როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა მცირე ბიუჯეტით

აქ პოსტში დავწერ როგორ ვიმოგზაუროთ ჩვენი ოცნების ქვეყანაში იმაზე ნაკლებ ფასად ვიდრე გვთავაზობენ ტურისტური კომპანიები.

თავიდანვე ვიტყვი, რომ აქ არ განვიხილავ მოგზაურობის ისეთ ვერსიებს, როგორიცაა ავტოსტოპი, კარავში, ზღვის სანაპიროზე ან 10 უცხო ადამიანთან ერთად ჰოსტელში ღამის გათენება და კვება მაგ: კატმანდუს ქუჩაში ნაყიდი საკვებით. 

მოკლედ კარგი იქნება თუ:

1. პირობითად, წლის დასაწყისში ჩამოაყალიბებ რომელი ქვეყნის ნახვა გაგიხარდება შენი კუთვნილი, დამსახურებული შვებულების აღება/მიღებისას,

2. აქვე განსაზღვრე მოგზაურობის მიზანი და პერიოდი. ჩემს მაგალითზე: ვინაიდან ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმოგზაურობ ერთი მიზნით: რაც შეიძლება მეტი რამ დავათვალიერო ჩემს მიერ შერჩეულ ქვეყანა/ქალაქში, ასევე ამ ყველაფერს ძირითადად ვახერხებ ფეხით მაქსიმალურად ბევრი სიარულის ხარჯზე, მირჩევნია ასეთი სასიამოვნოდ დამქანცველი ბოდიალის დროს არ შემაწუხოს მზემ, წვიმამ და ქარმა, შესაბამისად, ბოლო წლებია ჩემი შვებულება იგეგმება სექტემბერში. ამ დროს ბუნებაც ნელ-ნელა იწყებს ფერის შეცვლას და მგონია, რომ ეს არის საუკეთესო ვარიანტი ჩემს შემთხვევაში.

3.ადრევე დაიწყე გარკვეულ დეტალებზე ზრუნვა. მაგალითად, ჩაუსაფრდი ავიაკომპანიებს, რომლებიც პერიოდულად დებენ აქციებს ავიაბილეთებზე შენთვის სასურველი მიმართულებით, ასეთი ძიების დროს შეიძლება წააწყდე ისეთ აქციას, როგორიცაა 1 ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, მეორის უფასოდ მიღება, ან გარკვეულ %-იანი ფასდაკლება და ა.შ. რადგან აქ ვსაუბრობთ მოგზაურობაზე რაც შეიძლება ნაკლებ ფასად, ყველანაირად მისაღებად ჩათვალე გაფრენა მაგალითად ქუთაისის აეროპორტიდან, მერე რა თუ იქ ჩასვლა და უკანდაბრუნება გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, სამაგიეროდ, მინიმუმ 100 ევროან შეღავათს აძლევ საკუთარ ჯიბეს. მერწმუნეთ ეს თანხა უკეთეს რამეში გამოგადგებათ მოგზაურობისას, ასევე, უარი არ თქვათ ტრანზიტულ ავიაბილეთზეც, რათქმაუნდა საწყენია 6 საათს რომ ატარებ მაგ: გოგჩენის უინტერესო აეროპორტში, მაგრამ, ხანდახან ეს დრო ისე სწრაფად გადის ხალხის თვალიერებასა და starbucks-ის ყავის დალევისას ვერც კი გრძნობთ დისკომფორტს.

4. ავიაბილეთი შეიძინეთ თქვენით. ყველა ავიაკომპანიას, აქვს თავისი ოფიციალური საიტი, რომლითაც მარტივად შეძლებთ აირჩიოთ სასურველი დრო, შესაბამისი ფასის მომსახურება და უბრალოდ რამდენიმე თვით ადრე აკონტროლოთ ბილეთების ფასები. ჩვენს ქვეყანაში არსებული კომპანიის ყველა ე.წ. "ოფიციალური წარმომადგენლობა" თავის მხრივ ყოველთვის ამატებს ფასს, ამაში მარტივად დარწმუნდებით თუ თავად მოახდენთ ამ პროცესის გადამოწმებას.
პ,ს თუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ არ გეკადრებათ პეგასუსით ან WIZZAIR ით მოგზაურობა, მერწმუნეთ ბევრი წელი შეიძლება დაკარგოთ თქვენთვის სასურველი კომპანიის ავიაბილეთისთვის ფულის შეგროვებაში.

5. შემდეგი ნაბიჯი თქვენ მიერ არჩეულ ქალაქში საცხოვრებლის ძიებაა. მე თამამად გავუწევ რეკომენდაციას აპარტამენტებს. ნუ მოიხიბლებით 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროს იდეით, რომელიც დილის საუზმესაც შეიცავს, მერწმუნეთ ამ საუზმეში გადახდილი თანხის საფასურად იღებთ უხარიხსო და საკმაოდ ცოტა რაოდენობის საკვებს, ყველა აპარტამენტი აღჭურვილია ცხოვრებისათვის საჭირო პირობებით, (ტექნიკა, ჭურჭელი და ყველა ის დანადგარი, რაც შეიძლება ჩვენ საერთოდ არ მოგვეძიებოდეს საკუთარ სახლშიც კი). აპარტამენტი არის რამდენიმეოთახიანი, ვერანდით და რაც მთავარია უფრო იაფად შოულობ ბინას ქალაქის ცენტრში, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია სასტუმროს არჩევიისას. ინტერნეტ სივრცეში არსებობს ბინების არჩევისთვის გამოსადეგი რამდენიმე საიტი (booking.com, airbnb.com), სადაც ასევე პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია საჭირო ფასდაკლებების შესახებ და რაც მთავარია არჩევანი არის დიდი. აპარტამენტის შერჩევისას აუცილებლად გაეცანით ე.წ. რევიუებს, სადაც მიიღებთ ინფორმაციას არსებული ვარიანტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შესაბამისად თავად შეაფასეთ კონკრეტული ვარიანტი რამდენად მისაღებია თქვენთვის. ისევ ჩემი მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ამ რევიუების დროს ძირითად ყურადღებას ვაქცევ რა იწერება ბინის ადგილმდებარეობასთან, სისუფთავესთან და სანდოობასთან დაკავშირებით, სხვა ყველაფერი, (როგორიცაა პარკინგის არქონა, ტვ-ში რომელიმე არხი არ აჩვენებს, გარედან მანქანის ხმაურმა შემაწუხა და ა.შ აბსოლუტურად უმნიშვნელოდ მიმაჩნია). ვინაიდან ევროპის ქვეყნებში შიდა ტრანსპორტი საკმაოდ ძვირია, მაინც სჯობს ცენტრთან ახლოს დაიქირავოთ ბინა, რომ შემდეგ ფეხით მოახდინოთ ძირითადი ადგილების მონახულება.

