უბრალოდ, ნეპალი 2011

5-20 ნოემბერი.

ნაწილი I

შესავლისმაგვარი ანუ პირველად ერევანში

წარმოუდგენელი ამ ცხოვრებაში არაფერია. აბა სხვანაირად როგორ უნდა იფიქრო, თუ წარმოიდგენ რომ სრულიად წარმოუდგენელი ოცნება ერთ დღეს შეიძლება რეალობად გექცეს.

თუმცა, თვითონ სიტყვა ოცნება ალბათ ყველასთვის დადებითის, კარგის მნიშვნელობის მატარებელია და არც ისაა წარმოუდგენელი, რომ შენს წარმოსახვაში არსებული ოცნება განხორციელებისას შეიძლება ისეთივე არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდი.

ნეპალისადმი ჩემი დამოკიდებულება წინა პოსტში აღვწერე. ჩემში გადმოცემის უნარის არარსებობა სრულიად გაცნობიერებული მაქვს, ამიტომ ჩვენს მოგზაურობაზე სრულ წარმოდგენას ალბათ ხათოს ეს ჩანაწერები  უკეთესად შექმნის.

5 ნოემბერი, საღამოს 7 საათი, ძირითადი ბარგის წონა 11 კგ. მერე რა რომ საზღვრებს სცდები, თან ორი კვირით. ეს მოგზაურობა სულაც არ არის იმის მსგავსი 1 კვირით ადრე ჩემოდანს რომ გახსნი და დაიწყებ ფიქრს რა შეიძლება წაიღო, იქნებ სადმე ფართიზე მოგიწიოს წასვლა, ან ღამის კლუბში, გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის იყოს ე.წ კოქტეილის კაბა, შესაბამისი ფეხსაცმლით, რა იცი და რა ხდება. ხო ასე ალბათ სხვა შემთხვევაში ვშვრებით ხოლმე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ზუსტად ერთი კვირით ადრე, ყველაზე დიდი ზურგჩანთა შევიძინე, რაც კი ალბათ საქართველოს მაღაზიებში მოიძებნებოდა, გამგზავრებამდე  ერთი დღით ადრე გავხსენი ყველა უჯრა და მოვქექე ყველა ადგილი, სადაც ჩემი სხვადასხვა სეზონისთვის საჭირო ტანსაცმელი მეგულებოდა და უბრალოდ ჩავალაგე, ყველა მაისური (ე.წ "მაიკა"), ჯინსები და მთაში სასიარულოდ გამოსადეგი ფეხსაცმელი, + ადამიანისთვის საჭირო წვრილმანები, საერთო ჯამში ამ ყველაფერმა 11 კგ შეადგინა. ბარგს თან ერთვოდა კიდევ ერთი მცირეზომის ზურგჩანთა, ყოველდღიური საჭიროებისთვის.


ჩემი და ხათოს ბარგის შემხედვარე ჯერ ტაქსის მძღოლი დაიბნა, თან ისე რომ ვაგზლამდე მისულს ხმა არ ამოუღია (რაც დამეთანხმებით ალბათ იშვიათი შემთხვევაა), ალბათ გულში ფიქრობდა სად შეიძლება მიდიოდეს ასეთი ბარგით, თან მატარებლით ამ შუაღამისას ეს ხალხიო.
 მეორე გაოცებული სახე "ჯიმარტი"ს დაცვის თანამშრომელი იყო, რომელიც ჩემი ვარაუდით უკვე გაეკვირვებინა ქეთის და მიშას იგივე ზომის აღჭურვილობას და ცოტა ხანში ჩვენც რომ მივაჭერით სუპერმარკეტს აშკარას სულ დაიბნა, ასეა თუ ისე რამდენიმე წუთში 12 ასეთი აბარგულ-დაბარგული ადამიანი დააბიჯებდა ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე.

