შემოდგომის რაჭა

შემოდგომა, ჩემი სუბიექტური აზრით, წელიწადის ყველაზე მრავალფეროვანი და ლამაზი დროა. ვისაც წითელ-ყვითელი და ჭრელა-ჭრულა ფერები გიზიდავთ დაელოდეთ ოქტომბრის მეორე ნახევარს და ამ სილამაზის სანახავად გაეშურეთ იქ სადაც ფოთლოვანი ან შერეული ტყეა. საქართველოში კი ასეთი ადგილები უხვად გვაქვს.

ამ პოსტში რაჭაზე მოგითხრობთ. შემოდგომის რაჭა უკვე რამდენჯერმე ვნახე სხვადასხვა მარშრუტით. ბოლო ვარიანტი ერთდღიანი იყო. გავლილი მანძილი, ორივე გზა დაახლ. 720 კმ. საკმაოდ დამღლელი, მაგრამ ემოციებით სავსე.





ოქტომბერში დღე  მოკლეა, სადღაც 6:30 PM-ზე უკვე ბნელდება, ამიტომ სასურველია გზას დილით უთენია გაუდგეთ, რომ დაგეგმილი ერთდღიანი მარშრუტი კარგად მოასწროთ.

ჩვენ მანქანით ვიმოგზაურეთ. თბილისი დავტოვეთ დაახლოებით 07:00 AM-ზე. ზესტაფონში პატარა შესვენების შემდეგ, დაახლოებით 3:30 წთ-ში უკვე შაორის ტბასთან ვიყავით. ტბის გასწვრივ ჩამწკრივებული ფერად-ფერადი ხეები საოცარი სანახაობაა, იქვე ტყეშიც შეგიძლიათ იხილოთ ფერების სრული გამა.

გაფრთხილება: მანქანას ხიდზე თუ შეაჩერებთ, პატრულის ჯარიმას ვერ აცდებით.













შაორის ხიდზე თუ სანაპიროზე ჩატარებული ფოტოსესიის შემდეგ, გაივლით უხვხიან საოცარ ქუჩას შაორის გასწვრივ და გზას განაგრძობთ ნიკორწმინდამდე. ამ საოცარი ტაძრის მონახულება ყოველთვის კარგი იდეაა, მისი ფრესკები ყველა ჯერზე ახალ აღმოჩენას გაგაკეთებინებს.














მესამე გაჩერება - ხოტევის მთავარანგელოზის ტაძარი. ეკლესია ტყეში მდებარეობს გზიდან 200 მეტრში. აქაც  საოცარი ბუნება და ხედები გვხვდება სოფლებზე. ტაძარი სამწუხაროდ დაკეტილი იყო, შორიდან გავხედეთ ხოტევის ციხეს და გზა განვაგრძეთ ამბროლაურისკენ.















მეოთხე გაჩერება - ამბროლაური - სიყვარულის ჩანჩქერი. ეს ადგილი ბოლო წლებში გახდა მასიურად ცნობადი. ამბროლაურის შესასვლელიდან გადაუხვევ მარცხნივ და მიუყვები გრუნტიან გზას. დაახლ. 1 კმ-ში აღმოაჩენ ზემოთხსენებულ ჩანჩქერს. სამწუხაროდ ორ ნაბიჯში მთელი რაიონის ნაგავსაყრელია, რაც ერთგვარად გიფუჭებს განწყობას. მიმსვლელს ურჩევენ თუ გასათხოვარია შეძვრეს ჩანჩქერის ქვეშ.  გემრიელად დავსველდი :)







ამბროლაურში გემრიელი რაჭული ლობიანის ძებნამ უშედეგოდ ჩაიარა, თონეები კვირას არ მუშაობენ, რამდენიმე საცხობი კი იმდენად დატვირთული იყო შეკვეთით დალოდებას გზის გაგრძელება ვარჩიეთ.

ამბროლაურიდან ონამდე დაახლ. 30 კმ-ია. ჩვენს მიერ განვლილი ცენტრალური გზა ასფალტიანია და ყველა მანქანისთვის მისაღები.








მეხუთე გაჩერება - ონამდე გზაზე ჯერ ხიდიკართან ვჩერდებით, ხოლო შემდეგ ბარაკონის ეკლესია ვიხილეთ.















მეექვსე გაჩერება - შოვი. გზად უწერას მინერალურ წყალს გეახლებით. შოვი გადასახვევიდან 7 კმ-შია. ლამაზი ხედების დათვალიერების, მინერალური წყლის დაგემოვნებისა და სასტუმრო სანსეტ შოვის ეზოში დასვენების შემდეგ ვუბრუნდებით გზას თბილისისკენ.














გზად ონში ვაგემოვნებთ რაჭულ ლობიანს და შქმერულს.




კიდევ ერთი გაჩერება შაორზე,  ისე როგორ "მე მიყვარს რაჭა"- სთან საქანელებზე სურათი არ გადაიღო და არ დაჩექინდე.



P.S დაახლოებით ორი წლის წინ, შემოდგომის რაჭას კიდევ ერთხელ ვეწვიე და ზემოთ დასახელებული მარშრუტის გარდა მოვიარე სოფ. ღები და გონა. ღებამდე 7, ხოლო გონამდე 11 კმ-ია. გზა მოხრეშილია ღებამდე, ხოლო გონაში მისასვლელად დელიკა ან სხვა მაღალი გამავლობის მანქანა იქნება საჭირო, თუმცა ხედების სანახავად უკეთესი ადგილი ახლომახლო არ მეგულება.

სოფ. ღები:








სოფ. გონა:
















P.S