ტრაპზონში გაჭრილები
ანუ ნაწილი პირველი ”შეკვეთილი პოსტი”
ალბათ გადამეტებული ემოციების ბრალია, რომ ორი დღეა უშედეგოდ ვცდილობ რამე დავწერო. ვასასის დაჟინებული მოთხოვნა რომ არა კიდევ კარგა ხნით გადავდებდი ამ ამბავს, მაგრამ რადგან გავხსენი სუფთა ფურცელი ე.ი. ვიწყებ, აქვე ვაღიარებ რომ პოსტს ამ ლინკის გავლენაც აუცილებლად ექნება.
თითქმის ერთი თვეა ველოდები........
ეს ერთი თვე არ მიფიქრია ამ საკითხზე, რადგან დაკვირვებული ვარ, როცა რაღაცაზე ვფიქრობ ის ამბავი არ გამოდის ხოლმე, ამიტომ თავი ვაიძულე ისეთი სახე მიმეღო თითქოს არაფერი არ ხდება. სპორტისადმი ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ასეთია: ვუყურებ ფეხბურთს, მიყვარს კალათბურთი, ვგულშემატკივრობ რაგბის. (სიტყვა ფანი შეგნებულად არ ვახსენე, იმიტომ რომ ჩემს ლექსიკონში ასეთი სიტყვა არაფრის და არავის მიმართ არ მოიძებნება).
დაახლოებით ერთი თვის წინ მივიღე ასეთი შემოთავაზება: რაგბი ხომ არ გვენახა ტრაპზონში... ეს ის უნიკალური შემთხვევა იყო, როცა პირველივე თქმაზე უარი არ ვტკიცე ადამიანს,. ალბათ იმ პერიოდის ჩემი ”გაჭედვის” დამსახურებაცაა, (რაღაცაზე გულის გადაყოლება მჭირდებოდა).
და ასე ბედნიერად, 18 მარტის საღამოს რვა საათზე აღმოვჩნდი ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის მოედანზე) და არა მარტო მე.
”ყველაფერი ავტობუსის რიგით დაიწყო, ღიმილი არ იყო დეფიციტში, არც დადებითი ემოცია, და არც ქართული ადამიანური კომუნიკაცია. მოკლედ დავიძარით, თბილისის გადახაზული ტრაფარეტი და ბოთლების გახნს ერთდროულად გამოვიდა სცენაზე” (ვსესხულობ ზემოთმოყვანილი ბმულიდან).
თავიდანვე პატრიოტული მუხტი მხარდასაჭერად დარიგებულმა ყელსახვევებმა და ხალხის დიდი ნაკადის შემართებამ გამოიწვია. ყველას გვიხაროდა, მართლა გვიხაროდა, ის კი არა რომ საზღვარს ვჭრიდით, თუმცა ჩვენში ბევრი იყო ისეთი, ვინც პირველად გადიოდა საზღვრებს გარეთ, არამედ გვიხაროდა გარანტირებული გამარჯვება, იმათზე ვინც წელიწად ნახევრის წინ ასეთი კოშმარი მოგვიწყო ჩვენსავე ქვეყანაში. გამარჯვება არა იარაღით, არამედ შემართებით, რაღაც ჟინით და მოკლედ გვიხაროდა ალბათ ერთად ყოფნა, მოუხედავად იმისა ვიცნობდით თუ არა ერთმანეთს.
ალბათ არასდროს დაავიწყდება ტრაპზონს და არცერთ იქ მყოფ ქართველს ის ემოცია რაც ამ გამარჯვებამ გამოიწვია თითოეულში. თვითონ თამაშის ხარისხზე არაფერს ვიტყვი, ამაზე ანგარიშიც მეტყველებს (36-8), აუდიტორია იყო იმდენად მობილიზებული, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე რუსებისგან გაშვებული 3 ქულა შეიძლება იმ ტალღების ბრალი იყო, რომელმაც თვით ქართველი რაგბისტების ყურადღება მიიპყრო. ჩემს გვერდით მჯდომი თურქი პოლიციელი, რომელიც თამაშის დასაწყისში გულდასმით მთხოვდა თამაშის პრინციპების ახსნას, ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში იმდენად მოიხიბლა ტოლს არ მიდებდა ემოციების გამოხატვაში, თამაშის განმავლობაში წარმოშობილი რამდენიმე კონფლიქტური სიტუაცია თამამად შეიძლება ვთქვა, რომ აუდიტორიამ განმუხტა (ფაქტია ცემის საბაბი ორივე მხარეს ჰქონდა), აქვე აღვნიშნავ, რომ მოუხედავად მოლოდინისა 6 ათას კაციან სტადიონს რამდენიმე ასეული რუსი მაინც შეავსებდა, აღმოჩნდა რომ ამ მატჩს მხოლოდ ორი სლავი წარმოშობის ადამიანი ესწრებოდა.
ალბათ დიდი ხანი გამყვება ის ემოციაც რაც თამაშიდან გამოსულ, თბილისისკენ გაბრუნებულ მანქანების კოლონაში იგრძნობოდა.....შემართება იმდენად დიდი იყო ერთი წამით იდეამაც კი გამკრა პირდაპირ აფხაზეთისკენ ხომ არ აგვეღო გეზი....
დღის ლოგიკური გაგრძელება იყო ღამეც, ზემოთ ვახსენე, რომ ქართველების გაჭრა ტრაპზონში თურქებს დიდი ხანი არ დაავიწყდებათ, ამ აზრის გამოთქმის საშუალება რამდენიმე მომენტმა გამიჩინა: ქალაქი, რომელიც რამდენიმე წუთში გაცოცხლდა და რაღაცნაირად შეირყა, ქალაქი, რომელმაც თავის ისტორიაში ალბათ პირველად იმდენი მოგება ნახა ამ ორ დღეში (ფინანსური თვალსაზრისით), რამდენიც თავის არსებობის მანძილზე არ ღირსებია და ქალაქი, რომელმაც სულ მარტივად, იმ ღამეს ვერ დაიძინა ალკოჰოლით გაბრუებული ქართველების სიმღერისა და ცეკვა-გართობის გამო.......
გაგრძელება აუცილებლად იქნება
0 comments:
Post a Comment