მოგზაურობის პერიოდში ძალიან ხშირად მხვდებოდა ყურში ჩვენი ჯგუფის რომელიმე წევრის მიერ ნათქვამი სიტყვა "არანორმალური". ცუდი გაგებით სულაც არა, ზუსტად იმავე მნიშვნელობით და იგივე კონტექსტში რასაც ეს სიტყვა ნამდვილად გულისხმობს. რაღაც მომენტში ალბათ არანორმალური ხარ  ადამიანი, რომელიც გადაწყვეტ თბილისიდან ერევნამდე საბჭოთა მატარებლით (სრულიად არაკომფორტული) მთელი ღამე იმგზავრო იმიტომ, რომ რამდენიმე საათში გაფრინდე დუბაის მიმართულებით (გზა 4 საათი), შემდეგ 22 საათი დაჯდე შენთვის გამოყოფილ ადგილას (თუ რათქმაუნდა ასეთს იპოვი ისეთ აეროპორტში, რომელიც დუბაის აქვს. P.S. აეროპორტს არაფერს ვერჩი, უბრალოდ იმდენი ხალხი ტრიალებს, ძნელია ადგილის პოვნა) და დასასრულს,  კიდევ 4 საათის ფრენის შემდეგ, საბოლოოდ ჩააღწიო დანიშნულების ადგილამდე.

მოკლედ თუ გავივლით ამ გზას, თბილისი-ერევანის მიმართულებით მოვასწარით: აღგვენიშნა ალექსას დაბ.დღე;

 გადავიკიდეთ ან უფრო სწორად ავიკიდეთ გაურკვეველი წარმოშობის, რეალურად კი ტიპიურად მეზობელი კუთხის შვილი, რომლის მოშორებაც უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე აკიდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უგონოდ მთვრალი იყო, მე კიდევ სასმელებიდან მარტო კონიაკი "მიყვარს". მიყვარს რა, უბრალოდ შანსს არასდროს არ ვუშვებ ეს სასმელი გავსინჯო (ვაზუსტებ: მხოლოდ დაგემოვნების მიზნით).

განთიადისას უკვე სომხეთის დედაქალაქში ვართ და რადგან რამდენიმე საათი გვაქვს დუბაიში გაფრენამდე, შანსს არ ვუშვებთ ქალაქი დავათვალიეროთ (პირველად ვართ)

 ცოტაოდენი ქართული დაბნეულობა და რამდენიმე წუთში უკვე ქუჩას მივუყვებით. ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს დილის შვიდ საათზე უზარმაზარი ზურგჩანთებით მოსიარულე 12 ადამიანი, სრულიად კავკასიური გარეგნობის ერევნის ქუჩებში რომ დააბიჯებს რა ინტერესს გამოიწვევდა იმ თითო ოროლა ადამიანზე, რომელიც ამ დროს შემთხვევით იყო ქუჩაში.

 ერთი შეხედვით ამ ქვეყანაში ყველაფერი ისეთივეა როგორიც ალბათ 10, 20, 30 წლის წინ  და ზოგადად საბჭოთა კავშირის შექმნის პარალელურად შექმენს. ანალოგიების გავლება ქართულ არქიტექტურასთან არ ჭირს.




შეიძლება ოდესმე ვინმე არმენიანისგან აზერზე შეფასებისას მოისმინოთ ქილიკით ნათქვამი მათ მეტრ არ აქვთო, მე კი გეტყვით რომ ერევანში Mcdonalds არ აქვთ :))) არადა სწორედ იმ დილით დავაფასე ამ დაწესებულების არსებობაში რამდენი კარგი დევს.

დღის 1 საათი, ყველანაირი შემოწმება გავლილია და ბედნიერად ველოდებით თვითმფრინავის ჩამოდგომას, მოსაცდელის ფანჯრიდან კარგად ჩანს იმ ტვირთის უზომო რაოდენობა, რაც დუბაიდან ახლადჩამოფრენილმა თვითმფრინავმა ჩამოიტანა. მოვლენებს წინ გავუსწრებ, დაბრუნებისას  ჩვენს 11 კგ–მიან ჩანთებს ალბათ + 2 კგ ჰქონდა მომატებული, მაშინ როცა ჩვენს მეზობლებს საზიდარები არ ეყოთ დუბაიში ნაყიდი საქონლის  გამოსაზიდად.

