Showing posts with label ლირიკულად ჩემი. Show all posts
Showing posts with label ლირიკულად ჩემი. Show all posts

იქ სადღაც------

პოსტს ვწერ ჯუნიორით შთაგონებული:

ახალი  სიცოცხლე ბევრის ოჯახში შემოჭრილა ალბათ და თავზგა აუბნევია ყოველდღიურობისთვის......

ამ სურათში გიორგი სულ რაღაც ერთი საათისაა და თუ დააკვირდებით ნახავთ რომ იღიმის, ჩემს ალბომში ბევრი მოიძებნება ასეთი სურათი.. მძინარე ჩვილთან თუ დაყოვნდებით რამდენიმე წამი, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ის ძილში ბევრჯერ იცვლის სახეს და უცაბედი ღიმილიდან შეიძლება საშინელ ტირილზე გადავიდეს. როგორც ამბობენ ამ დროს პატარას კეთილი და ბოროტი ანგელოზები ადგანან თავს და მათი მოქმედებების მიხედვით ხდება ჩვილში ხასიათის ცვლილება. (მაგ: ბოროტისგან შეშინებული იწყებს უმიზნო ტირილს).

იგივე გიორგი ამ დღეებში 2 თვის შესრულდება, სასწაულია ნახო კვირიდან-კვირამდე როგორ იზრდება და იცვლება...  ”აღუს” თქმის ინტენსიობა უკვე იმდენად მაღალია, რომ უნებურად ისმის კითხვა, რას ნიშნავს ეს ”აღუ” და იქვე პასუხი: არც მეტი არც ნაკლები -- ”არს ღმერთი”.

ნამდვილად არ ვიცი, ეს ყოველივე ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია თუ არა, ან სხვა ქვეყნებში როგორ ფიქრობენ, მაგრამ  საქართველოში მართლა ასე ჰგონიათ და მიზეზი არ მაქვს შევეწინააღმდეგო:)

პ.ს ვაპირებ დაკვირვება გავაგრძელო და რაიმე საინტერესოს  აღმოჩენის შემთხვევაში პოსტს აუცილებლად ექნება გაგრძელება...

ეეეჰ.....

ღმერთო რა ცუდია ხანდახან ეს ცხოვრებათქო, გულში გამაფიქრდა დაიაურის ტრავმის წარმოდგენაზე და იქვე დამკრა აზრმა, სულ ამ ცხოვრების რომ ვადანაშაულებთ ყველაფერში, რა იქნებოდა იმ დღეს მძღოლს ეფიქრა თავის ოთხი თვის შვილზე, მაშინ როცა ნასვამი, ან როგორც ხეობებს სჩვევიათ ღრეობიდან გადამთვრალი საჭესთან ჯდებოდა. რა იქნებოდა მანქანაში მსხდომ სხვა პირებს პროტესტი გამოეხატათ, მაშინ როცა მძღოლი დაძალებით ეტანებოდა  შემოთავაზებულ სასმელს. მაგრამ მათ, მთის შვილებს, ალბათ აზრადაც არ მოუვიდათ, რომ თავისი მხარე, მიწა, რომელიც მართლაცდა ამ თითო-ოროლა ადამიანის აქტიურობით ცოცხლობს, ასე გაწირავდა და ამხელა ტრაგედიას დაატეხდა თავს..


ალბათ ბევრი დაიწყებს იმაზე ფიქრს ნეტა რა ცოდვა ედო გელას ასეთი, ამხელა მსხვერპლი რომ ითხოვა მისგან ღმერთმაო;

მეორენი ალბათ სხვა მხრიდან განიხილავენ ამ საკითხს და იფიქრებენ, ღმერთს ჰყვარებია გელა და ამ ჯვარსაც  გადაიტანს ვაჟკაცურადო....

მე შარშან ამ დროს ვიყავი შატილში და ამ 2 დღიანი გასვლის ყველაზე ნათელ წერტილად მუცოს კოშკზე გელა დაიაურის ნამღერი, მის მიერვე მოყოლილი ბავშვობის მოგონებები, სამშობლოს სიყვარულით ანთებული მისი პოეზია და ხალიასიანი იუმორი მახსენდება....

მეორედაც ვგეგმავ იქ ჩასვლას კი კიდევ მრავალჯერ, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ის ცივი შატილი ასეთი შეუვალის განწყობა რომ დატოვა მაშინ ჩემში ერთადერთი სახემხიარული მასპინძლის გარეშე როგორი ასატანი გახდება......

წასვლის ამბავში.........

ცხოვრება გარკვეული სახის დინამიკაა, ეს მოძრაობა რომ არ არსებობდეს აბა რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას.....

მე ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ მჯერა, რომ ჩვენ ყველა ამ ეპოქას ვქმნით, ცალკ–ცალკე და ყველა ერთად. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მაინც ვქმნით ისეთს, როგორიც შეგვიძლია. მერე რა რომ საერთოდ არ ვჩანვართ. ცუდი პარალელი: არსებობს ჩარხი, რომელიც ძირითად საქმეს აკეთებს, მაგრამ რომ არ არსებობდეს ჭანჭიკი, ის ხომ ვერ შეასრულებდა თავის მოვალეობას. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ უბრალო ჭანჭიკები ვართ, რაღაც განსხვავებით, ხან გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება, ხან უბრალოდ გასამჯელო გვამოძრავებს და ა.შ.

ცხოვრება როდის ირყევა იცი შენს გარშემო??? როცა რაღაც ისეთი ხდება რასაც არ ელი, უბრალოდ სიურპრიზია, უკეთეს შემთხვევაში დადებითი გამოხატულებით, უარეს შემთხვევაში კი უარყოფითი სახით. ხან ვერც ხვდები რა არის იმ კონკრეტულ შემთხვევაში უკეთესი ან უარესი, ამასაც დრო აჩვენებს..........

ისე ჩემი ცხოვრება მაჩვენებს, რომ რისკი და იმაზე დადებითი პასუხის მიცემა, რისი მომავალიც ბუნდოვანია უფრო ამართლებს, ვიდრე ბევრი ფიქრი და წინასწარი გათვლები...

გზად აყოლილი ფიქრები....

18 ივნისის დილის 5 საათი....

მაღვიძარას ხმაზე გაღვიძებულმა ერთი კი გავიფიქრე მოდი ”დავიკიდებ” ამ მოგზაურობას და ძილს გავაგრძელებთქო, მაგრამ არც ასე ადვილადაა საქმე....

ტაო-კლარჯეთში პირველად შარშან ზუსტად ამ დროს მოვხვდი, სრულიად შემთხვევით და ისე მოვიარე ძალიან მცირე ნაწილი (თან საზღვრებს იქით ეს ჩემი პირველი გადასვლა იყო) ბევრი არაფერი გამიგია.... წელს კი ეს ყველაფერი წინასწარ დავგეგმე, შევათანხმე ყველა დეტალი და ასე გავუდექი გზას........

ამ პოსტის სათაური უჩვეულო სულაც არ არის, თუ წარმოვიდგენთ რომ სამი დღე გზაში გავატარე და წამოფიქრების საშუალებაც მხოლოდ ტრანსპორტში მეძლეოდა. ამ ფიქრებს კი ასოციაციები იწვევს ხოლმე ჩემში, ის ასოციაციები, რომლებიც საიდან მოდიან ხშირად ვერც ვაცნობიერებ.........

1 ფიქრი: მთელი გზა გამყვებოდა ის აზრი, რომ სახლში დაბრუნებული აუცილებლად წავიკითხავდი ხელახლა გიორგი მერჩულეს  გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას.  ხელახლა იმიტომ რომ სკოლის ასაკში დაზეპირებული წიგნი რეალობაში აღმოჩნდა რომ საერთოდ არ მახსოვდა.....

2 ფიქრი: სამი დღე სიტუაციიდან გამომდინარე ერთ აზრზე ვერ შევჯერდი, საქმე იმაშია რომ ძირითადად თუ სადმე წასვლას ვგეგმავ ინიციატორიც მე ვარ და იქამდე ვუწუხებ ხალხს გულს, სანამ მინიმუმ 5 კაცი არ შეიკრიბება ჩემი სანაცნობოდან, ამას მოსდევს ის, რომ მგზავრობის პერიოდში მუდმივი დისკომფორტი მაქვს რამე ისე თუ არ არის... ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა არავინ შევაწუხე და მე და ჩემი დის მეგობარი დიანა გავუდექით გზას, შესაბამისაც ტურიც ძალიან მშვიდი, ჩემი ემოციებისთვის ნაკლებ დამღლელი და ნაკლებად ნერვიული აღმოჩნდა

3 ფიქრი: არ არსებობს ტაო-კლარჯეთში მოგზაურობამ არ დაგიტოვოს უკმაყოფილობის  განცდა, ეს ე.წ. დაუკმაყოფილებლობა დიდ მანძილზე გაბნეული მრავალი სანახაობით და დროის სიმცირითაა გამოწვეული, დაბრუნებულს აუცილებლად დაგწყდება გული, რომ რაღაც მაინც გამოგრჩა

4.... მოგზაურობისას მუდმივად გეფიქრება დღევანდელ უსუსურობაზე, იმაზე როგორ შეეძლო ასაკოვან მოღვაწეს ეს რთულად დასაძლევი გზა ერთი ტაძრიდან მეორემდე დღეების განმავლობაში გაევლო, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში (ძირითადში ეს ადგილი უდაბნოს წარმოადგენს) და შიშით ვერც კი ავლებ პარალელს დღევანდელობასთან.

გეფიქრება უამრავზე, ყველაზე, ყველაფერზე, აწმყოზე წარსულზე, მომავალზე, რომელიც თუ არ შეიცვალა აღარაფერს დაუტოვებს შემდგომ თაობებს და ეს ფიქრები იმდენია, რომ მათ გადააზრებას უაზრობად მიიჩნევ და მიუხედავად უზომო დაღლილობისა მაინც ხელიდან არ უშვებ აპარატს, იმ აზრით რომ შეძლო შენი ნანახი მარტო შენში კი არ დაიტოვო რამე ფორმით სხვასაც გადასცე..............



:უჰუ:

მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობ, ასეთი რამ არასდროს დამმართნია, არა ლოდინის მომენტი როგორ არ მქონია, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. ეტყობა შენს სისხლს და ხორცს რომ ეხება სხვანაირად განიცდი ყველაფერს.

სულ ტელეფონს დავყურებ და შიში კიდევ უფრო მიძლიერდება, რა იქნება, როგორ იქნება. არ მინდა ის წუთი გამომეპაროს, როცა ტელეფონი დარეკავს და მეტყვიან ჩქარა დაიწყოო... იმასაც ვგრძნობ რა რეაქცია მექნება და გული როგორ შემეკუმშება ნერვიულობით. ისე ვარ თითქოს მე მჭირს ეს ყველაფერი და მე უნდა გადავიტანო მის მაგივრად....... თავს ვარწმუნებ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, აბა რაააა.

გელოდებით, გელოდებით, შენ ხომ პირველი იქნები და ყველაზე საყვარელი ყველას შორის:)

განა მაგაზეა, მარა მაინც......

არ მიყვარს :

როცა იდეალებს მინგრევენ, ისინი ხომ ისედაც ცოტაა ჩემში.....

როცა წამზომიან შუქნიშანთან ვდგავარ და ვხედავ თვალსა და ხელს შუა, როგორ გადის ჩემი ცხოვრების ერთი წუთი უაზროდ... არადა ასეთი უაზრო რამდენი გავიდა და გავა კიდევ, მარა მაინც

როცა (ვ)იწყებ(თ) დღეების თვლას, რომ ხელფასამდე მოხერხდეს დარჩენილი ფინანსების გადანაწილება......

დილის ცხრა საათზე იმაზე ფიქრს, როდის მოვა საღამოს 6 საათი, რომ აქედან გააღწიო....
 
როცა ცხოვრება იძულებულს მხდის დავგეგმო და ამ გეგმის მიხედვით ვიცხოვრო....
 


კიდევ??? იმდენი რამე არ მიყვარს....... ეჰ

არა რა კოშმარი....

ამ ბლოგს  ვკითხულობდი და უცბად ისეთ ფრაზას წავაწყდი რაზეც დიდი ხანია მინდა ვთქვა: "სამი სიზმარი დავითვალე, რომელიც ზამთარშიც კი ოფლში გაწურულს მაღვიძებს" (გოგი გვახარია).
ერთს დავამატებ მხოლოდ სამივე ბავშვობიდან მეორედება და სამწუხაროდ დამოკიდებულება არ მეცვლება. აქ მხოლოდ ერთზე შევჩერდები......

ეს ეხება კონკრეტულად ჟინვალჰესს. მის გასწვრივ ძალიან ხშირად მიწევს მოგზაურობა, მაგრამ ვერაფრით დავთრგუნე ჟინვალჰესის შიში, სავარაუდოდ აქედან მოდის ჩემი აკვაფობია. არ მინდა ჩემი ცხოვრება ოდესმე, თუნდაც საუკუნის მერე მის ფსკერზე დასრულდეს. აქვე; ერთხელ ამ შიშის დასაძლევად ისიც ვქენი, რომ მის ელექტროსადგურს ვესტუმრე, ბევრმა არ იცის ალბათ იქვე არსებობს ორიგინალური შენობა, ჩადიხარ დაახლოებით 17 სართულით ქვევით, მაგრამ რა, არც არაფერი.......

პ.ს სამწუხაროდ დანარჩენი ორიც წყალთანაა დაკავშირებული.......

ა-ჰ

მეზარები, მაგრამ იყოს მაინც.........

უკვე რამდენიმე წელია ვაფიქსირებ, რომ ჩემი როგორც პიროვნების ”შეტოკება” რეალურად წელიწადში ერთხელ ხდება......

ღამის 23:59 წუთი.....

მოლოდინი, ქცეული გაუსაძლისად....

გაჩერებული დროის შეგრძნება....

გაყურსული გარემო........

ბევრი ხალხი ერთი რამისთვის შეკრებილი.........

უკვე დასრულებული სამზადისის პერიოდი......

და ზუსტად შუაღამის 12 საათზე, იქ ფარდის მიღმა შემართული სანთლიანი ხელი და

ჩემი, შენი, ჩვენი, სხვისი და ზოგადად, მოძღვრის მიერ ჩახლეჩილი ხმით დაწყებული გალობა ”აღდგომაასა შენსა.....”

წამიერად ხვდები როგორ დაგიარა ჟრუანტელმა და იქვე იწყებ ახალ მოლოდინს.......

ყველაფერი კი იწყება ზუსტად შვიდი კვირით ადრე.......

ჯერ მძიმე, პრინციპში გადასიებული სულისთვის და სხეულისთვის ძალიან მძიმედ და ძნელად შესაგუებელი  ერთი კვირა......

შემდეგ კვირა კვირას ისე მისდევს ბოლოსკენ აცნობიერებ და ხმამაღლაც აფიქსირებ ალბათ რა მალე გავიდაო ეს ყველაფერი......

ჩემს რეალობაში წელიწადის ერთი დღე, როცა იმდენ თევზს გეახლებით, რომ მეორე წლის დაახლოებით იგივე დროისთვის გამახსენდეს  კვლავ მისი არსებობა.......

იმის მცდელობა, რაც შეიძლება მეტჯერ მოასწრო სულის განწმენდა......

და დასასრულს, ისევ მძიმე, მაგრამ უკვე შეგუებული სულისთვის, მაგრამ არა სხეულისთვის.....

ბოლო კვირის ყოველი დღე ძალიან რთული და დატვირთული........

მთავარია შეებრძოლო და გადალახო........

პარასკევი--- საერთო მწუხარება, თავისთავად გეტირება მთელი დღე, მიზეზის გაცნობიერების გარეშე......

შაბათის განთიადი- ხვდები, რომ მეტი არ შეგიძლია და პირობას სდებ, თუნდაც ღამის 4 საათზე, შიო მღვიმეში, რომ მეორე წელს იგივეს არ იზავ, რადგან ძალიან გეძინება....

შაბათი- დაახლოებით 15 საათი.... ერთი ფიქრით შეძრული- თუ არ გადმოვიდა რა გვეშველება და იქვე აძლიერებ ლოცვას... რამდენიმე წამიც და............. ე.ი. კიდევ ერთ წელს იბრუნებს, თუნდაც გადახრილ მდგომარეობაში.........

იგივე საღამო და ის მოლოდინი, რაც თავში აღვნიშნე........

გამოძინების ორი დღე და ახალი წლის რეალური, ალბათ მიზნობრივიც დასაწყისი.......


ქრისტე აღსდგა!!!!!

პოსტი რომელიც წაკითხვად არ ღირს........

ვიწყებ ხმამაღალ ფიქრს:

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე კვირის წინ ფილმი 2012 ვნახე, წინა პოსტში ამ ფილმს სრული სისულელე ვუწოდე, მაგრამ ნახვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეც დამთრგუნა, და არამარტო დამთრგუნა ფიქრიც კი დამაწყებინა. რათქმაუნდა სრულად ვაცნობიერებ ფილმის არარეალობას, მაგრამ აქვე ერთვება ჩემი არაცნობიერი და წამიერად მახსენდება ისეთი ცნებები, როგორიცაა, ”მეორედ მოსვლა”, ”აპოკალიფსი”, ”ქვეყნიერების დასასრული” და ა.შ. ერთი რამ ფაქტია. ქრისტეს აღდგომიდან მოდის ეს ფრაზები და კაციშვილმა არ იცის როდის, მაგრამ როგორც ყველა მეტნაკლებად მორწმუნე და ეკლესიურ ადამიანს მეც მჯერა რომ მეორედ მოსვლა იქნება. ერთი რამ ფაქტია ადამიანები ამ ცნებებს მარტო ტერმინების დონეზე განვიხილავთ და რეალურად არ ვუფიქრდებით რა შეიძლება იყოს ნაგულისხმები ახალ აღთქმაში ნათქვამი მეორედ მოსვლის ქვეშ. ამ საკითხზე ჩემი ჩაფიქრება რამდენიმე კვირის წინ მომხდარმა სასტიკმა მიწისძვრებმა და გახშირებულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა გამოიწვია, ამ ამბებმა იმდენად შემზარა, რომ კიდევ ერთხელ დავინახე რა სუსტი ვარ და რა ურწმუნო.მთელი კვირა გამოსავლის ძიებაში გავატარე ფარულად რათქმაუნდა და იმ დასკვნამდეც კი მივედი ივერიის გაბრწყინება იმედია ზეციურში არ მოხდება   . მოკლედ სანამ ყველას დასაცინი გავმხდარვარ აქ ვწყვეტ ჩემს ფილოსოფიას და უაზრო ფიქრს, მითუმეტეს მაშინ როცა წინ იმდენი კარგი რამე მელის, თუ რა ეს შემდეგ ჩანაწერებში გამოჩნდება  

კიარადაარაკი

შურიან ადამიანად ნამდვილად არ ვთვლი საკუთარ თავს (პრინციპში არც ირგვლივმყოფნი მიმიჩნევენ ასეთად, თორემ ამის შენიშვნა არ გაუჭირდებოდათ), მაგრამ ბოლო ხანებია აშკარად ვიჭერ საკუთარ თავს შურის გარკვეული სახის გამოხატულებაში. ალბათ მართლა არსებობს ამ უკანასკნელის შავი და თეთრი გამოვლინება. მე ჩემს თავთან მომართებაში თეთრ შურს განვიხილავდი. საქმე იმაშია, რომ ამ რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ჩემს სატელიტზე აღმოვაჩინე ერთი რუსული არხი სახელწოდებით ”Моя планета”. ამ აღმოჩენამ კი გამოიწვია ის რომ მე და ბებიაჩემი დასვენების დღეებში მინიმუმ ორ ქვეყანაში ვმოგზაურობთ გადაცემის წამყვანთან ერთად და ამ ქვეყნების კულტურასა თუ ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს დაწვრილებით ვეცნობით. ჩემი ბოდიალისა და წანწალისადმი მიდრეკილება ნაცნობებისთვის ახალი ამბავი არ უნდა იყოს, მაგრამ შურის მომენტი ტყუილად არ მიხსენებია. სანამ საქართველოს ძირითად ნაწილს შემოვივლიდი ცხადი გახლდათ ჩემი მიზნები და შედარებით ადვილად განხორციელებადი. ეხლა ვისი მშურს იცით, (ალბათ კარგია რომ ვაღიარებ მაინც): იმ ადამიანების ვინც მოახერხებენ ამ ტურით ისარგებლონ, იმ ჟურნალისტების, ვისაც შეუძლიათ საქმის პარალელურად უამრავი რამ ნახონ და ვისი გამკვირვებია??? მათი ვისაც ეს სფერო საერთოდ არ აინტერესებს.........


უსათაურო

არა ეს 2შაბათი მძიმე სულაც არ არის. ჩვეულებისამებრ დატვირთულია საქმით და ემოციებით......  ყველიერის კვირა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კვირაში ძალიან ბევრი რამის მოსწრებას ვაპირებ. არადა ეს წვრილ–წვრილი რაღაცეები იმდენია დროს ვერ ვანაწილებ. დილიდან დავიწყე იმაზე ფიქრი როდის რა გავაკეთო, მაგრამ რაღაც დრო არ მყოფნის ვხვდები და ამიტომ მთელი დღეა ცოტა არეულივით ვარ. არადა ეს ის წვრილმანებია, რაც მარხვაში არ მინდა ვაკეთო და დროის გადაწევად კი არ მიღირს. ვნახოთ აბა კვირის ბოლომდე რამდენს გავაპლიუსებ. ჯერ მარტო მოქმედებათა ჩამონათვალს ვაზუსტებ და არ მინდა რამე გამომრჩეს, ან ისე არ აღმოჩნდეს რომ სადღაც ჩავეწერე და მერე არ მივედი. ნუ მოკლედ ვნახოთ რა იქნება  

ხო კიდევ, დღე ოცნებების აგებით დავიწყეთ, მე და ბაბისამ ვირტუალურად რამდენიმე ქვეყანაში ვიმოგზაურეთ,ამ ბლოგმა ხომ  დილიდან საერთოდ მომისპო მუშაობის სურვილი.

ოცნებას კაცი არ მოუკლავს და თუ ეს ოცნება მშვენიერი რამაა იყოს რას მიშლის :)))

მოკრძალებული სალამი უბატონო ყმისგან




რამდენიმე დღის წინ გამახსენდა და დღეს ძლივს მოვაბი თავი:

 


 ეს ერთი შეხედვით უწყინარი წარწერიანი ფურცელი სრულიად ორიგინალური რამ გახლავთ. რამდენიმე წელია სახლში მიდევს და ვუფრთხილდები. ნაწერი მშვენივრად იშიფრება და შავით თეთრზე მკაფიოდ წერია, რომ ეს არის ქორწინების მოწმობა. მისი ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ შედგენილია 1914 წელს და ხელს აწერს იმ დროს დეკანოზი და შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე . როგორც ამ მოწმობიდან ვადგენთ ეს ქორწინება შედგა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში თავად ირაკლი ჩოლოყაშვილსა (22 წლის) და თამარ ხიმშიაშვილს შორის (22 წლის). მეჯვარეები გახლდნენ ქალის მხრიდან:  ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი  და ვლადიმერ აბაშიძე. ნეფის მხრიდან: ვახტანგ ამილახვარი და ჯიბრაილ ყანჩელი.

ეს დოკუმენტი რამდენიმე წლის წინ ძველ სამსახურში მუშაობისას ერთმა თანამშრომელმა მანახა, თავისი წინაპრებისაა, თავადური შთამომავლობის ლორთქიფანიძეს მარტო ამის დედნის სახლში არსებობა ეყოფა საამაყოდ.არ ვიტყვი ბევრი წვალება დამჭირდა ასლის მოსაპოვებლადთქო. გავრცელების უფლებაც უყოყმანოდ მომცა. ასე რომ................. არც არაფერი  

კინომანია

კინოში ორ შემთხვევაში დავდივარ: როცა კარგი მულტფილმი გადის ანდა თუ ახალ ქართულ ფილმს უჩვენებენ.

რაც ასაკი მემატება, რომ გითხრათ მულტფილმებისადმი ინტერესს ვკარგავთქო მოგატყუებთ, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და ვინმე ახლობელი ბავშვის გარეშე მაინც მეუხერხულება კინოში მულტიკებზე სიარული, ამიტომ ინტერნეტის გამომგონებელი გულში რამდენჯერ დამილოცავს ხომ ვერ მოვთვლი


სულ სხვა შემთხვევაა ახალი ქართული კინო. შემიძლია ვთქვა რომ ზეიმი მაქვს, და ეს ზეიმები ამ ბოლო დროს ნამდვილად გამიხშირდა. 2 კვირაში ერთხელ ახალი ფილმი ჩნდება ეკრანებზე. სულ ვფიქრობ სად იყო ეს ხალხი აქამდე, ფაქტია, რომ მარტო სახელმწიფო არ უნდა ზრუნავდეს მათ დაფინანსებაზე. ხანდახან მგონია, რომ ფილმის გადაღება მოდაშიც შემოვიდა. (კინოს მიმართ ეს ტერმინი ალბათ მიუღებელია, მარა მართლა ასეა). ისე ხარისხს რაც შეეხება, მე მაინც იმ ადამიანების რიგში გავატარებ საკუთარ თავს, ვინც თვლის, რომ სულ არარაობას სჯობს ბევრი შეიქმნას და იქ რამდენიმე კარგი მაინც გამოერევა. ერთ-ერთი ასეთი ”კარგი” ბოლო წლებში გადაღებულ ფილმებს შორის ”სამი სახლია” (ჩემი სუბიექტური აზრით), ეს ფილმი სანატრელად მექცა, კარგად იცავენ საავტორო უფლებებს მისი ავტორები, თორემ აქამდე აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო.  ”გაღმა ნაპირი”, ”მემკვიდრეობა” და კიდევ სხვები.

ამ პოსტის დაწერა გუშინ ნანახმა ფილმმა ”ომი და ქორწილი” გადამაწყვეტინა, აქვე დავწერ რომ ფილმის დასაწყისში კიდევ ორი მოსალოდნელი პრემიერა დააანონსეს, რაც მართლა ძალიან მახარებს. თვითონ ფილმზე ჩემი მოსაზრება ვასასის ბლოგზე ნაწილობრივ აისახა, ამიტომ  აღარ განვმეორდები და აქ კლიკეთ მაუსს ერთადერთი დისკომფორტი კამერის დიდი დოზით მოძრაობამ შემიქმნა, თუმცა აქვე დავწერ, რომ ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ უფრო მძაფრად შეგვეგრძნო მოვლენები. კიდევ: ფილმში ორი თვითმფრინავის ჩამოვარდნაა ასახული, ომის რეალური შედეგი რომ არ მცოდნოდა, ვიფიქრებდი ეს ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ. ვასასის არ იყოს ისე გამიმძაფრდა და განმიახლდა ფილმის ნახვის შემდეგ ეს ტკივილი, გულის მოტრიალებას მთელი საღამო უშედეგოდ ვცდილობდი.

აქვე ერთი დეტალი:  სეანსს კინო ამირანის მცირე დარბაზში დავესწარით, სადაც სულ 10 კაცი იჯდა ჩვენი ჩათვლით, მაშინ როცა ახალ ფილმ ”ავატარი”-ზე, რომლის ჩვენებასაც კინოთეატრები 28-დან იწყებენ სამი დღის ბილეთები წინასწარ ყოფილა გაყიდული. ნუ რას ვიზამთ. 2012-ის არ იყოს, იმ ხალხს ვინც ეს ფილმი მარტო სპეცეფექტების გამო კი არ ნახა, არამედ დაიჯერა, რომ  თითქმის 3 წელში ფილმში ნანახი სიუჟეტი რეალობად იქცევა დავამშვიდებ და ვთხოვ, ბიბლიის იმ ნაწილს გადახედოს, სადაც წარღვნაზეა მოთხრობილი, თავის ბოლოში მშვენიერი ფრაზა წერია: ”ერთი წელიწადი დაჰყო ნოემ კიდობანში და გამოვიდა მეორე წლის თავს. მაშინვე ნოემ სამადლობელი მსხვერპლი შესწირა უფალსა. ღმერთმა კეთილად მიიღო მსხვერპლი და აღუთქვა, რომ ამის შემდეგ წარღვნას აღარასოდეს მოავლენდა. ამ აღთქმის აღსრულების ნიშნად უჩვენა მას ცაში შვიდფეროვანი ცისარტყელა.”