შიდა ქართლი. გორი, ატენის ხეობა, უფლისციხე
აგვისტოს დასაწყისი ჩემთვის ბოლო წლებია რუსეთ-საქართველოს ომთან ასოცირდება და სხვა არაფერი მომდის აზრად, გარდა უარყოფითი განცდებისა, ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელ თემაში ვისაუბრო შიდა ქართლის ღირშესანიშნაობათა მხოლოდ ნაწილზე. დავაკონკრეტებ, რომ ეს მოგზაურობაც იყო ერთდღიანი და საკმაოდ ბევრი რამის ნახვა მოვასწარით.
მარშრუტი: გორი -სტალინის სახლმუზეუმი - გორისციხე - გორიჯვარი - ატენის სიონი - უფლისციხე.
View Larger Map
შენიშვნა
C-ატენის სიონი
D-უფლისციხე
გორამდე გზა დაახლოებით 83 კმ-ია, მაქსიმუმ 1 საათით გზაა. მარშუტში დასახელებულ ყველა პუნქტამდე მიდის მოასფალტებული გზა, ასე რომ ყველა შესაძლებლობის მანქანისთვის არის ხელმისაწვდომი ამ ნაწილში მოგზაურობა.
ინტერნეტ ინფორმაციით, გორი ოფიციალურ ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება მომდინარეობს შუა ქალაქში აღმართული გორისგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე - გორის ციხე, მას ძირითადად სამხედრო, თავდასაცავი ფუნქცია ეკისრებოდა საუკუნეთა მანძილზე.
გორში უერთდება ერთმანეთს ორი დიდი მდინარე მტკვარი და ლიახვი.
ქალაქზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად რამდენიმე ფოტო:
ულტრათანამედროვე იუსტიციის სახლი და სავარაუდოდ გორის "დილას" საწვრთნელი ბაზა
პირველი რასაც ათვალიერებ გორში არის სტალინის სახლმუზეუმი. სხვათაშორის, წლევანდელი მონაცემებით, ამ მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვმა თურმე ყველანაირ რეკორდს გადააჭარბა. რათქმაუნა ძირითადად უცხოელები ჭარბობენ ვიზიტორთა შორის, რადგან მეეჭვება ბევრ ქართველს გაუჩნდეს სურვილი 15 ლარი გადაიხადოს შესასვლელ ბილეთში. თუმცა სულხან-საბას სახლმუზეუმისაგან განსხვავებით, აქ სხვადასხვა ისტორიულ ნივთებს მაინც წააწყდები:
გარდაცვალების შემდეგ სტალინის სახიდან 8 ნიღაბი აიღეს. ეს გახლავთ მეექვსე ასლი
სამუშაო დარბაზი, თუმცა აქ ალბათ მინიმალური დრო აქვს გატარებული თავად სტალინს
ეს პიანინო გიდის გადმოცემით წლების მანძილზე ინახებოდა აფხაზეთში, 90-იან წლებში, ომის შემდეგ, მათივე ინიციატივით გადმოეცა გორის სახლმუზეუმს.
ეს გახლავთ ვაგონი, რომლითაც საქმიანი ვიზიტებისას მოგზაურობდა. მასში არის სამუშაო ოთახი, საპირფარეშო, საძინებელი, სამზარეულო და ოთახი მომსახურე პერსონალისთვის
მუზეუმში ინახება სხვადასხვა ლიდერის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები, ძვირფასი ნივთები და დოკუმენტალური მასალა.
მოკლედ, სტალინი კარგი ადამიანი იყო თუ ცუდი ამის განსჯას აქ არ შევუდგები, ფაქტია, რომ გორის მკვიდრი მოსახლეობისთვის საამაყოა და შეკამათებას მათთან არ გირჩევთ :)
შემდეგი გაჩერება გორის ციხე:
ეს ციხე საუკუნეების მანძილზე თავდაცვის სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა, გადმოცემის თანახმად ძველი ქალაქიც სწორედ მის გარშემო ყოფილა გაშენებული. საუკუნეების მანძილზე ინგრეოდა დამპყრობლების მიერ და ხელახალი აღდგენა ხდებოდა. დღევანდელი სახე მიიღო მე-18 საუკუნეში, ერეკლეს მეფობის დროს.
ამჟამად ის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია, კარგი საშუალება ზემოდან გადახედო ქალაქს, თუმცა, ჩემი აზრით, მეტად დასუფთავება და მოწესრიგება არ აწყენდა,
გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი წყაროებზე დაყრდნობით აგებულია 1806-10 წწ. როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წ. ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა. 1990-იან წწ. ნაგებობა გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
გორიდან ისე წამოსვლა რომ არ ესტუმრო გორიჯვრის ეკლესიას მიუღებელია. ამ ეკლესიის დღესასწაული აღინიშნება 6 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით გორის ეპარქია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, ამ ტაძარში გიორგობის დღესასწაულზე მაინც იკვლება ურიცხვი პირუტყვი და არამარტო ამ დღეს ე.წ. სწორებზეც. გადმოცემის მიხედვით ამ ტაძარში შეიძლება დაკრძალული იყოს წმ. გიორგით თავი, თუმცა ეს მხოლოდ გადმოცემაა და არავის ადასტურებს ან უარყოფს მის ჭეშმარიტებას.
ტაძარი მდებარეობს მთაზე, თუმცა სულ ახლახანს დამთავრდა გზის მშენებლობა. არამარტო სამანქანო, არამედ ველოსპორტის მოყვარულთათვის გამოყოფილია ცალკე ტრასა. სიმართლე გითხრათ ისეთი დაქანებული დაღმართია და შესაბამისად, მკვეთრი აღმართი, მხოლოდ ექსტრემალი ველოსიპედისტები თუ მოიხიბლებიან ამ გზით.
ატენის სიონი მდებარეობს ატენის ხეობაში, გორიდან 12 კილომეტრში. ტაძარი არის VII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა.ბოლო წლებია ტაძარში მიმდინარეობს რესტავრაცია, ამიტომ ინტერიერის ფრესკები დაფარულია ხარაჩოებით. აქვე დაახლოებით 1 კილომეტრში ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.
აქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ყოველთვის ქარია, არ არის რეკომენდირებული წასვლა ზაფხულში, რადგან ქვეწარმავლები მრავლობენ.
გამოქვაბულები რამდენადაც წარმოადგენენ ნასახლარებს, თითოეულ მათგანს გარკვეული დანიშნულება აქვს, საყოფაცხოვრებო თუ კულტურული თვალსაზრისით.
P.S ეს არის მოკლედ ცნობები ზოგადი წარმოდგენისთვის. ინტერნეტ სივრცეში ბევრი ინფორმაცია დევს მითითებულ ადგილებზე. ჩაღრმავებისთვის მიმართეთ ვიკიპედიას :)
0 comments:
Post a Comment