ტრაპზონში გაჭრილები


ანუ  ნაწილი პირველი  ”შეკვეთილი პოსტი”


ალბათ გადამეტებული ემოციების ბრალია, რომ ორი დღეა უშედეგოდ ვცდილობ რამე დავწერო. ვასასის დაჟინებული მოთხოვნა რომ არა კიდევ კარგა ხნით გადავდებდი ამ ამბავს, მაგრამ რადგან გავხსენი სუფთა ფურცელი ე.ი. ვიწყებ,  აქვე ვაღიარებ რომ პოსტს ამ ლინკის გავლენაც აუცილებლად ექნება.

თითქმის ერთი თვეა ველოდები........

ეს ერთი თვე არ მიფიქრია ამ საკითხზე, რადგან დაკვირვებული ვარ, როცა რაღაცაზე ვფიქრობ ის ამბავი არ გამოდის ხოლმე, ამიტომ თავი ვაიძულე ისეთი სახე მიმეღო თითქოს არაფერი არ ხდება. სპორტისადმი ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ასეთია: ვუყურებ ფეხბურთს, მიყვარს კალათბურთი, ვგულშემატკივრობ რაგბის. (სიტყვა ფანი შეგნებულად არ ვახსენე, იმიტომ რომ ჩემს ლექსიკონში ასეთი სიტყვა არაფრის და არავის მიმართ არ მოიძებნება).

დაახლოებით ერთი თვის წინ მივიღე ასეთი შემოთავაზება: რაგბი ხომ არ გვენახა ტრაპზონში... ეს ის უნიკალური შემთხვევა იყო, როცა პირველივე თქმაზე უარი არ ვტკიცე ადამიანს,. ალბათ იმ პერიოდის ჩემი ”გაჭედვის” დამსახურებაცაა, (რაღაცაზე გულის გადაყოლება მჭირდებოდა).

და ასე ბედნიერად, 18 მარტის საღამოს რვა საათზე აღმოვჩნდი ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის მოედანზე) და არა მარტო მე.

”ყველაფერი ავტობუსის რიგით დაიწყო, ღიმილი არ იყო დეფიციტში, არც დადებითი ემოცია, და არც ქართული ადამიანური კომუნიკაცია. მოკლედ დავიძარით, თბილისის გადახაზული ტრაფარეტი და ბოთლების გახნს ერთდროულად გამოვიდა სცენაზე” (ვსესხულობ ზემოთმოყვანილი ბმულიდან).

თავიდანვე პატრიოტული მუხტი მხარდასაჭერად დარიგებულმა ყელსახვევებმა და ხალხის დიდი ნაკადის შემართებამ გამოიწვია. ყველას გვიხაროდა, მართლა გვიხაროდა, ის კი არა რომ საზღვარს ვჭრიდით, თუმცა ჩვენში ბევრი იყო ისეთი, ვინც პირველად გადიოდა საზღვრებს გარეთ, არამედ გვიხაროდა გარანტირებული გამარჯვება, იმათზე ვინც წელიწად ნახევრის წინ ასეთი კოშმარი მოგვიწყო ჩვენსავე ქვეყანაში. გამარჯვება არა იარაღით, არამედ შემართებით, რაღაც ჟინით და მოკლედ გვიხაროდა ალბათ ერთად ყოფნა, მოუხედავად იმისა ვიცნობდით თუ არა ერთმანეთს. 

ალბათ არასდროს დაავიწყდება ტრაპზონს და არცერთ იქ მყოფ ქართველს ის ემოცია რაც ამ გამარჯვებამ გამოიწვია თითოეულში. თვითონ თამაშის ხარისხზე არაფერს ვიტყვი, ამაზე ანგარიშიც მეტყველებს (36-8), აუდიტორია იყო იმდენად მობილიზებული, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე რუსებისგან გაშვებული 3 ქულა შეიძლება იმ ტალღების ბრალი იყო, რომელმაც თვით ქართველი რაგბისტების ყურადღება მიიპყრო. ჩემს გვერდით მჯდომი თურქი პოლიციელი, რომელიც თამაშის დასაწყისში გულდასმით მთხოვდა თამაშის პრინციპების ახსნას, ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში იმდენად მოიხიბლა ტოლს არ მიდებდა ემოციების გამოხატვაში, თამაშის განმავლობაში წარმოშობილი რამდენიმე კონფლიქტური სიტუაცია თამამად შეიძლება ვთქვა, რომ აუდიტორიამ განმუხტა (ფაქტია ცემის საბაბი ორივე მხარეს ჰქონდა), აქვე აღვნიშნავ, რომ მოუხედავად მოლოდინისა 6 ათას კაციან სტადიონს რამდენიმე ასეული რუსი მაინც შეავსებდა, აღმოჩნდა რომ ამ მატჩს მხოლოდ ორი სლავი წარმოშობის ადამიანი ესწრებოდა.


ალბათ დიდი ხანი გამყვება ის ემოციაც რაც თამაშიდან გამოსულ, თბილისისკენ გაბრუნებულ მანქანების კოლონაში იგრძნობოდა.....შემართება იმდენად დიდი იყო ერთი წამით იდეამაც კი გამკრა პირდაპირ აფხაზეთისკენ ხომ არ აგვეღო გეზი.... 


დღის ლოგიკური გაგრძელება იყო ღამეც, ზემოთ ვახსენე, რომ ქართველების გაჭრა ტრაპზონში თურქებს დიდი ხანი არ დაავიწყდებათ, ამ აზრის გამოთქმის საშუალება რამდენიმე მომენტმა გამიჩინა: ქალაქი, რომელიც რამდენიმე წუთში გაცოცხლდა და რაღაცნაირად შეირყა, ქალაქი, რომელმაც თავის ისტორიაში ალბათ პირველად იმდენი მოგება ნახა ამ ორ დღეში (ფინანსური თვალსაზრისით), რამდენიც თავის არსებობის მანძილზე არ ღირსებია და ქალაქი, რომელმაც სულ მარტივად, იმ ღამეს ვერ დაიძინა ალკოჰოლით გაბრუებული ქართველების სიმღერისა და ცეკვა-გართობის გამო.......

გაგრძელება აუცილებლად იქნება 

ყოფნა წრუწუნჯან ყოფნააააა.....

რაღა დაგვრჩენია ამ უსწორმასწორო დედამიწაზე, გარდა იმისა, რომ ვისხდეთ და ვწეროთ, თავხედობა პიკს მაშინ აღწევს, თუ ეს უკანასკნელიც არ გეხერხება. არაუშავს ფიქრობ  იყოს მაინც და აგრძელებ..........


არადა რამდენი საინტერესო რამ ხდება ამ ქვეყანაზე. მაგალითად:

დღეს მთელმა სამყარომ გაიგო ამბავი He Ping Ping-ის გარდაცვალების შესახებ. ერთი შეხედვით ეს სახელი და გვარი არაფერ ახალს არ გვეუბნება, მე ყოველშემთხვევაში, მაგრამ საკმარისია სურათს შევხედოთ და........




ყველაფერი ალბათ უკვე ცხადია............


იმედი მაქვს იგივე მთელი მსოფლიო მოასწრებ გაიგოს, რომ საქართველოში, სოფელ საჩინოში დღესაც ცხოვრობს ადამიანი სახელად ანტისა ხვიჩავა, ამის განსაკუთრებულობა ისევ სურათებიდან......



ისე გამიგია ქართველებს ბევრი გვაქვს საამაყო, მაგრამ ეს ძირითადად ძველს ეხება, აგერ შანსი კიდევ ერთხელ გავაოცოთ სამყარო და რატომ აქამდე არ გამოვიყენეთ არ მესმის სიმართლე გითხრათ.........

