება და ყველაფერი უკვე დასრულებული რომ გგონია ხვდები რომ ამაზე ოცნება ზედმეტად მოგივიდა. ზვავის ნაშთები, კუნძზე ამოსული უკვე 100 წლის ხე და უამრავი ლამაზი ჩანჩქერის დანახვა ხვდები რომ აღარაფერს წარმოადგენს შენთვის.



გზად მძღოლი სხვადასხვა სოფლიდან დანაბარებ პროდუქტს ურიგებს ხალხს და თან დიდი მოთმინებით ცდილობს ჩვენს მომაბეზრებელ კითხვებს გასცეს პასუხი. როგორც აღმოჩნდა, ამ მხარეში სტუმარი არ უკვირთ, მაგრამ სტუმრობა 2-3 დღით იციან ჩამოსულებმა და თან ერთი პრობლემა, ისინი ძირითადად უცხოელები არიან და წარმოიდგინეთ რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა  ერთი კვირით ქართველის ჩასვლა, თან უბრალო ხალხი ხომ არ ვართ, სამი ძლიერი კომპანიის წარმომადგენელი და როგორც პატრონს გავაცანით ჩვენი ვიზიტის მიზანი ამ მხარის ძირფესვიანი გაცნობა და დაPRება გახლავთ. კარგად თუ ცუდად მალევე გამოჩნდება რომ ეს გაცნობითი მხარე ძალიან გაჭრის და იმდენადაც კი, რომ ყველა მოლოდინს აჭარბებს.

აღარ დავწვრილმანდები იმაზე თუ როგორი სტუმართმასპინძლობის წესები აქვთ, ერთს ვიტყვი ჩემნაირი ჯიუტი არამსმელი იქ არ უყვართ და შესაბამისადაც უსწორდებიან,

ხოლო საკუთარი თვალით ნანახის მიხედვით აქვე აღვნიშნავ, რომ მთლად აყოლაც არ ღირს, თუ გარისკე იმ აზრსაც შეეგუე, რომ გალოთება არ აგცდება (ოღონდ მართლა).

აქ ჯერ კიდევ სწამთ თებჟორიკების (თებჟორიკა – მავნე სული), უყვართ ყოველ საღამოს საჯარესთან ცეკვა-სიმღერა და ამბების გაცვლა-გამოცვლა; პატივს სცემენ სალოცავებს, ეს არის ადგილები სადაც ქალის ფეხი არ დაიდგმება და (უფრო წარმართულ ხასიათს ატარებს, ვიდრე რელიგიური დატვირთვისაა)  დარწმუნებულები არიან, თუ ეს წესი დაარღვიე კარგი არაფერი გელის.


ხატობები თუშური წარმონაქმნია და ის გამოხატულებას მსხვერპლთშეწირვასა და ღრეობაში ჰპოვებს. დიალექტი იმდენად უცხოა ყურისთვის, რომ რამდენიმე დღე გჭირდება ცოტა აზრზე მოხვიდე რას გეუბნებიან. პატივს სცემენ სტუმარს და ამას ყოველ ნაბიჯზე ხვდები, სოფელში, სხვა სოფელში, მწყემსის ბინაში თუ მახლობელ ხეობაში მოხვედრილი.

აქ აზრი არ აქვს იმის დაკონკრეტებას რა ვნახეთ და როგორი გადარეული დავბრუნდით. წასვლისას თუ მთავარ მიზნად უზომო ძილს ვასახელებდი და ჩანთაც შესაბამისად წიგნებით გამოვტენე, აღმოჩნდა, რომ ის ერთი კვირა თავისით დაიტვირთა და დაიგეგმა იმდენად, რომ თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა დრო და უკანა გზაზე იმავე მძღოლის შეკითხვაზე სახე რად ჩამოგტირითო პასუხი ერთგვაროვანი იყო, გულის დიდი ნაწილი გვრჩებაო. თბილისში დაბრუნებული არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი კარგა ხანი სიძულვილი მქონდა აქაური ცხოვრების, ჩემს პასუხზე არ მეგონა სვანეთის მერე თუ კიდევ რამე მომხიბლავდათქო ასე ძალიან (აქვე: სულის ნაწილი სვანეთში დამრჩა თავის დროზე ), თუშს იუმორმა არ უღალატა და თუ ასე განაგრძე შენთვის აღარაფერი დაგრჩებაო მომაძახა გაღიმებულმა.  აქ ვწყვეტ მოყოლას, რადგან იმდენად ბევრია სათქმელი არ მინდა...................






















p.s არ დაგავიწყდეთ გასინჯოთ თუშური ხინკალი