სევინჯა, სიხარულის გოგონა საინგილოდან
ბაქოდან ვბრუნდებოდი საღამოს ავტობუსით. სამი დღის ფიზიკურმა დატვირთვამ თავისი გაიტანა, თან წინასწარ მიწუხდა გული მთელი ღამე ავტობუსით რომ უნდა მემგზავრა და დილით სამსახურისთვის მიმესწრო. ერთადერთი იმას ვფიქრობდი მაქსიმალურად მეიძულებინა თავი დამძინებოდა.
ავტობუსის დაძვრამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, ფანჯრიდან ჩემს ლამაზ მეგობარს შევცქეროდი და ვიცოდი ისიც იმას ფიქრობდა, რასაც მე :)) შემდეგ მცირე ჩოჩქოლი ატყდა ჩემს გვერდით, ცივი გონებით ვხედავდი, როგორ უთმობდა ჩემს გვერდით მჯდომი ბიჭი უცნობ გოგოს ადგილს. გოგონას ბიჭები ახლდა. ჩემს გვერდით მჯდომმა არ გააპრობლემა ადგილის ცვლილება. მივხვდი, რომ გოგონას თანმხლები ბიჭების მიერ ნათქვამი მიზეზი, რატომ უნდა გაეცვალათ ადგილი ბიჭისთვის გასაგები აღმოჩნდა და აღარც გაუპროტესტებია.
ლამაზი გოგო იყო, ხალისიანი და სიცოცხლით სავხე, აი ისეთი თვალებიდან პოზიტივს რომ აფრქვევს. სევინჯა მქვიაო გამართული ქართულით მითხრა. სახელი კარგად ვერ გავიგე, მაგრამ განმეორება მომერიდა და ღიმილით შევაგებე ჩემი სახელიც. ამასობაში ავტობუსიც დაიძრა. მე ისევ ძილზე და ღამის გზაზე ვფიქრობდი. დაღლილი ვიყავი ემოციურად, ფიზიკურად და ცოტა ხნით ჩემს თავთან დარჩენა მჭირდებოდა (ხანდახან მჭირს ხოლმე ასე). გოგონა მიხვდა ეტყობა ჩემს მდგომარეობას, გვერდიდან ვგრძნობდი როგორ სურდა გამოლაპარაკება. ცოტა ხანიც და თავისთავად დაიწყო ამბავი გოგონასი, რომელიც ინგილოს უწოდებდა თავს, რამდენჯერმე ვცადე შემესწორებინა საინგილო ჰერეთით, მაგრამ არ ისურვა. მუსლიმი ვარო, ძმებთან იყო სტუმრად ჩამოსული ბაქოში. აქ გავთამამდი და სახელი ხელახლა ვკითხე, დამარცვლით, ქართულად სიხარულს ნიშნავსო. 6 ბიჭის შემდეგ ოჯახში გაჩენილ სიხარულს.სახელი მამას შეურჩევია. გზადაგზა ძილი გვართმევდა თავს ორივეს, პერიოდულად ვაღვიძებდით ერთმანეთს და საუბარს განვაგრძობდით საქართველოზე, რომელმაც ასე მიატოვა ჰერეთი, სადაც ქართულს უკვე ივიწყებენ შემდგომი თაობები, არც აზერი ხელისუფალი იკლავს თავს მათი მიხედვით და არიან ასე ღმერთის თუ ალაჰის ანაბარა დარჩენილები.
წუხდა, რომ ისტორია, რომელიც სხვანაირად ისწავლება მათთან და აბსოლუტურად განსხვავდება იმ ისტორიისგან, რომელსაც სევინჯა ისმენს საქართველოში ყოფნისას. მითხრა, რომ ბოლო ოთხი წელია დროებით ცხოვრობს საქართველოში საბურთალოზე, საექთნო დაამთავრა და პრაქტიკებს გადის საავადმყოფოში, პარალელურად მაქსიმალურად ცდილობს დამატების პროფესიები შეისწავლოს. ის აქ დროებითაა და დაბრუნებას აპირებს.
ვისაუბრეთ რელიგიაზე. რამადანია მათთან ამ დროს. ერთი თვე მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე არც წყალს სვამენ და არც საკვებს იღებენ, სამაგიეროდ, მზე რომ მოეფარება ღრუბლებს მაშინ იწყება ამბავი. ოჯახი ტრადიციული ყავს, თუმცა არა რადიკალი. გოგონას არ სთხოვენ დაბურულმა იაროს, თუმცა მან კარგად იცის მისი ტრადიცია რას გულისხმობს და ჩემს კითხვაზე სხვა რელიგიის წარმომადგენელი, რომ შეგიყვარდეს რას იზავთქო, გადაწყვეტილად მითხრა ეს არ მოხდებაო. ასაკი ვკითხეთ ერთმანეთს. 25 წლის იყო, რამდენიმე სოფელში გავლისას მითხრა, რომ ამ სოფლიდან/ქალაქიდან ჰყავდა მთხოვნელი, მაგრამ არ გააყოლეს/გაჰყვა. მშობლებთან ახლოს ურჩევნია დასახლება საინგილოში. გაოცება ვერ დამალა ჩემზე, რატომ აგვიანებო. :)) მორიდებული იყო, ყველა ქცევას ზომავდა, ერთი შეხედვით ეს არ ემჩნეოდა, კეკლუცობდა კიდეც. აზერი მესაზღვრის სულელურ ხუმრობაზე არც დაიბნა, სახეზე ეხატა ყველა ნაბიჯს ზომავდა. ვთხოვე საბურთალოზე ერთად წავიდეთ, მეც იქით მაქვსთქო გზა. სპორტის სასახლესთან დავშორდით. ბედნიერი ცხოვრება ვუსურვეთ ერთმანეთს. სიხარულს აფრქვევდა სევინჯა სახიდან, გოგონა საინგილოდან, რომელიც დამრჩა ბაქოს მოგზაურობიდან.