ბუდაპეშტი

ჩემს მიერ ნანახ ქალაქებს შორის ბუდაპეშტს მივანიჭებდი "ქალაქი-აღმოჩენა" ნომინაციას. ყველაზე იაფი, ლამაზი და სანახაობრივი ქალაქი, რომლის დათვალიერებაც ნამდვილად ღირს. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ბოლო გაჩერება ევროტურის ფარგლებში. რამდენადაც წინამორბედ ქვეყნებში ბევრი საოცრება ვნახე და პრინციპში ემოციებისგან სრულად დაცლილი ვიყავი, საერთოდ არ მქონდა მოლოდინი, რომ ბუდაპეშტი რამით გამაოცებდა. მაგრამ ასე არ მოხდა და ის რამდენიმე დღე რაც ამ ქალაქში გავატარე, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა სურვილი გამჩენოდა, რომ ძალიან მალე, ხელმეორედ ვეწვიო მას. (აქვე აღვნიშნავ, რომ უკვე ნანახის ახლო მომავალში ნახვა ჩემს პრინციპებს სრულიად ეწინააღმდეგება).





ქალაქი შედგება ორი ნაწილისგან - ბუდა და პეშტი. დუნაის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულია ძველი ქალაქი ბუდა, შესაბამისად მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს პეშტის მხარე.

ბოლო წლების ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ბუდაპეშტში მოგზაურობა ძალიან იაფია გვიან შემოდგომასა და ზამთარში, თუმცა ჩემი რჩევა იქნება ისეთ პერიოდს ნუ შეარჩევთ, რომ სიცივის გამო გარეთ სიარული დაგეზაროთ.

ბუდაპეშტი არის ფეხით მოსიარულეთა ქალაქი, ყველაფერი ხელის გულზეა და ზედმეტი ძიების გარეშე შეგიძლია დაინახო ძირითადი ღისშესანიშნაობები, ამ ქალაქში ყველაზე ნაკლებ დროს დახარჯავ მუზეუმებში სიარულით. თუ ფინანსურ მხარეს გადავხედავთ, გემრიელი საკვები თუ ყველაფერი ის რაშიც ტურისტი ფულს ხარჯავს ევროპაში მოგზაურობისას აქ საკმაოდ იაფი ღირს, თუმცა ეჭვი მაქვს ცოტა ხანში ეს ასე აღარ იქნება მოზღვავებული ტურისტული ნაკადის გამო.


ჩემი გამოცდილებით, იმავე ფინანსების დაზოგვის მიზნით გირჩევთ არ დახარჯოთ დაახლოებით 20 ევრო წითელი ავტობუსების 2 დღიან ტურზე, რომელიც გულისხმობს ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას. თუ ძალა შეგწევთ, ამ ყველაფერს თავად ადვილად შეძლებთ.

რა ვნახოთ ბუდაპეშტში:

პარლამენტის შენობა, რომელიც მდებარეობს დუნაის სანაპიროზე და წარმოადგენს მართლა შესანიშნავ ნაგებობას. ღამით თუ დღისით თვალისმომჭრელია. ჩანს ქალაქის ყველა ცენტრალური ხედიდან, განსაკუთრებით ლამაზია დუნაის მეორე სანაპიროდან შეხედო რომ მთლიანობაში აღიქვა მისი სილამაზე.





პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დუნაის სანაპიროზე მდებარეობს რკინის ფეხსაცმელების მონუმენტი, რომლის ისტორია დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრეტილ ებრაელთა სახელთან. აქ წარმოდგენილია 60 წყვილი სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი. მემორიალი საკმაოდ ახალია, 2005 წელს მოხდა მისი მონტაჟი.




ვისაც ლამაზი დაისის ნახვა გიტაცებთ, გირჩევთ სწორედ ამ სანაპიროდან დააკვირდეთ მზის ჩასვლას, მართლა ლამაზ სივრცეს და ფერებს დაინახავთ.



ბუდაპეშტში მდებარეობს ყველაზე დიდი ებრაული სინაგოგა, ეს არის საკმაოდ დიდი კომპლექსი, რომელიც ნამდვილად არ უჩივის დამთვალიერებელთა სიმცირეს.





ქალაქზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად კარგი იქნება შეიძინოთ ე.წ. კრუიზი დუნაიზე, პროგრამა არის დაახლოებით 2 საათიანი და ღირს დაახ. 12 დოლარი, თუმცა ამ შემთხვევაში შევაჭრება და ფასის დაკლება მოსულა, განსაკუთრებით თუ იმ დროს მიხვალთ როცა გემი დაძვრამდე ცოტა დროა დარჩენილი.



აუცილებლად გაისეირნეთ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე - ანდრაშის პროსპექტი, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. ამავე ქუჩაზე მდებარეობს ოპერა, რომლის ინტერიერის ნაწილობრივ დათვალიერება მოვახერხე, და რაც ვნახე ნამდვილად ლამაზი იყო. აღსანიშნავია, რომ ჩემი მოგზაურობის პერიოდში რამდენჯერმე წავაწყდი სცენას, როცა ოპერის წინ, შუადღისას მსახიობები მცირე დეკორაციის ფონზე ასრულებდნენ არიებს, სავარაუდოდ ეს იყო სარეკლამო სვლა საღამოს გასამართი სპექტაკლის დასაინტერესებლად, ზოგადად ამ ქალაქში ბევრგან შეხვდებით გარე კონცერტებს და შესაბამისად მარტივად დაგეგმავთ საღამოს სასიამოვნო გარემოში გასატარებლად.





ბუდას ციხე-ქალაქი მდებარეობს დუნაის მარჯვენა სანაპიროზე, ამაღლებულ და თვალსაჩინო ადგილას, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი მთელს ქალაქზე, აქ მოხვედრა შესაძლებელია, როგორც ფუნიკულიორის საშუალებით, ასევე ფეხით. თავად ამ სასახლეში განლაგებულია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, გარე ტერიტორია იმდენად ლამაზია, ჩემს შემთხვევაში, გარეთ სეირნობა ვამჯობინე და გალერეის დათვალიერება შემდეგისთვის შემოვინახე




ასევე შემდეგ ჩასვლაზე ვაპირებ ვესტუმრო ბუდაპეშტის ცნობილ თერმულ აუზს.

სასახლეს ხელმარჯვნივ ფეხით თუ ჩამოუყვები და გაივლი სასიამოვნო ხეივანს და დასახლებას, აუცილებლად მიადგები კიდევ ერთ ტაძარს და მეთევზის ციხე-სიმაგრეს,








ბუდაპეტი ყველაფერთან ერთად არის ბევრი ხიდების ქალაქი, განსაკუთრებით ლამაზია ჯაჭვის ხიდი, რომელიც ყველაზე ძველია არსებულებს შორის.




არ დაგეზაროთ შეიაროთ მთავარ საკათედრო ტაძარში (წმ.სტეფანეს სახელობის) და დაათვალიეროთ მისი ინტერიერი 




აქვე ახლოს, საკმაოდ მოკრძალებულად მდებარეობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, (CEU), რომელშიც მოხვდერა ალბათ ბევრის ოცნებაა.



ბუდპეშტში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ მარგიტის კუნძულს, სადაც კარგად დაისვენებთ, გაერთობით მომღერალი შადრევნით და შესაძლებლობა გექნებათ ეს საკმაოდ საინტერესო კუნძული დაათვალიეროთ სხვადასხვა გასართობი მექანიკური თუ "პედლებანი" მანქანებით.  


აღმოვაჩინე, რომ ბუდაპეშტი არის ყველაზე უცნაური ძეგლების ქალაქი

საოცარი მეტროს ქალაქი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პირველად სახეს. შუაგულ ევროპაში გაოცდები, როცა მეტროს ბილეთს ხელზე მოგყიდის ვაგონის წინ ჩამომდგარი კონდუქტორი და მეტროს ვაგონის დანახვისას შეიძლება გეგონოს, რომ დროის მანქანამ რამდენიმე საუკუნით უკან დაგაბრუნა.

გამახარა ქალაქის ცენტრში ქართული კვების ობიექტები დანახვამ, სადაც ყოველ საღამოს ჩასაფრებული ვუჭვრეტდი ჰყავდათ თუ არა კლიენტი და გადავსებულ მაგიდების დანახვისას გულს უხაროდა.

ბუდაპეშტში ყოფნისას აუცილებლად დააგემოვნეთ გულიაში და შტრუდელი. ქართული სამზარეულოს მერე რაღამ უნდა გაგაოცოს ადამიანი,მარა მოგზაურობისას ადგილობრივი კერძის გასინჯვა მაინც კარგია მრავალფეროვნებისთვის.

P.S 






0 comments: