ჰალკიდიდი - საბერძნეთი

  სალონიკში შეღამებულზე ჩავფრინდით. ბინა ჰალკიდიდში, კერძოდ სოფელ პეფკოჰორში გვქონდა დაჯავშნილი და შესაბამისად უნდა მიგვეღწია დანიშნულების ადგილამდე. ყველა გათვლებით სარეისო ავტობუსისთვის უნდა მიგვესწრო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჯერ ქუთაისიდან გაფრენა დაგვაგვიანდა, შემდეგ დაფრენა და იმ ბოლო რეისმაც გაგვასწრო რისი იმედიც გვქონდა. ახალ ქალაქში მოხვედრით გამოწვეული ჩვეული დაბნეულობის შემდეგ, ძლივს გავერკვიეთ, რომ საბერძნეთის კანონმდებლობის მიხედვით ტაქსში ოთხ ადამიანზე მეტის ჩაჯდომა არ შეიძლება, ჩვენ კი ხუთნი ვიყავით. ორ მანქანაში არ გვაწყობდა გადანაწილება მაღალი ფასის გამო. მივდექით-მოვდექით და თავად გვიპოვა გამოსავალმა. აეროპორტის შესასვლელში უამრავი ტუროპერატორი დგას, რომელიც ყველა ენაზე გაგიწევს კონსულტაციას რა და როგორ გააკეთო. თუ გაიგეს, რომ ქართველი ხარ, იქვე გაიხსენებენ, რომ ოდესღაც ჩამოსულან საქართველოდან და ცოტა ხნის საუბრის შემდეგ აღმოაჩენ, რომ მის ოჯახს გასულ 90-იანებში შენს გვერდით თუ არა ახლოს მაინც ექნებოდა საცხოვრებელი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სწორედ ეს ხალხი დაგვეხმარა ტურისტული ავტობუსით გვემგზავრა აპარტამენტამდე. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ტრანსპორტი კონკრეტულ სასტუმროს ეკუთვნის, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გამყოლმა გოგონამ ყველა მგზავრს გამოკითხა სასტუმროს სახელი,შემდეგ თითოეული მათგანი დააბინავა და მიაცილა დანიშნულების ადგილამდე.
პალკიდიდი სალონიკის აეროპორტიდან დაახლოებით საათნახევრის გზაზე მდებარეობს. გზად გადიხარ სოფლებს, მყუდრო დაბებს, რომლებიც ზღვის სანაპიროზეა გაშლილი, ავტობუსის გამყოლი გოგონა ძალიან კარგი ხმის ტემბრით გვაცნობდა საბერძნეთის ისტორიას, მის ღირშესანიშნაობებს და რეკომენდაციის სახით გვთავაზობდა მოგვენახულებინა ესა თუ ის ადგილი. დროის მსვლელობასთან ერთად ხალხი თანდათან აკლდებოდა ავტობუსს, ჩვენ კი გაყურსულები ვისხედით და ვათვალიერებდით ჩაბნელებულ გზას (ავტობანზე რატომღაც განათება არ იყო), მძღოლზე სრულიად მინდობილები ველოდით როდის მიგვითითებდა ჩვენი ჩასვლის ადგილს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მძღოლი სულაც არ აპირებდა ჩვენს გზაზე "ჩამოყრას". დაინახა რა, რომ აპარტამენტი გვქონდა დაქირავებული და არა რომელიმე ძვირადღირებული სასტუმრო, მოწიწებით გვთხოვა ჯავშნის ფურცელი, თავისი ინიციატივით დაუკავშირდა სახლის მფლობელს და გააფრთხილა ჩვენი სტუმრობის შესახებ. ჰალკიდიდმა ჩვენი გაოცება აეროპორტიდან დაიწყო და შემდგომი დღეების განმავლობაში ეს გრძნობა სულ თან გვდევდა ყველას.
როგორც ზევით აღვნიშნე, საკმაოდ გვიან მივედით დანიშნულების ადგილას, გრილოდა, უფრო სწორად ციოდა. ბინის დათვალიერების შემდეგ კმაყოფილებმა და ერთობ დაღლილებმა გადავწყვიტეთ კარგად გამოგვეძინა. სიბნელეში არაფერი ჩანდა ირგვლივ, ამიტომ სულაც ვერ მივხვდით სად ვიყავით.

