კინჩხას ჩანჩქერი, ოკაცეს კანიონი, პრომეთეს მღვიმე.

ამ პოსტში დავწერ კიდევ ერთი ადგილის შესახებ, სადაც შეიძლება გაატარო ზაფხულის ერთი ცხელი შაბათ-კვირა, ან მარტო შაბათი, ან მხოლოდ კვირა, მოკლედ როგორც გადაწყვეტთ.

აქვე დავწერ, რომ ძალიან თავისუფლად ესწრება ერთ დღეში ამ სამი ადგილის ნახვა. ცოტა დროში შეზღუდულად, თუმცა მოსწრებადია ნამდვილად.

მარშრუტი: თბილისი  - წყალტუბო (სოფ. ყუმისთავი) - ხონი (გორდი) - კინჩხა. სამანქანო გზა დაახ. 4 საათი, საშუალოდ 280 კმ.





ჩემი ტრადიციული რეკომენდაციები: თუ დრო გექნებათ ერთი საღამო აუცილებლად გაატარეთ კინჩხას ჩანჩქერთან, სადაც ბლომად საბანაკე და საპიკნიკე ადგილი შეგიძლიათ მონახოთ; 


ასევე სამოგზაუროდ ნუ აირჩევთ შემოდგომას, რადგან ხშირი და გადაუღებელი ნალექი იცის (საკუთარ თავზე გამოვცადე გასულ წელს); და უკეთესი იქნება თუ ამ გასვლას არ დაამთხვევთ ე.წ. სკოლის ექსკურსიების პერიოდს, რადგან პრომეთეს მღვიმესთან ისეთი რიგი შეიძლება დაგხვდეთ ერთი შეხედვით იქ შესვლის ყველანაირი იმედი გადაგეწუროთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს საქართველოა და თუ რეინჯერის მიერ ხელით ჩამოწერილ სიაში 45 -ე აღმოჩნდით არც მაშინ შეიმჩნიოთ. ცოტა დროის გასვლის შემდეგ ვინმე თვალჟუჟუნა გოგოს დახმარებით მარტივად შეძლებთ თქვენი ჯგუფი გააერთიანებინოთ რომელიმე რეგიონის სკოლის რომელიმე კლასთან და ასე მოიგოთ რიგში დგომის თუნდაც 1 საათი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინიმუმ 2 საათი არ მოგიწევთ ცოცხალ რიგში დგომა. P.S ამ რიგში არ მოიაზრებიან მაქსიმუმ 5 კაციანი ინდივიდუალური ჯგუფები, რომელთა შეშვება ხდება ურიგოდ.




მოკლედ; თუ მაინცდამაინც გინდათ პრომეთეს მღვიმეს ნახვა, ნამდვილად არ ინანებთ, რადგან საქართველოში ასეთი მასშტაბის მღვიმე მეორე ნამდვილად არ გვაქვს. მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ყუმისთავში. ქუთაისიდან დაახ. 40 კმ-ში. აქვე არის კარგად მოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი, პროფესიონალი გიდები, ე.წ.ჩამკეტი, რომელიც მოჰყვება ჯგუფის ბოლო წევრს და აჩქარებს გადაიღოს სურათები და რაც მთავარია არ ჩამორჩეს მთავარ ჯგუფს. 


მღვიმეში შეშვება ხდება ყოველ 15 წუთში ერთხელ და ჯგუფის რაოდენობა არ აღემატება 60 კაცს. მღვიმე შედგება 16 დარბაზისაგან, არის ულამაზეს ფერებში განათებული, მისი გახსნა მოხდა 2011 წელს. მღვიმეში შესვლის ღირებულება გახლავთ 5 ლარი, მოქმედებს ფასდაკლება სტუდენტებზე. ასევე დამატებით შეგიძლიათ ტურის ბოლოს გაცუროთ ნავებით, რისთვისაც მოგიწევთ ბილეთის საფასურს დაამატოთ კიდევ 7 ლარი. თუმცა მიუხედავად დიდი სურვილისა ჩვენი ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო ეს ნავები და ვერ მოხერხდა მისით სარგებლობა.



















პრომეთეს მღვიმედან გამოსულს კართან გხვდება ე.წ. მატარებელი, თუ ისიც გაფუჭებული აღმოჩნდა, მაშინ მინიბუსი, რომელიც დაგაბრუნებთ ვიზიტორთა ცენტრთან.


პრომეთეს მღვიმედან უკვე შეგიძლიათ გზა განაგრძოთ ხონის მიმართულებით, კერძოდ ოკაცეს კანიონისკენ. წყალტუბოდან მოკლე გადასასვლელი და დაახლოებით 40 წუთის სამანქანო გზის, გარკვეული სერპანტინისა და მნიშვნელოვანი ამაღლების შემდეგ მიადგებით ოკაცეს კანიონს, სადაც ასევე გხვდებათ კეთილმოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი. აქაც ბილეთის შეძენის შემდეგ უკვე გზა ხსნილი გაქვს სანახაობისაკენ. 




ჩემი მორიგი რეკომენდაცია: სიმაღლის შიშით შებყრობილ ადამიანებს გირჩევთ ან დაივიწყოთ ეს ფობია, რადგან წინ დიდი სილამაზე გელით, ან უბრალოდ არ განაგრძოთ გზა. 








რეკომენდაცია 2: აუცილებლად განსაზღვრეთ დრო, რადგან თუ კინჩხას ჩანჩქერის მონახულებასაც გეგმავთ, ჯერ სჯობს ის მოინახულოთ, რადგან ჩანჩქერამდე საკმაოდ რთული სამანქანო გზაა, არავინ მოგატყუოთ, რომ ოკაცეს კანიონიდან ახლოა. ასევე, მხოლოდ დელიკას ფირმის მანქანა მიგიყვანთ ბოლო წერტილამზე. ანუ სჯობს შებინდებამდე მოინახულოთ მართლაცდა ლამაზი კინჩხა, ხოლო თუ გეგმავთ რომ ერთი ღამე გაათენოთ,მაშინ საბანაკე ადგილად აუცილებლად კინჩხას მიმდებარე ტერიტორია შეარჩიეთ. 





რეკომენდაცია 3: იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგზაურობთ პირადი დაბალი გამავლობის მანქანით ან ე.წ სამარშუტოთი, მაშინ შეგახსენებთ, რომ ასფალტიანი გზა სრულდება ოკაცეს ვიზიტორთა ცენტრთან, თუმცა იქვე დგას კერძო დელიკები, რომლებიც გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ მიგიყვანენ კინჩხას ჩანჩქერთან, დაგელოდებიან, დაგაბრუნებენ უკან, დაგათვალიერებინებენ ოკაცეს იმ ტერიტორიებს, რასაც ვერ ნახავთ იმ შემთხვევაში თუ ბილიკს დაადგებით (დადიანების რამდენიმე ხეივანი, ძველი სასახლის ნანგრევები, ახლადაღდგენილი დადიანისეული საყდარი).





მოკლედ, წარმატებები და კეთილი მგზავრობა ყველას.

P.S



0 comments: