ეეეჰ.....

ღმერთო რა ცუდია ხანდახან ეს ცხოვრებათქო, გულში გამაფიქრდა დაიაურის ტრავმის წარმოდგენაზე და იქვე დამკრა აზრმა, სულ ამ ცხოვრების რომ ვადანაშაულებთ ყველაფერში, რა იქნებოდა იმ დღეს მძღოლს ეფიქრა თავის ოთხი თვის შვილზე, მაშინ როცა ნასვამი, ან როგორც ხეობებს სჩვევიათ ღრეობიდან გადამთვრალი საჭესთან ჯდებოდა. რა იქნებოდა მანქანაში მსხდომ სხვა პირებს პროტესტი გამოეხატათ, მაშინ როცა მძღოლი დაძალებით ეტანებოდა  შემოთავაზებულ სასმელს. მაგრამ მათ, მთის შვილებს, ალბათ აზრადაც არ მოუვიდათ, რომ თავისი მხარე, მიწა, რომელიც მართლაცდა ამ თითო-ოროლა ადამიანის აქტიურობით ცოცხლობს, ასე გაწირავდა და ამხელა ტრაგედიას დაატეხდა თავს..


ალბათ ბევრი დაიწყებს იმაზე ფიქრს ნეტა რა ცოდვა ედო გელას ასეთი, ამხელა მსხვერპლი რომ ითხოვა მისგან ღმერთმაო;

მეორენი ალბათ სხვა მხრიდან განიხილავენ ამ საკითხს და იფიქრებენ, ღმერთს ჰყვარებია გელა და ამ ჯვარსაც  გადაიტანს ვაჟკაცურადო....

მე შარშან ამ დროს ვიყავი შატილში და ამ 2 დღიანი გასვლის ყველაზე ნათელ წერტილად მუცოს კოშკზე გელა დაიაურის ნამღერი, მის მიერვე მოყოლილი ბავშვობის მოგონებები, სამშობლოს სიყვარულით ანთებული მისი პოეზია და ხალიასიანი იუმორი მახსენდება....

მეორედაც ვგეგმავ იქ ჩასვლას კი კიდევ მრავალჯერ, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ის ცივი შატილი ასეთი შეუვალის განწყობა რომ დატოვა მაშინ ჩემში ერთადერთი სახემხიარული მასპინძლის გარეშე როგორი ასატანი გახდება......

აბააააა....

მახსოვს მთელი ბავშვობა მიკვირდა ადამიანს ასაკს რატომ ეკითხებიან, მთავარია მისი ჯანმრთელობა იკითხონთქო....

ისიც მახსოვს ცხოვრების ყველა ეტაპზე განვიცდიდი, რომ ესა თუ ის პროცესი მეც შემეხებოდა გარკვეული დროის განმავლობაში....... ეტყობა კარგად ვაცნობიერებდი, რომ მეც ადამიანი ვარ და სხვას რაც მოსდის იგივე ერთ დღეს შეიძლება მეც დამემართოს.....

ეს დღეებია ჩემი ეს ბავშვობისდროინდელი აზრები მახსენდება, ალბათ იმიტომ, რომ მათმა უმრავლესობამ განხორციელება იწყო....

ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იციან, რომ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც ხშირად სტუმრობს ექიმებს (ხშირად რა, თითქმის არასდროს), ეს ალბათ იმის დამსახურებაცაა, რომ ოჯახში და გარემოცვაში ამ პროფესიის წარმომადგენლები მრავლად არიან და ალბათ გარკვეულ პროცესებს ჩანასახშივე ასპობენ. რეალურად კი ჯანსაღ ცხოვრების წესს მივყვები და ყველანაირად ვცდილობ არც საკუთარ თავს და არც ირგვლივ მყოფებს ნერვები არ ვუშალო....

ეს ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ კარგად ვაცნობიერებ ასაკის მატებასთან ერთად გარკვეული  პროფილაკტიკური სახის გამოკვლევები დროდადრო აუცილებელია და ერთ-ერთზე გიამბობთ...

ბოლო დღეებში ჩემი გახშირებული თავბრუსხვევებით თავმობეზრებულმა გადავწყვიტე კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის მიმემართა და ყველა შესაძლო ეჭვი გამომერიცხა....

ყოველთვის მიკვირდა დედაჩემთან კარდიოგრამის გადასაღებად მოსულ ადამიანებს რატომ ეშინოდათ ამ უწყინარი დანადგარის, მაგრამ იგივე მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდი შინაგანი აფორიაქება შევატყვე საკუთარ თავს......

პროცედურა იმდენად საშიში არა, რამდენადაც ძალიან დამღლელია.. გაუნძრევლად წოლა ერთ მდგომარეობაში დაახლოებით 15 წუთის მანძილზე და საოცარი ხმები, გარდამავალი ერთი ელექტრონული მელოდიიდან მეორეში (ისე ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს კარგ იდეებს გაუღვიძებდა ერთი ასეთი დასხივება). პერსონალს ეტყობა კარგად ესმის ეს ხმა რა  გულისგამაწვრილებელია და თავისმხრივ ცდილობს კარგი კომპოზიციით გაგიმასპინძლდეს, რომელიც მხოლოდ შუალედებში აღწევს შენამდე და მთლიანობაში მისი აღქმა უბრალოდ ჭირს. შენ კი წევხარ ასე თვალებგაფართოებული და იმის შიშით იქვე არ ჩაგეძინოს გასართობს ეძებ, არჩევანი კი იმდენად მწირია, იძულებული ხდები ექიმის თვალებს უყურო დაბურულ მინაში, იქნებ მის მიმიკებში მაინც გაარჩიო, რას ხედავს იმწუთას შენს ტვინში........



პ.ს. დასკვნა ბანალური, ეს ხომ ისედაც ვიცოდიო რომ იტყვი: ”წადი დაისვენე, კარგად გამოიძინე და ყველაფერი მწყობრში მოვა” 

ძალიან მნიშვნელოვანი.......

ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელობანი მოვლენები იმდენად იშვიათადღა ხდება, რომ ყველა სიახლე უკვე მნიშვნელოვნად იქცევა ხოლმე. ამ პოსტს ვწერ იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს საეკლესიო მსახურებისას მცხეთის სამთავროს დედათა მოსანტერში ასეთი ინფორმაცია გაჭღერდა: ოქტომბრის თვეში სვეტიცხოველში აღევლინება  მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მოვლენა მირონის მოხარშვა.

ცოტა უფრო დაწვრილებით:

მირონი მცენარეული, სურნელოვანი ზეთია, მას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს და გამოიყენება მხოლოდ (!!!) ნათლობის, ტაძრისა და წმინდა ტრაპეზის კურთხევის და მეფედ კურთხევის დროს.  ანუ  რიგითი ადამიანი თავის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ -  ნათლობისას იცხებს მირონს. თავდაპირველად ეს პროცესი ხორციელდებოდა მხოლოდ მაღალი რანგის სასურიერო პირების მიერ, დროთა განმავლობაში მირონცხების უფლება (ალბათ ძირითადად ნათლობისას) მიეცათ მღვდლის ხარისხში მყოფ სასულიერო მოღვაწეებს.

ვილკიპედიის მიხედვით: გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმინდა მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში იმ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმელი, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვა).

ჩემი მხრივ დავამატებ, რომ ამას ემატება გაძლიერებული ლოცვა.

თვითონ მოვლენა მირონის მოხარშვა ხდება, მხოლოდ იმ ეკლესიებში, რომელსაც ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) გააჩნია. ამჟამად ჩვენს სამყაროში არსებობს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია და საქართველო მათ ჩამონათვალში მეცხრე ადგილას იმყოფება.

მცირედი ისტორია: ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი 1811 წელს ავტოკეფალია გააუქმა. მას შემდეგ რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს სცნო.

და სწორეს ამის შემდეგ  საქართველოში, იქ სადაც ამ მოვლენას დიდი ისტორია აქვს, (ჯერ კიდევ ტაოში მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი ისტორიის თანახმად ხანძთის მონასტერში აღასრულებდა მირონხარშვას:) მეც მქონდა ბედნიერება 1995 წელს სვეტიცხოველში მიმდინარე მოვლენებს დავსწრებოდი, ეს იყო უდიდესი ზეიმი, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ მრავალწლიანი რუსული მორჩილების შემდეგ  დაიბრუნა თავისი უფლებები და მაშინ როცა ხალხი ჯერ კიდევ ძალიან ნაკლებად იყო გარკვეული რწმენაში მირონხარშვის რამდენიმე დღე დიდ ზეიმად გადააქცია.

დღეს როცა ყველას გვაქვს ცოტა თუ ბევრი პრეტენზია ჩვენს რწმენით ცხოვრების შესახებ, ვისაც გინდათ მოწოდებად ჩამითვალეთ ერთ-ერთ უდიდეს მადლად შეიწირება მცირედიც კი გაღებული ყველას ოჯახის მიერ, რათა ერთად მოხდეს მირონკურთხევა საქართველოში, მოვლენა, რომელიც მართლაცდა ღმერთმა იცის კიდევ როდის განმეორდება.........


წასვლის ამბავში.........

ცხოვრება გარკვეული სახის დინამიკაა, ეს მოძრაობა რომ არ არსებობდეს აბა რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას.....

მე ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ მჯერა, რომ ჩვენ ყველა ამ ეპოქას ვქმნით, ცალკ–ცალკე და ყველა ერთად. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მაინც ვქმნით ისეთს, როგორიც შეგვიძლია. მერე რა რომ საერთოდ არ ვჩანვართ. ცუდი პარალელი: არსებობს ჩარხი, რომელიც ძირითად საქმეს აკეთებს, მაგრამ რომ არ არსებობდეს ჭანჭიკი, ის ხომ ვერ შეასრულებდა თავის მოვალეობას. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ უბრალო ჭანჭიკები ვართ, რაღაც განსხვავებით, ხან გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება, ხან უბრალოდ გასამჯელო გვამოძრავებს და ა.შ.

ცხოვრება როდის ირყევა იცი შენს გარშემო??? როცა რაღაც ისეთი ხდება რასაც არ ელი, უბრალოდ სიურპრიზია, უკეთეს შემთხვევაში დადებითი გამოხატულებით, უარეს შემთხვევაში კი უარყოფითი სახით. ხან ვერც ხვდები რა არის იმ კონკრეტულ შემთხვევაში უკეთესი ან უარესი, ამასაც დრო აჩვენებს..........

ისე ჩემი ცხოვრება მაჩვენებს, რომ რისკი და იმაზე დადებითი პასუხის მიცემა, რისი მომავალიც ბუნდოვანია უფრო ამართლებს, ვიდრე ბევრი ფიქრი და წინასწარი გათვლები...

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს......

ვასასის მადლობა დაtagისთვის და ვიწყებ ჩემი ხუთი სისუსტის ჩამოთვლას....

პრინციპში წინა პოსტებში მეწერა ამ ყველაფერზე, უბრალოდ აქ ერთიანად მოვუყრი თავს...


1. მოგზაურობა, კარავი, აფრენა–დაფრენა, ექსტრემი, და უბრალოდ ბოდიალი ტყე–ღრეში



2. ძალიან მარტივად, ქართული ფოლკლორი


3. კითხვა, ოღონდ არა ყველაფრის



4. ოპერა, თეატრი, ქართული კინო, მუზეუმები და მოკლედ კულტ. ამბები



5. და ბოლოს მიყვარს ყველაფერი ის, რაც და ვინც ბედნიერს გამხდის კონკრეტულ დღეს (მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს)




ჩემი მხრივ თემის გაგრძელებას ვთხოვ ეკას, მაკას  და კესოს.

გზად აყოლილი ფიქრები....

18 ივნისის დილის 5 საათი....

მაღვიძარას ხმაზე გაღვიძებულმა ერთი კი გავიფიქრე მოდი ”დავიკიდებ” ამ მოგზაურობას და ძილს გავაგრძელებთქო, მაგრამ არც ასე ადვილადაა საქმე....

ტაო-კლარჯეთში პირველად შარშან ზუსტად ამ დროს მოვხვდი, სრულიად შემთხვევით და ისე მოვიარე ძალიან მცირე ნაწილი (თან საზღვრებს იქით ეს ჩემი პირველი გადასვლა იყო) ბევრი არაფერი გამიგია.... წელს კი ეს ყველაფერი წინასწარ დავგეგმე, შევათანხმე ყველა დეტალი და ასე გავუდექი გზას........

ამ პოსტის სათაური უჩვეულო სულაც არ არის, თუ წარმოვიდგენთ რომ სამი დღე გზაში გავატარე და წამოფიქრების საშუალებაც მხოლოდ ტრანსპორტში მეძლეოდა. ამ ფიქრებს კი ასოციაციები იწვევს ხოლმე ჩემში, ის ასოციაციები, რომლებიც საიდან მოდიან ხშირად ვერც ვაცნობიერებ.........

1 ფიქრი: მთელი გზა გამყვებოდა ის აზრი, რომ სახლში დაბრუნებული აუცილებლად წავიკითხავდი ხელახლა გიორგი მერჩულეს  გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას.  ხელახლა იმიტომ რომ სკოლის ასაკში დაზეპირებული წიგნი რეალობაში აღმოჩნდა რომ საერთოდ არ მახსოვდა.....

2 ფიქრი: სამი დღე სიტუაციიდან გამომდინარე ერთ აზრზე ვერ შევჯერდი, საქმე იმაშია რომ ძირითადად თუ სადმე წასვლას ვგეგმავ ინიციატორიც მე ვარ და იქამდე ვუწუხებ ხალხს გულს, სანამ მინიმუმ 5 კაცი არ შეიკრიბება ჩემი სანაცნობოდან, ამას მოსდევს ის, რომ მგზავრობის პერიოდში მუდმივი დისკომფორტი მაქვს რამე ისე თუ არ არის... ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა არავინ შევაწუხე და მე და ჩემი დის მეგობარი დიანა გავუდექით გზას, შესაბამისაც ტურიც ძალიან მშვიდი, ჩემი ემოციებისთვის ნაკლებ დამღლელი და ნაკლებად ნერვიული აღმოჩნდა

3 ფიქრი: არ არსებობს ტაო-კლარჯეთში მოგზაურობამ არ დაგიტოვოს უკმაყოფილობის  განცდა, ეს ე.წ. დაუკმაყოფილებლობა დიდ მანძილზე გაბნეული მრავალი სანახაობით და დროის სიმცირითაა გამოწვეული, დაბრუნებულს აუცილებლად დაგწყდება გული, რომ რაღაც მაინც გამოგრჩა

4.... მოგზაურობისას მუდმივად გეფიქრება დღევანდელ უსუსურობაზე, იმაზე როგორ შეეძლო ასაკოვან მოღვაწეს ეს რთულად დასაძლევი გზა ერთი ტაძრიდან მეორემდე დღეების განმავლობაში გაევლო, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში (ძირითადში ეს ადგილი უდაბნოს წარმოადგენს) და შიშით ვერც კი ავლებ პარალელს დღევანდელობასთან.

გეფიქრება უამრავზე, ყველაზე, ყველაფერზე, აწმყოზე წარსულზე, მომავალზე, რომელიც თუ არ შეიცვალა აღარაფერს დაუტოვებს შემდგომ თაობებს და ეს ფიქრები იმდენია, რომ მათ გადააზრებას უაზრობად მიიჩნევ და მიუხედავად უზომო დაღლილობისა მაინც ხელიდან არ უშვებ აპარატს, იმ აზრით რომ შეძლო შენი ნანახი მარტო შენში კი არ დაიტოვო რამე ფორმით სხვასაც გადასცე..............



მათხოვრობა, როგორც პროფესია და ხელობა...

ჩემი ყოფის ყველა ეტაპზე მახსოვს თბილისში მათხოვრები, მათი რიცხვი ქვეყანაში მიმდინარე ამბების პარალელურად იზრდებოდა ან ძალიან იზრდებოდა, პრინციპში შემცირების ტენდენცია არც ყოფილა არასდროს.

ყველაზე ადრეული მოგონებიდან ვიტყვი, მახსოვს კისლავოდსკში ვისვენებდი (სადღაც 4–5 წლის ვიქნებოდი), საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცი ქალი ამოვიდა, ხელგამოშვერილი და არავინ მიაქცია ყურადღება მის თხოვნას, დავინტერესდი ვინ იყო ეს ადამიანი და მშობლებმა ამიხსნეს (ახლა არ ვიცი როგორაა მაგ მხრივ საქმე, მაგრამ იმდროინდელ რუსეთში ნამდვილად უარყოფით საქციელად ითვლებოდა ეს და ქართველების გარდა არავინ ეხმარებოდა მათ), ახლაც მახსოვს იმ მოხუცის სახე, როგორი დამორცხვილი და უსუსური იყო.

დღევანდელ საქართველოში კი საქმე სულ სხვანაირადაა... რეაქციაც შესაბამისად ცვალებადია, ახალი სახე ყოველთვის შეცოდებას იწვევს, რამდენიმე დღის მერე ეს სახე უკვე ყოველდღიურობა ხდება და მისი სიმორცხვეც თანდათან სითამამეში გადადის, სითამამე კი ბოლოს იმდენად თავხედობაში, რომ ერთ დღეს შენი საკუთარი მობილიდან დარეკვასაც გთხოვს და იმდენს იჭორავებს, სადღაც სოფელში მონატრებულ ნათესავთან, რომ არც გაახსენდება ვიღაც რომ ადგას თავზე.... ან იგივე "გაჭირვებულ–დაუძლურებული" მოხუცი აუცილებლად შეგხვდება ქალაქგარეთ რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე ფულის კეთებით დაკავებული......

არა პრობლემა არაა.... არაა კი არა არის, ძალიან დიდი პრობლემაა, მათხოვარი, ადამიანი ამ გაგებით ალბათ იმიტომ შექმნა ღმერთმა, რომ ჩვენ რიგით ადამიანებს ვისაც მათზე შედარებით მეტი გვაქვს, სიკეთის კეთების საშუალება მოგვეცეს, მაგრამ არც ის ვარგა, რაზეც ზემოთ დავწერე, რადგან მიჩნდება მათ ნაკლებზე საუბრის სურვილი, ე.ი. ჩემს მიერ გაწეული მოწყალება სიკეთედ აღარ ითვლება და პირიქით უარყოფით განწყობას მიყალიბებს ამ ადამიანების მიმართ...........