თვითმფრინავი წარმოუდგენლად კომფორტული აღმოჩნდა, ფრენის მცირედი შიში  ალბათ ყველას ჰქონდა, უბრალოდ სხვადასხვაგვარად გამოვხატავდით ამ ყოველივეს. 4 საათიანი ფრენის შემდეგ უკვე დუბაის მეორე ტერმინალში ვიხსედით. ცნობისთვის: დუბაის აეროპორტს ორი ტერმინალი აქვს: პირველი გაჩერება მეორე ტერმინალთან არის, რომელიც ტრანზიტური მგზავრებისთვისაა განკუთვნილი, მეორე გაჩერება უკვე ქალაქში გამსვლელებისთვისაა. მოსაცდელი დარბაზი დიდია, მაგრამ გასათვალისწინებელი გარემოება: დუბაის აეროპორტი არ გულისხმობს ამ სიტყვის ტრადიციულ გაგებას, უფრო მეტია ვიდრე აეროპორტი, მუდმივად მოძრაობაში, დაახლოებით 3 წუთში ერთხელ მიფრინავს ახალი რეისი და მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ქვეყანა დუღს და გადმოდუღს.. ისევ მაკდონალდსი, ისევ დუტი ფრი და თითქმის ერთ მდგომარეობაში ძლივს გატარებული 22 საათი. ისევ fly dubai-ს კომფორტული თვითმფრინავი და ........





ნაწილი II უბრალოდ ნეპალი

პირველი გაოცება, ღრუბლებიდან ამოწვერილი ჰიმალაია, დაახლოებით 15 ათასი მეტრ სიმაღლიდან დანახული კილიმანჯაროს თოვლიანი მთა, არა, მთათა სისტემა იმხელაა სულაც ვერ გაარკვევ კილიმანჯარო რომელია ან ანაპურნა, მარა მაინც :)

მეორე გაოცება: აეროპორტი, მისი მომსახურე პერსონალი და ზოგადად გარემო რაც პირველივე თვალის შევლებისას დავინახე..



მესამე გაოცება: სიბნელეში აღქმული სხვა ქვეყანა, ქაოსი, სუნი, სიბნელე, უბრალოდ დაბრუნება რამდენიმე წლით უკან. ეს გარემო თითოეული ჩვენთაგანისთვის საკმაოდ ძნელად გადასატანი აღმოჩნდა, განსაკუთრებიტ პირველ დღეებში. ალბათ იმის გამო რომ ის რაც ევროპელი ტურისტებისთვის ეგზოტიკაა, ჩვენთვის უბრალოდ უკვე თავს გადამხდარი ამბავია, რომლის დაბრუნება არავის გვინდა.



მეოთხე გაოცება: სასტუმროს არსი, მომსახურება, თეთრეული, კვება...

ამ ყველაფრის აღქმა და გაცნობიერება ერთ საღამოს რომ გიწევს, ცოტა ზედმეტია ალბათ გონებისთვის. გაოცების და შოკის მრავალსახეობებმა პირადად ჩემში ამ ქვეყანაში მიიღეს გარკვეული ჩამოყალიბება. იქვე დავასკვენი, რომ არსებობს შოკის ორი სახეობა: დადებითი და უარყოფითი ზეგვლენისმომხდენი. ნეპალში მოგზაურობისას კი ეს სახეობები, თავიანთი ქვეკლასიფიკაციებით გამუდმებით ენაცვლებოდნენ ჩემში ერთმანეთს.

უარყოფითიდან გამოვყოფდი საშინელ ქაოსს,


 მტვერს, სიბინძურეს, სუნს,

ტილების გაცლის მომენტებს,

კრემაციას,

ღამურების გამოქვაბულს...


დადებითი:
ბახტაპური,



 ანაპურნას მწვერვალი,



 გზა დამფუსისაკენ,




უბრალოდ ნამასტე, რომელსაც დღეში ათასჯერ ვიმეორებდი.

დაუვიწყარია ყველა ის ადგილი რაც ვნახე და  შეიძლება ჩემი ტრადიციების ან აღზრდიდან გამომდინარე მიუღებელი მეჩვენა, მაგრამ ვიცი, რომ თითოეულმა მომენტმა რაღაც გავლენა იქონია ჩემს ადამიანურ ბუნებაზე.

თვალიდან არ ამოდის: ბუდას მონასტერში ნანახი ახალგაზრდა, რომელიც თავის რწმენაში გაძლიერებული დიდი მონდომებით უვლიდა  მონასტერს გარშემო;

ასევე სათითაოდ ყველა ის ბავშვი, რომელიც ბუდისტურ სასწავლებელში გულმოდგინედ ლოცულობდა და ჩვენმა მისვლამ ასე გაამხიარულა;

ჩვენი გიდი, რომელმაც მთელი გულით გადმოგვცა პატანის ისტორია

ბაბა, როგორც ხათო ადარებს, გარკვეული სახეობის კუ, თავისი ოჯახით, რომლებმაც მშვენიერი მასპინძლობა გაგვიწიეს...


ის ორი იტალიელი, სტუპასკენ მიმავალ გზაზე რომ დაგვემგზავრნენ და თითქოს აჩრდილივით დაგვყვებოდნენ ყველგან სადაც წავედით


ქალბატონი, რომელიც ჩვენს ნავს მართავდა ტბაზე გადაცურვისას და გაოგნებული სახით ფიქრობდა საიდან ვიყავით.


ის მათხოვარი ბავშვი, ასე რომ ეხვეწებოდა ჩვენიანებს დახმარებას და რატომღაც ყველას "მოაბეზრა" თავი, ბოლოს ატირებული წავიდა სხვა ჯგუფისკენ.


დაუვიწყარი მომენტები: დაღონებული სახის სპილო ჩიტუანში, რომელზე ჯდომითაც ისე დამიბუჟდა ფეხი, მეგონა ვერასდროს გავივლიდი, თუმცა იმავე სპილომ თავისი ყურის ტყაპუნით მოახდინა ჩემი ფეხის "განბუჟება" :))

მაიმუნი, რომელმაც დაინახა რა ხათოს ხელში გაზიანი სასმელი არც დაფიქრდა ისე ეცა ხელებში და გამოგლიჯა, მერე იმდენი იწვალა  სანამ დახუფული ბოთლი არ გატეხა და შიგ არსებული სითხე არ დალია :)

ფოლკლორული საღამო ჩიტუანში, ამ წარმოდგენაზე დასწრებისას მცირედი ეჭვი გამიჩნდა, ნეტა ჩვენთან ჩამოსული ტურისტები იმავეს ხომ არ ფიქრობენ ჩვენს სუხიშვილებზე ან რუსთავზე, როგორც ახლა მე ვფიქრობთქო...

კაფე TOM & JERRY, რომელშიც თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების მიერ გარკვეული სახსოვარი იყო დატოვებული, სამწუხაროდ ჩვენებული ვერაფერი ვიპოვე და უფრო სამწუხაროდ იმ დროს აზრად არ მომივიდა ჩვენი მხრიდან შეგვემატებინა რამე, თუმცა ეს რამე 100% ვიცი ჩემი დროშა არ იქნებოდა, რომელიც ასე საყვარლად მედო ჩანთაში ორი კვირა, მერე რა რომ არ ამომიღია საერთოდ, გულს უხაროდა რომ ის იქ მეგულებოდა:)))




დასასრული

მოსაყოლი ძალიან ბევრია, ემოცია უსაზღვრო, ალბათ ვინმე დაინტერესებულს თუ შემთხვევით შემოაკითხდა ჩემი ნაწერი იფიქრებს ერევანზე უფრო მეტი უწერია, ვიდრე ნეპალზეო. პირობას ვდებ, რომ დროდადრო აუცილებლად შევავსებ ამ ჩანაწერს ახალი მოგონებებით, მანამდე უკეთესია ამ ქვეყნით დაინტერესებულებმა გადაიკითხოთ დათო ტურაშვილის "კატმანდუ", რომელიც 90–იან წლებშია დაწერილი, მაგრამ მერწმუნეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა და ასევე კონკრეტულად ამ მოგზაურობის დაწვრილებითი შეფასებისთვის გადახედეთ ჩემი თანამგზავრების ბლოგებს.