პარიზი
ალბათ ყველას გვაქვს ბავშვობის ამოჩემება. ჩემი აკვიატება ყოველთვის იყო პარიზი. სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი, თან ვემზადებოდი, უნივერსიტეტშიც ეს ენა ავირჩიე, პარალელურად გავიარე დიუმას ცენტრში ფრანგულის კურსის ყველა დონე, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მომიწია ფრანგი სტუმრების მასპინძლობაც. იყო დრო, როცა ფრანგული კარგად ვიცოდი და დადგა დრო, როცა ეს ენა თვალსა და ხელს შუა დამავიწყდა პრაქტიკის არქონის გამო.
პარიზი იყო ქალაქი, რომლის შესახებ ბავშვობიდან იმდენი ინფორმაცია დავიგროვე, თეორიულად ზეპირად რომ იცი რომელ კუთხეში რა დგას და რა შენობას რომელი მოსდევს, სად უნდა წახვიდე, რა ნახო, სად გაისეირნო და ა.შ. გავიდა წლები, მე თითქმის 20 ქვეყანაში და სულ ცოტა სამ ამდენ ქალაქში ვიმოგზაურე და ჩემი ინიციატივით არასდროს მომსვლია აზრად დამეგეგმა ტური პარიზში, რადგან ყოველთვის მეგონა, რომ ის ჩემთვის იყო ბავშვობის ოცნება, ზღაპრული ნატვრა, რომლის ახდენისაც ცოტა არ იყოს მეშინოდა.
ბევრი რომ არ განვაგრძო, ძალიან სპონტანურად მივიღე მეგობრის შემოთავაზება, შემოდგომის შვებულება გამეტარებინა პარიზში და მხოლოდ აქ, ყველა სხვა ადგილის მიბმის გარეშე. ერთი კვირა, ზედმეტი გადარბენის, შემორბენის, მირბენის და მორბენის გარეშე. მხოლოდ პარიზი და არაფერი სხვა, გვესეირნა და მაქსიმალურად გვესიამოვნა.
სამზადისი სტანდარტულად 2 თვით ადრე ავიაბილეთების ყიდვით და სასტუმროს დაჯავშნით დავიწყეთ. მთელი ზაფხული თავს არ ვაძლევდი უფლებას მეფიქრა ამ მოგზაურობაზე, ვაიდა რამე შეცვლილიყო, სხვათაშორის ამდენი მოგზაურობიდან პირველად გაგვიპრობლემდა სასტუმრო, რომელმაც რამდენჯერმე გაგვიუქმა ჯავშანი და მოგვიწია ხელახლა ძებნა, უარი ვთქვით იქ მცხოვრები ქართველის ძალიან კარგ შემოთავაზებაზე, რადგან ვერ გვაძლევდა საზღვრისთვის რაიმე დამადასტურებელ ცნობას და მოვერიდეთ ზედმეტ პრობლემებს.
უკვე შარლ დე გოლის აეროპორტში დაშვებისას (ღამე იყო) ილუმინატორიდან დანახულმა მოციმციმე ეიფელმა და მომრავლებულმა ფრანგულმა ამიჩქროლა გული და დარჩენილი 8 დღის მანძილზე მეგობრებს ვთხოვდი ხშირად შეეხსენებინათ, რომ მე ნამდვილად პარიზში ვიყავი და არ მესიზმრებოდა.
ყველა ახალ ქვეყანაშ ჩასვლა იწყება სტანდარტული დაბნეულობით, მერე რა რომ წამოსვლამდე ყველაფერი გადაკითხული გაქვს, იცი რა სახის ტრანსპორტი გაწყობს და საით უნდა აიღო გეზი, მაინც მივემართებით საინფორმაციო სამსახურისკენ და დაწვრილებით ვეკითხებით ყველაფერს. ტაქსი ფიქსირებულად 50 ევრო ღირს. უცბათ გადაანგარიშებით ვხვდებით, რომ უცხო ქალაქში შუაღამისას დაკარგვას გვირჩევნია 3-4- ევროთი მეტი გადავიხადოთ და მშვიდობით მივიდეთ სასტუმრომდე. სადღაც ნახევარ საათში ადგილზე ვართ. აეროპორტიდან სასტუმრომდე გზად არაფერი საინტერესო არ ჩანს, ამიტომ ვკმაყოფილდებით სასტუმროს მითვალიერებით და ვიძინებთ ხვალინდელი ლამაზი დღის იმედით.
პარიზი ძვირი ქალაქია. კვება, მგზავრობა, შოპინგი, უამრავი აუცილებლად სანახავი ადგილი საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, თუმცა სადაც საბანი გაგწვდება იქამდე უნდა გადაიფაროო ნათქვამია, ამიტომ თავიდანვე უნდა მოიძიო არსებობის მარტივი გზები და განსაზღვრო პრიორიტეტები. რვა დღეში მაინც ვერ ამოწურავ პარიზს, ვეუბნები საკუთარ თავს და ვიწყებ ჯადოსნურ მოგზაურობას.
მეტრო გთავაზობს ერთკვირიან ბარათს და სხვა კომბინირებულ ვარიანტებს. ეს კომბინაციები ყოველთვის ტურისტზეა გათვლილი და უფრო ხელსაყრელი გამოდის, ვიდრე ცალობით ნაყიდი ბილეთი. თუმცა გასათვალისწინებელი ამბავია, რომ მეტროს ერთკვირიანი ბილეთი ძალაშია კვირა დღის 00:00 მდე, ამიტომ პარასკევს, ან შაბათს თუ იყიდი აზრი არ აქვს. მოკლედ ჩემი რჩევაა შეიძინოთ ათ გზიანი ბილეთი და მაქსიმალურად შეეცადო ფეხით იაროთ. დღეში გამოიყენოთ მხოლოდ 2 ბილეთო (15 ევრო, ცალი ბილეთის ფასი 2 ევრომდეა). მეტროს სადგურები საკმაოდ ახლოახლოა ერთმანეთთან და ქალაქის ღირშესანიშნაობები მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაშლილია სივრცეში, შეგიძლიათ ერთ დღეს ერთი მიმართულებით აიღოთ გეზი, მეორე დღეს სხვა მიმართულებით. პარიზი სავსეა ღირშესანიშნავი ადგილებით და ფეხით სიარულისას ბევრ ლამაზ და საინტერესო ადგილს წააწყდებით.
ეიფელის კოშკი სულაც არ არის ისეთი მახინჯი, როგორც ადგილობრივებს ჰგონიათ. მხოლოდ ეიფელიდან არ ჩანს ეიფელი და ეს თითქოს შარმს უკარგავს ქალაქს. ღამე ლამაზია და ბრდღვიალა. ყოველი საათის დასაწყისში ზუსტად 10 წუთით ინთება ციმციმა განათება და სასწაულ ელფერს სძენს გარემოს, ამას თუ თან ერთვის ქუჩის მუსიკოსის მიერ შესრულებული ძველი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ფრანგული ჰანგები, აღარაფერი გჭირდება მეტი ბედნიერებისთვის.
ეიფელზე ასვლა ფასიანია (17 ევრო ბოლო წერტილამზე), უნდა მიეჩვიო აზრს, რომ პარიზის ღირშესანიშნაობებთან ყოველთვის დიდი რიგი დგას, მაგრამ ამ ქალაქში დალოდება ღირს ნამდვილად. თუ სიმაღლის გეშინიათ ან უბრალოდ ფული არ გყოფნით, ეიფელის ხელმარცხნივ მოლზე წამოგორებულმა, ხოლო ხელმარჯვნივ ტროკადეროს მოედნიდან შეგიძლიათ დატკბეთ მისი ყურებით. აქ აუცილებლად არ მოგასვენებენ გარემოვაჭრეები, რომლებიც გთავაზობენ სუვენირებს და შამპანურს, მეტი რომანტიკისთვის.
ამ ქალაქში ჩადრიანები არ დადიან. ეს ყოფილა ბედნიერება, არავის ვერჩი, თუმცა ბრიუსელი მახსენდება ხშირად, სადაც თავი ოფიციალურად აზიაში მეგონა და სულ არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ შუაგულ ევროპაში ვმოგზაურობდი. განვაგრძობ ისევ პარიზით. სულ ამბობენ რომ პარიზი სიყვარულის ქალაქია. ჩემთვის ასეთი რომია, პარილი არის ლამაზი და მოწესრიგებული ხალხის ქალაქი. თვით ტურისტიც რომ არ მისცემს თავს უფლებას მოგზაურისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლით იაროს. ჩემი ყოფნა დაემთხვა პარიზის მოდის კვირეულს. არ ვიცი, შეიძლება ამის ბრალია, ქალაქი იყო სავსე ლამაზად ჩაცმული და მოვლილი ხალხით, რაც სხვა ქვეყანაში არსად მინახავს.
აქ ყველა შენობა ლამაზია, ჰარმონიულია გარემოსთან, ელეგანტურია და აღტაცებას იწვევს.
სენის სანაპირო შაბათ-კვირას მოსაწევის და სასმელის, მოგვიანებით კი შარდის სუნით ყარს. სამუშაო დღეებში, უბრალოდ ტურისტების ჩამოჯდომის და მოსვენების, ხოლო საღამოს ადგილობრივების სავარჯიშო ადგილია. ადგილობრივ ხელისუფლებას ნამდვილად უზრუნია ამ სანაპიროს პრაქტიკული გამოყენებისთვის.
შაბათ-კვირას, ისევე როგორც ევროპის ყველა ქალაქში, აქაც ცენტრალური ქუჩა გადაკეტილია და უამრავი ახალგაზრდა ბრაგაბრუგა მუსიკით ირთობს თავს. პარიზი ის ქალაქია, სადაც ასეთი ხალხმრავალი შეკრების ადგილების ცოტა არ იყოს მეშინია, გახშირებული ტერორისტული აქტების გამო, რეალურად ეს მუსიკაც არ მსიამოვნებს მაინცდამაინც და სწრაფად ვეცლები ამ ადგილს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, შიგნიდან ჩემთვის არაფრით განსხვავდება ევროპის სხვა საკათედრო ტაძრებისგან. გარედან რათქმაუნდა მომხიბვლელია და მის წინ მდგომს ერთიანად გახსენდება ყველა წიგნი, ფილმი, კვაზიმოდო, ესმერალდა თუ ყველაფერი რაც კი წაგიკითხავს თუ გინახავს, კიდევ ერთხელ ფიქრობ, ხომ ნამდვილად ხარ აქ და ეს სიზმარი არაა.
ელისეის მინდვრებზე და სენის სანაპიროზე უკვე ადრიანი შემოდგომაა, ხეები შეყვითლებულია. მე კიდევ ერთხელ მშურს და გულში ვუკურთხებ ყველას, ვინც თბილისში ხეები ასე სანატრელი გამიხადა და ღრმად ვისუნთქავ ფრანგულ ჰაერს.
ტრიუმფალური თაღი და მისი პანორამული გადმოსახედი პირველი სერიოზული შოკია ჩემთვის
პირველივე დღეს ამაოდ ვცდილობ საკრე კერიდან დავინახო ეიფელი. რაღაც მომენტში ეჭვიც მიჩნდება, ჩემს მოსვლამდე, ხომ არ აიღეს (ვხუმრობ)
მულენ ღუჟის წინ აჟიტირებული ვდგავარ და მის წინ გაკეთებულ საჰაეროზე ვცდილობ მელრინ მონროს ცნობილი სცენა გავიმეორო, ძალიან სახალისოა.
ესპანეთში მოგზაურობისას ჩემდაუნებურად იმდენი მუზეუმი მოვინახულე, უკან დაბრუნებულმა საბოლოოდ ვთქვი, რომ ჩემი ფეხი მუზეუმებში არ იქნება. ამ ამბის შემდეგ, კიდევ ვიმოგზაურე რამდენიმე ქვეყანაში და მაქსიმალურად შევეცადე არ გამომეტოვებინა მნიშვნელობანი ექსპოზიციები. პარიზზე, თავიდანვე შევაგულიანე თავი, რომ ყველაფერი უნდა მენახა, უბრალოდ დღეებზე უნდა მომეხდინა სწორი გადანაწილება.
ჩემი რჩევა იქნება, არ დაგემოთ რამდენიმე მუზეუმი ერთ დღეს, თუ გინდათ, რომ აღიქვათ მათი სიკარგე.
ორსეს მუზეუმი აუცილებლად შეიყვანეთ სანახავთა სიაში, თუ ცოტათი მაინც გიტაცებთ ლამაზი მხატვრობა: მონე, მანე, ვან გოგი, დეგა, კლიმტი და ყველა ვინც კი ოდესმე გაგიგიათ,
ლურვი დიდია და უზარმაზარი, ერთი დღეც არ გეყოფათ მის სრულად დასათვალიერებლად. ამიტომ სიამოვნება, რომ ტანჯვად არ გექცეთ, თავიდანვე მოითხოვეთ მნიშვნელოვანი ნამუშევრების ბუკლეტი და მის კვალს მისდიეთ.
მონა ლიზას მაინც დაინახავთ სულ რომ არ გინდოდეთ. დაინახავთ, თუმცა ვერ ნახავთ, რადგან ათასობით ტურისტის მობილური არ მოგცემთ იმის საშუალებას აღიქვათ რაშია ამ ქალის საიდუმლო. მე მიყვარს ასეთ ნახატებთან თუნდაც მთელი საათი დგომა და გონებაში ჩაბეჭვდა. მეორედ როდის ვნახავ ვინ იცის. მონა ლიზა მისტიურია, უბრალოდ მასთან განმარტოებას მხოლოდ ხუთი წუთით ვახერხებ და ისიც გვერდით ხედიდან.
პომპიდუს ცენტრის დათვალიერება ბოლო სართულიდან დაიწყეთ და ნახავთ როგორ იცვლება ხელოვნება წლებთან ერთად. მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებული ბევრი იქმნება და თანამედროვე ხელოვნება მხოლოდ ის არაა, რასაც ამ ცენტრში ნახულობ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ უკან მივდივართ, იქით საიდანაც გადმოცემის მიხედვით დავიწყეთ.
ერთ დღეს დისნეილენდს ვუთმობ, ეს კიდევ ერთი სასწაული დღეა და მასზე ცალკე პოსტში მოვყვები.
პანთეონში ჩემი ბავშვობის კუმირი მწერლების საფლავებს ვსტუმრობ
უაზროდ დავხეტიალობ ლათინურ კვარტალში
ვნახულობ სორბონის უნივერსიტეტს, ადგილს, სადაც სწავლაზე ჩუმად ვოცნებობდი ყოველთვის.სამახსოვრო სურათს ვიღებ და ვაგრძელებ გზას ლუქსემბურგის ბაღისკენ
კიდევ ერთხელ მშურს გამწვანებული და ბაღებით სავსე ქალაქის.
ვსეირნობ ტულერის ბაღში და ვათვალიერებ ასაკიან ხალხს, რომლებიც დასასვენებლად წამომჯდარან სკამებზე. ძალიან მინდა ჩემი მშობლები იყვნენ მათ ადგილას.
დავცინი სენაზე კრუიზის დროს ჩაძინებულ აზიელს, რომელსაც როგორც ჩანს სულ არ აინტერესებს ეს ტური და უბრალოდ ცოლის ახირების გამოა აქ.
მონმარტრზე რამდენიემე წუთით ჯგუფს ვეკიდებით, რაღაც საინტერესოს ყველა გიდი, თუმცა მათი თვალების ბრიალით ვგრძნობთ, რომ დროა ჩამოვრჩეთ მთავარ ჯგუფს.
ოპერის ნახვა მინდა. სპექტაკლს ვერ დავესწრები ალბათ, მაგრამ ვიცი, რომ შიგნით ტურები იმართება და დათვალიერებაც შევძლებ. დილიდანვე მივეშურები ოპერისკენ. წინა მხარე მუსიკალური ცენტრია, სადაც წყვილები ტანგოს ცეკვავენ. საოცარი სანახაობაა. მოყვარულები არიან. სურვილი მიჩნდება მეც შემეძლოს ცეკვა.
ოპერა დაკეტილია, თურმე მოდის კვირეულის ერტ-ერთი ჩვენება იმართება დღეს აქ და ბევრი ხალხია შეკრებილი. პაპარაცები ტოპ მოდელებს ელიან. მე დრო მაქვს დანიშნული მეგობრებთან შესახვედრად და არ მინდა დავაგვიანო, თან ინტერესი მკლავს რა მოხდება. ჯამში 45 წთ ვჩერდები და ვხვდები, რომ პროცესი თანდათან მითრევს და მიტაცებს, მოდის სამყაროს იმ დონეზე ვიცნობ, რა დონეზეც არ გამიჭირდება ტოპები გავარჩიო ჩვეულებრივი ხალხისგან და აი ისინიც.
წვიმას ვემალები ლაფაიეტის გალერეაში. ლამაზი ადგილია, გემოვნებიანი, შიკი, როგორც ასეთ დროს იტყვიან. აუჩქარებლად ვათვალიერებ რამდენიმე სართულს და ვხვდები, რომ ეს ის ადგილია, სადაც სულ არ დამჭირდება გონების დაძაბვა ჩემი გემოვნების ტანსაცმელის არჩევისას, აქ ისინი ხომ ძალიან ბევრია და ამ ბედნიერებისთვის ერთი რამ მაკლია - ფული :)
ფრანგული სამზარეულო როგორც ამბობენ გამორჩეულია, მე მიყვარს ქართული და იტალიური, არ მიყვარს ბალახეული და თეფშზე დაწუნწკლული ერთი კოვზი საკვები.
ვიცი, რომ აქ ბაყაყი უნდა გასინჯო, მერე რა თუ სხვა დროს ამას არ ვიზავდი, შეკვეთა მიცემულია, შედეგით კმაყოფილი ვარ.
დაბოლოს, პარიზი სიყვარულია, რომელიც სულ თავისთავზე გაფიქრებინებს და მუდამ თავისკენ გექაჩება. პარიზი უნდა ნახო და შეიგრძნო.
0 comments:
Post a Comment