6. მას შემდეგ რაც ბილეთი და საცხოვრებელი შევარჩიეთ საჭიროა ვიზაზე ფიქრი, ეს არის სტანდარტული პროცედურა, შესაბამისად, მინიმუმ  1 თვით ადრე მაინც შეიტანეთ საბუთები შესაბამის საელჩოში ან მომსახურების ცენტრში, რომ უარის შემთხვევაში ალტერნატივის ძიების დრო გქონდეთ.

7. რაც შეეხება კვებას: მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, მითუმეტეს თუ აპარტამენტი გაქვთ დაქირავებული მშვენიერი გამოსავალია მიაკოთხოთ ადგილობრივ სუპერმარკეტებს, სადაც ყველაფერი იყიდება ძალიან დაბალ ფასად. თუმცა აქვე ჩემი რჩევა იქნება შვებულებაში ყოფნისას ნუ დაიღლით თავს სამზარეულოში ბევრი ტრიალით და კერძების მომზადებით, პერიოდულად აუცილებლად ესტუმრეთ ადგილობრივი კვების ობიექტებს აბორიგენთა კერძების დასაგემოვნებლად.

8. ყველა ზემოთქმული ნაბიჯს გავლის შედეგ დაიწყეთ მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება თქვენს მიერ შერჩეულ ქალაქზე. ანუ დასახეთ მიახლოებითი გეგმა რა ნახოთ. ინფორმაციის მოძიება შეიძლება ისეთი ტიპის გადაცემებისგან, როგორიცაა მაგ: "Орёл и Решка", თუ წინასწარ არ გაქვთ გამოწერილი გაიდები, ინტერნეტში დევს ზღვა მასალა ყველა ქვეყანაზე, ასევე თვალი გადაავლეთ tripadvisor-ზე დაწერილ რჩევებს და მიაკითხეთ ქართულ ფორუმებსაც. საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრი მოგზაურობს და კარგი რჩევების მოცემაც შეუძლიათ. საჭირო ინფორმაციის შეგროვებისას მე პირადად ყურადღებას ვამახვილებ: მუზეუმებზე, სადაც შეიძლება ინახებოდეს რომელიმე ცნობილი მხატვრის ტილო, სასახლეებზე, პანორამულ გადმოსახედებზე, საკათედრო ტაძრებზე,  ასევე  ხომ არ არის ჩემი მოგზაურობის წერტილში რამე ისეთი ადგილი, რაც მსოფლიო ტოპ 10-ეულებში ან 100 ეულებშია შეყვანილი. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა გამოირჩევა საოპერო ან რაიმე სახელოვნებო მიმდინარეობით, ხომ არ მაქვს შანსი რამენაირად მოვხვდე წარმოდგენაზე (ერთ-ერთი ასეთი ძიებისას გადავეყარე ინფოს, რომ ვენის ოპერაში სპექტაკლის დაწყებამდე 1 საათით ადრე 3-4 ევროდ იყიდება ფეხზე დგომის ბილეთები, ასე აღმოვჩნდი "რიგოლეტოზე", პარტერში ჩემთვის განკუთვნილ ადგილას და მივიღე უდიდესი სიამოვნება, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერაფრით შევძლებდი, რადგან ბილეთების საწყისი ფასი რამდენიმე 100 ეული ევროა.). 

კონკრეტულ ადგილზე მოსახვედრად, სადაც ფასია გადასახადი შეგიძლიათ ბილეთები შეიძინოთ სახლიდან, რადგან ყველა დაწესებულებას (მუზეუმი, თეატრი ტაძარი და.ა.შ) აქვს ოფიციალური ვებ გვერდი, სადაც პერიოდულად იდება ინფორმაცია ფასდაკლებების შესახებ. ბილეთის ყიდვამდე შეეცადეთ გაარკვიოთ ხომ არ არის კვირის ისეთი დღე, როცა უფასოდ შეგიძლიათ მოინახულოთ ესა თუ ის თქვენთვის საინტერესო ადგილი. (მაგ: მადრიდში პრადოს მუზეუმში საღამოს 6 საათიდან შესვლა უფასოა). უკეთეს ვარიანტში ეს საიტები გეხმარება წინასწარ განსაზღვრო შენი ბიუჯეტით რა ღირშესანიშნაობის დათვალიერება შეგიძლია და შესაბამისად გამოყო პრიორიტეტებიც.



                              

P.S. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი საკანონმდებლო თავისებურებანი, ცუდი არ იქნება ტურის დაგეგმვის დროს ამ საკითხზეც მოხდეს ყურადღების გამახვილება, ეს ისე ზედმეტი უსიამოვნებისგან თავის დაზღვევის მიზნით  :)