გზად აყოლილი ფიქრები....

18 ივნისის დილის 5 საათი....

მაღვიძარას ხმაზე გაღვიძებულმა ერთი კი გავიფიქრე მოდი ”დავიკიდებ” ამ მოგზაურობას და ძილს გავაგრძელებთქო, მაგრამ არც ასე ადვილადაა საქმე....

ტაო-კლარჯეთში პირველად შარშან ზუსტად ამ დროს მოვხვდი, სრულიად შემთხვევით და ისე მოვიარე ძალიან მცირე ნაწილი (თან საზღვრებს იქით ეს ჩემი პირველი გადასვლა იყო) ბევრი არაფერი გამიგია.... წელს კი ეს ყველაფერი წინასწარ დავგეგმე, შევათანხმე ყველა დეტალი და ასე გავუდექი გზას........

ამ პოსტის სათაური უჩვეულო სულაც არ არის, თუ წარმოვიდგენთ რომ სამი დღე გზაში გავატარე და წამოფიქრების საშუალებაც მხოლოდ ტრანსპორტში მეძლეოდა. ამ ფიქრებს კი ასოციაციები იწვევს ხოლმე ჩემში, ის ასოციაციები, რომლებიც საიდან მოდიან ხშირად ვერც ვაცნობიერებ.........

1 ფიქრი: მთელი გზა გამყვებოდა ის აზრი, რომ სახლში დაბრუნებული აუცილებლად წავიკითხავდი ხელახლა გიორგი მერჩულეს  გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას.  ხელახლა იმიტომ რომ სკოლის ასაკში დაზეპირებული წიგნი რეალობაში აღმოჩნდა რომ საერთოდ არ მახსოვდა.....

2 ფიქრი: სამი დღე სიტუაციიდან გამომდინარე ერთ აზრზე ვერ შევჯერდი, საქმე იმაშია რომ ძირითადად თუ სადმე წასვლას ვგეგმავ ინიციატორიც მე ვარ და იქამდე ვუწუხებ ხალხს გულს, სანამ მინიმუმ 5 კაცი არ შეიკრიბება ჩემი სანაცნობოდან, ამას მოსდევს ის, რომ მგზავრობის პერიოდში მუდმივი დისკომფორტი მაქვს რამე ისე თუ არ არის... ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა არავინ შევაწუხე და მე და ჩემი დის მეგობარი დიანა გავუდექით გზას, შესაბამისაც ტურიც ძალიან მშვიდი, ჩემი ემოციებისთვის ნაკლებ დამღლელი და ნაკლებად ნერვიული აღმოჩნდა

3 ფიქრი: არ არსებობს ტაო-კლარჯეთში მოგზაურობამ არ დაგიტოვოს უკმაყოფილობის  განცდა, ეს ე.წ. დაუკმაყოფილებლობა დიდ მანძილზე გაბნეული მრავალი სანახაობით და დროის სიმცირითაა გამოწვეული, დაბრუნებულს აუცილებლად დაგწყდება გული, რომ რაღაც მაინც გამოგრჩა

4.... მოგზაურობისას მუდმივად გეფიქრება დღევანდელ უსუსურობაზე, იმაზე როგორ შეეძლო ასაკოვან მოღვაწეს ეს რთულად დასაძლევი გზა ერთი ტაძრიდან მეორემდე დღეების განმავლობაში გაევლო, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში (ძირითადში ეს ადგილი უდაბნოს წარმოადგენს) და შიშით ვერც კი ავლებ პარალელს დღევანდელობასთან.

გეფიქრება უამრავზე, ყველაზე, ყველაფერზე, აწმყოზე წარსულზე, მომავალზე, რომელიც თუ არ შეიცვალა აღარაფერს დაუტოვებს შემდგომ თაობებს და ეს ფიქრები იმდენია, რომ მათ გადააზრებას უაზრობად მიიჩნევ და მიუხედავად უზომო დაღლილობისა მაინც ხელიდან არ უშვებ აპარატს, იმ აზრით რომ შეძლო შენი ნანახი მარტო შენში კი არ დაიტოვო რამე ფორმით სხვასაც გადასცე..............



მათხოვრობა, როგორც პროფესია და ხელობა...

ჩემი ყოფის ყველა ეტაპზე მახსოვს თბილისში მათხოვრები, მათი რიცხვი ქვეყანაში მიმდინარე ამბების პარალელურად იზრდებოდა ან ძალიან იზრდებოდა, პრინციპში შემცირების ტენდენცია არც ყოფილა არასდროს.

ყველაზე ადრეული მოგონებიდან ვიტყვი, მახსოვს კისლავოდსკში ვისვენებდი (სადღაც 4–5 წლის ვიქნებოდი), საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცი ქალი ამოვიდა, ხელგამოშვერილი და არავინ მიაქცია ყურადღება მის თხოვნას, დავინტერესდი ვინ იყო ეს ადამიანი და მშობლებმა ამიხსნეს (ახლა არ ვიცი როგორაა მაგ მხრივ საქმე, მაგრამ იმდროინდელ რუსეთში ნამდვილად უარყოფით საქციელად ითვლებოდა ეს და ქართველების გარდა არავინ ეხმარებოდა მათ), ახლაც მახსოვს იმ მოხუცის სახე, როგორი დამორცხვილი და უსუსური იყო.

დღევანდელ საქართველოში კი საქმე სულ სხვანაირადაა... რეაქციაც შესაბამისად ცვალებადია, ახალი სახე ყოველთვის შეცოდებას იწვევს, რამდენიმე დღის მერე ეს სახე უკვე ყოველდღიურობა ხდება და მისი სიმორცხვეც თანდათან სითამამეში გადადის, სითამამე კი ბოლოს იმდენად თავხედობაში, რომ ერთ დღეს შენი საკუთარი მობილიდან დარეკვასაც გთხოვს და იმდენს იჭორავებს, სადღაც სოფელში მონატრებულ ნათესავთან, რომ არც გაახსენდება ვიღაც რომ ადგას თავზე.... ან იგივე "გაჭირვებულ–დაუძლურებული" მოხუცი აუცილებლად შეგხვდება ქალაქგარეთ რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე ფულის კეთებით დაკავებული......

არა პრობლემა არაა.... არაა კი არა არის, ძალიან დიდი პრობლემაა, მათხოვარი, ადამიანი ამ გაგებით ალბათ იმიტომ შექმნა ღმერთმა, რომ ჩვენ რიგით ადამიანებს ვისაც მათზე შედარებით მეტი გვაქვს, სიკეთის კეთების საშუალება მოგვეცეს, მაგრამ არც ის ვარგა, რაზეც ზემოთ დავწერე, რადგან მიჩნდება მათ ნაკლებზე საუბრის სურვილი, ე.ი. ჩემს მიერ გაწეული მოწყალება სიკეთედ აღარ ითვლება და პირიქით უარყოფით განწყობას მიყალიბებს ამ ადამიანების მიმართ...........

:*

რამდენიმე დღის წინ ჩემმა იდეინმა დამ მე–ხათომ სრული სერიოზულობით იკითხა, თუკი არსებობს ასეთი გამოთქმა "უბედურება დამატყდა თავსო", ნეტა როგორი იქნება ბედნიერების თავზე დატყდომაო :))) ამის მერე მეც ბევრი ვიფიქრე იგივე საკითხზე (ჩუმად რათქმაუნდა) და ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ამ ტერმინთან ახლოს მოსულიყო. პრინციპში მაშინ საუბარი მასების მასიურ ბედნიერებაზე გვქონდა და დასკვნის გამოტანა ამიტომ გაგვიჭირდა...



თუკი გავასუბიექტურებ, ალბათ ბედნიერება მაშინ გატყდება თავს როცა რამდენიმე კარგი (შენთვის სასურველი) ამბავი ერთად ახდება და იმდენად სწრაფად მიდის ეს პროცესი, რომ გაცნობიერებას ვეღარ ახერხებ, იმის გაცნობიერებას რომელი ერთი გიხაროდეს :)

ვკარგავთ და ვერ ვიბრუნებთ

ხვალ ტაოში მივდივარ, საკუთარი თავზე დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ  ბოლო ემოცია ყოველთვის აჭარბებს ხოლმე წინას და ყოველივე ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მეწერინება უკვე ერთი კვირაა (ალბათ ინფორმაციის გადახარშვა და დაწყობა გამიჭირდა), შევეცდები რამეს მოვაბა თავი. როგორც წინა პოსტში ვწერდი ე.წ. წანწალის სეზონი გავხსენი და აწი რაღა გამაჩერებს ერთ ადგილას.

ისტორიულ საინგილოში, იგივე ჰერეთში ჩვენი მოგზაურობა იმითაა გამორჩეული, რომ გარკვეულწილად პირველი მერცხლები ვიყავით, ვინც გადადგა ნაბიჯი და მასშტაბური დათვალიერება მოაწყო იმ მხარის. ქურმუხის წმ. გიორგი, ეს სახელი ალბათ ბევრს გეცნობათ, შეიძლება გიორგობის დღესასწაულზე საზღვარი მის მოსალოცადაც გადაგილახავთ, მაგრამ მეეჭვება სხვა დანარჩენი რაც იმ მხარეშია, მრავალი ძალიან ბევრთა შორის გენახოთ,

დავიწყოთ თავიდან....

დღე მზიანი, ძალიან ცხელი, აი ისეთი როგორც კახეთს შეეფერება.....

ლაგოდეხის საზღვარი და უკვე აზერბაიჯანის მიწაზე ხარ.... ეს ისე ოფიციალურად...



ჩემი პირველი შეშფოთება იქვე დავაფიქსირე, როცა სრული წარმოსადეგობით თათარმა ადამიანმა ინგლისურად მომიკითხა, როგორ ხარო, და პასუხად იქვე მიპასუხა, ქართული რად უნდა ვიცოდე, მაშინ როცა ინგლისური ენა საერთაშორისოაო... ეჭვი მაქვს, თანაც საფუძვლიანი იმ ადამიანმა how are you-ს გარდა რამე ინგლისურის იცოდეს, მარა რას ვიზავთ......

თვალშისაცემი გარემოება...

ადმინისტრაციული ცენტრი კახი ლაგოდეხიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარეობს, როგორც ზევით აღვნიშნე ვერაფრით განასხვავებ კახეთის რომელიმე სოფლისგან, მაგრამ მთავრობას აშკარად უზრუნვია გზები კეთილმოეწყო და ყვავილებით გაეფორმებინა, ასევე თვალშისაცემია ე.წ. ”დალმატინელის” კედელი, რომელიც მთელს გზას მიჰყვება და ძალიან დიდი მცდელობა აქვს გადაფაროს, ისტორიული, თამარის დროინდელი გალავანი, რომელიც თავის დროზე თელავიდან კასპიის ზღვამდე ყოფილა გადაჭიმული.....





გზად ყველგან სადაც კი შეიძლება (სახლის მინაზე, ანძაზე, ბანერზე და ა.შ) გამოჭიმულია ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტის სახე ყველანაირ ფორმასა თუ პოზაში



საერთოდ ყველაფერი რაც კარგი გვაქვს თამარის სახელს უკავშირდება და მითუმეტეს კახეთში  (ბებიაჩემის სოფელი ”ვეჯინი” მახსენდება, ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ თამარს ამ ადგილას შეუსვენია და მოგვიანებით უთქვამს ამ ადგილზე ”აქ ვეჯინეო”), საინგილოშიც თუ რამე ისტორიულია შემონახული, ძეგლი თუ უბრალო ნაგებობა ყველაფერი თამარის სახელთანაა დაკავშირებული, ისე რა გასაკვირია, თუ ისტორიას გადავხედავთ........

მოგზაურობისას გაგვარკვიეს, რომ მოსახლეობის 90% ქართველია, მათთან კონტაქტისას მიხვდები, რომ ისინი სულაც არ არიან ”ჭოროხის შვილების” მსგავსნი. უფრო მეტიც, უპრობლემოდ გადმოდიან საზღვარზე, განათლებას იღებენ თბილისში და ერთი შეხედვით  რომ არა ეს ”ლაგოდეხის საზღვარი”, ჩვეულებრივი ქართველები არიან, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით, რეალურად?????

რეალურად ხდება ის, რომ მათ სასწავლო წიგნებშია მოცემული: თბილისი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ქალაქია და მთელი საქართველო მათი შემადგენლობიდან გასული ნაწილია, რომელიც ”ცუდი” მეფეების წყალობით თავს ესხმის აგერ უკვე საუკუნეებია და ავიწროებს, თამარ მეფე  უკაცრავად გამოთქმისთვის და ”ბოზია” რომელიც უამრავი ქმრებისა და საყვარლების გარემოცვაში ცხოვრობდა და მოკლედ, ყველა ქართველი მათი აშკარა თუ ფარული მტერია.

ეს ყველაფერი მაშინ, როცა ზემოთხსენებული ქურმუხის წმ. გიორგი გარეგნულად ლამაზი წითელი აგურითაა შემოსილი და რაღაც მომენტში ძალიან ჰგავს გრემის ტაძარს (კახეთის მხარეში ჩემი დაკვირვებით ყველა ტაძარი ერთნაირი სტილითაა ნაშენები), ეს გარეგნულად, ინტერიერი კი ისეა განადგურებული, თუ ვინმემ არ მიაქცია ყურადღება ოშკის ტაძარი ალბათ მოგონება იქნება.....


ეს მაშინ, როცა ლექარტის უნიკალური  სამონასტრო კომპლექსი, მათი თქმით საბანაო ადგილს წარმოადგენდა თავის დროზე და ყოფილ  თუ მოქმედი პოლიციელის მონათხრობს რომ დაუჯერო მშვენიერ ზღაპარს გაიგებ მობანავე ქალზე და მის ზედამხედველ ადამიანზე.....

და კიდევ ერთხელ ეს მაშინ, როცა ალბათ ბევრ ქვეყანას არ აქვს ასეთი  ”დროში გაქვავებული” უნიკალური სამაროვანი (დაახლ.500 წლის),  რომელიც იდეაში ვედრებას, ხელაპყრობილს გამოხატავს, მაგრამ რა გადის დრო და ისევე იკარგება მისი ისტორია, როგორც ამ ქვების ქვეშ მოქცეული ადამიანების.... (დიდი გამოკითხვის მიუხედავად ადგილობრივებისგან ვერ შევიტყვეთ ვერანაირი ინფორმაცია მის შესახებ)


ეს ყველაფერი ხდება იქ სადაც 90% ქართველია და სადაც ელემენტარულად მეჩეთიც კი არ აქვთ რომ ილოცონ (თათრები ხომ თავიანთი მორწმუნეობით არიან ცნობილნი) და აქვე იმასაც არ ახარებენ რაც რეალურად მათში დევს.. შეშინებული ადგილობრივი ქართველი სამარშუტოში შემოიკეტება და ჩუმად, ოღონდ სხვამ არ შეამჩნიოს აგიხსნის გაჭირვებით ან ვერც აგიხსნის, რომელიმე ისტორიული ძეგლის ადგილმდებარეობას......

აქვე აღვნიშნავ, ეს არის მხარე, რომლის ლექსიკონშიც არ დევს სიტყვა ”სტუმართმასპინძელი”......

შინ დაბრუნებული დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ ამ მხარეში დაბრუნება უბრალოდ არასდროს მომინდებოდა..... ამის გასამართლებლად არაკომფორტული ყოფა და ძლიერი სიცხე დავასახელე (სხვათაშორის მსგავსი სურვილი პირველად გამიჩნდა), ალბათ იგივე მიზეზით არ მქონდა სურვილი ამ თემაზე თუნდაც ბლოგზე დამეწერა რამე, მაგრამ თანდათან ვაცნობიერებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა დავბრუნდები, ბევრთან ერთად და თან არაერთხელ.............

:უჰუ:

მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობ, ასეთი რამ არასდროს დამმართნია, არა ლოდინის მომენტი როგორ არ მქონია, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. ეტყობა შენს სისხლს და ხორცს რომ ეხება სხვანაირად განიცდი ყველაფერს.

სულ ტელეფონს დავყურებ და შიში კიდევ უფრო მიძლიერდება, რა იქნება, როგორ იქნება. არ მინდა ის წუთი გამომეპაროს, როცა ტელეფონი დარეკავს და მეტყვიან ჩქარა დაიწყოო... იმასაც ვგრძნობ რა რეაქცია მექნება და გული როგორ შემეკუმშება ნერვიულობით. ისე ვარ თითქოს მე მჭირს ეს ყველაფერი და მე უნდა გადავიტანო მის მაგივრად....... თავს ვარწმუნებ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, აბა რაააა.

გელოდებით, გელოდებით, შენ ხომ პირველი იქნები და ყველაზე საყვარელი ყველას შორის:)

ვინ არ აგორდება, ვინ არ ავარდება...........

სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს მშვენიერი ტერმინი “აფილაცია”, სანამ მას განვმარტავდე მინდა ვივარაუდო, რომ ადამს ევა იმიტომ გაუჩინა ღმერთმა, რომ მოწყენილი არ ყოფილიყო ეს პირველი, შესაბამისად აქედან უნდა ვიფიქროთ, რომ არა ბევრი ადამიანი ჩვენს ირგვლივ ძალიან ცუდად წავიდოდა ჩვენი საქმე. ალბათ თავის დროზე ევამ ამოწურა ადამი და ამიტომ შეუჩნდა ეშმაკი ის ეკეთებინა, რაც აკრძალული ჰქონდა (ეს ისე ჩემი მკრეხელური მოსაზრებაა). ალბათ ამიტომაცაა დაშვებული, რომ ერთი ადამიანი არ გყოფნის საურთიერთობოდ. კარგი ქართული ანდაზა მახსენდება “რაც მეტი ნაცნობ-მეგობარი გყავს, მით მეტი კაცი ხარო” და ამ გამონათქვამს მთელი გულით ვეთანხმები, რაც შეეხება ზემოთხსენებულ აფილაციას - ”ახალი კონტაქტი, კავშირი; მისი ქვეტექსტი ყოველთვის პოზიტიურია, აფილაცია ასოცირებულია თანამშრომლობასთან, კომპანიონობასთან, სიყვარულთან; და ადამიანის ერთ-ერთი საბაზო მოთხოვნილებაა”- (ასე განმარტავს ენციკლოპედია). ასე რომ პირველი არ ვარ ვინც ეს თქვა....


ამ პოსტის დაწერა ერთმა ტენდენციამ გადამაწყვეტინა, ბოლო ხანებია ხშირად მესმის ადამიანების გამორჩევა საცხოვრებელი ადგილის, წარმომავლობისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით. სნობიზმი ალბათ კიდევ სულ სხვა რამეა, მაგრამ მერწმუნეთ ეს სნობიზმზე უარესი მოვლენაა....... არა გენაცვალეეეეეთ, რა მნიშვნელობა აქვს ქალაქშია გაზრდილ-დაბადებული თუ სადმე განაპირა სოფელში, მთაში თუ ბარში კარგი ადამიანი კარგია ყველგან და ის სადღაც მიუსავალში გაზრდილი შეიძლება შენზე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ეს მაშინ, როცა შენ ე.წ ცენტრში მაცხოვრებელი იმით ამაყობ, რომელ მაღაზიაში იპრანჭები, ან საღამოს რომელ ღამის კლუბს სტუმრობ და ამის იქით უბრალოდ ინტელექტს უჭირს...


პრეტენზია არაფერზე მაქვს, უბრალოდ გამოცდილებამ, ბევრმა მოგზაურობამ სხვადასხვა კატეგორიის ხალხთან და ბევრ სხვადასხვა გაგების ადამიანთან კონტაქტმა მაჩვენა რომ ისე არ ხდება ცხოვრებაში როგორც ე.წ. "ასფალტზე ამოსულები" ფიქრობენ, უფრო მეტიც მეცოდებით ხანდახან იმ აზროვნების გამო, რომ დღეს სადმე ქორწილში ვერ ადგებით საცეკვაოდ რადგან თქვენს მეგობრებს იმაზე უფრო ძვირიანი კაბა აცვიათ ვიდრე თქვენ; შეგრცხვებათ იმის გამო, რომ თქვენი ნათესავი ქალაქურ ცხოვრებას კარგად არ იცნობს და კიდევ ვინ მოსთვის რა.......


 კარგად მესმის, რომ ცხოვრება გამოუცნობი რამ არის და ყველაფერს აქვს თავისი ავიც და კარგიც, უბრალოდ ხანდახან ძალიან სასაცილოები ვხდებით ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა შორიდან, ცივი თვალით ვუყურებთ ამ ყველაფერს............


განა მაგაზეა, მარა მაინც......

არ მიყვარს :

როცა იდეალებს მინგრევენ, ისინი ხომ ისედაც ცოტაა ჩემში.....

როცა წამზომიან შუქნიშანთან ვდგავარ და ვხედავ თვალსა და ხელს შუა, როგორ გადის ჩემი ცხოვრების ერთი წუთი უაზროდ... არადა ასეთი უაზრო რამდენი გავიდა და გავა კიდევ, მარა მაინც

როცა (ვ)იწყებ(თ) დღეების თვლას, რომ ხელფასამდე მოხერხდეს დარჩენილი ფინანსების გადანაწილება......

დილის ცხრა საათზე იმაზე ფიქრს, როდის მოვა საღამოს 6 საათი, რომ აქედან გააღწიო....
 
როცა ცხოვრება იძულებულს მხდის დავგეგმო და ამ გეგმის მიხედვით ვიცხოვრო....
 


კიდევ??? იმდენი რამე არ მიყვარს....... ეჰ