პარიზი

ალბათ ყველას გვაქვს ბავშვობის ამოჩემება. ჩემი აკვიატება ყოველთვის იყო პარიზი. სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი, თან ვემზადებოდი, უნივერსიტეტშიც ეს ენა ავირჩიე, პარალელურად გავიარე დიუმას ცენტრში ფრანგულის კურსის ყველა დონე, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მომიწია ფრანგი სტუმრების მასპინძლობაც. იყო დრო, როცა ფრანგული კარგად ვიცოდი და დადგა დრო, როცა ეს ენა თვალსა და ხელს შუა დამავიწყდა პრაქტიკის არქონის გამო.


პარიზი იყო ქალაქი, რომლის შესახებ ბავშვობიდან იმდენი ინფორმაცია დავიგროვე, თეორიულად ზეპირად რომ იცი რომელ კუთხეში რა დგას და რა შენობას რომელი მოსდევს, სად უნდა წახვიდე, რა ნახო, სად გაისეირნო და ა.შ. გავიდა წლები, მე თითქმის 20 ქვეყანაში და სულ ცოტა სამ ამდენ ქალაქში ვიმოგზაურე და ჩემი ინიციატივით არასდროს მომსვლია აზრად დამეგეგმა ტური პარიზში, რადგან ყოველთვის მეგონა, რომ ის ჩემთვის იყო ბავშვობის ოცნება, ზღაპრული ნატვრა, რომლის ახდენისაც ცოტა არ იყოს მეშინოდა.

ბევრი რომ არ განვაგრძო, ძალიან სპონტანურად მივიღე მეგობრის შემოთავაზება, შემოდგომის შვებულება გამეტარებინა პარიზში და მხოლოდ აქ, ყველა სხვა ადგილის მიბმის გარეშე. ერთი კვირა, ზედმეტი გადარბენის, შემორბენის, მირბენის და მორბენის გარეშე. მხოლოდ პარიზი და არაფერი სხვა, გვესეირნა და მაქსიმალურად გვესიამოვნა.



სამზადისი სტანდარტულად 2 თვით ადრე ავიაბილეთების ყიდვით და სასტუმროს დაჯავშნით დავიწყეთ. მთელი ზაფხული თავს არ ვაძლევდი უფლებას მეფიქრა ამ მოგზაურობაზე, ვაიდა რამე შეცვლილიყო, სხვათაშორის ამდენი მოგზაურობიდან პირველად გაგვიპრობლემდა სასტუმრო, რომელმაც რამდენჯერმე გაგვიუქმა ჯავშანი და მოგვიწია ხელახლა ძებნა, უარი ვთქვით იქ მცხოვრები ქართველის ძალიან კარგ შემოთავაზებაზე, რადგან ვერ გვაძლევდა საზღვრისთვის რაიმე დამადასტურებელ ცნობას და მოვერიდეთ ზედმეტ პრობლემებს.



უკვე შარლ დე გოლის აეროპორტში დაშვებისას (ღამე იყო) ილუმინატორიდან დანახულმა მოციმციმე ეიფელმა და მომრავლებულმა ფრანგულმა ამიჩქროლა გული და დარჩენილი 8 დღის მანძილზე მეგობრებს ვთხოვდი ხშირად შეეხსენებინათ, რომ მე ნამდვილად პარიზში ვიყავი და არ მესიზმრებოდა.

ყველა ახალ ქვეყანაშ ჩასვლა იწყება სტანდარტული დაბნეულობით, მერე რა რომ წამოსვლამდე ყველაფერი გადაკითხული გაქვს, იცი რა სახის ტრანსპორტი გაწყობს და საით უნდა აიღო გეზი, მაინც მივემართებით საინფორმაციო სამსახურისკენ და დაწვრილებით ვეკითხებით ყველაფერს. ტაქსი ფიქსირებულად 50 ევრო ღირს. უცბათ გადაანგარიშებით ვხვდებით, რომ უცხო ქალაქში შუაღამისას დაკარგვას გვირჩევნია 3-4- ევროთი მეტი გადავიხადოთ და მშვიდობით მივიდეთ სასტუმრომდე. სადღაც ნახევარ საათში ადგილზე ვართ. აეროპორტიდან სასტუმრომდე გზად არაფერი საინტერესო არ ჩანს, ამიტომ ვკმაყოფილდებით სასტუმროს მითვალიერებით და ვიძინებთ ხვალინდელი ლამაზი დღის იმედით.


