სტამბული

ალბათ ბევრნი ყოფილხართ, თან მრავალგზის სხვადასხვა მიზნით.....

ალბათ ბევრი გინახავთ, იმაზე მეტი ვიდრე მე მოვასწარი რომ მენახა 6 დღის განმავლობაში;

სწორედ ამიტომ არაფერს ვწერ, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეს არის პირველი ქვეყანა სადაც მე ვყოფილვარ მათ შორის, სადაც ქართველს ქართველის ნახვა უბრალოდ არ სიამოვნებს და იმალება :)

კიდევ ერთი უბრალოდ, ძალიან მომეწონა ტრამვაი ქალაქში.....




 რა ვნახოთ ტურისტებმა სტამბულში??

1) აია სოფია – ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე ( ვილკიპედია). ტაძარში  შესვლა ფასიანია და ღირს 14 დოლარი.

 


 2) ლურჯი მეჩეთი – ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო. აქ შესვლა უფასოა. მეჩეთი ტურისტებისთვის იკეტება ლოცვის პერიოდში.




 3) ბაზილიკა ცისტერნა – 532 წლით თარიღდება და არის ძველი კონსტანტინეპოლის დროინდელი. ამ წყალსაცავით მარაგდებოდა ბიზანტია. წყალსაცავი შედგება კოლონებისგან, ამათგან ორზე გამოსახურია მითოლოგიური მედუზა გორგონას თავები. ამ ღირშესანიშნაობის სანახავად აუცილებლად დაგჭირდებათ 10 თურქული ლირა.






 4) არქეოლოგიური მუზეუმი – მერწმუნეთ არ ინანებთ. მის დასათვალიერებლად დაგჭირდებათ 10 ლირა. 



 5)   თოფკაფის სასახლე –  მშენებლობა სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს და 1465 წელს დასრულდა. შედგება დაბალსართულიანი რამდენიმე შენობისგან, მათ შორისაა ჰარამხანა, აქვე მოთავსებულია მუზეუმი, სადაც ვნახეთ ოტომანთა დინასტიის საოცარი სიმდიდრე. ამ სასახლის დათვალიერება ღირს 25 ლირა, ჰარემის ნახვის შემთხვევაში მოგიწევთ დაამატოთ კიდევ 15 ლირა. 




 6) დოლმაბახჩეს სასახლე – ფრანგულ სტილში გადაწყვეტილი საიმპერატორო სასახლე. უმდიდრესი და წარმოუდგენელი სანახაობა. სამწუხაროდ ინტერიერის გადაღების უფლება არ მოგვცეს. სასახლის დათვალიერება ფასიანია - 30 ლირა, ჰარამხანა 20 ლირა, ერთიანი ბილეთი 40 ლირა ღირს


7) მსოფლიო ორთოდოქსული საპატრიარქო – სწორედ სტამბულშია განთავსებული მართლმადიდებლების მსოფლიო საპატრიარქო, რომლის წინამძღოლი გახლავთ მსოფლიო პატრიარქი, მისი უწმინდესობა ბართლომეოს I. ტაძრის მონახულება უფასოდ შეგიძლიათ


8) სტამბულში იყო და გემით ერთი წრე არ შემოუარო ბოსფორის სრუტეს წარმოუდგენელია. გარდა გარკვეული ხიბლისა  ჩათვალეთ რომ ბევრი რამის ნახვა უბრალოდ ვერ მოახერხეთ. ამ კრუიზის შემდეგ კი ნამდვილად ღირს ესტუმროთ სრუტეზე განლაგებულ თევზის რომელიმე რესტორანს და დააგემოვნოთ თევზი, რომელსაც იქვე იჭერენ. კრუიზი ბოსფორზე შეგიძლიათ რომელიმე ტურ-ოპერატორს მიანდოთ ან თავად დაგეგმოთ, მერწმუნეთ მეორე ვარიანტი გაცილებით იაფია. უბრალოდ უნდა მიბრძანდეთ გემების სადგომთან, იკითხოთ რომელი ბორანი გადის შესაბამისი მიმართულებით მოცემულ მომენტში, ყველანაირი შუამავლის გარეშე ფასი იქნება  დაახლოებით 7 ლირა.





