მშვიდობით ორიათასმეათე გაზაფხულო

მოძველებული ფრაზაა, მაგრამ მაინც, როგორც იქნა ნავსი გავტეხე. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ქალაქს გავცდი და ის ვქენი რაც ამ ეტაპზე ყველაზე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა რომ ეს მოგზაურობაც სხვა დანარჩენების მსგავსად ეჭვქვეშ იყო, მაინც მოვახერხეთ...............

მაშინ როცა ქვეყანის ერთი ნაწილი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ხოლო მეორე ოპოზიციის აქციებისკენ მიიჩქარის მშვენიერი ალტერნატივაა მლეთისკენ აიღო გეზი...

ლომისის წმინდა გიორგობა  ეკლესიურ მოძრავ დღესასწაულებს შორის ერთ–ერთია. იგი აუცილებლად ემთხვევა სულთმოფენიობის პირველივე ოთხშაბათს და შესაბამისად პეტრე–პავლობის მარხვის დაწყების წინა კვირაში აღინიშნება. ეს თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მთის დღესასწაულად და შესაბამისად მისი აღნიშვნაც ისევე ხდება, როგორც მთას სჩვევია.

თვითონ  ტაძრის ისტორიას ჩემზე უკეთ ეს ბმული გაგაცნობთ.

ვისაც გადახედვა დაგეზარებათ, მოკლედ გეტყვით, რომ არსებობს ორი ტაძარი, ქვემო და ზემო მლეთა, პირველი ტრასაზევეა, სანამ გუდაურის აღმართს შეუდგები, მეორეს რომ მიაღწიო, საკმაოდ დიდი გარჯა დაგჭირდება და კიდევ უფრო დიდი რწმენა იმისა რომ შენ შეძლებ. ადვილი არაა დაახლოებით შვიდი კილომეტრი დაკიდებულ აღმართზე იარო თოვლში, ქარში ტალახში, მზეში, ქვიან–ბალახიანზე და იქიდან მშვიდობით დაბრუნებულმა მეორე დღეს დამწვრობის იარები მოიშუშო.

კიდევ უფრო რთულია ძლივს ასულმა იმ რიგს გაუძლო, რაც ამ დღეს ეკლესიის შესასვლელში ხდება.

ძალიან გასახარია, რომ ბოლო წლებში ბერებმა დაისადგურეს ამ ადგილას, როგორც ვიცი საკმაოდ შევიწროებული ჰყავს მოსახლეობას, რომელთათვისაც ლომისობა ცხვრის დაკვლასთან ასოცირდება და გუშინ არაგვი ნამდვილად წითელი მოდიოდა.


ჩვენ გვინდა გქონდეთ თბილი სახლი..........

ერთ–ერთი ადამიანი იმ მცირედთაგან,  ვიზეც შეუძლია ქართულმა საზოგადოებამ თქვას, რომ ძალიან მაგარია და ამაზე არც დაეჭვდეს პაატა ბურჭულაძეა. რატომ კითხვის დასმაც არაა საჭირო, იმდენად ბევრი პასუხია ამ რატომზე.

ბევრი ადამიანი ვიცით ვინც ეწევა ქველმოქმედებას, ზოგი ამ ყველაფერს უბრალოდ თავისი ადამიანური მოთხოვნილებით აკეთებს და ძალიან მისასალმებელია, მათი სახელი ყოველთვის უცნობი იქნება ჩვენთვის, მაგრამ მათი  გაკეთებული სიკეთე, რომ ისე არ დარჩება, ეს ხომ ისედაც ცხადია.

უფრო ხშირად ვხვდებით ისეთი კატეგორიას, რომელიც აფიშირებისთვის აკეთებს ამ ყველაფერს და კეთილი საქმე მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებით ახსენდება, უბრალოდ ქულების ასამაღლებლად სჭირდება და სხვა არაფერი ყრია მასში, მაგრამ ერთი დადებითი აქაც არის: ასეთ დროს თუ გამოსტყუებ რამეს ამ ხალხს, თორემ ისე რას უნდა ელოდო.