პარიზი ძვირი ქალაქია. კვება, მგზავრობა, შოპინგი, უამრავი აუცილებლად სანახავი ადგილი საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, თუმცა სადაც საბანი გაგწვდება იქამდე უნდა გადაიფაროო ნათქვამია, ამიტომ თავიდანვე უნდა მოიძიო არსებობის მარტივი გზები და განსაზღვრო პრიორიტეტები. რვა დღეში მაინც ვერ ამოწურავ პარიზს, ვეუბნები საკუთარ თავს და ვიწყებ ჯადოსნურ მოგზაურობას. 

მეტრო გთავაზობს ერთკვირიან ბარათს და სხვა კომბინირებულ ვარიანტებს. ეს კომბინაციები ყოველთვის ტურისტზეა გათვლილი და უფრო ხელსაყრელი გამოდის, ვიდრე ცალობით ნაყიდი ბილეთი. თუმცა გასათვალისწინებელი ამბავია, რომ მეტროს ერთკვირიანი ბილეთი ძალაშია კვირა დღის 00:00 მდე, ამიტომ პარასკევს, ან შაბათს თუ იყიდი აზრი არ აქვს. მოკლედ ჩემი რჩევაა შეიძინოთ ათ გზიანი ბილეთი და მაქსიმალურად შეეცადო ფეხით იაროთ. დღეში გამოიყენოთ მხოლოდ 2 ბილეთო (15 ევრო, ცალი ბილეთის ფასი 2 ევრომდეა). მეტროს სადგურები საკმაოდ ახლოახლოა ერთმანეთთან და ქალაქის ღირშესანიშნაობები მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაშლილია სივრცეში, შეგიძლიათ ერთ დღეს ერთი მიმართულებით აიღოთ გეზი, მეორე დღეს სხვა მიმართულებით. პარიზი სავსეა ღირშესანიშნავი ადგილებით და ფეხით სიარულისას ბევრ ლამაზ და საინტერესო ადგილს წააწყდებით.



ეიფელის კოშკი სულაც არ არის ისეთი მახინჯი, როგორც ადგილობრივებს ჰგონიათ. მხოლოდ ეიფელიდან არ ჩანს ეიფელი და ეს თითქოს შარმს უკარგავს ქალაქს. ღამე ლამაზია და ბრდღვიალა. ყოველი საათის დასაწყისში ზუსტად 10 წუთით ინთება ციმციმა განათება და სასწაულ ელფერს სძენს გარემოს, ამას თუ თან ერთვის ქუჩის მუსიკოსის მიერ შესრულებული ძველი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ფრანგული ჰანგები, აღარაფერი გჭირდება მეტი ბედნიერებისთვის.








ეიფელზე ასვლა ფასიანია (17 ევრო ბოლო წერტილამზე), უნდა მიეჩვიო აზრს, რომ პარიზის ღირშესანიშნაობებთან ყოველთვის დიდი რიგი დგას, მაგრამ ამ ქალაქში დალოდება ღირს ნამდვილად. თუ სიმაღლის გეშინიათ ან უბრალოდ ფული არ გყოფნით, ეიფელის ხელმარცხნივ მოლზე წამოგორებულმა, ხოლო ხელმარჯვნივ ტროკადეროს მოედნიდან შეგიძლიათ დატკბეთ მისი ყურებით. აქ აუცილებლად არ მოგასვენებენ გარემოვაჭრეები, რომლებიც გთავაზობენ სუვენირებს და შამპანურს, მეტი რომანტიკისთვის.








ამ ქალაქში ჩადრიანები არ დადიან. ეს ყოფილა ბედნიერება, არავის ვერჩი, თუმცა ბრიუსელი მახსენდება ხშირად, სადაც თავი ოფიციალურად აზიაში მეგონა და სულ არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ შუაგულ ევროპაში ვმოგზაურობდი. განვაგრძობ ისევ პარიზით. სულ ამბობენ რომ პარიზი სიყვარულის ქალაქია. ჩემთვის ასეთი რომია, პარილი არის ლამაზი და მოწესრიგებული ხალხის ქალაქი. თვით ტურისტიც რომ არ მისცემს თავს უფლებას მოგზაურისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლით იაროს. ჩემი ყოფნა დაემთხვა პარიზის მოდის კვირეულს. არ ვიცი, შეიძლება ამის ბრალია, ქალაქი იყო სავსე ლამაზად ჩაცმული და მოვლილი ხალხით, რაც სხვა ქვეყანაში არსად მინახავს.

აქ ყველა შენობა ლამაზია, ჰარმონიულია გარემოსთან, ელეგანტურია და აღტაცებას იწვევს.


სენის სანაპირო შაბათ-კვირას მოსაწევის და სასმელის, მოგვიანებით კი შარდის სუნით ყარს. სამუშაო დღეებში, უბრალოდ ტურისტების ჩამოჯდომის და მოსვენების, ხოლო საღამოს ადგილობრივების სავარჯიშო ადგილია. ადგილობრივ ხელისუფლებას ნამდვილად უზრუნია ამ სანაპიროს პრაქტიკული გამოყენებისთვის.




შაბათ-კვირას, ისევე როგორც ევროპის ყველა ქალაქში, აქაც ცენტრალური ქუჩა გადაკეტილია და უამრავი ახალგაზრდა ბრაგაბრუგა მუსიკით ირთობს თავს. პარიზი  ის ქალაქია, სადაც ასეთი ხალხმრავალი შეკრების ადგილების ცოტა არ იყოს მეშინია, გახშირებული ტერორისტული აქტების გამო, რეალურად ეს მუსიკაც არ მსიამოვნებს მაინცდამაინც და სწრაფად ვეცლები ამ ადგილს.



პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, შიგნიდან ჩემთვის არაფრით განსხვავდება ევროპის სხვა საკათედრო ტაძრებისგან. გარედან რათქმაუნდა მომხიბვლელია და მის წინ მდგომს ერთიანად გახსენდება ყველა წიგნი, ფილმი, კვაზიმოდო, ესმერალდა თუ ყველაფერი რაც კი წაგიკითხავს თუ გინახავს, კიდევ ერთხელ ფიქრობ, ხომ ნამდვილად ხარ აქ და ეს სიზმარი არაა.



ელისეის მინდვრებზე და სენის სანაპიროზე უკვე ადრიანი შემოდგომაა, ხეები შეყვითლებულია. მე კიდევ ერთხელ მშურს და გულში ვუკურთხებ ყველას, ვინც თბილისში ხეები ასე სანატრელი გამიხადა და ღრმად ვისუნთქავ ფრანგულ ჰაერს.







ტრიუმფალური თაღი და მისი პანორამული გადმოსახედი პირველი სერიოზული შოკია ჩემთვის





პირველივე დღეს ამაოდ ვცდილობ საკრე კერიდან დავინახო ეიფელი. რაღაც მომენტში ეჭვიც მიჩნდება, ჩემს მოსვლამდე, ხომ არ აიღეს (ვხუმრობ)






მულენ ღუჟის წინ აჟიტირებული ვდგავარ და მის წინ გაკეთებულ საჰაეროზე ვცდილობ მელრინ მონროს ცნობილი სცენა გავიმეორო, ძალიან სახალისოა.


ესპანეთში მოგზაურობისას ჩემდაუნებურად იმდენი მუზეუმი მოვინახულე, უკან დაბრუნებულმა საბოლოოდ ვთქვი, რომ ჩემი ფეხი მუზეუმებში არ იქნება. ამ ამბის შემდეგ, კიდევ ვიმოგზაურე რამდენიმე ქვეყანაში და მაქსიმალურად შევეცადე არ გამომეტოვებინა მნიშვნელობანი ექსპოზიციები. პარიზზე, თავიდანვე შევაგულიანე თავი, რომ ყველაფერი უნდა მენახა, უბრალოდ დღეებზე უნდა მომეხდინა სწორი გადანაწილება.

ჩემი რჩევა იქნება, არ დაგემოთ რამდენიმე მუზეუმი ერთ დღეს, თუ გინდათ, რომ აღიქვათ მათი სიკარგე.

ორსეს მუზეუმი აუცილებლად შეიყვანეთ სანახავთა სიაში, თუ ცოტათი მაინც გიტაცებთ ლამაზი მხატვრობა: მონე, მანე, ვან გოგი, დეგა, კლიმტი და ყველა ვინც კი ოდესმე გაგიგიათ,





ლურვი დიდია და უზარმაზარი, ერთი დღეც არ გეყოფათ მის სრულად დასათვალიერებლად. ამიტომ სიამოვნება, რომ ტანჯვად არ გექცეთ, თავიდანვე მოითხოვეთ მნიშვნელოვანი ნამუშევრების ბუკლეტი და მის კვალს მისდიეთ.






 მონა ლიზას მაინც დაინახავთ სულ რომ არ გინდოდეთ. დაინახავთ, თუმცა ვერ ნახავთ, რადგან ათასობით ტურისტის მობილური არ მოგცემთ იმის საშუალებას აღიქვათ რაშია ამ ქალის საიდუმლო. მე მიყვარს ასეთ ნახატებთან თუნდაც მთელი საათი დგომა და გონებაში ჩაბეჭვდა. მეორედ როდის ვნახავ ვინ იცის. მონა ლიზა მისტიურია, უბრალოდ მასთან განმარტოებას მხოლოდ ხუთი წუთით ვახერხებ და ისიც გვერდით ხედიდან.




პომპიდუს ცენტრის დათვალიერება ბოლო სართულიდან დაიწყეთ და ნახავთ როგორ იცვლება ხელოვნება წლებთან ერთად. მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებული ბევრი იქმნება და თანამედროვე ხელოვნება მხოლოდ ის არაა, რასაც ამ ცენტრში ნახულობ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ უკან მივდივართ, იქით საიდანაც გადმოცემის მიხედვით დავიწყეთ. 








ერთ დღეს დისნეილენდს ვუთმობ, ეს კიდევ ერთი სასწაული დღეა და მასზე ცალკე პოსტში მოვყვები.




პანთეონში  ჩემი ბავშვობის კუმირი მწერლების საფლავებს ვსტუმრობ








უაზროდ დავხეტიალობ ლათინურ კვარტალში

ვნახულობ სორბონის უნივერსიტეტს, ადგილს, სადაც სწავლაზე ჩუმად ვოცნებობდი ყოველთვის.სამახსოვრო სურათს ვიღებ და ვაგრძელებ გზას ლუქსემბურგის ბაღისკენ
კიდევ ერთხელ მშურს გამწვანებული და ბაღებით სავსე ქალაქის.





ვსეირნობ ტულერის ბაღში  და ვათვალიერებ ასაკიან ხალხს, რომლებიც დასასვენებლად წამომჯდარან სკამებზე. ძალიან მინდა ჩემი მშობლები იყვნენ მათ ადგილას.





დავცინი სენაზე კრუიზის დროს ჩაძინებულ აზიელს, რომელსაც როგორც ჩანს სულ არ აინტერესებს ეს ტური და უბრალოდ ცოლის ახირების გამოა აქ.


მონმარტრზე რამდენიემე წუთით ჯგუფს ვეკიდებით, რაღაც საინტერესოს ყველა გიდი, თუმცა მათი თვალების ბრიალით ვგრძნობთ, რომ დროა ჩამოვრჩეთ მთავარ ჯგუფს.



ოპერის ნახვა მინდა. სპექტაკლს ვერ დავესწრები ალბათ, მაგრამ ვიცი, რომ შიგნით ტურები იმართება და დათვალიერებაც შევძლებ. დილიდანვე მივეშურები ოპერისკენ. წინა მხარე მუსიკალური ცენტრია, სადაც წყვილები ტანგოს ცეკვავენ. საოცარი სანახაობაა. მოყვარულები არიან. სურვილი მიჩნდება მეც შემეძლოს ცეკვა.



ოპერა დაკეტილია, თურმე მოდის კვირეულის ერტ-ერთი  ჩვენება იმართება დღეს აქ და ბევრი ხალხია შეკრებილი. პაპარაცები ტოპ მოდელებს ელიან. მე დრო მაქვს დანიშნული მეგობრებთან შესახვედრად და არ მინდა დავაგვიანო, თან ინტერესი მკლავს რა მოხდება. ჯამში 45 წთ ვჩერდები და ვხვდები, რომ პროცესი თანდათან მითრევს და მიტაცებს, მოდის სამყაროს იმ დონეზე ვიცნობ, რა დონეზეც არ გამიჭირდება ტოპები გავარჩიო ჩვეულებრივი ხალხისგან და აი ისინიც. 








წვიმას ვემალები ლაფაიეტის გალერეაში. ლამაზი ადგილია, გემოვნებიანი, შიკი, როგორც ასეთ დროს იტყვიან. აუჩქარებლად ვათვალიერებ რამდენიმე სართულს და ვხვდები, რომ ეს ის ადგილია, სადაც სულ არ დამჭირდება გონების დაძაბვა ჩემი გემოვნების ტანსაცმელის არჩევისას, აქ ისინი ხომ ძალიან ბევრია და ამ ბედნიერებისთვის ერთი რამ მაკლია - ფული :) 




ფრანგული სამზარეულო როგორც ამბობენ გამორჩეულია, მე მიყვარს ქართული და იტალიური, არ მიყვარს ბალახეული და თეფშზე დაწუნწკლული ერთი კოვზი საკვები.
ვიცი, რომ აქ ბაყაყი უნდა გასინჯო, მერე რა თუ სხვა დროს ამას არ ვიზავდი, შეკვეთა მიცემულია, შედეგით კმაყოფილი ვარ.