თუშეთი

გარეთ წვიმს მთელი დღეა. მე კი მგონი ნოსტალგია შემომაწვა და უცებ მომინდა რამე დამეწერა და ეს რამე მაინცდამაინც თუშეთის შესახებ...........

ყველაფერი დაიწყო იდეით რომ შვებულება ერთად გაგვეტარებინა, თან ისეთ ადგილას სადაც დავისვენებდით და ცივილიზაციას მოვწყდებოდით, ოცნებებით ცხრა მთას იქით გადაკარგულებმა ბევრი არ ვიყოყმანეთ როცა თუშეთისკენ ავიღეთ გეზი. ცხრა არა მაგრამ სადღაც 20 მთაც იქით (მინიმუმ) მართლა აღმოვჩნდით. ამაღლება ხდება იმდენად, რომ ღრუბლები ქვევით რჩება, თუკი ოდესმე გინატრია ადამიანს გენახა რა ხდება ღრუბლებს ზემოთ, პირველად ეს გრძნობა მართლა თუშეთისკემ მიმავალ გზაზე დამეუფლა.

გზა საშიში, არა საშიში კი არადა ძალიან საშიში, შემზარავად საშიში. ამბავს გავუსწრებ: იქ ყოფნისას ამბავი მოვიდა მანქანა გადავარდაო, ჩვენ მიამიტად ვიკითხეთ ხომ გადარჩაო. ადგილობრივებმა მძიმე დუმილის შემდეგ.... გადავარდნა უკვე ფატალურს ნიშნავსო. აქვე მინდა ვთქვა რომ მთელი გზა ჩვენს მძღოლს რომ ვუყურებდი სულ ერთი ფიქრი გამდევდა, ნეტა ყოველთვის უმართლებთ??? ამ გზას ნამდვილად ჰქვია რისკი და რაღაცასთან ბრძოლა... გზა ნისლიანი, მუდამ სველი და რეალურად არარსებული გზა.........

:







                                     

ქვემო ალვანიდან დაახლოებით 7 საათი გჭირდება რომ ზემოთხსენებული 9 მთა გადაიარო და დასახლებულ პუნქტს მიაღწიო. იმდენად დიდ ადრენალინს გამოყოფ, რომ საერთოდ არ გახსენდება დრო რაც სიარულში გალიე. ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ გზადაგზა ულამაზესი სანახაობა გეშლება, დაღლა რა მოსატანია. სადღაც ალვანიდან დაახლოებით 2 საათის სავალზე თუ მძღოლმა გითხრა მოასწარი ხელი ან თავი გადაყავიო და ამ ყველაფრის შემდეგ თუ რამდენიმე წვეთი წყალი მაინც დაგეცა სხეულზე უკვე თუშად ინათლები და ამ ადგილიდან ჩათვალე რომ ნამდვილი თუ არა წარმოსახვითი თუში ხარ. აქვე არ გაგიკვირდეს თუ იმავე თანამგზავრმა უცბად არ გკითხოს, შემთხვევით ღორის ხორცისგან წარმოებული რაიმე ხომ არ გიდევს ჩანთაშიო. გაოცების გამოხატვა მაშინაც დიდი სულმდაბლობა იქნება თუ მის მოთხოვნაზე ან ყველაფერი ახლავე გაათავე ან არადა აქვე ხრამში გადაუძახეო პროტესტი რომ გამოხატო. აქაურებს სწამთ, რომ ღორი უწმინდურია და მისი ხსენებაც არ უნდათ მთიან თუშეთში, თორემ ალვანში გამოსაზამთრებლად დაბრუნებულები თავადაც მადიანად შეექცევიან მწვადებს.



გზად ერთი ადგილია, სადაც წყარო ჩამოდის და იქ არყით გზა რომ არ დაილოცო ესეც მასპინძლის უპატივცემულობად ჩაგეთვლებათ. მძღოლი თავადაც იღებს განსაზღვრულ დოზას და უფრო გახალისებული აგრძელებ გზას.



არ დაგავიწყდეთ უმაღლეს მწვერვალზე  ასვლამდე  გზად თითოეულმა რიყის ქვა მოითხოვოთ და მშენებარე ტაძარს შეეწიოთ თუნდაც ერთი ქვით.


მერე იწყება დაშვება და ყველაფერი უკვე დასრულებული რომ გგონია ხვდები რომ ამაზე ოცნება ზედმეტად მოგივიდა. ზვავის ნაშთები, კუნძზე ამოსული უკვე 100 წლის ხე და უამრავი ლამაზი ჩანჩქერის დანახვა ხვდები რომ აღარაფერს წარმოადგენს შენთვის.



გზად მძღოლი სხვადასხვა სოფლიდან დანაბარებ პროდუქტს ურიგებს ხალხს და თან დიდი მოთმინებით ცდილობს ჩვენს მომაბეზრებელ კითხვებს გასცეს პასუხი. როგორც აღმოჩნდა, ამ მხარეში სტუმარი არ უკვირთ, მაგრამ სტუმრობა 2-3 დღით იციან ჩამოსულებმა და თან ერთი პრობლემა, ისინი ძირითადად უცხოელები არიან და წარმოიდგინეთ რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა  ერთი კვირით ქართველის ჩასვლა, თან უბრალო ხალხი ხომ არ ვართ, სამი ძლიერი კომპანიის წარმომადგენელი და როგორც პატრონს გავაცანით ჩვენი ვიზიტის მიზანი ამ მხარის ძირფესვიანი გაცნობა და დაPRება გახლავთ. კარგად თუ ცუდად მალევე გამოჩნდება რომ ეს გაცნობითი მხარე ძალიან გაჭრის და იმდენადაც კი, რომ ყველა მოლოდინს აჭარბებს.

აღარ დავწვრილმანდები იმაზე თუ როგორი სტუმართმასპინძლობის წესები აქვთ, ერთს ვიტყვი ჩემნაირი ჯიუტი არამსმელი იქ არ უყვართ და შესაბამისადაც უსწორდებიან,

ხოლო საკუთარი თვალით ნანახის მიხედვით აქვე აღვნიშნავ, რომ მთლად აყოლაც არ ღირს, თუ გარისკე იმ აზრსაც შეეგუე, რომ გალოთება არ აგცდება (ოღონდ მართლა).

აქ ჯერ კიდევ სწამთ თებჟორიკების (თებჟორიკა – მავნე სული), უყვართ ყოველ საღამოს საჯარესთან ცეკვა-სიმღერა და ამბების გაცვლა-გამოცვლა; პატივს სცემენ სალოცავებს, ეს არის ადგილები სადაც ქალის ფეხი არ დაიდგმება და (უფრო წარმართულ ხასიათს ატარებს, ვიდრე რელიგიური დატვირთვისაა)  დარწმუნებულები არიან, თუ ეს წესი დაარღვიე კარგი არაფერი გელის.


ხატობები თუშური წარმონაქმნია და ის გამოხატულებას მსხვერპლთშეწირვასა და ღრეობაში ჰპოვებს. დიალექტი იმდენად უცხოა ყურისთვის, რომ რამდენიმე დღე გჭირდება ცოტა აზრზე მოხვიდე რას გეუბნებიან. პატივს სცემენ სტუმარს და ამას ყოველ ნაბიჯზე ხვდები, სოფელში, სხვა სოფელში, მწყემსის ბინაში თუ მახლობელ ხეობაში მოხვედრილი.

აქ აზრი არ აქვს იმის დაკონკრეტებას რა ვნახეთ და როგორი გადარეული დავბრუნდით. წასვლისას თუ მთავარ მიზნად უზომო ძილს ვასახელებდი და ჩანთაც შესაბამისად წიგნებით გამოვტენე, აღმოჩნდა, რომ ის ერთი კვირა თავისით დაიტვირთა და დაიგეგმა იმდენად, რომ თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა დრო და უკანა გზაზე იმავე მძღოლის შეკითხვაზე სახე რად ჩამოგტირითო პასუხი ერთგვაროვანი იყო, გულის დიდი ნაწილი გვრჩებაო. თბილისში დაბრუნებული არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი კარგა ხანი სიძულვილი მქონდა აქაური ცხოვრების, ჩემს პასუხზე არ მეგონა სვანეთის მერე თუ კიდევ რამე მომხიბლავდათქო ასე ძალიან (აქვე: სულის ნაწილი სვანეთში დამრჩა თავის დროზე ), თუშს იუმორმა არ უღალატა და თუ ასე განაგრძე შენთვის აღარაფერი დაგრჩებაო მომაძახა გაღიმებულმა.  აქ ვწყვეტ მოყოლას, რადგან იმდენად ბევრია სათქმელი არ მინდა...................






















p.s არ დაგავიწყდეთ გასინჯოთ თუშური ხინკალი



უუუუუუ...................ოდ

იყო დღე მშვიდი, წყნარი

და იდეაში ეს სრულიად არაფრისმთქმელი დღე უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა საღამო.......

რაღაც უცნაური, თავბრუსდამხვევი, ისტერიკიანი, განწირული და არვიცი კიდევ რა.........

პრინციპში ყოველთვის  მჯეროდა და ახლა მითუმეტეს, ერთ წამს იმდენი რამის შეცვლა შეუძლია, რამდენსაც საუკუნე ვერასდროს ვერ შეძლებს.

არაფერს ვამბობ, უბრალოდ მეშინია იმ დღის დადგომის, როცა გამოსავალს ვერ დაინახავ....

იყო რაღაც ამისთანა ალბათ გუშინდელშიც..........


ოცნებათაღმწერი

ბოლო პოსტიდან გამომდინარე ისღა დამრჩენია გასართობი ვეძიო, რომ საკუთარ კოშმარულ სიზმრებს არ ვემსხვერპლო ერთხელ და სამუდამოდ, ამიტომ კიდევ ერთ ჩემეულ უკვე ტრადიციადქცეულ ამბავზე დავწერ: ყოველი ახალი სეზონის პირველ დღეებში ტერორისტივით ვესხმი ხოლმე ე.წ. A4-ს (რაღათქმაუნდა სკაიპის მეშვეობით) და დიდის მონდომებით ვაიძულებ სამი სურვილი წარმოთქვან, ეს სურვილები არ უნდა იყოს მესამე განზომილების, რაღაც მისტიკური თუ რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი, არა სრულიად უბრალოდ, მოვითხოვ ჩამოაყალიბონ სამი ისეთი რეალური რამ, რომლის განხორციელებაც მათთვის მნიშვნელოვანია იმ პერიოდისთვის და ასრულებადია მეტ-ნაკლებად მომდევნო სამი თვის განმავლობაში მაინც. სიმართლე გითხრათ ეს სურვილები იქვე ისტორიას ბარდება და ალბათ თითოეულის გულში მათი გახსენება ან თუნდაც ფიქრი უკვე ნათქვამზე ახალი კვარტლის დასაწყისში იწყება. მოკლედ კარგია თუ ცუდი ფაქტია, რომ ეს ამბავი პირადად ჩემთვის, რაღაცის დაფიქსირების და შემდეგ მისი მიღწევისკენ გზების ძიების ერთადერთი საშუალებაა და მიღწევის თუ არა ჯანდაბას, კეთილ  ოცნებას კაცი როდის მოუკლავს, რომ მაინცდამაინც ჩვენ გვიმსხვერპლოს :)

პოსტი რომელიც წაკითხვად არ ღირს........