რაც შეეხება პირველხსენებულს, აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: იდეა სრულიად განსაზღვრული, სფერი და მიზანი ძალიან ცხადი და რაც ყველაზე დასაფასებელია, საქმე კეთდება არა ერთი კაცის სახელით, არამედ მთელი მოსახლეობის მცირედი შენაწირით.

ჩვენი ვეფხისტყაოსანი

ალბათ ყველა ერს აქვს რაღაც საამაყო და ის განსაკუთრებული, რაც მხოლოდ მისია და სხვა ვერ მიითვისებს. "განსაკუთრებული" ეს ცნება პირობითი სულაც არაა და მართლა მაგარია ქართული ენა რომ მასში არსებობს ისეთი სიტყვები, რომელიც მარტო მას ახასიათებს და თავიც რომ მოიკლა სხვა ენაზე მის გადათარგმნას კი არა გამოხატვასაც ვერ შეძლებ. ახლადგარდაცვლილი მუხრან მაჭავარიანი მახსენდება ერთ–ერთ ლექსში ამბობს ".. მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა"–ო.

რამდენიმე კვირის წინ ჟან შარდენის ამ მოგონებას ვკითხულობდი და პროტესტი გამიჩნდა, რა დამსახურებით ჰქვია ქვეყნის ერთ–ერთ ცნობილ ქუჩას ამ ადამიანის გვარი... (წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ)

პოსტის სათაურმა არ დაგაბნიოთ, ცხადია თავს უფლებას არ მივცემ ვეფხისტყაოსნის იდეალურობაზე მე გამოვთქვა რამე აზრი.

უბრალოდ, კიდევ ერთ დაკარგულ ტრადიციაზე მინდა გიამბოთ.  ცნობილია რომ საუკუნეების მანძილზე ვეფხისტყაოსანი ხელიდან ხელში გადადიოდა, რომ არ დაკარგულიყო, ხალხი მასიურად ზეპირად სწავლობდა, რომ შემოსევების დროს მისი კვალი არ გამქრალიყო, წარმოიდგინეთ რამხელა შრომაა, როცა მას წერდნენ და ასე ამრავლებდნენ. არაა გამორიცხული საუკუნეების მანძილზე მისი ტექსტი შეცვლილიყო, ვინმეს თავის გემოზე გადაეკეთებინა და ის სულაც არ გავდეს პირვანდელს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ძირითადი იდეა არანაირად არ დაიკარგებოდა და თუნდაც იმ სახით რაც დღესაა ძალიან მაგარია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ დაკარგული ტრადიცია აღგვედგინა და ჩვენს სანათესაოში (აქ საუბარია დეიდაშვილ, მამიდაშვილ, ბიძაშვილებზე) ახალოჯახშექმნილი ადამიანისთვის საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი" მიგვეძღვნა.  ეს ამბავი ამწუთას იმიტომ გავიხსენე, რომ ჩვენ 9 დან მესამეს ელის ეს ძვირფასი (აუცილებლად მოოქროვილი) წიგნი თავისი იუმორგაჯერებული  წერილით და ისე გვიხარია ყველას ენით გამოხატვა ჭირს....

პ.ს. თუ მოგვბაძავთ იდეის მოპარვაში არ ჩაგითვლით, პირიქით გაგვიხარდებაა:)))

არა რა კოშმარი....

ამ ბლოგს  ვკითხულობდი და უცბად ისეთ ფრაზას წავაწყდი რაზეც დიდი ხანია მინდა ვთქვა: "სამი სიზმარი დავითვალე, რომელიც ზამთარშიც კი ოფლში გაწურულს მაღვიძებს" (გოგი გვახარია).
ერთს დავამატებ მხოლოდ სამივე ბავშვობიდან მეორედება და სამწუხაროდ დამოკიდებულება არ მეცვლება. აქ მხოლოდ ერთზე შევჩერდები......

