ბაქო

ივნისის ერთ მშვენიერ საღამოს მოვიკიდე ზურგჩანთა და სრული სამი დღით გავემგზავრე მეზობელი აზერბაიჯანის დასათვალიერებლად. ამ სპონტანურობას ისიც უწყობდა ხელს, რომ ჩემი მეგობარი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რამდენიმე თვით ბაქოში და 2 კვირაში უწევდა სამშობლოში დაბრუნება. როგორც იტყვიან ვისარგებლე შემთხვევით, რომ დავზოგავდი ბინის ფულს, ხუთშაბათის საღამოს მატარებელზე ავიღე ბილეთი და პირველად ცხოვრებაში ღამის მატარებლით მარტო გავემგზავრე ბაქოსკენ.



მარტო მგზავრობა რათქმაუნდა პრობლემა არ არის, მაგრამ ამ ამბავს ღელვა ახლდა, რადგან არ ვიცოდი კუპეში ვინ შემობრძანდებოდა და დიდი სურვილი მქონდა ღამე მშვიდად დამეძინა, რომ დილით კარგ ენერგიაზე ვყოფილიყავი საბოდიალოდ.

ბაქო-თბილისის მატარებელი აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნის და ძველი საბჭოთა წარმონაქმნია, უბრალოდ უფრო სუფთაა, ვიდრე მაგალითად თბილისი-ბორჯომის მატარებელი. ასვლისთანავე აზერმა გამცილებელმა ქალმა გამიღიმა, მომენტალურად დამიმეგობრა - ჩემს ფეხსაცმელზე კომპლიმენტი მესროლა, დაინტერესდა სად ვიყიდე და როცა გაიგო ბერლინში, კომენტარად დააყოლა, ხო აბა საქართველოში ასეთს როგორ შეიძენდიო. შემდეგ კუპის ნომერი ნახა და გილოცავთ სამ კაცთან მოგიწევს ღამის გათენებაო  - მომახალა. გამეცინა, ვიფიქრე ხუმრობსთქო და განვაგრძე გზა ჩემი ადგილისკენ. დავინახე, რომ ერთი ადგილი უკვე დაკავებული იყო ტიპიური აზერის მიერ. გავხალისდი - გამართლებაც ასეთი უნდა. ცოტა ხანში გამცილებელი ქალიც შემოვიდა, შეგვათვალიერა, სხვა კუპეში ადგილის შეცვლა შემომთავაზა თანხის სანაცვლოდ და აი სწორედ აქედან დაიწყო ის რასაც არ ველოდი - ვაჭრობა, ბაზარი ყველა ფეხის ნაბიჯზე. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.


ბოლო დროის საქართველოში ერთობ პოპულარულია ბაქოს მიმართულებით სამდღიანი ტურები, სადაც გაწერილია სანახაობების სია. ეს ჩამონათვალი წინასწარ ამოვბეჭდე, დავამატე ჩემი და ჩემი მასპინძლის მიერ მოძიებული ინფორმაციაც და კარგი შემართებით შევაბიჯე ბაქოს გაკრიალებულ ავტოვაგზალზე.



ზაფხულში მატარებელი თბილისიდან გადის 19:30 PM-ზე და ჩადის მეორე დილის 09:10 AM-ზე. 

პირველ შთაბეჭდილებას რათქმაუნდა ქმნის ცენტრალური ვაგზლის შენობა, შემდეგ მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამორჩეული სახეობის ტაქსები, რომლებიც ანალოგია ბრიტანულის ტაქსების, მხოლოდ ფერი აქვს მელნისფერი და ამის გამო ეძახიან ბადრიჯანს.



ქალაქი არის სუფთა, გაკრიალებული, სადმე გინახავთ ქაფიანი წყლით რეცხავდნენ პარკებში ფილებს? მე არ მინახავს.

 მიწისქვეშა გადასასვლელები მარმარილოსია, თითი რომ დაადო მტვერს არ აიკრავს ისეა გაპრიალებული.








ქალაქში გაცხოველებული მშენებლობაა, ახალი სახლები ცოტა უსახური მეჩვენა, რამდენიმე წელში ალბათ სახეზე გვექნება მჭიდროდ დასახლებული მაღალსართულიანი, სხვადასხვაფერის შენობების ერთობლიობა, რომელიც ცოტა ხანში სულ წაშლის ძველის  არსებობის ყველა კვალს.







ერთი შეხედვით ბაქომ ჩემზე დატოვა სრულად ტურისტული ქალაქის შთაბეჭდილება. იმ დღეებში სულ დამყვებოდა აზრი, რომ ეს არის ტურისტული ქალაქი ტურისტების გარეშე: უამრავი გასასეირნებელი ადგილი, კაფე-ბარების დიდი არჩევანი, საკმაოდ ბევრი სანახაობა, თანამედროვე მუზეუმები, ძველი ქალაქი, ზღვის სანაპირო, დიდი მოლები და ატრაქციონები. ქვეყანა მზადაა ურიცხვი ტურისტის მისაღებად, უბრალოდ მგონია, რომ ძირში უნდა ამოძირკვიოს ის კორუფცია, რომელიც საზოგადოების ყველა ფენაშია ფესვგადგმული. მაგალითისთვის: მიდიხარ ქუჩაში, ხის ქვეშ უსაქმურად ჩამომჯდარ ადგილობრივს სთხოვ მიგითითოს, ჩამომწკრივებულ შენობებს შორის რომელია მონეტების მუზეუმი, ის გამარჯობისთანავე გცნობს, რომ ქართველი ხარ და ბედნიერი სახით იწყებს საუბარს, როგორ უყვარს საქართველო და ქართველები, რა კარგი დრო აქვს ნატარები შენს ქვეყანაში და რამდენი ნაცნობი ყავს, თუ გააგრძელებ საუბარს, შეიძლება აღმოაჩინო, რომ ნათესავადაც გეკუთვნის, გულთბილი მოკითხვის შემდეგ ხელით კი არ განიშნებს შენობაზე, კარებამდე მოგყვება და როცა ის ისაა უნდა დაემშვიდობო და კეთილი სურვილები უსურვო, გთხოვს გაწეული დახმარებისთვის მანათები გადაუხადო, თავიდან ვიბნები, ვათვალიერებ ამ წარმოსადეგ, ნორმალურად ჩაცმულ ადამიანს, ვასკვნი, რომ მათხოვარი არაა, არც დამცინის, ვუხდი ცოტაოდენ ფულს, ბოდიშსაც კი ვამბობ, რომ იმდენი არ აღმომაჩნდა თან, რაც საჭიროა და ვაგრძელებ გზას. შირვანშახის სასახლეში შესულს უკვე გარკვეული წარმოდგენა მაქვს ამ ხალხზე და ვცდილობ თავიდან ავირიდო ყველა თბილი გამოხედვა, თუმცა ვერაფრით ვიშორებ საიდანღაც აკიდებულ გიდს, რომელიც როგორ ამედევნა, არ რას მიყვება, ან რატომ მაცნობს მის გრძნობებს საქართველოს მიმართ ვერ ვხვდები, უფრო სწორად კარგად ვხვდები. ქალბატონი გიდი ასაკიანია და პატივს ვცემ, იძულებული ვარ ვუსმინო და საუბრის ბოლოს მოთხოვნილი თანხაც გადავუხადო. მინიატურების მუზეუმში ფეხს ვდგამ თუ არა ქალბატონი მთავაზობს შევიძინო წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე, ფასი საკმაოდ სოლიდურია (ზოგადად ბაქო ძვირიანი ქალაქია) კულტურულად ვუხსნი, რომ აქაური არ ვარ და არც დაინტერესებული ამ თემით. ცოტა ხანში იგივე ქალი უკვე გამართული ქართულით მომმართავს და მიხსნის, რომ ქართველია, აქ მუშაობს და სურს არ შევარცხვინო წიგნის ავტორთან, რომელიც იქვე ზის და შევიძინო ეს ნაშრომი. მე თავის გასულელებას აღარ ვაპირებ და ვიწყებ სახელდახელო ტყუილის მოგონებას, როგორ ჩამოვედი სტუმრად მეგობართან, ფული არ მაქვს და სრულად მის ფინანსებზე ვარ დამოკიდებული. ტყუილი ჭრის. 


ყველა ქალაქს აქვს ძველი შიდაქალაქი და არც ბაქოა ამით გამონაკლისი. დიდი გალავნის შიგნით მოქცეულია ყველა ძირითადი ღირშესანიშნაობა რაც აქ უნდა ნახო. ქალწულის კოშკი იგივე ყიზყალასი 12 საუკუნისაა და ინახავს ტრაგიკულ ისტორიას მდიდარ გოგოსა და ღარიბი ბიჭის სიყვარულზე. კოშკზე ასვლა ფასიანია (8 მანათი) და ბოლო სართულიდან ძალიან ლამაზი პანორამული ხედი იშლება მთელ ქალაქზე.









ვაგრძელებ ბოდიალს ძველ ქალაქში, ლამაზი ხალჩების და სუვენირების მაღაზიებს შორის ვიკვლევ გზას. ყველაფერს აზიური ფერი და ფორმა აქვს.