დაბოლოს,  პარიზი სიყვარულია, რომელიც სულ თავისთავზე გაფიქრებინებს და მუდამ თავისკენ გექაჩება. პარიზი უნდა ნახო და შეიგრძნო.













სევინჯა, სიხარულის გოგონა საინგილოდან

       ბაქოდან ვბრუნდებოდი საღამოს ავტობუსით. სამი დღის ფიზიკურმა დატვირთვამ თავისი გაიტანა, თან წინასწარ მიწუხდა გული მთელი ღამე ავტობუსით რომ უნდა მემგზავრა და დილით სამსახურისთვის მიმესწრო. ერთადერთი იმას ვფიქრობდი მაქსიმალურად მეიძულებინა თავი დამძინებოდა.

ავტობუსის დაძვრამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, ფანჯრიდან ჩემს ლამაზ მეგობარს შევცქეროდი და ვიცოდი ისიც იმას ფიქრობდა, რასაც მე :)) შემდეგ მცირე ჩოჩქოლი ატყდა ჩემს გვერდით, ცივი გონებით ვხედავდი, როგორ უთმობდა ჩემს გვერდით მჯდომი ბიჭი უცნობ გოგოს ადგილს. გოგონას ბიჭები ახლდა. ჩემს გვერდით მჯდომმა არ გააპრობლემა ადგილის ცვლილება. მივხვდი, რომ გოგონას თანმხლები ბიჭების მიერ ნათქვამი მიზეზი, რატომ უნდა გაეცვალათ ადგილი ბიჭისთვის გასაგები აღმოჩნდა და აღარც გაუპროტესტებია.

ლამაზი გოგო იყო, ხალისიანი და სიცოცხლით სავხე, აი ისეთი თვალებიდან პოზიტივს რომ აფრქვევს. სევინჯა მქვიაო გამართული ქართულით მითხრა. სახელი კარგად ვერ გავიგე, მაგრამ განმეორება მომერიდა და ღიმილით შევაგებე ჩემი სახელიც. ამასობაში ავტობუსიც დაიძრა. მე ისევ ძილზე და ღამის გზაზე ვფიქრობდი. დაღლილი ვიყავი ემოციურად, ფიზიკურად და ცოტა ხნით ჩემს თავთან დარჩენა მჭირდებოდა (ხანდახან მჭირს ხოლმე ასე). გოგონა მიხვდა ეტყობა ჩემს მდგომარეობას, გვერდიდან ვგრძნობდი როგორ სურდა გამოლაპარაკება. ცოტა ხანიც და თავისთავად დაიწყო ამბავი გოგონასი, რომელიც ინგილოს უწოდებდა თავს, რამდენჯერმე ვცადე შემესწორებინა საინგილო ჰერეთით, მაგრამ არ ისურვა. მუსლიმი ვარო, ძმებთან იყო სტუმრად ჩამოსული ბაქოში. აქ გავთამამდი და სახელი ხელახლა ვკითხე, დამარცვლით, ქართულად სიხარულს ნიშნავსო. 6 ბიჭის შემდეგ ოჯახში გაჩენილ სიხარულს.სახელი მამას შეურჩევია. გზადაგზა ძილი გვართმევდა თავს ორივეს, პერიოდულად ვაღვიძებდით ერთმანეთს და საუბარს განვაგრძობდით საქართველოზე, რომელმაც ასე მიატოვა ჰერეთი, სადაც ქართულს უკვე ივიწყებენ შემდგომი თაობები, არც აზერი ხელისუფალი იკლავს თავს მათი მიხედვით და არიან ასე ღმერთის თუ ალაჰის ანაბარა დარჩენილები. 

წუხდა, რომ ისტორია, რომელიც სხვანაირად ისწავლება მათთან და აბსოლუტურად განსხვავდება იმ ისტორიისგან, რომელსაც სევინჯა ისმენს საქართველოში ყოფნისას. მითხრა, რომ ბოლო ოთხი წელია დროებით ცხოვრობს საქართველოში საბურთალოზე, საექთნო დაამთავრა და პრაქტიკებს გადის საავადმყოფოში, პარალელურად მაქსიმალურად ცდილობს დამატების პროფესიები შეისწავლოს. ის აქ დროებითაა და დაბრუნებას აპირებს. 

ვისაუბრეთ რელიგიაზე. რამადანია მათთან ამ დროს. ერთი თვე მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე არც წყალს სვამენ და არც საკვებს იღებენ, სამაგიეროდ, მზე რომ მოეფარება ღრუბლებს მაშინ იწყება ამბავი. ოჯახი ტრადიციული ყავს, თუმცა არა რადიკალი. გოგონას არ სთხოვენ დაბურულმა იაროს, თუმცა მან კარგად იცის მისი ტრადიცია რას გულისხმობს და ჩემს კითხვაზე სხვა რელიგიის წარმომადგენელი, რომ შეგიყვარდეს რას იზავთქო, გადაწყვეტილად მითხრა ეს არ მოხდებაო. ასაკი ვკითხეთ ერთმანეთს. 25 წლის იყო, რამდენიმე სოფელში გავლისას მითხრა, რომ ამ სოფლიდან/ქალაქიდან ჰყავდა მთხოვნელი, მაგრამ არ გააყოლეს/გაჰყვა. მშობლებთან ახლოს ურჩევნია დასახლება საინგილოში. გაოცება ვერ დამალა ჩემზე, რატომ აგვიანებო. :))  მორიდებული იყო, ყველა ქცევას ზომავდა, ერთი შეხედვით ეს არ ემჩნეოდა, კეკლუცობდა კიდეც.  აზერი მესაზღვრის სულელურ ხუმრობაზე არც დაიბნა, სახეზე ეხატა ყველა ნაბიჯს ზომავდა. ვთხოვე საბურთალოზე ერთად წავიდეთ, მეც იქით მაქვსთქო გზა. სპორტის სასახლესთან დავშორდით. ბედნიერი ცხოვრება ვუსურვეთ ერთმანეთს. სიხარულს აფრქვევდა სევინჯა სახიდან, გოგონა საინგილოდან, რომელიც დამრჩა ბაქოს მოგზაურობიდან.

ჰალკიდიდი - საბერძნეთი

  სალონიკში შეღამებულზე ჩავფრინდით. ბინა ჰალკიდიდში, კერძოდ სოფელ პეფკოჰორში გვქონდა დაჯავშნილი და შესაბამისად უნდა მიგვეღწია დანიშნულების ადგილამდე. ყველა გათვლებით სარეისო ავტობუსისთვის უნდა მიგვესწრო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჯერ ქუთაისიდან გაფრენა დაგვაგვიანდა, შემდეგ დაფრენა და იმ ბოლო რეისმაც გაგვასწრო რისი იმედიც გვქონდა. ახალ ქალაქში მოხვედრით გამოწვეული ჩვეული დაბნეულობის შემდეგ, ძლივს გავერკვიეთ, რომ საბერძნეთის კანონმდებლობის მიხედვით ტაქსში ოთხ ადამიანზე მეტის ჩაჯდომა არ შეიძლება, ჩვენ კი ხუთნი ვიყავით. ორ მანქანაში არ გვაწყობდა გადანაწილება მაღალი ფასის გამო. მივდექით-მოვდექით და თავად გვიპოვა გამოსავალმა. აეროპორტის შესასვლელში უამრავი ტუროპერატორი დგას, რომელიც ყველა ენაზე გაგიწევს კონსულტაციას რა და როგორ გააკეთო. თუ გაიგეს, რომ ქართველი ხარ, იქვე გაიხსენებენ, რომ ოდესღაც ჩამოსულან საქართველოდან და ცოტა ხნის საუბრის შემდეგ აღმოაჩენ, რომ მის ოჯახს გასულ 90-იანებში შენს გვერდით თუ არა ახლოს მაინც ექნებოდა საცხოვრებელი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სწორედ ეს ხალხი დაგვეხმარა ტურისტული ავტობუსით გვემგზავრა აპარტამენტამდე. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ტრანსპორტი კონკრეტულ სასტუმროს ეკუთვნის, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გამყოლმა გოგონამ ყველა მგზავრს გამოკითხა სასტუმროს სახელი,შემდეგ თითოეული მათგანი დააბინავა და მიაცილა დანიშნულების ადგილამდე.
პალკიდიდი სალონიკის აეროპორტიდან დაახლოებით საათნახევრის გზაზე მდებარეობს. გზად გადიხარ სოფლებს, მყუდრო დაბებს, რომლებიც ზღვის სანაპიროზეა გაშლილი, ავტობუსის გამყოლი გოგონა ძალიან კარგი ხმის ტემბრით გვაცნობდა საბერძნეთის ისტორიას, მის ღირშესანიშნაობებს და რეკომენდაციის სახით გვთავაზობდა მოგვენახულებინა ესა თუ ის ადგილი. დროის მსვლელობასთან ერთად ხალხი თანდათან აკლდებოდა ავტობუსს, ჩვენ კი გაყურსულები ვისხედით და ვათვალიერებდით ჩაბნელებულ გზას (ავტობანზე რატომღაც განათება არ იყო), მძღოლზე სრულიად მინდობილები ველოდით როდის მიგვითითებდა ჩვენი ჩასვლის ადგილს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მძღოლი სულაც არ აპირებდა ჩვენს გზაზე "ჩამოყრას". დაინახა რა, რომ აპარტამენტი გვქონდა დაქირავებული და არა რომელიმე ძვირადღირებული სასტუმრო, მოწიწებით გვთხოვა ჯავშნის ფურცელი, თავისი ინიციატივით დაუკავშირდა სახლის მფლობელს და გააფრთხილა ჩვენი სტუმრობის შესახებ. ჰალკიდიდმა ჩვენი გაოცება აეროპორტიდან დაიწყო და შემდგომი დღეების განმავლობაში ეს გრძნობა სულ თან გვდევდა ყველას.
როგორც ზევით აღვნიშნე, საკმაოდ გვიან მივედით დანიშნულების ადგილას, გრილოდა, უფრო სწორად ციოდა. ბინის დათვალიერების შემდეგ კმაყოფილებმა და ერთობ დაღლილებმა გადავწყვიტეთ კარგად გამოგვეძინა. სიბნელეში არაფერი ჩანდა ირგვლივ, ამიტომ სულაც ვერ მივხვდით სად ვიყავით.

გათენებისას სახლის აივნიდან საოცრება გველოდა.



      ჩვენი ვიზიტი სექტემბრის მეორე ნახევარში დავგეგმეთ, ამიტომ ამინდიც შესაბამისი დაგვხვდა, თუმცა პასიური დასვენების და ზღვის მოყვარულებისთვის ალბათ ყველაზე კარგ სეზონზე ვსტუმრობდით პალკიდიდს. მერე რა თუ კლუბები და ხმამამაღლი მუსიკა, ბევრი ტურისტი არ გვხვდებოდა გზად, (ეს ქვეყანა ტურისტების ნაკლებობას ალბათ არასდროს უჩივის) სამაგიეროდ ყველა გვცნობდა და თავს გვევლებოდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ზღვა დღის 12-დან 16 სთ-მდე იყო  საბანაოდ კარგი, ზომიერად მცხუნვარე მზით. სრული იდილია კარგი გამოძინებისთვის და დასვენებისთვის.







ჰალკიდიდი და ზოგადად საბერძნეთი არის ადგილი, სადაც ადგილობრივი ქართველები (20-30 და მეტი წლის წინ რომ წავიდნენ საქართველოდან), მოხუცი ბებიები ქუჩაში დასეირნობენ და ქართულად განიხილავენ რაიმე სერიალს, ან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. მე კი სეირნობისას ვიგებ რა ამ ხმას, ვხვდები, რომ ისინი რიგითი ტურისტები სულაც არ არიან, უკნიდან სწრაფი ნაბიჯით ვუახლოვდები და ვესალმები. აპარატგადაკიდებულ და ზურგჩანთიან გოგოს დანახვისას არ უჩნდებაც ის აზრი, რომ სამსახურის საძებნელად ვარ ჩამოსული (რაც ათენში ხშირად გამომჟღავნდა საკმაოდ ცუდი ფორმით), ჩერდებიან, გვესაუბრებიან, გვიყვებიან აქეთურისას, იქითურისას, თავისი ცხოვრებისას, გთხოვენ წასვლამდე სახლშიც შევურბინოთ, სახლში თუ არა საღამოს სახლთან მივიდეთ და დავუძახოთ ქვემოდან ლილი ბებოს საჭორაოდ :))) მთელი სალამ-ქალამის შემდეგ შენს გზას აგრძელებ იმ მიზნით, რომ რაიმე საინტერესო დააგემოვნო საქართველოდან წაღებული, წინასწარჩამოწერილი ბერძნული კერძებიდან, ძირითადად საკვებ ობიექტად ისევ ზღვის ლამაზ ხედს ანიჭებ უპირატესობას და იწყებ რესტორნის არჩევას ზღვის სანაპიროზე. ამ არჩევისას მე და ჩემი მეგობრებისთვის ჩვეული ხორხოცის ხმა რესტორნებში მომუშავე ქართველების ყურადღებას იქცევს და ისევ სრული ყურადღების ცენტრში ვექცევით. ის ვინც შედარებით დაბალ პოზიციაზე მუშაობს (მაგ: მრეცხავად) უხერხულშია და არ ცდილობს აქტიურად დაგეკონტაქტოს, თუმცა ხედავ როგორ გიყურებს ჩუმად სადმე კუნჭულიდან. ასეთ რესტორნებში ყოველთვის ყავთ მომწვევი ბიჭი, რომელსაც უსწავლია ქართულად რამდენიმე სასაცილო ფრაზა და გარდა იმისა, რომ ამ ფრაზებით ცდილობს შენი ყურადღება მიიპყროს, სამზარეულოსკენ გარბის აცნობოს, რომ მისიანები არიან აქ.






თავიდან ქართველებზე ასეთი აღტაცების მიზეზს ვერ მივხვდით, რადგან საქართველოდან სულ მესმოდა, რომ ბევრია ემიგრაციაში და ცოტა არ იყოს სახელიც კარგად გვაქვს გატეხილი. საბოლოოდ გავარკვიეთ, რომ ასეთ ტურისტულ ადგილებში ქართველები ძირითადად სასტუმროებს სტუმრობენ all inclusive მომსახურებით. შესაბამისად ქუჩებშიც ნაკლებად დაიარებიან, თან ეს კონკრეტული მხარე ნაკლებად ათვისებულია ქართველი ტურისტების მიერ. ვახშამს ნებისმიერ კვების ობიექტში თან ახლავს უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი მისი მფლობელის მხრიდან, მხოლოდ იმის გამო რომ ქართველები ვართ.

კიდევ ერთი დეტალი, რამაც ჩვენი ქართველობის გამო გვასიამოვნა მანქანის დაქირავება გახლდათ. სურვილი გვქონდა მოგვენახულებინა საოცარი მეტეორა, ადგილზე გვირჩიეს თუ შეგვეძლო მანქანის მართვა, მისი დაქირავებით იაფად შევძლებდით ამ სასწაული ადგილის დათვალიერებას, ასევე მოვასწრებდით უფრო მეტის ნახვას, ვიდრე ამას ტურისტული გვთავაზობდა. მანქანის ქირაობისას დაზღვევის, ასევე საგარანტიო თანხა (სტანდარტული 500 ევრო) არ მოგვთხოვა კომპანიის მფლობელმა და შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყველა გზა მოგვიხაზა რუკაზე, ფურცელზე თუ ყველა საშუალებაზე, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება გამოადგეს ადამიანს.








სოფელი, დაბა პეფხოპორი სრულიად არ გავს ჩვენს ქობულეთს. ეს არის ლამაზი, მყუდრო პატარა ადგილი, კომფორტული გარემოთი, ნაკლები სანახაობებით, საოცარი დაისით, რომელიც იისფერს ხდის გარემოს (სხვათაშორის აქ მზე ზღვიდან ამოდის) და ყველაფერი იმით, რაც მოგცემს საშუალებას დაისვენო ყოველდღიური რუტინისგან.იაფი და გემრიელი (დიდი პორცია) საკვებით, გულიანი ხალხით. სურვილის შესაბამისად შეგიძლია გაისერინო გემით, შეიძინო ნახევარდღიანი ტური, რომელიც მიგიყვანს ლამაზ სანაპიროებთან და გაჩვენებს მიმდებარე ლამაზ საზღვაო ქალაქებს.







საკვები, რომელიც საბერძნეთში უნდა გასინჯო:

რვაფეხა:


შემწვარი მიდიები


გირო (იგივე შაურმა)


ძაძიკი


მუსაკა


 კრევეტები


ბერძნული სალათი



და.ა.შ


P.S



საბადურის ტყე

სანამ იმაზე დაიწყებდე ფიქრს სად ნახო ლამაზი ზამთარი საქართველოში, გაიხსენე, რომ არსებობს საბადურის ტყე, თბილისიდან მაქსიმუმ 1 სთ-ის გზაზე.