ის ვისაც მივყვები მთელი შეგნებული ცხოვრება

ამონარიდები პატრიარქის 2010 წლის საშობაო ეპისტოლედან:

1.საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი, სიყვარულს უკავშირდება.
ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად უყვარს ის, რაც ყველაზე მეტად სურს და ყველაზე მეტად სურს ის, რაც მას ყველაზე მეტ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს.

2. ბრძენს უთქვამს - მსგავსი მსგავსს შეჰხარისო. და მართლაც, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ყოველი ადამიანი თავისი ნებით ირჩევს გზას და ისწრაფვის ცათა სასუფევლის ან ბოროტების მეუფებისაკენ. 

3.ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?!
იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: “ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ”
 დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამთ ღმერთი, და ამავე დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათს ლოცვას ძალას უკარგავს.
ზოგჯერ, ესა თუ ის პიროვნება, ერთი შეხედვით, მართლაც კარგ საქმეს აღასრულებს: შემოსავლის ნაწილს გასცემს, გაჭირვებულებს ეხმარება, ტაძარსაც აშენებს… მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება უფლისათვის და არც ასეთი ადამიანის ლოცვა შეისმინება. ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ამქვეყნიური კეთილდღეობის სრული უარყოფისკენ მოგვიწოდებდეს ყველას. რა თქმა უნდა _ არა, რადგან უფალი ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არ გავხდეთ ხორციელ მოთხოვნილებათა მონები და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა არ იქცეს ჩვენს მამოძრავებელ ძალად; მაგრამ თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი “მეს” წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისათვის გამოვიყენებთ, ღვთისსათნოდ ვიცხოვრებთ.
 
4.ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს. 
 
5.სამშობლო დედამიწის ის ადგილია, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ ერს ღვთის განგებულებით ებოძა.
სამშობლო, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია, ის ბუნება, ის წიაღისეული, ის ფლორა და ფაუნა, რასაც ეს ტერიტორია მოიცავს, მაგრამ სამშობლო არის კიდევ უფრო სხვა…
სამშობლო შენი წინაპრების ძვლებით გაპოხიერებული მიწაა, შენი ენით გაჯერებული ჰაერია, შენი გენით, შენი ხასიათით დატვირთული გარემოა.
აქ, ამ სივრცეში მყოფობს მთელი ისტორია ერისა და ქვეყნისა, და ეს ყოველივე თითოეულ ჩვენგანთან უხილავი, მაგრამ ძალიან ძლიერი ველით არის დაკავშირებული.
ამიტომაც, სამშობლოს არა აქვს ოდენ მიწიერი, მატერიალური სახე. მის განსაკუთრებულობას დიდად განაპირობებს ისიც, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი წმინდანთა დასი ჰყავს ერს სულიერ მეოხად ღვთის წინაშე.
 


0 comments: