ფოტინესადმი....

ამ წუთას ღამის 10:30 –ია. დიდი ხანია ბლოგი არ გამხსენებია. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რას დავაბრალო ეს ამბავი. შეიძლება ძალიან დამაკავეს სამსახურის საქმეებმა. არც იმას გამოვრიცხავ რომ ცოტა ჩავიკეტესავით, შეიძლება ამინდის ბრალია, ან იქნებ ზედმეტი აქტიურობიდან ჩემგან დამოუკიდებელი TAME OUT–ის ან იქნებ ემოციული და ფიზიკური გადაღლილობის (ეს უკანასკნელი იმ გაგებით არა ტყე–ღრეში რამდენიმესაათიანი ხეტიალის მერე რომ გემართება ადამიანს).

ღამის 11 არ შესრულებულა და ირგვლივ უჩვეულო სიჩუმეა. შუქი გამოირთო ახლო პერიმეტრში და ამის გამოა შორეულმა მოგონებებმა რომ წამოყო თავი. ისე კარგი ნათქვამია "შეუჩვეველს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო!" , რადგან სადღაც 8–10 წლის წინ შუქის მოსვლით გახარებული ადამიანების ჟივილ–ხივილი მართლა ცას სწვდებოდა, მოუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცოდა ეს სიხარული რა მცირე ხანს გრძელდებოდა. დღეს იმდენად არ გვეფიქრება  ეს საკითხი, რომ სიბნელეში აღმოჩენილმა საჭირო სანთელიც კი ვერ ვიპოვე სახლში, უფრო მეტიც, ჩემი სახლის წინ ასვეტილ რამდენიმე მრავალსართულიანში მხოლოდ თითო ოროლა სარკმლიდან ჩანს ბაცი სიყვითლე. კარგია ალბათ რწმენა მაინც რომ შეგვრჩა და ოჯახში საეკლესიო  სანთლებს ვინახავთ. რამდენიმე წუთიც და ეს სინათლეც ქრება... ალბათ მოასწრეს საწოლამდე მიღწევა...

ფიქრებით ისევ სადღაც 10 წლით უკან ვიხევ  და მახსენდება წინასწარ მომარაგებული პარაფინის თეთრი სანთლებით განათებულ ოთახში, როგორ ვატარებდით საღამოებს შეძლებისდაგვარად მხიარულად. გვქონდა პატარა რადიო და ჩაბჟირებით ვუსმენდით ქართულ მელოდიებს. შიგადაშიგ ბოლო ხმაზე რომ ვყვებოდით, ცოტა უნიჭოდ მაგრამ რა მოხდა მერე???. გვყავდა სტუმარი და დაუღალავად ვსაუბრობდით არსებულზე თუ ჩვენით შეთხზულზე. ვაგებდით მომავლის გეგმებს და ვოცნებობდით იმ ეტაპისთვის წარმოუდგენელზე. გვესმოდა და უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს. ვაცნობიერებდით ერთმანეთის გაჭირვებას და საკუთარი გამოცდილებით ან თუნდაც გამოუცდელობით გვერდით ვედექით. ვსწავლობდით და ვასწავლიდით, ვთხზავდით და ვკითხულობდით. არ გვქონდა თანამედროვე ტექნიკა, თუმცა მაინც ვახერხებდით არ ჩამოვრჩენოდით არსებულ გარემოს.

არა ამ პოსტით ჩემი მიზანი წარსულზე ტირილი, ან არსებულის ქება სულაც არაა. უბრალოდ დღის ბოლომ მოიტანა ეს გახსენება და რამდენიმეწუთიანმა უშუქობამ.. ეს ყველაფერი კი უბრალოდ წარსულში განცდილის მცირედი გახსენებაა და სხვა არაფერი.......