ლეჩხუმი

ჩემი წლევანდელი შვებულება გავატარე ლეჩხუმში და შეძლებისდაგვარად მოვიარე მიმდებარე ტერიტორია. გიზიარებთ ჩემს მიერ განვლილ მარშუტს:

დღე პირველი: თბილისი - ამბროლაური - ლაჯანა (დაახ. 315 კმ.). სვლას ვიწყებ დილის 7 სთ-ზე, გზად ვნახულობ ნიკორწმინდის მონასტერს (X საუკუნის ძეგლი), რომელიც გამოირჩევა საოცარი ფრესკებით და გარე ფასადის ჩუქურთმებით.


















ნიკორწმინდის მოლოცვის შემდეგ გზას ვაგრძელებ ლაჯანასკენ. (დაახ.55 კმ). გზად საოცარი ხედებია.




დევების ხვრელი





 საირმის სვეტები


თავად სოფელი ლაჯანა ცნობილია ლაჯანურჰესით. (მოსახ: 300 კაცი @ვიკიპედია)

სოფლის ხედები:









მეორე დღეს გავემართე სოფელი ლაილაშისა და თაბორისკენ. ბოლო წლებში ლაილაში ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდა საკალმახე აუზიდან დანახული ხედის გამო,






რაც შეეხება სოფელ თაბორს, მთიანი ადგილია, უმეტესად მიტოვებული სახლებით. ერთგვარი სევდაა ამ სახლების ხილვა. ლეჩხუმი ზოგადად მდიდარია ვაშ₾ის,სიმინდის და თხილის მოსავლით. ამ მიტოვებულ სახლებში ჩემი გაოცება მსხმოიარე ხეებმა გამოიწვია, ტოტები რომ ატყდებოდა ხეებს.












ეს  სოფელი მთებშია მოქცეული. აქვეა, ფერისცვალების სახელობის ტაძარი. ადგილობრივებს სჯერათ, რომ წმ. გიორგის ნაკვალევსაც შეხვდებით შუაგულ ტყეში:









დღე მესამე - ამ დღეს ცაგერის უღელტეხილის გადავლი. ჯერ ლენტეხში გავემგზავრე, შემდეგ მთიანი სოფელი ფაყი მოვინახულე, სადაც მდებარეობს ფაყის, იგივე სკალდეს ეკლესია, უკან გზაზე ცაგერის მწვანე თეატრი, ბარდნალა და გუჯას ცნობილი მუზეუმი დავათვალიერე.

ლაჯანურიდან ცაგერში მისასვლელად საჭიროა გადაიაროთ საკმაოდ დახვეული უღელტეხილი (15 კმ) გზად ულამაზესი ხედების გარდა გვხვდება რამდენიმე ციხე. ესენია: ორბელის და ისტორიული სამი ციხე "დაჰკარი", "დაუხვდი" და "არ გაუშვა", ეს უკანასკნელი გზად არ ჩანს, თუმცა იქვეა კლდეებში ჩამალული.


ცაგერი



ლამაზია ცაგერის მწვანე თეატრიც, იქვე მდინარეც ჩამოდის და მშვენიერი ადგილია დასასვენებლად


ცაგერიდან 25 კმ-ში მდებარეობს ქვემო სვანეთის ერთ-ერთი რაიონული ცენტრი ლენტეხი. გზა ასფალტიანია, ცოტა ხვეული, მიუყვება მდინარე ცხენისწყალს. ქალაქი დიდად არ აღგაფრთოვანებთ, თუმცა ბუნება აქაც შეუდარებელია, გირჩევთ გასინჯოთ ადგილობრივი კუბდარი.









ლენტეხიდან 10 კმ. სამანქანო, საკმაოდ რთულ გზაზე მთაში არის სოფელი ფაყი, ამ სოფელში გარდა იმისა, რომ საოცარი ბუნებაა, მდებარეობს ორი ეკლესია, მათ შორის ერთი წმ. გიორგის სახელობისაა და მთის წვერზე დგას, აქ ასვლა მდედრობით სქესს ეკრძალება. ადგილობრივები ბევრ მაგალითს მოგიყვებიან, რა შეიძლება გამოიწვიოს დაუკითხავად ქალის ასვლამ. თავად სოფელში არსებული ლამარიას ეკლესია ღიაა ყველასთვის.









ფაყიდან გზად ისევ ცაგერში დავბრუნდით, კერძოდ ბარდნალაში. მიზანი იყო ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი გვეხილა. აღმოჩნდა რომ კვირას და ორშაბათს დაკეტილია, ამიტომ მხოლოდ ეზოს შეთვალიერებით შემოვიფარგლეთ და გზა განვაგრძეთ გუჯას მუზეუმისკენ.


ალბათ გაგიჩნდათ კითხვა ვინ არის გუჯა და რა მუზეუმზეა საუბარი. ეს გახლავთ ადგილობრივი კოლორიტი, რომელმაც თავისი სახლის ერთ დიდ ოთახში თავი მოუყარა ყველა იმ ადამიანის სურათს, რომელსაც შეხება აქვს ლეჩხუმთან, სურათებს თან დაურთო პატარა ისტორიები და კედელზე გამოფინა. ამ მუზეუმში სტუმრობა უფასოა, ბონუსად 1 ჭიქა ცოლიკაური (სასწაული ღვინოა) უფროსებისთვის და ალუბლის წვენი არასრულწლოვნებისთვის. ეს ადამიანი არ იშურებს ენერგიას ყველა სურათზე გიამბოს ისტორია და სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს ამ რეგიონის პოპულარიზაციაში. არადა ვის არ ნახავთ კედელზე. კანონიერი ქურდიდან დაწყებული, მაღალჩინოსნით დამთავრებული.



 ამ კედელზე ყველა ვიზიტორი ვალდებულია დატოვოს თავის ხელმოწერა









ამ დღის ბოლო გაჩერება წმ. მაქსიმეს სახელობის ტაძარია. მონასტერი მოქმედია და მასში ინახება წმ. ნაწილები. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ )





დღე მეოთხე - ლაშიჭალა. ეს გახლავთ ბალნეოლოგიური კურორტი. ძველ დროში ნამდვილად კარგი იქნებოდა აქ დასვენება, რაც შეეხება აწმყოს - ლაჯანადან 7 კმ. დანგრეული სამანქანო გზაა. სიარულისას შემხვედრ მანქანას ვერ აუქცევ გვერდს და რამდენჯერმე დაგჭირდება უკანდახევა. კოტეჯები დაძველებული და მოუვლელია, წყალი, რითაც ეს კურორტია ცნობილი, უკვე ბევრი წელია არ შემოწმებულა რამდენად ვარგისიანია. კურორტს დამსვენებელი არ აკლია, ჩემი დაკვირვებით, ისინი ძირითადად დას. საქართველოში მცხოვრები პენსიონერები არიან. ადგილზე ნახავთ სტანდარტულ საბჭოურ შენობებს, უკვე დანგრევის პირად მყოფს, მაგრამ 5 ლარად საწოლის ქირაობა მშვენიერი საშუალებაა როგორც ჩანს დამსვენებლებისთვის. რამდენიმე სახეობის მინერალურ წყალზე როგორც ზემოთ აღვნიშნე რამდენიმე ათეული წელია კვლევა აღარ ჩატარებულა, თუმცა ადგილზე მისულს დამსვენებლები ზეპირსიტყვიერ ამბად გადმოგცემენ რომელი წყარო რამდენჯერ უნდა დალიო და რა როდისაა სასარგებლო. წყაროები უბრალოდ მოწანწკარებს და თითოეულის წინ უზარმაზარი რიგი დაგხვდებათ.




















დღე მეხუთე - ქულბაქის ტბა.

კიდევ ერთხელ გადავიარე ცაგერის დახვეული უღელტეხილი და დავადექი გზას ქულბაქის ტბისკენ. მიმართულება - ცაგერი - ჯონოულის გადასახვევი და 7 კმ მოხრეშილი გზა ისევ მთისკენ.  ქულბაქის ტბა ნამდვილად ლამაზია, ადგილზე არის ერთი სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ დარჩეთ კვების გარეშე 35 და 3-ჯერადი კვებით 70 ლარად. ტბაში მოშენებული ჰყავთ კალმახები და სურვილისამებს შეგიძლიათ ითევზაოთ. (საათი 10 ლ, ამას დაემატება დაჭერილი კალმახების რაოდენობა 1 კგ-ზე +10 ლარი და თუ ადგილზე მოისურვებთ თქვენს მიერ დაჭერილი თევზის შეწვას, მომსახურებაც + 5-7 ლარი). ან თევზაობის გარეშე ადგილზე გასინჯოთ შემწვარი კალმახი (1 კგ.-ს ფასი 10 ლარი). ტბა ერთი ნახვისთვის ნამდვილად ლამაზია, თუმცა თუ ვინმე აიღებდა თავის თავზე მის მოვლას მიმაჩნია, რომ კარგი პოტენციალი აქვს ტურიზმის განსავითარებლად


















ჩემი მოგზაურობა სამწუხაროდ წვიმიან ამინდებს დაემთხვა, ამიტომ რამდენიმე დღე უბრალოდ ვერ შევძელი ცხვირის გამოყოფა სახლიდან. წვიმა გრძელდებოდა მთელი დღე, იყო შხაპუნა და გადაუღებელი.

ბოლო გააჩერება - ღვირიშის ჩანჩქერი. ამ ადგილის სანახავად უნდა გაემართოთ სოფელი ალპანას მიმართულებით. გზად  შეგხვდებათ ნიშნული, რომელიც აჩვენებს სოფელი ღვირიშის გადასახვევს. გადასახვევიდან თავად სოფელი 5 კმ-ში, ხოლო ჩანჩქერი 3-კმ-შია. გზა აქაც მოხრეშილია და საოცარი სილამაზისაა. კლდეებთან გაჩერება რეკომენდირებული არ არის, რადგან მოსალოდნელია ქვის ცვენა. ჩანჩქერის დანახვა შესაძლოა ზემოდან, ასევე მის ძირში ჩასვლაც. ჩასასვლელის პოვნა ცოტა გაგვირთულდა, რადგან მანიშნებელი არაფერი ჩანს. მხოლოდ ერთგან არის მიწაზე ქვებით გაკეთებული ისარი. ჩასასვლელი საცალფეხოა და დამრეცი. ჩანჩქერი ლამაზია და სანახაობრივი.