თუშეთი

გარეთ წვიმს მთელი დღეა. მე კი მგონი ნოსტალგია შემომაწვა და უცებ მომინდა რამე დამეწერა და ეს რამე მაინცდამაინც თუშეთის შესახებ...........

ყველაფერი დაიწყო იდეით რომ შვებულება ერთად გაგვეტარებინა, თან ისეთ ადგილას სადაც დავისვენებდით და ცივილიზაციას მოვწყდებოდით, ოცნებებით ცხრა მთას იქით გადაკარგულებმა ბევრი არ ვიყოყმანეთ როცა თუშეთისკენ ავიღეთ გეზი. ცხრა არა მაგრამ სადღაც 20 მთაც იქით (მინიმუმ) მართლა აღმოვჩნდით. ამაღლება ხდება იმდენად, რომ ღრუბლები ქვევით რჩება, თუკი ოდესმე გინატრია ადამიანს გენახა რა ხდება ღრუბლებს ზემოთ, პირველად ეს გრძნობა მართლა თუშეთისკემ მიმავალ გზაზე დამეუფლა.

გზა საშიში, არა საშიში კი არადა ძალიან საშიში, შემზარავად საშიში. ამბავს გავუსწრებ: იქ ყოფნისას ამბავი მოვიდა მანქანა გადავარდაო, ჩვენ მიამიტად ვიკითხეთ ხომ გადარჩაო. ადგილობრივებმა მძიმე დუმილის შემდეგ.... გადავარდნა უკვე ფატალურს ნიშნავსო. აქვე მინდა ვთქვა რომ მთელი გზა ჩვენს მძღოლს რომ ვუყურებდი სულ ერთი ფიქრი გამდევდა, ნეტა ყოველთვის უმართლებთ??? ამ გზას ნამდვილად ჰქვია რისკი და რაღაცასთან ბრძოლა... გზა ნისლიანი, მუდამ სველი და რეალურად არარსებული გზა.........

:







                                     

ქვემო ალვანიდან დაახლოებით 7 საათი გჭირდება რომ ზემოთხსენებული 9 მთა გადაიარო და დასახლებულ პუნქტს მიაღწიო. იმდენად დიდ ადრენალინს გამოყოფ, რომ საერთოდ არ გახსენდება დრო რაც სიარულში გალიე. ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ გზადაგზა ულამაზესი სანახაობა გეშლება, დაღლა რა მოსატანია. სადღაც ალვანიდან დაახლოებით 2 საათის სავალზე თუ მძღოლმა გითხრა მოასწარი ხელი ან თავი გადაყავიო და ამ ყველაფრის შემდეგ თუ რამდენიმე წვეთი წყალი მაინც დაგეცა სხეულზე უკვე თუშად ინათლები და ამ ადგილიდან ჩათვალე რომ ნამდვილი თუ არა წარმოსახვითი თუში ხარ. აქვე არ გაგიკვირდეს თუ იმავე თანამგზავრმა უცბად არ გკითხოს, შემთხვევით ღორის ხორცისგან წარმოებული რაიმე ხომ არ გიდევს ჩანთაშიო. გაოცების გამოხატვა მაშინაც დიდი სულმდაბლობა იქნება თუ მის მოთხოვნაზე ან ყველაფერი ახლავე გაათავე ან არადა აქვე ხრამში გადაუძახეო პროტესტი რომ გამოხატო. აქაურებს სწამთ, რომ ღორი უწმინდურია და მისი ხსენებაც არ უნდათ მთიან თუშეთში, თორემ ალვანში გამოსაზამთრებლად დაბრუნებულები თავადაც მადიანად შეექცევიან მწვადებს.



გზად ერთი ადგილია, სადაც წყარო ჩამოდის და იქ არყით გზა რომ არ დაილოცო ესეც მასპინძლის უპატივცემულობად ჩაგეთვლებათ. მძღოლი თავადაც იღებს განსაზღვრულ დოზას და უფრო გახალისებული აგრძელებ გზას.



არ დაგავიწყდეთ უმაღლეს მწვერვალზე  ასვლამდე  გზად თითოეულმა რიყის ქვა მოითხოვოთ და მშენებარე ტაძარს შეეწიოთ თუნდაც ერთი ქვით.


მერე იწყება დაშვება და ყველაფერი უკვე დასრულებული რომ გგონია ხვდები რომ ამაზე ოცნება ზედმეტად მოგივიდა. ზვავის ნაშთები, კუნძზე ამოსული უკვე 100 წლის ხე და უამრავი ლამაზი ჩანჩქერის დანახვა ხვდები რომ აღარაფერს წარმოადგენს შენთვის.



გზად მძღოლი სხვადასხვა სოფლიდან დანაბარებ პროდუქტს ურიგებს ხალხს და თან დიდი მოთმინებით ცდილობს ჩვენს მომაბეზრებელ კითხვებს გასცეს პასუხი. როგორც აღმოჩნდა, ამ მხარეში სტუმარი არ უკვირთ, მაგრამ სტუმრობა 2-3 დღით იციან ჩამოსულებმა და თან ერთი პრობლემა, ისინი ძირითადად უცხოელები არიან და წარმოიდგინეთ რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა  ერთი კვირით ქართველის ჩასვლა, თან უბრალო ხალხი ხომ არ ვართ, სამი ძლიერი კომპანიის წარმომადგენელი და როგორც პატრონს გავაცანით ჩვენი ვიზიტის მიზანი ამ მხარის ძირფესვიანი გაცნობა და დაPRება გახლავთ. კარგად თუ ცუდად მალევე გამოჩნდება რომ ეს გაცნობითი მხარე ძალიან გაჭრის და იმდენადაც კი, რომ ყველა მოლოდინს აჭარბებს.

აღარ დავწვრილმანდები იმაზე თუ როგორი სტუმართმასპინძლობის წესები აქვთ, ერთს ვიტყვი ჩემნაირი ჯიუტი არამსმელი იქ არ უყვართ და შესაბამისადაც უსწორდებიან,

ხოლო საკუთარი თვალით ნანახის მიხედვით აქვე აღვნიშნავ, რომ მთლად აყოლაც არ ღირს, თუ გარისკე იმ აზრსაც შეეგუე, რომ გალოთება არ აგცდება (ოღონდ მართლა).

აქ ჯერ კიდევ სწამთ თებჟორიკების (თებჟორიკა – მავნე სული), უყვართ ყოველ საღამოს საჯარესთან ცეკვა-სიმღერა და ამბების გაცვლა-გამოცვლა; პატივს სცემენ სალოცავებს, ეს არის ადგილები სადაც ქალის ფეხი არ დაიდგმება და (უფრო წარმართულ ხასიათს ატარებს, ვიდრე რელიგიური დატვირთვისაა)  დარწმუნებულები არიან, თუ ეს წესი დაარღვიე კარგი არაფერი გელის.


ხატობები თუშური წარმონაქმნია და ის გამოხატულებას მსხვერპლთშეწირვასა და ღრეობაში ჰპოვებს. დიალექტი იმდენად უცხოა ყურისთვის, რომ რამდენიმე დღე გჭირდება ცოტა აზრზე მოხვიდე რას გეუბნებიან. პატივს სცემენ სტუმარს და ამას ყოველ ნაბიჯზე ხვდები, სოფელში, სხვა სოფელში, მწყემსის ბინაში თუ მახლობელ ხეობაში მოხვედრილი.

აქ აზრი არ აქვს იმის დაკონკრეტებას რა ვნახეთ და როგორი გადარეული დავბრუნდით. წასვლისას თუ მთავარ მიზნად უზომო ძილს ვასახელებდი და ჩანთაც შესაბამისად წიგნებით გამოვტენე, აღმოჩნდა, რომ ის ერთი კვირა თავისით დაიტვირთა და დაიგეგმა იმდენად, რომ თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა დრო და უკანა გზაზე იმავე მძღოლის შეკითხვაზე სახე რად ჩამოგტირითო პასუხი ერთგვაროვანი იყო, გულის დიდი ნაწილი გვრჩებაო. თბილისში დაბრუნებული არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი კარგა ხანი სიძულვილი მქონდა აქაური ცხოვრების, ჩემს პასუხზე არ მეგონა სვანეთის მერე თუ კიდევ რამე მომხიბლავდათქო ასე ძალიან (აქვე: სულის ნაწილი სვანეთში დამრჩა თავის დროზე ), თუშს იუმორმა არ უღალატა და თუ ასე განაგრძე შენთვის აღარაფერი დაგრჩებაო მომაძახა გაღიმებულმა.  აქ ვწყვეტ მოყოლას, რადგან იმდენად ბევრია სათქმელი არ მინდა...................






















p.s არ დაგავიწყდეთ გასინჯოთ თუშური ხინკალი



2 comments:

  1. ზაფხულის სუნი მეცა.. :evil:

  1. ღმერთო, როგორ მომენატრა ის დრო...
    მთელი გზა აღფრთოვანებულები რომ გავიზახოდით ”ვაიმეს”, გთხოვდით ყველაფერი ფირზე აღგებეჭდა, ასე მონდომებით ვისუნთქავდით სუფთა ჰაერს...
    საოცარი ხალხი, საოცარი ბუნება და საოცარი ემოციები, ის, რაც ცხოვრების ბოლომდე გამყვება.
    და კიდევ, ეს ზაფხულიც ერთად რა...:)