ესე ამბავი ქართული

ერთს ”ქართული ლეგენდა”, მეორეს ”ნაციონალური ბალეტი” და მესამეს უბრალოდ ანსამბლი ”რუსთავი” ჰქვია. მიმიხვდით ალბათ რაზეც მექნება ამ პოსტში საუბარი. გავლენა დღევანდელი კონცერტიდან მოდის. აქვე დავწერ, რომ ეს სფეროც ჩემს სისუსტეებში შედის და თან ალბათ პირველხარისხოვანია ჩამოთვლილთა შორის. ალბათ იმიტომაც, რომ ასეთი კონცერტებით ხშირად არ ვართ განებივრებულნი და წელიწადში ერთხელ თუ ჩატარდა უკეთეს შემთხვევაში სამივე მაინც, ასეთ შანსს მე და ჩემი ამყოლები არასდროს ვუშვებთ ხელს. დღეს კონცერტის განმავლობაში ვხვდებოდი, რომ მათი რეპერტუარი თითქმის ზეპირად ვიცი, ანუ რის მერე რა უნდა იცეკვონ, ან იმღერონ და მიუხედავად ამისა არათუ არ მბეზრდება ამ ერთი და იგივეს ნახვა, ხანდახან საკუთარ თავს ვიჭერ, რომ პირდაღებული (პირდაპირი მნიშვნელობით, ან უფრო სწორად ყბაჩამოვარდნილი) ვუყურებ მთელ ამ წარმოდგენას.


დღეს პირველად გამიჩნდა სურვილი გამომეკვეთა თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეებიც: პირველად და გააზრებულად სუხიშვილების წარმოდგენა სადღაც 13 წლის წინ ვნახე, უბრალოდ ამავე ანსამბლის წევრთან დავდიოდი ცეკვის ელემენტარული ილეთების შესასწავლად და ამიტომ და სწორედ აქედან დაიწყო განსაკუთრებული  აღფრთოვანება.

მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა ეს სამი ანსამბლი რეალურად ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, რადიკალურად განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან.

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი ერთადერთია ჩამოთვლილთაგან, რომელიც დადგმაში არ იყენებს ცოცხალ შესრულებას, სამაგიეროდ გიზიდავს ძალიან ლამაზი შესამოსელით და იმ სიახლეებით რაც შემოაქვს თანამედროვე ქართულ ფოლკლორში. ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა თავის დროზე და ეხლაც არ ნელდება ბჭობა აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ ძალიან, ძალიან მინდა ასე განაგრძოს ანსამბლის ხელმძღვანელობამ, რადგან თავის დროზე დიდი ილიკო და ნინო იმას რასაც ძველს და ტრადიციულს ვეძახით თავიდან ქმნიდნენ. თანამედროვე ეპოქა თანამედროვე ელემენტების შემოტანას გულისხმობს და სულაც არა ვარ ერთ ადგილას გაყინვის მომხრე, უბრალოდ იმ იმედით, რომ ძველიც აუცილებლად შენარჩუნდება.... მათი შემოქმედების ახალი მუსიკა იმდენად ამყოლი და რიტმულია ამ სფეროში გამოცდილების არმქონე ადამიანსაც მშვენივრად ააცეკვებს ყველა სიტუაციაში. ყოველივე ამის გამო ჩემგან პლიუსი სუხიშვილებს.


მეორე ანსამბლი, რომელსაც აქ შევეხები ”ერისიონია”, დიდი წარსულით, უფრო დიდი აწმყოთი და დარწმუნებული ვარ შეუდარებელი მომავლით. ანსამბლი თუნდაც იმითაა დასაფასებელი, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გამოიყვანა მსოფლიო ასპარეზზე და ბევრს დაანახვა ვინ ვართ და რა კულტურა გვაქვს. წარმოუდგენლად დიდი შრომაა მათ შემოქმედებაში ჩადებული. ყოველთვის ყურადღებას იქცევს დარბაზის რაღაც სხვანაირი გაფორმება, შეუდარებელი ხაზები, წყობა ცეკვისას და დახვეწილი ჩაცმულობა. განსხვავებით დანარჩენებისგან ისინი იყენებენ არანჟირებას, რაც მუსიკას უფრო ხმიანს ხდის, მაგრამ ჩემი აზრით ხალხური სიმღერის შესრულებისას იმ ელფერს აკარგვინებს, რაც რეალურად ასეთი ლამაზია პოლიფონიურ შემოქმედებაში.

 მესამე და ვფიქრობ ძალიან განსაკუთრებული ჩემთვის ანსამბლი ”რუსთავი”. არც ვიცი რა დავწერო. ყველაზე, ყველაზე.... უბრალოდ ძალიან უბრალო, მაგრამ ის, რაც რეალურად ინახავს ყოველივე იმას რაც ქართულია: მოცეკვავეთა კოსტუმირება არაფრით გამორჩეული, ძლიერ ხმათა შეწყობით ამღერებული ადამიანები და უბადლო რაჭული, რაც საავტოროა მათთვის და ალბათ ყველაზე საამაყოც.



აქვე არ შემიძლია აღშფოთებით არ აღვნიშნო ქართველების გაუტანლობის კიდევ ერთი გამოვლინება, ანსამბლი ერისიონი პრინციპში ერთი სიმღერით გახდა ყველაზე ცნობადი, ესაა შატილის ასული, დღეს კონცერტზე ეს სიმღერა არ აჟღერებულა.მიზეზი არც ისე მარტივია. ავტორმა საავტორო უფლებების დარღვევაში ამხილა ანსამბლი და როგორც ამიხსნეს  ერისიონს ჩამოართვეს მისი მღერის უფლება... რას ვიზავთ, კომენტარის ღირსადაც არ ღირს ეს ამბავი ალბათ.

ერთი რამ ფაქტია, იყო, არის და იქნება ქართული სული, მანამ სანამ საქართველო იარსებებს და სანამ ერთ ქართველს თუნდაც კონცერტიდან გამოსულს ექნება იმ სიამაყის შეგრძნება, რომ ქართველია..... 

2 comments:

  1. ამჯერად არ ვიყავი შენი ამყოლების რიცხვში, მაგრამ მაინც შემიძლია წარმოვიდგინო, რა სიამოვნებაა ამ ყველაფრის ცოცხლად ნახვა...
    რაჭული სრულიად ფანტასტიურია, აი, სუხიშვილებს კი - მხოლოდ წინ და არავითარი უარი ინოვაციებს!!!

  1. ჩემი სირცხვილი და, არც ერთ კონცერტზე არ ვყოფილვარ..

    სუხიშვილებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სიახლეების მომხრე მეც ვარ,მაგრამ როცა ახალს აკეთებ, ცუდად არ უნდა გააკეთო.

    ასა ფართი სხვა არაფერია, თუ არა რივერდანსის არცთუ კარგად გაკეთებული ვერსია, ასევე, ცეკვა ქართული, სადაც ერთ ქალს ორი კაცი ეცეკვება..

    მოკლედ...
    მთელი ფილოსოფიაა და არ შეიძლება უხეშად შეეხო, რასაც, სამწუხაროდ, ილიკო აკეთებს..