                                        
 9) ბევრი ტუროპერატორი თავის ტურისტს სთავაზობს გემით გასეირნებას პრინცესას კუნძულზე, სწორედ ამ ინტერესის გამო გავემართეთ ჩვენს ზემოთხსენებული კუნძულის მოსანახულებლად. ეს ადგილი კარგი საშუალებაა გაერიდო ქაოსით მოცულ 8 მილიონიან ქალაქს და უბრალოდ დაისვენო. ძველი გადმოცემებით ეს ადგილი სამონასტრო ცხოვრებისთვის იყო განკუთვნილი. ამ შემთხვევაშიც, ჩემი გამოცდილებით ისევ თავად შეეცადეთ დაგეგმოთ ტური, საათში ერთხელ მოძრაობს ბორანი სხვადასხვა კუნძულის მიმართულებით და ერთი გზა დაახლოებით 10 ლირა ღირს.


10) გრანდ ბაზარი – თურქული კოლორიტის კიდევ ერთი სახე. გაგაოცებთ აქ გამოფენილი ოქროს რაოდენობა და მასზე მიბმული ჩემი აზრით "ხარახურების ბაზრობა". ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ აქ რამე იაფია. მალევე ხვდები, რომ რაც მოგწონს აქ იაფად არ იშოვება (სუიექტური აზრი), თუმცა თვალის გასახარად ამ ტერიტორიაზე მოხვედრა ნამდვილად ღირს.





 11) გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი თურქეთის ისტორიააა ორჰან ფამუქი, ნობელიანტი მწერალი. ვისაც უბრალოდ მისი ნაწარმოებები წაუკითხავს, ალბათ სურვილი გაუჩნდება ნახოს "უმანკოების მუზეუმი" (ფოტოგადაღება აქაც აკრძალულია, თუმცა მე კანონებს შევეწინააღმდეგე და ქურდულად გადავიღე რამდენიმე ფოტო.). ამ მუზეუმით დაინტერესებულებს მოგიწევთ 15 დოლარის გადახდა. 


ქალაქის ხედები:
 

 P.S მსოფლიო ქვეყნების სტატისტიკა არ ვიცი, თუმცა ჩემი აზრით სტამბული უდაო ლიდერი უნდა იყოს ტკბილეულის წარმოების საქმეში



 P.S.S გაზაფხულის ფერები ისეთივე ლამაზია სტამბულში, როგორც დედამიწის ყველა წერტილში


< >

"მერე რა რომ ძლიერი ხარ,
 მერე რა რომ დიდი ხარ,
 მერე რა რომ ბევრი დაგიჩაგრავს,
მერე რა რომ მებრძოლი და ხშირად მტრულად განწყობილი ხარ,
მერე რა რომ საშიში ხარ, მერე რა რომ შენ ცხოვრება გქვია .....
მე შენზე ძლიერი და დიდი ვარ,
მე შენზე მაგარი მებრძოლი ვარ,
მე არ მეშინია შენი მტრული დამოკიდებულების,
მე ვერ დამჩაგრავ შენ !
შენ თუ ცხოვრება გქვია მე სიცოცხლე ვარ !!!

ეს ფრაზები ვის ეკუთვნის ნამდვილად არ ვიცი...

ხათოს ეს პოსტი წავიკითხე რამდენიმე საათის წინ, კიდევ ერთხელ განვიცადე 20 წლის წინანდელი და მესიამოვნა. (ჩამაფიქრა, დამაფიქდა და ამანერვიულა)

ჩემი გვარი ძალიან მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს მოიცავს, წარმოშობით რაჭიდან ვართ, კერძოდ, სოფელი ზნაკვიდან. შვიდი თაობის წინაპარს ველური ბატონი, გვარად წულუკიძე მოუკლავს და ქართლში გამოქცეულა (წულუკიძე გვარის გაგებაზე ახლაც კი უხერხულობა მიპყრობს ხოლმე), შიო მღვიმეს შეხიზნებია და მის ყმადაც დაუგულია თავი, შემდეგ გამრავლებულან ავად თუ კარგად და დღეს თითზე ჩამოსათვლელ კომლთა რაოდენობას წარმოვადგენთ.

ამ ფაქტის და ქართველობის იმ ძირძველი ტრადიციის გათვალისწინებით თუ რა მნიშვნელოვანია ახალ თაობაში ბიჭის დაბადება, წარმოიდგენთ ალბათ, თითო ახალი გვარის გამგრძელებლის გაჩენა რამხელა სიხარულია ჩემი გვარის ოჯახებისთვის. არადა ბედის ირონიაა თუ რას უწოდებენ არ ვიცი, უხეშად თვალის გადავლებაც საკმარისია დაასკვნა, რომ გვარში პირველები მხოლოდ გოგოები იბადებიან, თან რამდენიმე ზედიზედ და "დიდი წვალებაა" საჭირო, რომ ერთ დღეს სანატრელი ბიჭიც გაჩნდეს. ჩემს ოჯახშიც ეს ბედნიერება ძალიან გვიან მოვიდა, მაშინ როცა ჩემი მშობლები ორმოცს გადასცილდნენ და ადვილი წარმოსადგენია სამი გოგოს მერე მეოთხე ბიჭი რა დიდი სიხარული იქნებოდა.

ამბავს ვაგრძელებ სხვა ამბით:

რამდენიმე ათეული წლის წინ ზუსტად იგივე განმეორდა ჩემი მოგვარე–ნათესავის ოჯახში. სამი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, გვიან ასაკში ოჯახს შეეძინა ნანი–ნანატრი ბიჭი, იყო ხალისი, ბედნიერება, მომავლის დიდი იმედები და ყველაფერი კარგი რაც წარმოსახვას შეუძლია.

კიდევ გავიდა რამდენიმე ათეული წელი და იმავე პრობლემის წინაშე დადგა ზემოთნახსენები ახალშობილი. ორი გოგონა და მესამე ვაჟი, თუმცა პრობლემური (ჩვენში უნარშეზღუდულს რომ უწოდებენ). ნერვიულობის ნიადაგი და ექიმის მიერ გამოტანილი უმოწყალო ანამნეზი, დარჩენილი ცხოვრების შესაძლო 10 წელი.



"მე ვერ დამჩაგრავ შენ !
შენ თუ ცხოვრება გქვია მე სიცოცხლე ვარ !!!"



ოცნებას ვინ მოუკლავს :)))

ჩამონათვალი ურიცხვი...

სურვილი ბევრი......

ოცნება უფრო მეტი..............

ნატვრა უკიდეგანო................

დრო და ფინანსები მინიმალური, უფრო ხშირად არარსებული.

უსაზღვრო ბოდიალი რომ ჩემი სტიქიაა, ეს ცნობილი ფაქტია. პრინციპში ვის არ უყვარს მოგზაურობა, მაგრამ არჩევანშია განსხვავება (კომფორტი თუ მინიმალური პირობები) . ნუ რადგან ჩემს ბლოგზე ვართ დავსძენ, რომ ორივე პირობაში კარგად ვგრძნობ თავს.

მოწყენილობა (სიტყვა დეპრესიას მოვერიდები) ძირითადად ორ შემთხვევაში მიტევს: როცა ნაკლებდატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს და ყოველდღიურობა რუტინაში გადადის (8 სთ–ზე მაღვიძარა, მომზადების 45 წთ–იანი პროცედურები, სამსახურში ჯდომა 9 დან 18–მდე და საღამო დაძინებამდე).... ასეთ დროს თავს იჩენს ფიქრები ცხოვრებისეულ ამაოებებზე და მეტი რა მიზეზია საჭირო მოსაწყენად.

აზრი ამეკვიატა ოდესმე ვნახავ შემდეგს? :

მაჩუ პიკჩუ

 მეტეორა
 დუბაი
 ვენეცია
 კენია და უბრალოდ ცოცხალი ჟირაფი
 პეტრა
 ტაჯ–მაჰალი
 შთამბეჭდავი სიაა ხომ???? მერე რა, ეს ხომ მხოლოდ ოცნებაა და თან ამ ოცნების ნაწილი....


ნატვრების რა გითხრათ და ოცნებები ხომ ხდება :)))

41 X 5

ყურში ვივალდის "Four Seasons" , თან რაც შეიძლება ხმამაღალზე ...

სამსახური, როგორიც არის ისეთი, რას ვიზავთ ვერაფერს შეცვლი, ფინანსები საჭიროა, თორემ გამოიჯახუნებდი კარს დიდი სიამოვნებით და რამდენიმე ადამიანს კი გააოცებდი ამ ქცევით. არა შეიძლება სულაც ვერ მიმხვდარიყო ის რამდენიმეც რატომ ხარ ასე ბედნიერი შენი მოქმედებით, 

მაგრამ 

მუდამ ვოცნებობ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც იმდენი სამუშაო ადგილი იქნება, რომ მობეზრების შემთხვევაში შეძლო უკვე არსებულს გამოუხურო კარები და ახლის ძიება დაიწყო იმ იმედით, რომ აუცილებლად იპოვი....

ოცნებები ხდება...

იმედები მართლდება...

არჩევნები გადაგორებულია...

ქვეყანა შეცვლილია.....

არსებული გადაგდებულია....

ხალხი 41 x 5-ზეა

მოლოდინი დიდია...

ოცნება და  იმედი იდეაა, რამდენიმე თვე გვანახებს რეალობა როგორი იქნება.

ჩემი ოცნება და იმედი ყველა ერასა და ეპოქაში ერთი და იგივეა....

მოთხოვნები მკაცრია და მეტად კატეგორიული....

მეტი წინსვლის დროა.....





ტბავერცხლი ანუ ტობავარჩხილი

3 სექტემბერი, 2012 - მისტიური წელი, გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი მომავლით. არა აქ სამყაროს შესაძლო აღსასრულს სულაც არ ვგულისხმობ, რამდენიმე კვირაში არჩევნებია და ჰაერში ისეთი დაძაბულობააა გაქცევაც რომ გაგიჭირდება. მომავალს მომავალი გვიჩვენებს, აი აწმყოს რაც შეეხება, 3 სექტმბერია და ყველაფერი იდეალურადაა, უკეთაც შეიძლება, თუმცა ბედს ვერ ვუჩივლებ.

რამდენიმე დღეში  ჩემი დაბადების დღიდან კიდევ ერთი წელი დაიწყებს ათვლას, წლების მატება კი გარკვეული დისკომფორტია და უკვე შევეჩვიე, რომ წინა დღეებში სევდა მიპყრობს, თან ისე ძლიერი თუ არ გავექეცი, შეიძლება სასოწარკვეთაში გადამივიდეს.

წლევანდელი სევდის დასაძლევად კი ტობავარჩხილი საუკეთესო გამოსავლად მივიჩნიე და არც ვაციე, არც ვაცხელე, თითქმის უცხო გარემოში დავადექი ამ მეტად რთულ გზას. (უცხო გარემო ბოლო ხანებში ახალ ჩვევად მექცა. მარტოობისთვის და ზედმეტი ჩაღრმავებებისთვის თავის არიდება თუ გინდა მშვენიერი გამოსავალია. ერთი და იგივე ხალხთნ მუდმივი კონტაქტი სულ იმის შეგრძნებას მიმწვავებს რომ მეტად გაშიფვრადი ვხდები და შესაბამისად უინტერესო, იმდენად რომ საკუთარი თავის მობეზრება თავად მეწყება ხოლმე).

ტობავარჩხილი ოფიციალური მონაცემებით მდებარეობს ზღვის დონიდან 2650 მ-ზე. მისაღწევად ორი გზა შეგიძლია გამოიყენო. წალენჯიხის რაიონი სოფელი მუხური და სოფელი სქური. ფეხით სავალი მანძილი შეადგენს დაახლოებით 18-20 კილომეტრს (ერთი გზა). გზა არის რთული რამდენადაც რამდენიმე უღელტეხილზე და ე.წ. მთის ყელში გიხდება გაძვრომა.





რაც მეტად ხდება ამაღლება შერეული, ფოთლოვანი ტყე ალპურში გადადის და ნელ ნელა აცნობიერებ, რომ თითქმის ცას მიუახლოვდი. გზად ნისლიც ბევრჯერ გადაგივლის და თავის გზას გააგრძელებს მშვიდად, მთავარია შენ იდგე მიწაზე მყარად და მუდმივად აკონტროლო ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები.



აი აქ ფასობს ყველაზე მეტად შენი ფეხების სიძლიერე და თუ გიმტყუნა შემთხვევით რომელიმემ მთლად კარგი საქმე არ იქნება, როგორც შენთვის, ისე ჯგუფისთვის.






ტობაზე მიმავალს აუცილებლად გჭირდება გვერდით ადამიანი, რომელსაც დათვებთან ბრძოლის მინიმალური გამოცდილება ექნება. დათვის არსებობა ამ ტყეში, ისევე როგორც რაჭაში გამოგონილ ზღაპრად მექნებოდა წარმოდგენილი თავად რომ არ შევსწრებოდი, როგორ ამიფრთხიალდა ცხვირწინ და კიდევ კარგი არ შემოტრიალდა, თორემ ალბათ ამ პოსტს ვერასდროს დავწერდი. აფრთხიალდა და ისეთი სილამაზის მომსწრე გამხადა (გადაჭარბების გარეშე) ტობას მთელი სილამაზე 1 წამში დამავიწყა.




ტობამდე იყო გზა ჩხოროწყუმდე, ჯერ სამარშუტო  და შემდეგ კერძო ტაქსით. მთელი გზა ვფიქროვდი ეს დღეები ქვეყანაში არსებულ ვითარებას დავივიწყებ და მხოლოდ კარგზე ვიფიქრებთქო, მაგრამ ვინ გაცალა. ცალკე ისტორიაა ტაქსის მძღოლი, რომელმაც სენაკიდან- ჩხოროწყუმდე სავალ 20 წუთის გზაზე, გამწარებული იუმორით ისეთ დებატებში ჩაგვრთო მგზავრები ყველა პოლიტიკურ თოქ-შოუს რომ შეშურდება.

სამეგრელო უდავოდ ფავორიტია სტუმართმასპინძლობის წესში და ამაზე დავა თუ მოუნდება ვინმეს, ე.ი. არ უვლია საკმარისად საქართველოს რეგიონებში.


დავუბრუნდეთ მთავარ თემას, ტობაზე წამსვლელები ძირითადად ორ - დიდ და პატარა ტობაზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე, არანაკლებდასაფასებელი ტბა მიმდებარე ტერიტორიაზე.




 ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ ტბა ტბაა და განსაკუთრებული რა უნდა იყოს მასში, მაგრამ არც ასეა საქმე, მისი განსაკუთრებულობა მთებს შორის მოქცეული სილამაზეა, ასე საოცრად რომ ირეკლავს და წამიერად იცვლის ფერებს. სიტყვები ხანდახან მართლა არაფრისმთქმელია, ფოტო კი მინიმალურს ასახავს იმისა, რაც რეალურად არის. საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი მაინც სულ სხვაა...

პატარა ტობა:






 
 

დიდი ტობა:



P.S. ჩემი რჩევა იქნება მინიმუმ ერთი სრული დღე- ღამე გაატარო დიდ და ერთიც პატარა ტობასთან, სრულად რომ შეძლო მისი სილამაზის აღქმა, რადგან აქ მზის ამოსვლაც ისევე ლამაზია, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა...