:უჰუ:

მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობ, ასეთი რამ არასდროს დამმართნია, არა ლოდინის მომენტი როგორ არ მქონია, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. ეტყობა შენს სისხლს და ხორცს რომ ეხება სხვანაირად განიცდი ყველაფერს.

სულ ტელეფონს დავყურებ და შიში კიდევ უფრო მიძლიერდება, რა იქნება, როგორ იქნება. არ მინდა ის წუთი გამომეპაროს, როცა ტელეფონი დარეკავს და მეტყვიან ჩქარა დაიწყოო... იმასაც ვგრძნობ რა რეაქცია მექნება და გული როგორ შემეკუმშება ნერვიულობით. ისე ვარ თითქოს მე მჭირს ეს ყველაფერი და მე უნდა გადავიტანო მის მაგივრად....... თავს ვარწმუნებ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, აბა რაააა.

გელოდებით, გელოდებით, შენ ხომ პირველი იქნები და ყველაზე საყვარელი ყველას შორის:)

ვინ არ აგორდება, ვინ არ ავარდება...........

სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს მშვენიერი ტერმინი “აფილაცია”, სანამ მას განვმარტავდე მინდა ვივარაუდო, რომ ადამს ევა იმიტომ გაუჩინა ღმერთმა, რომ მოწყენილი არ ყოფილიყო ეს პირველი, შესაბამისად აქედან უნდა ვიფიქროთ, რომ არა ბევრი ადამიანი ჩვენს ირგვლივ ძალიან ცუდად წავიდოდა ჩვენი საქმე. ალბათ თავის დროზე ევამ ამოწურა ადამი და ამიტომ შეუჩნდა ეშმაკი ის ეკეთებინა, რაც აკრძალული ჰქონდა (ეს ისე ჩემი მკრეხელური მოსაზრებაა). ალბათ ამიტომაცაა დაშვებული, რომ ერთი ადამიანი არ გყოფნის საურთიერთობოდ. კარგი ქართული ანდაზა მახსენდება “რაც მეტი ნაცნობ-მეგობარი გყავს, მით მეტი კაცი ხარო” და ამ გამონათქვამს მთელი გულით ვეთანხმები, რაც შეეხება ზემოთხსენებულ აფილაციას - ”ახალი კონტაქტი, კავშირი; მისი ქვეტექსტი ყოველთვის პოზიტიურია, აფილაცია ასოცირებულია თანამშრომლობასთან, კომპანიონობასთან, სიყვარულთან; და ადამიანის ერთ-ერთი საბაზო მოთხოვნილებაა”- (ასე განმარტავს ენციკლოპედია). ასე რომ პირველი არ ვარ ვინც ეს თქვა....


ამ პოსტის დაწერა ერთმა ტენდენციამ გადამაწყვეტინა, ბოლო ხანებია ხშირად მესმის ადამიანების გამორჩევა საცხოვრებელი ადგილის, წარმომავლობისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით. სნობიზმი ალბათ კიდევ სულ სხვა რამეა, მაგრამ მერწმუნეთ ეს სნობიზმზე უარესი მოვლენაა....... არა გენაცვალეეეეეთ, რა მნიშვნელობა აქვს ქალაქშია გაზრდილ-დაბადებული თუ სადმე განაპირა სოფელში, მთაში თუ ბარში კარგი ადამიანი კარგია ყველგან და ის სადღაც მიუსავალში გაზრდილი შეიძლება შენზე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ეს მაშინ, როცა შენ ე.წ ცენტრში მაცხოვრებელი იმით ამაყობ, რომელ მაღაზიაში იპრანჭები, ან საღამოს რომელ ღამის კლუბს სტუმრობ და ამის იქით უბრალოდ ინტელექტს უჭირს...


პრეტენზია არაფერზე მაქვს, უბრალოდ გამოცდილებამ, ბევრმა მოგზაურობამ სხვადასხვა კატეგორიის ხალხთან და ბევრ სხვადასხვა გაგების ადამიანთან კონტაქტმა მაჩვენა რომ ისე არ ხდება ცხოვრებაში როგორც ე.წ. "ასფალტზე ამოსულები" ფიქრობენ, უფრო მეტიც მეცოდებით ხანდახან იმ აზროვნების გამო, რომ დღეს სადმე ქორწილში ვერ ადგებით საცეკვაოდ რადგან თქვენს მეგობრებს იმაზე უფრო ძვირიანი კაბა აცვიათ ვიდრე თქვენ; შეგრცხვებათ იმის გამო, რომ თქვენი ნათესავი ქალაქურ ცხოვრებას კარგად არ იცნობს და კიდევ ვინ მოსთვის რა.......


 კარგად მესმის, რომ ცხოვრება გამოუცნობი რამ არის და ყველაფერს აქვს თავისი ავიც და კარგიც, უბრალოდ ხანდახან ძალიან სასაცილოები ვხდებით ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა შორიდან, ცივი თვალით ვუყურებთ ამ ყველაფერს............


განა მაგაზეა, მარა მაინც......

არ მიყვარს :

როცა იდეალებს მინგრევენ, ისინი ხომ ისედაც ცოტაა ჩემში.....

როცა წამზომიან შუქნიშანთან ვდგავარ და ვხედავ თვალსა და ხელს შუა, როგორ გადის ჩემი ცხოვრების ერთი წუთი უაზროდ... არადა ასეთი უაზრო რამდენი გავიდა და გავა კიდევ, მარა მაინც

როცა (ვ)იწყებ(თ) დღეების თვლას, რომ ხელფასამდე მოხერხდეს დარჩენილი ფინანსების გადანაწილება......

დილის ცხრა საათზე იმაზე ფიქრს, როდის მოვა საღამოს 6 საათი, რომ აქედან გააღწიო....
 
როცა ცხოვრება იძულებულს მხდის დავგეგმო და ამ გეგმის მიხედვით ვიცხოვრო....
 


კიდევ??? იმდენი რამე არ მიყვარს....... ეჰ

მშვიდობით ორიათასმეათე გაზაფხულო

მოძველებული ფრაზაა, მაგრამ მაინც, როგორც იქნა ნავსი გავტეხე. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ქალაქს გავცდი და ის ვქენი რაც ამ ეტაპზე ყველაზე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა რომ ეს მოგზაურობაც სხვა დანარჩენების მსგავსად ეჭვქვეშ იყო, მაინც მოვახერხეთ...............

მაშინ როცა ქვეყანის ერთი ნაწილი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ხოლო მეორე ოპოზიციის აქციებისკენ მიიჩქარის მშვენიერი ალტერნატივაა მლეთისკენ აიღო გეზი...

ლომისის წმინდა გიორგობა  ეკლესიურ მოძრავ დღესასწაულებს შორის ერთ–ერთია. იგი აუცილებლად ემთხვევა სულთმოფენიობის პირველივე ოთხშაბათს და შესაბამისად პეტრე–პავლობის მარხვის დაწყების წინა კვირაში აღინიშნება. ეს თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მთის დღესასწაულად და შესაბამისად მისი აღნიშვნაც ისევე ხდება, როგორც მთას სჩვევია.

თვითონ  ტაძრის ისტორიას ჩემზე უკეთ ეს ბმული გაგაცნობთ.

ვისაც გადახედვა დაგეზარებათ, მოკლედ გეტყვით, რომ არსებობს ორი ტაძარი, ქვემო და ზემო მლეთა, პირველი ტრასაზევეა, სანამ გუდაურის აღმართს შეუდგები, მეორეს რომ მიაღწიო, საკმაოდ დიდი გარჯა დაგჭირდება და კიდევ უფრო დიდი რწმენა იმისა რომ შენ შეძლებ. ადვილი არაა დაახლოებით შვიდი კილომეტრი დაკიდებულ აღმართზე იარო თოვლში, ქარში ტალახში, მზეში, ქვიან–ბალახიანზე და იქიდან მშვიდობით დაბრუნებულმა მეორე დღეს დამწვრობის იარები მოიშუშო.

კიდევ უფრო რთულია ძლივს ასულმა იმ რიგს გაუძლო, რაც ამ დღეს ეკლესიის შესასვლელში ხდება.

ძალიან გასახარია, რომ ბოლო წლებში ბერებმა დაისადგურეს ამ ადგილას, როგორც ვიცი საკმაოდ შევიწროებული ჰყავს მოსახლეობას, რომელთათვისაც ლომისობა ცხვრის დაკვლასთან ასოცირდება და გუშინ არაგვი ნამდვილად წითელი მოდიოდა.


ჩვენ გვინდა გქონდეთ თბილი სახლი..........

ერთ–ერთი ადამიანი იმ მცირედთაგან,  ვიზეც შეუძლია ქართულმა საზოგადოებამ თქვას, რომ ძალიან მაგარია და ამაზე არც დაეჭვდეს პაატა ბურჭულაძეა. რატომ კითხვის დასმაც არაა საჭირო, იმდენად ბევრი პასუხია ამ რატომზე.

ბევრი ადამიანი ვიცით ვინც ეწევა ქველმოქმედებას, ზოგი ამ ყველაფერს უბრალოდ თავისი ადამიანური მოთხოვნილებით აკეთებს და ძალიან მისასალმებელია, მათი სახელი ყოველთვის უცნობი იქნება ჩვენთვის, მაგრამ მათი  გაკეთებული სიკეთე, რომ ისე არ დარჩება, ეს ხომ ისედაც ცხადია.

უფრო ხშირად ვხვდებით ისეთი კატეგორიას, რომელიც აფიშირებისთვის აკეთებს ამ ყველაფერს და კეთილი საქმე მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებით ახსენდება, უბრალოდ ქულების ასამაღლებლად სჭირდება და სხვა არაფერი ყრია მასში, მაგრამ ერთი დადებითი აქაც არის: ასეთ დროს თუ გამოსტყუებ რამეს ამ ხალხს, თორემ ისე რას უნდა ელოდო.

რაც შეეხება პირველხსენებულს, აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: იდეა სრულიად განსაზღვრული, სფერი და მიზანი ძალიან ცხადი და რაც ყველაზე დასაფასებელია, საქმე კეთდება არა ერთი კაცის სახელით, არამედ მთელი მოსახლეობის მცირედი შენაწირით.

ჩვენი ვეფხისტყაოსანი

ალბათ ყველა ერს აქვს რაღაც საამაყო და ის განსაკუთრებული, რაც მხოლოდ მისია და სხვა ვერ მიითვისებს. "განსაკუთრებული" ეს ცნება პირობითი სულაც არაა და მართლა მაგარია ქართული ენა რომ მასში არსებობს ისეთი სიტყვები, რომელიც მარტო მას ახასიათებს და თავიც რომ მოიკლა სხვა ენაზე მის გადათარგმნას კი არა გამოხატვასაც ვერ შეძლებ. ახლადგარდაცვლილი მუხრან მაჭავარიანი მახსენდება ერთ–ერთ ლექსში ამბობს ".. მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა"–ო.

რამდენიმე კვირის წინ ჟან შარდენის ამ მოგონებას ვკითხულობდი და პროტესტი გამიჩნდა, რა დამსახურებით ჰქვია ქვეყნის ერთ–ერთ ცნობილ ქუჩას ამ ადამიანის გვარი... (წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ)

პოსტის სათაურმა არ დაგაბნიოთ, ცხადია თავს უფლებას არ მივცემ ვეფხისტყაოსნის იდეალურობაზე მე გამოვთქვა რამე აზრი.

უბრალოდ, კიდევ ერთ დაკარგულ ტრადიციაზე მინდა გიამბოთ.  ცნობილია რომ საუკუნეების მანძილზე ვეფხისტყაოსანი ხელიდან ხელში გადადიოდა, რომ არ დაკარგულიყო, ხალხი მასიურად ზეპირად სწავლობდა, რომ შემოსევების დროს მისი კვალი არ გამქრალიყო, წარმოიდგინეთ რამხელა შრომაა, როცა მას წერდნენ და ასე ამრავლებდნენ. არაა გამორიცხული საუკუნეების მანძილზე მისი ტექსტი შეცვლილიყო, ვინმეს თავის გემოზე გადაეკეთებინა და ის სულაც არ გავდეს პირვანდელს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ძირითადი იდეა არანაირად არ დაიკარგებოდა და თუნდაც იმ სახით რაც დღესაა ძალიან მაგარია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ დაკარგული ტრადიცია აღგვედგინა და ჩვენს სანათესაოში (აქ საუბარია დეიდაშვილ, მამიდაშვილ, ბიძაშვილებზე) ახალოჯახშექმნილი ადამიანისთვის საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი" მიგვეძღვნა.  ეს ამბავი ამწუთას იმიტომ გავიხსენე, რომ ჩვენ 9 დან მესამეს ელის ეს ძვირფასი (აუცილებლად მოოქროვილი) წიგნი თავისი იუმორგაჯერებული  წერილით და ისე გვიხარია ყველას ენით გამოხატვა ჭირს....

პ.ს. თუ მოგვბაძავთ იდეის მოპარვაში არ ჩაგითვლით, პირიქით გაგვიხარდებაა:)))

არა რა კოშმარი....

ამ ბლოგს  ვკითხულობდი და უცბად ისეთ ფრაზას წავაწყდი რაზეც დიდი ხანია მინდა ვთქვა: "სამი სიზმარი დავითვალე, რომელიც ზამთარშიც კი ოფლში გაწურულს მაღვიძებს" (გოგი გვახარია).
ერთს დავამატებ მხოლოდ სამივე ბავშვობიდან მეორედება და სამწუხაროდ დამოკიდებულება არ მეცვლება. აქ მხოლოდ ერთზე შევჩერდები......

ეს ეხება კონკრეტულად ჟინვალჰესს. მის გასწვრივ ძალიან ხშირად მიწევს მოგზაურობა, მაგრამ ვერაფრით დავთრგუნე ჟინვალჰესის შიში, სავარაუდოდ აქედან მოდის ჩემი აკვაფობია. არ მინდა ჩემი ცხოვრება ოდესმე, თუნდაც საუკუნის მერე მის ფსკერზე დასრულდეს. აქვე; ერთხელ ამ შიშის დასაძლევად ისიც ვქენი, რომ მის ელექტროსადგურს ვესტუმრე, ბევრმა არ იცის ალბათ იქვე არსებობს ორიგინალური შენობა, ჩადიხარ დაახლოებით 17 სართულით ქვევით, მაგრამ რა, არც არაფერი.......

პ.ს სამწუხაროდ დანარჩენი ორიც წყალთანაა დაკავშირებული.......