მაღაზიებში გიპატიჟებენ, შეხედვისთანავე გცნობენ, რომ ქართველი ხარ. ჩემს გაოცებულ კითხვაზე, თუ როგორ ხვდებიან, პასუხი ყველას ერთი აქვს - ამას რა მიხვედრა უნდა. ვიღებ მორიგ შეპატიჟებას ხალიჩების მაღაზიაში და ვიწყებ საუბარს გამყიდველთან, რომელიც მიხსნის, რომ ხალიჩები, რასაც ყიდიან თურმე ყველა შემოტანილია და არა ადგილზე მოქსოვილი. ამ ხალიჩებმა ბაქომდე რომ ჩამოაღწიონ ჯერ თბილისი უნდა გამოიარონ, ამიტომ არ უნდა გამიკვირდეს თუ იქ უფრო იაფად შევხვდები იდენტურს. საუბრის ბოლოს ვეკითხები, ხომ არ მიმასწავლის ადგილს, სადაც ხალიჩებს ქსოვენ, აღმოჩნდა, რომ ახლოს არის მსგავსი ფაბრიკა და მეც ვსტუმრობ გოგოებს, რომლებიც დაუზარელად მიყვებიან ამ შრომატევადი საქმის შესახებ.



ისევ განვაგრძობ გზას ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში, ვიკარგები ლაბირინთებში, ცოტა ხანში ვხედავ, რომ ისევ საწყის ადგილთან ვარ და ხელახლა ვიწყებ ჩანიშნული ადგილების ძიებას.










შემდეგი გაჩერება მეჩეთია, სადაც არ მიშვებენ და ხელით მანიშნებენ ქალების უკან შესასვლელით ვისარგებლო. ვიცი, რომ ამ მეჩეთს ლამაზი ინტერიერი აქვს გული მწყდება, რომ ვერ ვნახულობ,





გზას ვაგრძელებ მინიატურული წიგნების მუზეუმისკენ, სადაც აღმოვაჩენ, რომ ბევრი ქართული წიგნია დაცული, როგორც მხატვრული, ასევე რელიგიური. (აქ შესვლა უფასოა).






 შემდეგი გაჩერება უკვე მონეტების მუზეუმია. გადაღება აკრძალულია.  მხოლოდ მე დავბოდიალობ ერთ დიდი ოთახში განლაგებულ გამოფენასთან და სიმართლე გითხრათ მხოლოდ ვიზუალურად ვხედავ ამ ყველაფერს, ასე ვერ ვარჩევ რა რომელი საუკუნისაა, სამაგიეროდ მორიგ ჭორაობას ვაბამ მომსახურე პერსონალთან (ერთი გოგოა მხოლოდ), რომელიც გამომიტყდა, რომ ფეისბუქზე ეძებს ბაქოდან საქართველოში გადასახლებულ ადამიანს და აინტერესებს ყველა შესაძლო კომბინაცია, რით შეიძლება იყოს FB-ზე (ქართული, ლათინური- ყველა ვარიანტი ვცადეთ, ვერ ვიპოვეთ). 

გზად ვათვალიერებ ადგილობრივი მწერლის უცნაურ ბიუსტს, რომელზეც მისი ნაწარმოების გმირებია გამოსახული.




გზას ვაგრძელებ შირვანშაჰის სასახლისკენ. (4 მანათი) სასახლე მშვენიერი სანახავია, პატარა ჰარემიც აქვს, ეზოც წარმოსადეგია, მოკლედ სანახავი ადგილია.














პირველი დღის სანახაობების სია მაქსიმალურად ამოვწურე. საღამოს ექვსზე ჩემი მეგობარი ასრულებს სამსახურს და დათქმულ ადგილზე უნდა შევხვდე. დრო ჯერ კიდევ მაქვს.

ძველ ქალაქში ლამაზ ადგილს ვნახულობ, აზიური გაფორმებით და კუტაბს ვსინჯავ. ცხვრის ხორცი არ მიყვარს, მაგრამ თავი დავარწმუნე, რომ ბაქოში ქაბაბი და ადგილობრივი საკვები უნდა დავაგემოვნო. კუტაბი უფუარ ცომში გადახვეული ფარში, ან ყველი, შეიძლება მწვანილიც იყოს. უზეთოდ წვავენ. ფორმით ე.წ ჩებურეკს ჰგავს. გემო - უგემურია, ერთხელ გასინჯვად ღირს. (ცალი - 1 მანათი).




ნელ-ნელა გავდივარ ძველი ქალაქიდან, გზად ვიღაც მაჩერებს, ყვავილები მომართვა - ისე უმიზეზოდ და უმიზნოდ, სანამ აზრზე მოვედი გზა განაგრძო. აქ ასე იციან.

გზადაგზა ახალ ქალაქს ვეცნობი, ვცდილობ არ ავცდე ცენტრალურ გზას და მცირე გადახვევებს ვაკეთებ პატარა ქუჩებში. ბრილიანტების ბაზარსაც ვსტუმრობ, თვლები არ მიტაცებს, უბრალოდ უცხო ქალაქებში ყველაფრის მიმართ გამოვხატავ ხოლმე ინტერესს. ცოტა ხნით ახალაშენებულ პარკშიც ვჯდები და ხალხს ვაკვირდები, როგორ ერთობიან, რა აცვიათ, რა ინტერესები აქვთ. შემდეგ ისევ ვაგრძელებ გზას და დათქმულ 6 სთ-ზე უკვე ჩემი მეგობრის სამსახურის - მორიგი ცათამბჯენის წინ ვზივარ.




საღამოს უკვე სხვა გეგმები გვაქვს. გემრიელ გამოკვებას და ქალაქის ახალი ნაწილის ათვისებას ვაპირებთ.

ჯერ ზღვის სანაპიროს ვსტუმრობთ, ეშმაკის ბორბალზე ვჯდებით, ბულვარში ვსეირნობთ. flame towers -ის განათების სხვადასხვა ვერსიებს გავცქერით. ბაქოს ვენეციად წოდებულ ადგილსაც ვნახულობთ და ვგეგმავთ მეორე დღეს გავისეირნოთ ვითომ გონდოლებით. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ვათვალიერებთ და hard rock-ის ბაქოს ფილიალში ვასრულებთ დღეს.








მეორე დღე შაბათია და უკვე ერთად ვგეგმავთ ყველა სანახაობას. დილა კურიოზულად იწყება. ალბათ მხოლოდ ბაქოში მოგადგება დილის 8 სთ-ზე წყლის ხელოსანი და აგიტეხს კარზე ბრახუნს მანამ, სანამ არ გაგაღებინებს კარებს. არ დაგავიწყდეთ ეს ხელოსანი სახლის პატრონმა გამოიძახა, რამე დაზიანების გამო კიარა, უბრალოდ ონკანის ფილტრებია შესამოწმებელი, ხომ გამართულად მუშაობს. მე მძინავს, ჩემი მეგობარი ხელოსანს ეუბნება რომ მარტოა სახლში, პარალელურად ვიღვიძებ და ჩემდა უნებურად ტელეფონში მუსიკას ვრთავ (განგებ არა, შემთხვევით) და ჩემს მეგობარს უწევს ტყუილის თქმა, რომ ტელეფონი ურეკავს. მე დაბნეულობისგან მუსიკის გამომრთველს ვეღარ ვპოულობ და ვარ ასე მოგუდულ სიცილში. რა ეგონა აბა დილის რვა საათზე რომ მოდიოდა.

ნოყიერი საუზმის შემდეგ მსვლელობას ვიწყებთ ჰეიდარ ალიევის მეჩეთისკენ. რომ დაუფიქრდე რა დონის მკრეხელობაა შენი სახელი დაარქვა სალოცავს. მეჩეთი დაკეტილია, მუდმივი დაცვა დგას და მათთან რამდენიმესიტყვიანი მოლაპარაკება საკმარისია შეაღწიო ძირითად დარბაზში. ინტერიერი თეთრია - ქათქათა, სასწაული ხალიჩები აგია ძირს. ფეხსაცმელს რათქმაუნდა გარეთ ტოვებ, ყველაფერი მარმარილოსია, სიმდიდრის და სიახლის სუნი ტრიალებს. ცენტრალურ ასასვლელზე კიბესთან ერთად ესკალატორიცაა. ყველაფერია სრული კომფორტისთვის.








ეს დღე ალიევის სახელობისაა, მეორე პუნქტია სწორედ მისი მუზეუმია, თანამედროვე შენობა, ლამაზი ინტერიერით. საინტერესო ექსპონანტებით. მისი ნახვაც ღირს ერთხელ მაინც.










გზას ცენტრალური ქუჩებისკენ განვაგრძობთ, ადგილობრივ ბაზარში შევიარეთ, ჩვენი დანახვისას ქალები გააქტიურდნენ, მაჭანკლობას იწყებენ მომენტალურად.



შემდეგი გაჩერება ნიზამის ჭაღებიანი ქუჩაა, უცნაური შადრევნები აქვთ, საკვები ობიექტების დიდი არჩევანი. ერთ-ერთში ბაქოს ცნობილ ქაბაბს ვაგემოვნებ. მომწონს, თუმცა დღის ბოლომდე ვერ ვიშორებ შეგრძლებას, რომ ცხვრის სუნი ამდის - მეორედ ალბათ აღარ გავსინჯავ. 









ამ დღეს საღამოს გემით კრუიზი დავგეგმეთ კასპიის ზღვაზე. მშვენიერი სანახავია ქალაქი მზის ჩასვლისას.










ქალაქის ცენტრში მოლია, პირველივე სართულზე წიგნების მაღაზია მხვდება სახელად "ალი და ნინო". ეს პერსონაჟები გამოგონილია, რეალურად არ უცხოვრიათ, უბრალოდ პროტოტიპია ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის. რაც არ უნდა იყოს მაინც სასიამოვნოა.


მათ მაღაზიებში ტანსაცმელი ძვირია, ცოტა განსხვავებულიც, ალბთ მოთხოვნაზე მორგებული. აქ ბევრი ბრენდია - ბევრი არა, ყველა რაც გაგიგიათ, ეს უბრალოდ თვალის გასახარებლად, თორემ მყიდველი თითქმის არაა. ქალაქი რეალურად მომხდურთ ატყუებს გარეგნული სიელვარით, თორემ ადგილობრივებს მასობრივად უჭირთ  ცხოვრება. კლანური ქვეყანაა და მხოლოდ ზედა ფენა ხალისობს ცხოვრებით.







მესამე დღის ბოლოს მე უკვე უკან უნდა დავბრუნდე. ამჯერად ავტობუსის ბილეთს ვიღებ, რადგან ჩემთვის მოსახერხებელია, უნდა მოვასწრო ორშაბათ დილით სამსახურში მისვლა. გამგზავრებამდე, რამდენიმე ადგილის მონახულება მაქვს დაგეგმილი. ერთი მათგანი ფუნიკულიორია. ეს სიტყვა ყველასთვის შემაღლებულ ადგილთან ასოცირდება, ბაქოს ფუნიკულიორიც შემაღლებულ ადგილასა, უბრალოდ ფეხით ისე მიხვალ სუნთქვა არ აგიჩქარდება. აქ ნახავთ ათეშგას - ცეცხლთაყვანისცემის ადგილს, ასევე ომში დაღუპული ხალხის მემორიალს - სევდიანი ხეივანია, მიცვალებულთა სურათებით,





მშვენიერი ხედს კასპიის ზღვასა და ქალაქზე, ასევე flame towers. მოკლედ ლამაზი ადგილია.





ცოტა ხანში ვფიქრობთ კარგი იქნება უფრო მაღალი წერტილიდან გადმოვხედოთ ქალაქს და სატელევიზიო ანძისკენ ვიღებთ გეზს. გზა რომ არ დაგვებნეს ტაქსს ვქირაობთ. ადგილზე მისულებს დაცვა გვეუბნება, რომ მაღალი წერტილიდან არ გადმოგვახედებს თუ თანხას არ გადავუხდით მას, საუბარია არაოფიციალურ გადასახადზე. დასახელებული თანხა სოლიდურია - ვვაჭრობთ, ვერ ვთანხმდებით და იძულებული ვართ დავტოვოთ ტერიტორია. ქალაქში ფეხით ვბრუნდებით.



და განვაგრძობთ სეირნობას კასპიის ზღვის სანაპიროზე








ჩემი მეგობარი მთხოვს ვეწვიოთ შოკოლადის და ტკბილეულის კაფეს, აქამდე ვერ მოახერხა შესვლა და სურვილი აქვს ერთად ვესტუმროთ. მოლოდინი მართლდება, პირველად ცხოვრებაში ვერ ვამთავრებ შეკვეთილ შოკოლადს სიდიდის და სიმსუყის გამო.


ამ სამი დღის განმავლობაში ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ლამაზად გაფორმებული კაფეების და რესტორნების სიმრავლემ.









ამასობაში ბაქოსთან დამშვიდობების დროც დგება, ძალიან კმაყოფილი, ფიზიკურად ცოტა დაღლილი და საკმაოდ ნასიამოვნები ვტოვებ ქალაქს. 

P.S

სოკარის სათავო ოფისი


თანამედროვე ხელოვნების გამოფენა ძველ ქალაქში:



უცნაური ხე ძველ ქალაქში:



flame towers-ის ჰოლი

ხალიჩების მუზეუმი


ქუჩის მხატვრობა

ქაბაბი:


ღამის ბაქო