ვიწყებ ხმამაღალ ფიქრს:

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე კვირის წინ ფილმი 2012 ვნახე, წინა პოსტში ამ ფილმს სრული სისულელე ვუწოდე, მაგრამ ნახვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეც დამთრგუნა, და არამარტო დამთრგუნა ფიქრიც კი დამაწყებინა. რათქმაუნდა სრულად ვაცნობიერებ ფილმის არარეალობას, მაგრამ აქვე ერთვება ჩემი არაცნობიერი და წამიერად მახსენდება ისეთი ცნებები, როგორიცაა, ”მეორედ მოსვლა”, ”აპოკალიფსი”, ”ქვეყნიერების დასასრული” და ა.შ. ერთი რამ ფაქტია. ქრისტეს აღდგომიდან მოდის ეს ფრაზები და კაციშვილმა არ იცის როდის, მაგრამ როგორც ყველა მეტნაკლებად მორწმუნე და ეკლესიურ ადამიანს მეც მჯერა რომ მეორედ მოსვლა იქნება. ერთი რამ ფაქტია ადამიანები ამ ცნებებს მარტო ტერმინების დონეზე განვიხილავთ და რეალურად არ ვუფიქრდებით რა შეიძლება იყოს ნაგულისხმები ახალ აღთქმაში ნათქვამი მეორედ მოსვლის ქვეშ. ამ საკითხზე ჩემი ჩაფიქრება რამდენიმე კვირის წინ მომხდარმა სასტიკმა მიწისძვრებმა და გახშირებულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა გამოიწვია, ამ ამბებმა იმდენად შემზარა, რომ კიდევ ერთხელ დავინახე რა სუსტი ვარ და რა ურწმუნო.მთელი კვირა გამოსავლის ძიებაში გავატარე ფარულად რათქმაუნდა და იმ დასკვნამდეც კი მივედი ივერიის გაბრწყინება იმედია ზეციურში არ მოხდება   . მოკლედ სანამ ყველას დასაცინი გავმხდარვარ აქ ვწყვეტ ჩემს ფილოსოფიას და უაზრო ფიქრს, მითუმეტეს მაშინ როცა წინ იმდენი კარგი რამე მელის, თუ რა ეს შემდეგ ჩანაწერებში გამოჩნდება  

გზფხლ

მშვენიერია, გავიხედე-გამოვიხედე და აღმოვაჩინე რომ ზამთარიც გადაგვიგორებია. არა განა ამის აღმოჩენას რა დიდი ამბავი უნდოდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ დილაადრიან ერთ ჩაბნელებულ ოთახში შედიხარ, სადაც მზე საერთოდ ვერ აღწევს, საკმაოდ ცივა და განწყობაც მეტწილად შესაბამისია და ამავე შენობიდან შებინდებისას გამოდიხარ უკვე ცხადი ხდება ყველაფერი. დღეს საქმეზე შუადღისას მომიწია გამოსვლა და რას ვხედავ, აშკარად გაზაფხულის სუნი ტრიალებს, ამ თბილისში ამის შეგრძნება ცოტა რთულია, მარა მაინც. უუამრავი ყოჩივარდა (ჩემი კიდევ ერთი სისუსტე) და ჩაცმულობაში გამოხატული ზაფხულის მოლოდინი იგრძნობა. ერთი მომენტი გამახსენადა ამ წამს, შარშან დედის დღეზე გზად მივდიოდი და ასეთ სურათს წავაწყდი. საღამოხანია და თითქმის შუა ტრასაზე მანქანას აჩერებს ადამიანი, მძღოლი გადმოდის და მოურიდებლად ტეხს რამის ტროტუარზე ამოსული გაყვავებული ნუშის ხის ტოტს. მერწმუნეთ ლამაზი სანახაობა იყო. (მე ასე აღვიქვი ყოველშემთხვევაში).

მიხარია, ძააალიან მიხარია, წინ დიდი გეგმები მაქვს და დარწმუნებული ვარ ყველაფერი მართლა ძალიან კარგად იქნება