ეს ეხება კონკრეტულად ჟინვალჰესს. მის გასწვრივ ძალიან ხშირად მიწევს მოგზაურობა, მაგრამ ვერაფრით დავთრგუნე ჟინვალჰესის შიში, სავარაუდოდ აქედან მოდის ჩემი აკვაფობია. არ მინდა ჩემი ცხოვრება ოდესმე, თუნდაც საუკუნის მერე მის ფსკერზე დასრულდეს. აქვე; ერთხელ ამ შიშის დასაძლევად ისიც ვქენი, რომ მის ელექტროსადგურს ვესტუმრე, ბევრმა არ იცის ალბათ იქვე არსებობს ორიგინალური შენობა, ჩადიხარ დაახლოებით 17 სართულით ქვევით, მაგრამ რა, არც არაფერი.......

პ.ს სამწუხაროდ დანარჩენი ორიც წყალთანაა დაკავშირებული.......

კვარტალში ერთხელ.......

"კვარტალი" ალბათ ლათინური სიტყვაა და ნამდვილად წელიწადის მეოთხედს ნიშნავს. ხოდა რა ხდება იცი კვარტალში ერთხელ??? ჯერ სამსახურიდან მოვლენ, როგორც იქნება შეიკრიბებიან, მერე ივახშმებენ, ისე რომ კარგა ხანს საკვების ხსენება აღარ უნდოდეთ, აქვე ისაუბრებენ სამსახურზე და გარე პრობლემებზე, ფონად იქნება მუსიკაც, დაბალ ხმაზე ჩართული, მერე შეიკეტებიან ერთ ოთახში და მთელი ღამე დაბალ შუქზე მოჰყვებიან ყველაფერზე:

აზრიანად თუ უაზროდ,

ფილოსოფიურად თუ გულუბრყვილოდ;

იცინებენ, იტირებენ.

მადლობას იტყვიან რომ არსებობენ, ხან დაგმობენ გაჩენის დღეს.......

აივსებიან და აავსებენ ერთმანეთს;

განიმუხდებიან და დაიმუხტებიან;

დასახავენ მიზნებს და შეაჯამებენ არსებულს;

მოკლედ ეს ხდება მხოლოდ კვარტალში ერთხელ..........

ესე ამბავი ქართული

ერთს ”ქართული ლეგენდა”, მეორეს ”ნაციონალური ბალეტი” და მესამეს უბრალოდ ანსამბლი ”რუსთავი” ჰქვია. მიმიხვდით ალბათ რაზეც მექნება ამ პოსტში საუბარი. გავლენა დღევანდელი კონცერტიდან მოდის. აქვე დავწერ, რომ ეს სფეროც ჩემს სისუსტეებში შედის და თან ალბათ პირველხარისხოვანია ჩამოთვლილთა შორის. ალბათ იმიტომაც, რომ ასეთი კონცერტებით ხშირად არ ვართ განებივრებულნი და წელიწადში ერთხელ თუ ჩატარდა უკეთეს შემთხვევაში სამივე მაინც, ასეთ შანსს მე და ჩემი ამყოლები არასდროს ვუშვებთ ხელს. დღეს კონცერტის განმავლობაში ვხვდებოდი, რომ მათი რეპერტუარი თითქმის ზეპირად ვიცი, ანუ რის მერე რა უნდა იცეკვონ, ან იმღერონ და მიუხედავად ამისა არათუ არ მბეზრდება ამ ერთი და იგივეს ნახვა, ხანდახან საკუთარ თავს ვიჭერ, რომ პირდაღებული (პირდაპირი მნიშვნელობით, ან უფრო სწორად ყბაჩამოვარდნილი) ვუყურებ მთელ ამ წარმოდგენას.


დღეს პირველად გამიჩნდა სურვილი გამომეკვეთა თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეებიც: პირველად და გააზრებულად სუხიშვილების წარმოდგენა სადღაც 13 წლის წინ ვნახე, უბრალოდ ამავე ანსამბლის წევრთან დავდიოდი ცეკვის ელემენტარული ილეთების შესასწავლად და ამიტომ და სწორედ აქედან დაიწყო განსაკუთრებული  აღფრთოვანება.

მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა ეს სამი ანსამბლი რეალურად ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, რადიკალურად განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან.

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი ერთადერთია ჩამოთვლილთაგან, რომელიც დადგმაში არ იყენებს ცოცხალ შესრულებას, სამაგიეროდ გიზიდავს ძალიან ლამაზი შესამოსელით და იმ სიახლეებით რაც შემოაქვს თანამედროვე ქართულ ფოლკლორში. ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა თავის დროზე და ეხლაც არ ნელდება ბჭობა აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ ძალიან, ძალიან მინდა ასე განაგრძოს ანსამბლის ხელმძღვანელობამ, რადგან თავის დროზე დიდი ილიკო და ნინო იმას რასაც ძველს და ტრადიციულს ვეძახით თავიდან ქმნიდნენ. თანამედროვე ეპოქა თანამედროვე ელემენტების შემოტანას გულისხმობს და სულაც არა ვარ ერთ ადგილას გაყინვის მომხრე, უბრალოდ იმ იმედით, რომ ძველიც აუცილებლად შენარჩუნდება.... მათი შემოქმედების ახალი მუსიკა იმდენად ამყოლი და რიტმულია ამ სფეროში გამოცდილების არმქონე ადამიანსაც მშვენივრად ააცეკვებს ყველა სიტუაციაში. ყოველივე ამის გამო ჩემგან პლიუსი სუხიშვილებს.


მეორე ანსამბლი, რომელსაც აქ შევეხები ”ერისიონია”, დიდი წარსულით, უფრო დიდი აწმყოთი და დარწმუნებული ვარ შეუდარებელი მომავლით. ანსამბლი თუნდაც იმითაა დასაფასებელი, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გამოიყვანა მსოფლიო ასპარეზზე და ბევრს დაანახვა ვინ ვართ და რა კულტურა გვაქვს. წარმოუდგენლად დიდი შრომაა მათ შემოქმედებაში ჩადებული. ყოველთვის ყურადღებას იქცევს დარბაზის რაღაც სხვანაირი გაფორმება, შეუდარებელი ხაზები, წყობა ცეკვისას და დახვეწილი ჩაცმულობა. განსხვავებით დანარჩენებისგან ისინი იყენებენ არანჟირებას, რაც მუსიკას უფრო ხმიანს ხდის, მაგრამ ჩემი აზრით ხალხური სიმღერის შესრულებისას იმ ელფერს აკარგვინებს, რაც რეალურად ასეთი ლამაზია პოლიფონიურ შემოქმედებაში.

 მესამე და ვფიქრობ ძალიან განსაკუთრებული ჩემთვის ანსამბლი ”რუსთავი”. არც ვიცი რა დავწერო. ყველაზე, ყველაზე.... უბრალოდ ძალიან უბრალო, მაგრამ ის, რაც რეალურად ინახავს ყოველივე იმას რაც ქართულია: მოცეკვავეთა კოსტუმირება არაფრით გამორჩეული, ძლიერ ხმათა შეწყობით ამღერებული ადამიანები და უბადლო რაჭული, რაც საავტოროა მათთვის და ალბათ ყველაზე საამაყოც.



აქვე არ შემიძლია აღშფოთებით არ აღვნიშნო ქართველების გაუტანლობის კიდევ ერთი გამოვლინება, ანსამბლი ერისიონი პრინციპში ერთი სიმღერით გახდა ყველაზე ცნობადი, ესაა შატილის ასული, დღეს კონცერტზე ეს სიმღერა არ აჟღერებულა.მიზეზი არც ისე მარტივია. ავტორმა საავტორო უფლებების დარღვევაში ამხილა ანსამბლი და როგორც ამიხსნეს  ერისიონს ჩამოართვეს მისი მღერის უფლება... რას ვიზავთ, კომენტარის ღირსადაც არ ღირს ეს ამბავი ალბათ.

ერთი რამ ფაქტია, იყო, არის და იქნება ქართული სული, მანამ სანამ საქართველო იარსებებს და სანამ ერთ ქართველს თუნდაც კონცერტიდან გამოსულს ექნება იმ სიამაყის შეგრძნება, რომ ქართველია..... 

ვინიცობაა და მიცანით

თავს ვითაგავ clown ისგან და შესაბამისად ყველას მოგიწოდებთ თემა განაგრძოთ....

გახედება არ დაგჭირდებათ, არც გამოხედება. ბევრგან შეგიძლიათ მნახოთ, თბილისში, ქალაქგარეთ, მთაში, ბარში, ავტობუსში, სამარშუტოში, აი მეტროში ნაკლებად, მაგრამ მაინც, რა იცი და რა ხდება. მოკლედ ყველგან სადაც ელით ან არც ელით.....

ხოდა მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ მცნობს:)))


ჩაცმულობა ძირითადში მკაცრად სპორტული, მერე რა რომ სამსახური ცოტაოდენ სერიოზული მაქვს, ჯერ ამის გამო შენიშვნა არ მოუცით და იყოს ვის რას უშლის ჩემი ჯინსები და უძირო ფეხსაცმელი.......

სახე იმდენად მოღუშული, რომ დალაპარაკების შეგეშინდებათ (ბევრმა შენიშნა და ამიტომ აღვნიშნავ, თორემ მე ასე სულაც არ ვფიქრობ).

ხელში უმიზნოდ და უმიზეზოდ აუცილებლად მიკავია ხელსახოცი ან ჩანთა დამაქვს ჩაკრული, რაზეც თავის მხრივ კარგ ფსიქოლოგს უპრობლემოდ შეუძლია თქვას, რომ ჩაკეტილი ადამიანი ვარ........

ქუჩაში ვერავის ვცნობ არა უყურადღებობის გამო, უბრალოდ გაშტერებული მზერით მიყვარს სიარული და ჩქარი ნაბიჯით....

სამარშუტოში თუ თავად არ გამოიჩინეთ ინიციატივა სულაც არ მოგესალმებით ზემოთხსენებული მიზეზის გამო, ან შეიძლება სახეზე მეცნოთ, მაგრამ თუ 100% დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ისაა ვინც მგონია, უხერხულ მომენტებს ავარიდებ თავს...

რამე გამორჩეული მახასიათებელი ამათ გარდა არ უნდა მქონდეს, საშუალო არითმეტიკული ქართველი ვარ და არც ისე საშიში, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ეჩვენოს ვინმეს.

რაღაც წიგნური

ჩემს კიდევ ერთ ცხოვრებისეულ სისუსტეზე მინდა დავწერო. (რამდენიმე წინა პოსტებში გაგაცანით). პირველი წიგნი დამოუკიდებლად სადღაც 6 წლისამ წავიკითხე და ეს ”ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი” იყო. დამოუკიდებლად იმიტომ გავუსვი ხაზი ამ სიტყვას, რომ თვითონ ლიტერატურასთან შეხება ალბათ ძალიან პატარა ასაკში მომიწია. ეს განსაკუთრებით  დედაჩემის დამსახურებაა, რომელიც ძილის წინ გვიკითხავდა ხოლმე რაღაც-რაღაცეებს მე და ჩემს დებს. ყველაფერი ასაკის მატების პარალელურად გაგრძელდა: ჯერ იყო ზღაპრები, შემდეგ ბავშვური თავგადასავლები, თანდათან ისტორიულმა (ძირითადად საქართველოს შესახებ) ამბებმა გამიტაცა, შემდეგ ფრანგული ლიტერატურა გადავაბულბულე ერთი მარტივი მიზეზის გამო, სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი და მაშინდელი გამოყოლილია ალბათ ახლაც, რომ ასე ძალიან მიყვარს ყველაფერი ფრანგული (ქართულის მერე რაღათქმაუნდა), უფრო მოგვიანებით იყო რუსული და დანარჩენი ცნობადი კლასიკოსები, და ასე აღმოჩნდა, რომ სადღაც მეცხრე კლასისთვის არამარტო ჩემი ოჯახის არცთუისე ღარიბი ბიბლიოთეკა, ასევე მთელი სანათესაოს ფარგლებში არსებული წიგნები წაკითხული მქონდა. მათგან ბევრი რათქმაუნდა ვერც გავიგე, უფრო ბევრი აღარც მახსოვს რა შინაარს მოიცავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგადად თუ რამე ადამიანური მაბადია ამ წიგნების გავლენითაა. ამ პოსტის დაწერა იმან გამოიწვია, რომ ცხოვრების რაღაც გარკვეულ ეტაპზე ადამიანი ეტყობა იღლები და სხვა გასართობებით ცდილობ რაღაცეების ჩანაცვლებას. მაინც მგონია, რომ ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო კომპოუტერი, მეც ალბათ ბევრ დროს მას დავუთმობდი და წიგნებს აუცილებლად გვერდით გადავდებდი, ამიტომ რაღაც მომენტში მიხარია კიდეც ეს ასე რომ არ მოხდა. დღეს რაღაც გარკვეული პაუზის შემდეგ წიგნების მაღაზიაში აღმოვჩნდი და თანამედროვე ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის ახალი კრებული შევიძინე. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი იმ მცირედთაშორის  მწერალი (ქართველი), რომელიც ყოველთვის მომწონდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისი ყველა ნაწარმოები, პატარა მოთხრობაც კი მახსოვს.უბრალოდ ძალიან ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს და შესაბამისად კარგად მეკითხება, მოუხედავად იმისა ვარ თუ არა საერთოდ წიგნის კითხვის ხასიათზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად მახსოვს სტუდენტობისას აღებული ხუთოსნობის სტიპენდია (სულ რაღაც 17 ლარი) ახალი წიგნის ყიდვას ხმარდებოდა, მაშინ როცა დღეს ჩემი ხელფასი ძალიან, ძალიან ბევრით მეტია ამ თანხაზე და არ ვიცი რატომ........... ალბათ იმიტომ რომ ჩავარდნა ლიტერატურაში ძალიან გაგრძელდა და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ის იმდენს ვეღარ მაძლევს, რომ ჩემი სულიერი მოთხოვნილებები შეავსოს. ერთი კვირის წინ თავს ძალა დავატანე და მშვენიერ ქართულ ლიტერატურულ საიტს ვესტუმრე, რამდენიმე საინტერესო სათაურიანი და ავტორიანი ნაშრომი ამოვბეჭდე და როგორც ჩვენში იტყვიან ჩავუჯექი... ხოდა ძალიან ოპტიმისტურად, ალბათ ამის მიზეზი იყო დღეს წიგნის მაღაზიას რომ მივადექი და ჩემთვის საყვარელი მწერლის კრებული შევიძინე.........



პ.ს. აქვე გულისტკივილით მინდა დავწერო, რომ ჩემი ბოლო მოგზაურიბისას ტრაპზონში, კერძოდ სუმელას მონასტრის აღმართზე შეხვედრილი ადამიანი, რომელიც დაინტერესდა მე სხვა გზით როგორ მოვხვდი ამ ადგილას ზემოთხსენებული მწერალი აღმოჩნდა, მე კი იმდენი გამბედაობა არ მეყო მეთქვა, რომ უბრალოდ დიდ პატივს ვცემ.......