ვაშლოვანი
შემოდგომა მოახლოვდა და ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა თამამად შეგვიძლია გავემართოთ ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით. აქვე აღვნიშნავ რომ იგი არის საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიებიდან ერთ-ერთი. ამ მიმართულებით მოგზაურობა რეკომენდირებულია გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით, თუმცა მე თუ მკითხავთ, შემოდგომა ყველაზე კარგი პერიოდია, თუკი ლამაზი ფერები გიტაცებთ.
ვაშლოვანის ნაკრძალი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ახლოს აზერბაიჯანის საზღვართან, სწორედ ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ გზადაგზა მესაზღვრეებთან მოგიხდათ დაკონტაქტება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საბაჟო-გამშვები პუნქტი არ გვხვდება.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორია ტურისტებისთვის გულისხმობს შემდეგ დასათვალიერებელ ადგილებს: ვაშლოვანის ნაკრძალი, ეროვნული პარკი, არწივის ხეობა, კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყე და ორი ვულკანური ნაწილი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა : ტახტი-თეფა და ქილაკუპრა.
1. აქვე გასათვალისწინებელი ფაქტები მოგზაურთათვის: ამ ყველაფრის ნახვა შესაძლოა მოესწროს ორ ან მეტ დღეში.
2. მოგზაურობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ეწვიოთ ვიზიტორთა ცენტრს, რომელიც მდებარეობს დედოფლისწყაროში, დამხვედრ თანამშრომელს უნდა ჩაანიშნინოთ მოგზაურობის მარშუტი, თავის მხრივ ისინი ინიშნავენ მოგზაურთა მონაცემებს და გადასცემენ რეინჯერთა თუ სასაზღვრო პუნქტების წარმომადგენლებს. ამ ყველაფრისგან თავის არიდებას ნუ ეცდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოგზაურობა უბრალოდ შუა გზაში შეწყდება.
3. ორ ან მეტდღიანი მოგზაურობის დროს ტურისტს ღამისთევის საშუალება ეძლევათ მიჯნისყურისკენ მიმავალ გზაზე არსებულ კოტეჯებში, რომელიც საკმაოდ კეთილმოწყობილია, თეთრეულის წაღება არ დაგავიწყდეთ ვიზიტორთა ცენტრიდან.
4. ვინაიდან ვაშლოვანის ნაკრძალი შეგვიძლია ჩავთვალოთ უდაბნო ტერიტორიად, ამიტომ წყლის მომარაგება წინასწარ აუცილებელია, ასევე, გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ ღამე ცივა :)
ახლა რაც შეეხება თავად ჩემს მოგზაურობას ამ მიმართულებით:
თავდაპირველად გეზი ავიღეთ დედოფლისწყაროში მდებარე ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრისკენ. ეს არის მოქმედი ტაძარი, რომლის დღესასწაული არის 2 აგვისტოს. ტაძარი ძირითადად დაკეტილია და იხსნება მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში.
ამის შემდეგ მოგზაურობა გავაგრძელეთ მიჯნისყურის მიმართულებით, მთელი მოგზაურობის დროს გზად გავდივართ შირაქის ველის ძალიან ვრცელ ტერიტორიას, სადაც გასაკვირი არაა, რომ ვხვდებით გამოსაზამთრებლად დაძრულ უამრავ ფარას.
მიჯნისყურის გადასახვევამდე, სასაზღვრო პუნქტთან შეგხვდებათ წარწერა ვოლიერი, სურვილის შემთხვევაში ამ ვოლიერში იქნებ თქვენც ნახოთ ქურციკი, რომელთა რაოდენობა, წინა წელს თუ 10 ცალი იყო, ახლა მხოლოდ ერთია, ზამთრის გადატანა გასჭირვებიათ საწყლებს
მიჯნისყურე არის უკიდურესად ბოლო სასაზღვრო წერტილი. მანამდე უნდა შეჩერდე ადგილზე, რომელსაც ალესილებს უწოდებენ, ლამაზი გადმოსახედით, გზა ქვიანია და ისეთი შეგრძნება გაქვს დამშრალი მდინარის კალაპორში მოძრაობ.
ჩემი მოგზაურობისას ამ ადგილის სილამაზე გაა100მაგა წვიმის შემდეგ გამოჩენილმა ცისარტყელამ.
გზას ვაგრძელებთ კოტეჯის მიმართულებით, უკვე ღამეა და გზად ვერაფერს ვხედავთ, თუმცა გათენებულზე ნამდვილი სიურპრიზი გველის იმ ხედების სახით, რაც იქ დაგვხვდა.
როგორც ზემოთ ვთქვი, ამ ნაწილს გავდივართ შირაქის უსასრულო ველებს შორის, ამიტომ შემოდგომის ფერები სივრცეს ძალიან ლამაზს აჩენს, დროდადრო ვხვდებით მზესუმზირის ყანებს, რომელიც ოქტომბერში უკვე დამწვარი სახითაა შემორჩენილი. წელიწადის ამ დროსაც კი ამ ტერიტორიაზე ფეხით სიარული სახიფათოა ქვეწარმავალთა სხვადასხვა სახეობების არსებობის გამო.
შემდეგი გაჩერება: პანტიშარას ხეობა, დათვის ხევი, ეს გახლავთ საუკუნეების წინ წარმოქმნილი ვულკანური მასივი, სადაც ძალიან კარგად ჩანს ქანებში გაქვავებული ზღვის ნიჟარები, ამ ხევს თუ ბოლომდე გაყვებით სპილოს განმარხებულ ბეჭს მიადგებით, ჩვენ ამ სიღრმემდე აღარ შევსულვართ, უდროობის და იმის შიშის გამო, სადმე ფოცხვერს, ან დათვს არ გადავყროდით :)) (რამდენიმე წლის წინ ფარულმა კამერამ სწორედ აქ დააფიქსირა ნაკრძალში მოსეირნე ფოცხვერი, ამ გზას მხოლოდ მდედრ. სქესის წარმომადგენლები მივუყვებოდით და ვაღიარებ, შიშმა მაინც თავისი ქნა ).
მერცხლების ქალაქი:
ამის შემდეგ გზას ვაგრძელებთ უკვე ვულკანური ზონის მიმართულებით, გზა საკმაოდ ვრცელია და დამღლელი, ამიტომ უკვე მზე ჩადიოდა, როცა ტახტი-თეფასკენ მიმავალ გზაზე არსებულ სასაზღვრო პუნქტს მოვუახლოვდით, სადაც მორიგი შემოწმება უნდა გაგვევლო. ისეთ მდგომარეობაში ალბათ ყველა ყოფილხართ, რაღაცის მოსწრებას რომ ცდილობთ, მზეს ხედავთ რომ უკვე ჩასვლას იწყებს და ამ დროს განსაზღვრულზე მეტ დროს გაკარგვინებენ საბუთების შემოწმებაში, თან სად შენს ქვეყანაში. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გზა ტახტი-თეფამდე არის დახრამული და თუ სამანქანო ბილიკზე ოდნავ მაინც აგიცდა საჭე, შეიძლება დიდ სიღრმეზე ჩავარდე, ეს არ ჩანს ვიზუალურად, ამიტომ საჭიროა გამოგვყვეს სხვა მანქანა, რომელმაც იცის გზა. საბოლოო ჯამში მზის ბოლო სხივებზე მივასწარით ულამაზეს სანახაობას:
აქ მესაზღვრეებმა გვითხრეს, რომ ახლოს არის კიდევ ერთი მსგავსი ვულკანური ტერიტორია, რომელსაც ქილაკუპრა ეწოდება და თავისი ინიციატივით გაგვიძღვნენ მისკენ. სანახაობა მართლა ძალიან ლამაზია და ღირს სანახავად. მოგზაურებმა გაითვალისწინეთ, რომ გზა მარტივად შეიძლება აგერიოთ და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდეთ, ამიტომ ისარგებლეთ მესაზღვრეების დახმარებით.
პ.ს. გზად ტახტი-თეფამდე გვხვდება ასევე დალისმთის წყალსაცავი:
P.S.S შემოღამება ვაშლოვანში
0 comments:
Post a Comment