ჯაყისმანი
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 0 comments
როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა მცირე ბიუჯეტით
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 0 comments
3.ადრევე დაიწყე გარკვეულ დეტალებზე ზრუნვა. მაგალითად, ჩაუსაფრდი ავიაკომპანიებს, რომლებიც პერიოდულად დებენ აქციებს ავიაბილეთებზე შენთვის სასურველი მიმართულებით, ასეთი ძიების დროს შეიძლება წააწყდე ისეთ აქციას, როგორიცაა 1 ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, მეორის უფასოდ მიღება, ან გარკვეულ %-იანი ფასდაკლება და ა.შ. რადგან აქ ვსაუბრობთ მოგზაურობაზე რაც შეიძლება ნაკლებ ფასად, ყველანაირად მისაღებად ჩათვალე გაფრენა მაგალითად ქუთაისის აეროპორტიდან, მერე რა თუ იქ ჩასვლა და უკანდაბრუნება გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, სამაგიეროდ, მინიმუმ 100 ევროან შეღავათს აძლევ საკუთარ ჯიბეს. მერწმუნეთ ეს თანხა უკეთეს რამეში გამოგადგებათ მოგზაურობისას, ასევე, უარი არ თქვათ ტრანზიტულ ავიაბილეთზეც, რათქმაუნდა საწყენია 6 საათს რომ ატარებ მაგ: გოგჩენის უინტერესო აეროპორტში, მაგრამ, ხანდახან ეს დრო ისე სწრაფად გადის ხალხის თვალიერებასა და starbucks-ის ყავის დალევისას ვერც კი გრძნობთ დისკომფორტს.
4. ავიაბილეთი შეიძინეთ თქვენით. ყველა ავიაკომპანიას, აქვს თავისი ოფიციალური საიტი, რომლითაც მარტივად შეძლებთ აირჩიოთ სასურველი დრო, შესაბამისი ფასის მომსახურება და უბრალოდ რამდენიმე თვით ადრე აკონტროლოთ ბილეთების ფასები. ჩვენს ქვეყანაში არსებული კომპანიის ყველა ე.წ. "ოფიციალური წარმომადგენლობა" თავის მხრივ ყოველთვის ამატებს ფასს, ამაში მარტივად დარწმუნდებით თუ თავად მოახდენთ ამ პროცესის გადამოწმებას.
6. მას შემდეგ რაც ბილეთი და საცხოვრებელი შევარჩიეთ საჭიროა ვიზაზე ფიქრი, ეს არის სტანდარტული პროცედურა, შესაბამისად, მინიმუმ 1 თვით ადრე მაინც შეიტანეთ საბუთები შესაბამის საელჩოში ან მომსახურების ცენტრში, რომ უარის შემთხვევაში ალტერნატივის ძიების დრო გქონდეთ.
7. რაც შეეხება კვებას: მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, მითუმეტეს თუ აპარტამენტი გაქვთ დაქირავებული მშვენიერი გამოსავალია მიაკოთხოთ ადგილობრივ სუპერმარკეტებს, სადაც ყველაფერი იყიდება ძალიან დაბალ ფასად. თუმცა აქვე ჩემი რჩევა იქნება შვებულებაში ყოფნისას ნუ დაიღლით თავს სამზარეულოში ბევრი ტრიალით და კერძების მომზადებით, პერიოდულად აუცილებლად ესტუმრეთ ადგილობრივი კვების ობიექტებს აბორიგენთა კერძების დასაგემოვნებლად.
8. ყველა ზემოთქმული ნაბიჯს გავლის შედეგ დაიწყეთ მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება თქვენს მიერ შერჩეულ ქალაქზე. ანუ დასახეთ მიახლოებითი გეგმა რა ნახოთ. ინფორმაციის მოძიება შეიძლება ისეთი ტიპის გადაცემებისგან, როგორიცაა მაგ: "Орёл и Решка", თუ წინასწარ არ გაქვთ გამოწერილი გაიდები, ინტერნეტში დევს ზღვა მასალა ყველა ქვეყანაზე, ასევე თვალი გადაავლეთ tripadvisor-ზე დაწერილ რჩევებს და მიაკითხეთ ქართულ ფორუმებსაც. საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრი მოგზაურობს და კარგი რჩევების მოცემაც შეუძლიათ. საჭირო ინფორმაციის შეგროვებისას მე პირადად ყურადღებას ვამახვილებ: მუზეუმებზე, სადაც შეიძლება ინახებოდეს რომელიმე ცნობილი მხატვრის ტილო, სასახლეებზე, პანორამულ გადმოსახედებზე, საკათედრო ტაძრებზე, ასევე ხომ არ არის ჩემი მოგზაურობის წერტილში რამე ისეთი ადგილი, რაც მსოფლიო ტოპ 10-ეულებში ან 100 ეულებშია შეყვანილი. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა გამოირჩევა საოპერო ან რაიმე სახელოვნებო მიმდინარეობით, ხომ არ მაქვს შანსი რამენაირად მოვხვდე წარმოდგენაზე (ერთ-ერთი ასეთი ძიებისას გადავეყარე ინფოს, რომ ვენის ოპერაში სპექტაკლის დაწყებამდე 1 საათით ადრე 3-4 ევროდ იყიდება ფეხზე დგომის ბილეთები, ასე აღმოვჩნდი "რიგოლეტოზე", პარტერში ჩემთვის განკუთვნილ ადგილას და მივიღე უდიდესი სიამოვნება, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერაფრით შევძლებდი, რადგან ბილეთების საწყისი ფასი რამდენიმე 100 ეული ევროა.).
კონკრეტულ ადგილზე მოსახვედრად, სადაც ფასია გადასახადი შეგიძლიათ ბილეთები შეიძინოთ სახლიდან, რადგან ყველა დაწესებულებას (მუზეუმი, თეატრი ტაძარი და.ა.შ) აქვს ოფიციალური ვებ გვერდი, სადაც პერიოდულად იდება ინფორმაცია ფასდაკლებების შესახებ. ბილეთის ყიდვამდე შეეცადეთ გაარკვიოთ ხომ არ არის კვირის ისეთი დღე, როცა უფასოდ შეგიძლიათ მოინახულოთ ესა თუ ის თქვენთვის საინტერესო ადგილი. (მაგ: მადრიდში პრადოს მუზეუმში საღამოს 6 საათიდან შესვლა უფასოა). უკეთეს ვარიანტში ეს საიტები გეხმარება წინასწარ განსაზღვრო შენი ბიუჯეტით რა ღირშესანიშნაობის დათვალიერება შეგიძლია და შესაბამისად გამოყო პრიორიტეტებიც.
P.S. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი საკანონმდებლო თავისებურებანი, ცუდი არ იქნება ტურის დაგეგმვის დროს ამ საკითხზეც მოხდეს ყურადღების გამახვილება, ეს ისე ზედმეტი უსიამოვნებისგან თავის დაზღვევის მიზნით :)
* * * *
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 0 comments
ყველა ოცნებობს;
ყველას რაღაც უნდა;
ყველას რაღაც ენატრება;
ზოგს ეს , ზოგს ის...
ჩემი საოცნებო შენთვის გაუგებარია, ისევე როგორც შენი ჩემთვის :)))
სულ მარტივად: ისტერიულად მეოცნებება აფხაზეთში მოგზაურობა...
ამიხდინეთ ვინმემ ეს ოცნება და თანახმა ვარ იყოს თუნდაც უკანასკნელი.
მეშინია
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 0 comments
ყოველთვის მეშინოდა რომ:
დადგებოდა ის დრო,
როცა უინტერესო გავხდებოდი ირგვლივმყოფთათვის....
მე ან ჩემი ვინმე ღმერთს აწყენინებდა თავისი იდიოტური ვერბალური გამოხატვებით (ენას ხომ ძვალი არ აქვს)....
რომ ერთ დღესაც უბრალოდ უმეგობროდ ვიგრძნობდი თავს......
უმომავლობის აზრი გაკრავდა ჩემს გონებას....
ისე ვერ გამოვხატავდი ჩემს აზრს, როგორც მართალი მგონია....
და უბრალოდ დავემონებოდი ჩემს განწყობას.
არასდროს იქნება არასოდეს...
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 0 comments
ჩანთა ჩალაგებულია...
საბუთები მოწესრიგებულია....
მეც სრულ მზადყოფნაში ვიმყოფები...
ისღა დამრჩენია 3 საათიც ველოდო და.........
სად მივდივარ???
დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ტრაპზონში ყოფნისას, ჯგუფს თან გვახლდა ერთი ადამიანი, რომელიც ის ის იყო დაშორდა მისთვის ძვირფას პიროვნებას და სერიოზულ დეპრესიას ებრძოდა. ჩვენ, მისი ახლადგაცნობილი "მეგობრები" ვცდილობდით დავხმარებოდით სულიერად, რომ მას მომავლის საზრისი არ დაეკარგა. ეს დახმარება ძირითადში სიტყვიერი, ხანდახან ხმამაღალ მსჯელობებში გადადიოდა ცხოვრების საზრისის შესახებ. ერთ ერთი ასეთი გაცხარებული კამათისას მახსოვს ვუთხარი, აი მაგალითად, მე მაქვს აუსრულებელი ოცნება ვიმოგზაურო ნეპალში და მიუხედავად იმისა რომ თითქმის 100% ვიცი ეს ოცნება არასდროს ამისრულდება იმის სიხარული მაცოცხლებს რომ ეს ოცნება მაქვსთქო.
ამ ადამიანის ცხოვრება როგორც გადმოცემით ვიცი მშვენივრად მიდის, რაც შემეხება მე, რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის სრულიად ოცნების საზღვრებს მიღმა არსებული ზეოცნება დაახლოებით წელიწად ნახევრის შემდეგ რეალობად მექცეოდა.
N1 დასაწყისი
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 1 comments
პირველი შემთხვევაა, როცა ვშილი ამ გვერდს და საიდან დავიწყო ან როგორ დავწერო არ ვიცი.....
ოცნებები ხომ ყველას გვაქვს, თან ისეთი ოცნება რომ არის და ისიც რომ გაქვს კარგად გაცნობიერებული, რომ ან ასრულდება ან არა....
ოცნება ალბათ ბევრისთვის იმასთან ასოცირდება რა იყიდოს, სად წავიდეს ან უბრალოდ რით ასიამოვნოს საკუთარ ხორცს და სულს. არც მე ვარ გამონაკლისი, გაგიკვირდებათ და მეც ადამიანი ვარ...
უბრალოდ ხანდახან მაქვს ისეთი ოცნებები, რომელიც ძალიან მარტივია შესასრულებლად, მაგრამ გაუბედაობა მიკრავს ხელ-ფეხს...
არა ეს ოცნებები სულაც არ გულისხმოს ჩემი დიდი ხნის ნატვრებს წავიდე სადმე სამოგზაუროდ, თუმცა არც უმაგისობაა, უბრალოდ ამჯერად სულ სხვა ამბავზე ვიწყებ წერას....
კარები რკინის გისოსსაა, საგულდაგულოდ იკეტება და კონტროლის მიზნით ადამიანს აბარია, რომელიც სრულიად არ გავს ჩვეულებრივ დაცვის თანამშრომელს...
გისოსიანი კარის იქით კეთილმიწყობილი ეზოა და შენობა, რომელსაც ყოველ დილით ავუვლი-ჩავუვლი ხოლმე და რატომღაც არასდროს დავინტერესებულვარ რა ხდება შიგნით...
შენობის უკანა ნაწილში კი მთელი კომპლექსი, რომელიც სამწუხაროდ სულაც არა არის ისეთი მომხიბლავი, როგორც ეს წინა ფასადზე ჩანს...
სურათების გადაღება სასტიკად აკრძალულია. არც ვაპროტესტებ, რადგან პატივს ვცემ ადამიანის პიროვნებას და სახელმწიფო კანონს...
ირგვლივ სამარისებული სიჩუმეა, ისეთი საკუთარი გულის ფეთქვას რომ გაგრძნობინებს...
ეზოს რაც უფრო მეტად შევყავართ სიღრმეში, მით მეტად წვდება ჩვენს ყურებს სიმღერის ხმა, ისინი 3 დან 5 წლამდე არიან, ყველა თავისებურად ლამაზია, თითოეული ისეთი სახით გიყურებს ერთი სული აქვს გაიგოს რა გინდათ მისგან, მალევე ხვდებიან ჩვენი მისვლის მიზეზს და ჟრიამულით გამოდიან შესახვედრად....
გაუცხოება მათში იმდენად დიდი დოზითაა, ვერ ფიქრობ რა შეიძლება გააკეთო ისეთი, რომ პატარა გულები გაუხარო...
აქ ყველას თავისი ისტორია აქვს, ნუ ფიქრობ რომ ძლიერი ადამიანი ხარ და გგონია რომ ყველაფერს აიტან, ნურას უკაცრავად, თითოეულის ამბავი შენს გულში თავის ადგილს პოულობს და რაც დრო გადის მით მეტად არ გაძლევს მოსვენების საშუალებას....
ისინი საკმარისზე მეტნი არიან, ასაკის მიხედვით იყოფიან, ერთად იზრდებიან, ყოველ დღე ახალი მშობლების გამოჩენას ელოდებიან დიდი მოთმინებით და მერე რა რომ მათი სიცოცხლე სულ რამდენიმე წელს ითვლის, ისეთი სულიერი ტრავმა აქვთ, ჩემი განვლილი 30 წელი რომ ვერ მიხვდება ამას...
ასაკის მომატება გულისხმობს პერიოდულად საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას....
მერე რა რომ მისი გვარი ახმეტელია, საიდან??? ახმეტელის მეტროსთან დატოვა დედამ ნაგვის ბუნკერში....
მერე რა რომ ის თამარ უცნობია..... ვერაფერს გაიგებ, არანაირი საბუთი არ არსებობს....
მერე რა რომ მას ფეხზე სულ რაღაც ოთხი თითი აქვს და კოჭის ძვალის არარსებობის გამო კოჭლობს....
მერე რა რომ იგი მესამე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა.....
მერე რა რომ მას მუცელზე ერთი ძვალიც კი არ აქვს, მაინც ჯანმრთელია და აქტიურად ცხოვრობს...
მერე ის, რომ პატარა სოსომ დღეს გადადგა პირველად ფეხი დამოუკიდებლად...
მერე ის რომ 1 წლის გოგოს ინვალიდი დედ-მამა ყოველ დღე აკითხავს და უხარიათ რომ მათი შვილი სრულიად ჯანმრთელია...
მერე ის რომ მას თავისი და გვერდით ყავს და ალბათ უფრო რომ გაიზრდება გაუადვილდება ამ ყველაფრის გადატანა.......
მერე ის, რომ ქრისტეს ასაკი მიახლოვდება.............
მათხოვრობა, როგორც პროფესია და ხელობა...
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 1 comments
ჩემი ყოფის ყველა ეტაპზე მახსოვს თბილისში მათხოვრები, მათი რიცხვი ქვეყანაში მიმდინარე ამბების პარალელურად იზრდებოდა ან ძალიან იზრდებოდა, პრინციპში შემცირების ტენდენცია არც ყოფილა არასდროს.
ყველაზე ადრეული მოგონებიდან ვიტყვი, მახსოვს კისლავოდსკში ვისვენებდი (სადღაც 4–5 წლის ვიქნებოდი), საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცი ქალი ამოვიდა, ხელგამოშვერილი და არავინ მიაქცია ყურადღება მის თხოვნას, დავინტერესდი ვინ იყო ეს ადამიანი და მშობლებმა ამიხსნეს (ახლა არ ვიცი როგორაა მაგ მხრივ საქმე, მაგრამ იმდროინდელ რუსეთში ნამდვილად უარყოფით საქციელად ითვლებოდა ეს და ქართველების გარდა არავინ ეხმარებოდა მათ), ახლაც მახსოვს იმ მოხუცის სახე, როგორი დამორცხვილი და უსუსური იყო.
დღევანდელ საქართველოში კი საქმე სულ სხვანაირადაა... რეაქციაც შესაბამისად ცვალებადია, ახალი სახე ყოველთვის შეცოდებას იწვევს, რამდენიმე დღის მერე ეს სახე უკვე ყოველდღიურობა ხდება და მისი სიმორცხვეც თანდათან სითამამეში გადადის, სითამამე კი ბოლოს იმდენად თავხედობაში, რომ ერთ დღეს შენი საკუთარი მობილიდან დარეკვასაც გთხოვს და იმდენს იჭორავებს, სადღაც სოფელში მონატრებულ ნათესავთან, რომ არც გაახსენდება ვიღაც რომ ადგას თავზე.... ან იგივე "გაჭირვებულ–დაუძლურებული" მოხუცი აუცილებლად შეგხვდება ქალაქგარეთ რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე ფულის კეთებით დაკავებული......
არა პრობლემა არაა.... არაა კი არა არის, ძალიან დიდი პრობლემაა, მათხოვარი, ადამიანი ამ გაგებით ალბათ იმიტომ შექმნა ღმერთმა, რომ ჩვენ რიგით ადამიანებს ვისაც მათზე შედარებით მეტი გვაქვს, სიკეთის კეთების საშუალება მოგვეცეს, მაგრამ არც ის ვარგა, რაზეც ზემოთ დავწერე, რადგან მიჩნდება მათ ნაკლებზე საუბრის სურვილი, ე.ი. ჩემს მიერ გაწეული მოწყალება სიკეთედ აღარ ითვლება და პირიქით უარყოფით განწყობას მიყალიბებს ამ ადამიანების მიმართ...........
ვკარგავთ და ვერ ვიბრუნებთ
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 1 comments
ხვალ ტაოში მივდივარ, საკუთარი თავზე დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ ბოლო ემოცია ყოველთვის აჭარბებს ხოლმე წინას და ყოველივე ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მეწერინება უკვე ერთი კვირაა (ალბათ ინფორმაციის გადახარშვა და დაწყობა გამიჭირდა), შევეცდები რამეს მოვაბა თავი. როგორც წინა პოსტში ვწერდი ე.წ. წანწალის სეზონი გავხსენი და აწი რაღა გამაჩერებს ერთ ადგილას.
ისტორიულ საინგილოში, იგივე ჰერეთში ჩვენი მოგზაურობა იმითაა გამორჩეული, რომ გარკვეულწილად პირველი მერცხლები ვიყავით, ვინც გადადგა ნაბიჯი და მასშტაბური დათვალიერება მოაწყო იმ მხარის. ქურმუხის წმ. გიორგი, ეს სახელი ალბათ ბევრს გეცნობათ, შეიძლება გიორგობის დღესასწაულზე საზღვარი მის მოსალოცადაც გადაგილახავთ, მაგრამ მეეჭვება სხვა დანარჩენი რაც იმ მხარეშია, მრავალი ძალიან ბევრთა შორის გენახოთ,
დავიწყოთ თავიდან....
დღე მზიანი, ძალიან ცხელი, აი ისეთი როგორც კახეთს შეეფერება.....
ლაგოდეხის საზღვარი და უკვე აზერბაიჯანის მიწაზე ხარ.... ეს ისე ოფიციალურად...
ჩემი პირველი შეშფოთება იქვე დავაფიქსირე, როცა სრული წარმოსადეგობით თათარმა ადამიანმა ინგლისურად მომიკითხა, როგორ ხარო, და პასუხად იქვე მიპასუხა, ქართული რად უნდა ვიცოდე, მაშინ როცა ინგლისური ენა საერთაშორისოაო... ეჭვი მაქვს, თანაც საფუძვლიანი იმ ადამიანმა how are you-ს გარდა რამე ინგლისურის იცოდეს, მარა რას ვიზავთ......
თვალშისაცემი გარემოება...
ადმინისტრაციული ცენტრი კახი ლაგოდეხიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარეობს, როგორც ზევით აღვნიშნე ვერაფრით განასხვავებ კახეთის რომელიმე სოფლისგან, მაგრამ მთავრობას აშკარად უზრუნვია გზები კეთილმოეწყო და ყვავილებით გაეფორმებინა, ასევე თვალშისაცემია ე.წ. ”დალმატინელის” კედელი, რომელიც მთელს გზას მიჰყვება და ძალიან დიდი მცდელობა აქვს გადაფაროს, ისტორიული, თამარის დროინდელი გალავანი, რომელიც თავის დროზე თელავიდან კასპიის ზღვამდე ყოფილა გადაჭიმული.....
გზად ყველგან სადაც კი შეიძლება (სახლის მინაზე, ანძაზე, ბანერზე და ა.შ) გამოჭიმულია ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტის სახე ყველანაირ ფორმასა თუ პოზაში
საერთოდ ყველაფერი რაც კარგი გვაქვს თამარის სახელს უკავშირდება და მითუმეტეს კახეთში (ბებიაჩემის სოფელი ”ვეჯინი” მახსენდება, ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ თამარს ამ ადგილას შეუსვენია და მოგვიანებით უთქვამს ამ ადგილზე ”აქ ვეჯინეო”), საინგილოშიც თუ რამე ისტორიულია შემონახული, ძეგლი თუ უბრალო ნაგებობა ყველაფერი თამარის სახელთანაა დაკავშირებული, ისე რა გასაკვირია, თუ ისტორიას გადავხედავთ........
მოგზაურობისას გაგვარკვიეს, რომ მოსახლეობის 90% ქართველია, მათთან კონტაქტისას მიხვდები, რომ ისინი სულაც არ არიან ”ჭოროხის შვილების” მსგავსნი. უფრო მეტიც, უპრობლემოდ გადმოდიან საზღვარზე, განათლებას იღებენ თბილისში და ერთი შეხედვით რომ არა ეს ”ლაგოდეხის საზღვარი”, ჩვეულებრივი ქართველები არიან, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით, რეალურად?????
რეალურად ხდება ის, რომ მათ სასწავლო წიგნებშია მოცემული: თბილისი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ქალაქია და მთელი საქართველო მათი შემადგენლობიდან გასული ნაწილია, რომელიც ”ცუდი” მეფეების წყალობით თავს ესხმის აგერ უკვე საუკუნეებია და ავიწროებს, თამარ მეფე უკაცრავად გამოთქმისთვის და ”ბოზია” რომელიც უამრავი ქმრებისა და საყვარლების გარემოცვაში ცხოვრობდა და მოკლედ, ყველა ქართველი მათი აშკარა თუ ფარული მტერია.
ეს ყველაფერი მაშინ, როცა ზემოთხსენებული ქურმუხის წმ. გიორგი გარეგნულად ლამაზი წითელი აგურითაა შემოსილი და რაღაც მომენტში ძალიან ჰგავს გრემის ტაძარს (კახეთის მხარეში ჩემი დაკვირვებით ყველა ტაძარი ერთნაირი სტილითაა ნაშენები), ეს გარეგნულად, ინტერიერი კი ისეა განადგურებული, თუ ვინმემ არ მიაქცია ყურადღება ოშკის ტაძარი ალბათ მოგონება იქნება.....
ეს მაშინ, როცა ლექარტის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, მათი თქმით საბანაო ადგილს წარმოადგენდა თავის დროზე და ყოფილ თუ მოქმედი პოლიციელის მონათხრობს რომ დაუჯერო მშვენიერ ზღაპარს გაიგებ მობანავე ქალზე და მის ზედამხედველ ადამიანზე.....
და კიდევ ერთხელ ეს მაშინ, როცა ალბათ ბევრ ქვეყანას არ აქვს ასეთი ”დროში გაქვავებული” უნიკალური სამაროვანი (დაახლ.500 წლის), რომელიც იდეაში ვედრებას, ხელაპყრობილს გამოხატავს, მაგრამ რა გადის დრო და ისევე იკარგება მისი ისტორია, როგორც ამ ქვების ქვეშ მოქცეული ადამიანების.... (დიდი გამოკითხვის მიუხედავად ადგილობრივებისგან ვერ შევიტყვეთ ვერანაირი ინფორმაცია მის შესახებ)
ეს ყველაფერი ხდება იქ სადაც 90% ქართველია და სადაც ელემენტარულად მეჩეთიც კი არ აქვთ რომ ილოცონ (თათრები ხომ თავიანთი მორწმუნეობით არიან ცნობილნი) და აქვე იმასაც არ ახარებენ რაც რეალურად მათში დევს.. შეშინებული ადგილობრივი ქართველი სამარშუტოში შემოიკეტება და ჩუმად, ოღონდ სხვამ არ შეამჩნიოს აგიხსნის გაჭირვებით ან ვერც აგიხსნის, რომელიმე ისტორიული ძეგლის ადგილმდებარეობას......
აქვე აღვნიშნავ, ეს არის მხარე, რომლის ლექსიკონშიც არ დევს სიტყვა ”სტუმართმასპინძელი”......
შინ დაბრუნებული დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ ამ მხარეში დაბრუნება უბრალოდ არასდროს მომინდებოდა..... ამის გასამართლებლად არაკომფორტული ყოფა და ძლიერი სიცხე დავასახელე (სხვათაშორის მსგავსი სურვილი პირველად გამიჩნდა), ალბათ იგივე მიზეზით არ მქონდა სურვილი ამ თემაზე თუნდაც ბლოგზე დამეწერა რამე, მაგრამ თანდათან ვაცნობიერებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა დავბრუნდები, ბევრთან ერთად და თან არაერთხელ.............
ვინ არ აგორდება, ვინ არ ავარდება...........
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 0 comments
ამ პოსტის დაწერა ერთმა ტენდენციამ გადამაწყვეტინა, ბოლო ხანებია ხშირად მესმის ადამიანების გამორჩევა საცხოვრებელი ადგილის, წარმომავლობისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით. სნობიზმი ალბათ კიდევ სულ სხვა რამეა, მაგრამ მერწმუნეთ ეს სნობიზმზე უარესი მოვლენაა....... არა გენაცვალეეეეეთ, რა მნიშვნელობა აქვს ქალაქშია გაზრდილ-დაბადებული თუ სადმე განაპირა სოფელში, მთაში თუ ბარში კარგი ადამიანი კარგია ყველგან და ის სადღაც მიუსავალში გაზრდილი შეიძლება შენზე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ეს მაშინ, როცა შენ ე.წ ცენტრში მაცხოვრებელი იმით ამაყობ, რომელ მაღაზიაში იპრანჭები, ან საღამოს რომელ ღამის კლუბს სტუმრობ და ამის იქით უბრალოდ ინტელექტს უჭირს...
პრეტენზია არაფერზე მაქვს, უბრალოდ გამოცდილებამ, ბევრმა მოგზაურობამ სხვადასხვა კატეგორიის ხალხთან და ბევრ სხვადასხვა გაგების ადამიანთან კონტაქტმა მაჩვენა რომ ისე არ ხდება ცხოვრებაში როგორც ე.წ. "ასფალტზე ამოსულები" ფიქრობენ, უფრო მეტიც მეცოდებით ხანდახან იმ აზროვნების გამო, რომ დღეს სადმე ქორწილში ვერ ადგებით საცეკვაოდ რადგან თქვენს მეგობრებს იმაზე უფრო ძვირიანი კაბა აცვიათ ვიდრე თქვენ; შეგრცხვებათ იმის გამო, რომ თქვენი ნათესავი ქალაქურ ცხოვრებას კარგად არ იცნობს და კიდევ ვინ მოსთვის რა.......
კარგად მესმის, რომ ცხოვრება გამოუცნობი რამ არის და ყველაფერს აქვს თავისი ავიც და კარგიც, უბრალოდ ხანდახან ძალიან სასაცილოები ვხდებით ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა შორიდან, ცივი თვალით ვუყურებთ ამ ყველაფერს............
მშვიდობით ორიათასმეათე გაზაფხულო
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 0 comments
მოძველებული ფრაზაა, მაგრამ მაინც, როგორც იქნა ნავსი გავტეხე. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ქალაქს გავცდი და ის ვქენი რაც ამ ეტაპზე ყველაზე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა რომ ეს მოგზაურობაც სხვა დანარჩენების მსგავსად ეჭვქვეშ იყო, მაინც მოვახერხეთ...............
მაშინ როცა ქვეყანის ერთი ნაწილი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ხოლო მეორე ოპოზიციის აქციებისკენ მიიჩქარის მშვენიერი ალტერნატივაა მლეთისკენ აიღო გეზი...
ლომისის წმინდა გიორგობა ეკლესიურ მოძრავ დღესასწაულებს შორის ერთ–ერთია. იგი აუცილებლად ემთხვევა სულთმოფენიობის პირველივე ოთხშაბათს და შესაბამისად პეტრე–პავლობის მარხვის დაწყების წინა კვირაში აღინიშნება. ეს თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მთის დღესასწაულად და შესაბამისად მისი აღნიშვნაც ისევე ხდება, როგორც მთას სჩვევია.
თვითონ ტაძრის ისტორიას ჩემზე უკეთ ეს ბმული გაგაცნობთ.
ვისაც გადახედვა დაგეზარებათ, მოკლედ გეტყვით, რომ არსებობს ორი ტაძარი, ქვემო და ზემო მლეთა, პირველი ტრასაზევეა, სანამ გუდაურის აღმართს შეუდგები, მეორეს რომ მიაღწიო, საკმაოდ დიდი გარჯა დაგჭირდება და კიდევ უფრო დიდი რწმენა იმისა რომ შენ შეძლებ. ადვილი არაა დაახლოებით შვიდი კილომეტრი დაკიდებულ აღმართზე იარო თოვლში, ქარში ტალახში, მზეში, ქვიან–ბალახიანზე და იქიდან მშვიდობით დაბრუნებულმა მეორე დღეს დამწვრობის იარები მოიშუშო.
კიდევ უფრო რთულია ძლივს ასულმა იმ რიგს გაუძლო, რაც ამ დღეს ეკლესიის შესასვლელში ხდება.
რაღაც წიგნური
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 1 comments
ჩემს კიდევ ერთ ცხოვრებისეულ სისუსტეზე მინდა დავწერო. (რამდენიმე წინა პოსტებში გაგაცანით). პირველი წიგნი დამოუკიდებლად სადღაც 6 წლისამ წავიკითხე და ეს ”ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი” იყო. დამოუკიდებლად იმიტომ გავუსვი ხაზი ამ სიტყვას, რომ თვითონ ლიტერატურასთან შეხება ალბათ ძალიან პატარა ასაკში მომიწია. ეს განსაკუთრებით დედაჩემის დამსახურებაა, რომელიც ძილის წინ გვიკითხავდა ხოლმე რაღაც-რაღაცეებს მე და ჩემს დებს. ყველაფერი ასაკის მატების პარალელურად გაგრძელდა: ჯერ იყო ზღაპრები, შემდეგ ბავშვური თავგადასავლები, თანდათან ისტორიულმა (ძირითადად საქართველოს შესახებ) ამბებმა გამიტაცა, შემდეგ ფრანგული ლიტერატურა გადავაბულბულე ერთი მარტივი მიზეზის გამო, სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი და მაშინდელი გამოყოლილია ალბათ ახლაც, რომ ასე ძალიან მიყვარს ყველაფერი ფრანგული (ქართულის მერე რაღათქმაუნდა), უფრო მოგვიანებით იყო რუსული და დანარჩენი ცნობადი კლასიკოსები, და ასე აღმოჩნდა, რომ სადღაც მეცხრე კლასისთვის არამარტო ჩემი ოჯახის არცთუისე ღარიბი ბიბლიოთეკა, ასევე მთელი სანათესაოს ფარგლებში არსებული წიგნები წაკითხული მქონდა. მათგან ბევრი რათქმაუნდა ვერც გავიგე, უფრო ბევრი აღარც მახსოვს რა შინაარს მოიცავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგადად თუ რამე ადამიანური მაბადია ამ წიგნების გავლენითაა. ამ პოსტის დაწერა იმან გამოიწვია, რომ ცხოვრების რაღაც გარკვეულ ეტაპზე ადამიანი ეტყობა იღლები და სხვა გასართობებით ცდილობ რაღაცეების ჩანაცვლებას. მაინც მგონია, რომ ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო კომპოუტერი, მეც ალბათ ბევრ დროს მას დავუთმობდი და წიგნებს აუცილებლად გვერდით გადავდებდი, ამიტომ რაღაც მომენტში მიხარია კიდეც ეს ასე რომ არ მოხდა. დღეს რაღაც გარკვეული პაუზის შემდეგ წიგნების მაღაზიაში აღმოვჩნდი და თანამედროვე ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის ახალი კრებული შევიძინე. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი იმ მცირედთაშორის მწერალი (ქართველი), რომელიც ყოველთვის მომწონდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისი ყველა ნაწარმოები, პატარა მოთხრობაც კი მახსოვს.უბრალოდ ძალიან ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს და შესაბამისად კარგად მეკითხება, მოუხედავად იმისა ვარ თუ არა საერთოდ წიგნის კითხვის ხასიათზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად მახსოვს სტუდენტობისას აღებული ხუთოსნობის სტიპენდია (სულ რაღაც 17 ლარი) ახალი წიგნის ყიდვას ხმარდებოდა, მაშინ როცა დღეს ჩემი ხელფასი ძალიან, ძალიან ბევრით მეტია ამ თანხაზე და არ ვიცი რატომ........... ალბათ იმიტომ რომ ჩავარდნა ლიტერატურაში ძალიან გაგრძელდა და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ის იმდენს ვეღარ მაძლევს, რომ ჩემი სულიერი მოთხოვნილებები შეავსოს. ერთი კვირის წინ თავს ძალა დავატანე და მშვენიერ ქართულ ლიტერატურულ საიტს ვესტუმრე, რამდენიმე საინტერესო სათაურიანი და ავტორიანი ნაშრომი ამოვბეჭდე და როგორც ჩვენში იტყვიან ჩავუჯექი... ხოდა ძალიან ოპტიმისტურად, ალბათ ამის მიზეზი იყო დღეს წიგნის მაღაზიას რომ მივადექი და ჩემთვის საყვარელი მწერლის კრებული შევიძინე.........
პ.ს. აქვე გულისტკივილით მინდა დავწერო, რომ ჩემი ბოლო მოგზაურიბისას ტრაპზონში, კერძოდ სუმელას მონასტრის აღმართზე შეხვედრილი ადამიანი, რომელიც დაინტერესდა მე სხვა გზით როგორ მოვხვდი ამ ადგილას ზემოთხსენებული მწერალი აღმოჩნდა, მე კი იმდენი გამბედაობა არ მეყო მეთქვა, რომ უბრალოდ დიდ პატივს ვცემ.......
ყოფნა წრუწუნჯან ყოფნააააა.....
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 1 comments
რაღა დაგვრჩენია ამ უსწორმასწორო დედამიწაზე, გარდა იმისა, რომ ვისხდეთ და ვწეროთ, თავხედობა პიკს მაშინ აღწევს, თუ ეს უკანასკნელიც არ გეხერხება. არაუშავს ფიქრობ იყოს მაინც და აგრძელებ..........
არადა რამდენი საინტერესო რამ ხდება ამ ქვეყანაზე. მაგალითად:
დღეს მთელმა სამყარომ გაიგო ამბავი He Ping Ping-ის გარდაცვალების შესახებ. ერთი შეხედვით ეს სახელი და გვარი არაფერ ახალს არ გვეუბნება, მე ყოველშემთხვევაში, მაგრამ საკმარისია სურათს შევხედოთ და........


ყველაფერი ალბათ უკვე ცხადია............
იმედი მაქვს იგივე მთელი მსოფლიო მოასწრებ გაიგოს, რომ საქართველოში, სოფელ საჩინოში დღესაც ცხოვრობს ადამიანი სახელად ანტისა ხვიჩავა, ამის განსაკუთრებულობა ისევ სურათებიდან......






















