გათენებისას სახლის აივნიდან საოცრება გველოდა.



      ჩვენი ვიზიტი სექტემბრის მეორე ნახევარში დავგეგმეთ, ამიტომ ამინდიც შესაბამისი დაგვხვდა, თუმცა პასიური დასვენების და ზღვის მოყვარულებისთვის ალბათ ყველაზე კარგ სეზონზე ვსტუმრობდით პალკიდიდს. მერე რა თუ კლუბები და ხმამამაღლი მუსიკა, ბევრი ტურისტი არ გვხვდებოდა გზად, (ეს ქვეყანა ტურისტების ნაკლებობას ალბათ არასდროს უჩივის) სამაგიეროდ ყველა გვცნობდა და თავს გვევლებოდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ზღვა დღის 12-დან 16 სთ-მდე იყო  საბანაოდ კარგი, ზომიერად მცხუნვარე მზით. სრული იდილია კარგი გამოძინებისთვის და დასვენებისთვის.







ჰალკიდიდი და ზოგადად საბერძნეთი არის ადგილი, სადაც ადგილობრივი ქართველები (20-30 და მეტი წლის წინ რომ წავიდნენ საქართველოდან), მოხუცი ბებიები ქუჩაში დასეირნობენ და ქართულად განიხილავენ რაიმე სერიალს, ან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. მე კი სეირნობისას ვიგებ რა ამ ხმას, ვხვდები, რომ ისინი რიგითი ტურისტები სულაც არ არიან, უკნიდან სწრაფი ნაბიჯით ვუახლოვდები და ვესალმები. აპარატგადაკიდებულ და ზურგჩანთიან გოგოს დანახვისას არ უჩნდებაც ის აზრი, რომ სამსახურის საძებნელად ვარ ჩამოსული (რაც ათენში ხშირად გამომჟღავნდა საკმაოდ ცუდი ფორმით), ჩერდებიან, გვესაუბრებიან, გვიყვებიან აქეთურისას, იქითურისას, თავისი ცხოვრებისას, გთხოვენ წასვლამდე სახლშიც შევურბინოთ, სახლში თუ არა საღამოს სახლთან მივიდეთ და დავუძახოთ ქვემოდან ლილი ბებოს საჭორაოდ :))) მთელი სალამ-ქალამის შემდეგ შენს გზას აგრძელებ იმ მიზნით, რომ რაიმე საინტერესო დააგემოვნო საქართველოდან წაღებული, წინასწარჩამოწერილი ბერძნული კერძებიდან, ძირითადად საკვებ ობიექტად ისევ ზღვის ლამაზ ხედს ანიჭებ უპირატესობას და იწყებ რესტორნის არჩევას ზღვის სანაპიროზე. ამ არჩევისას მე და ჩემი მეგობრებისთვის ჩვეული ხორხოცის ხმა რესტორნებში მომუშავე ქართველების ყურადღებას იქცევს და ისევ სრული ყურადღების ცენტრში ვექცევით. ის ვინც შედარებით დაბალ პოზიციაზე მუშაობს (მაგ: მრეცხავად) უხერხულშია და არ ცდილობს აქტიურად დაგეკონტაქტოს, თუმცა ხედავ როგორ გიყურებს ჩუმად სადმე კუნჭულიდან. ასეთ რესტორნებში ყოველთვის ყავთ მომწვევი ბიჭი, რომელსაც უსწავლია ქართულად რამდენიმე სასაცილო ფრაზა და გარდა იმისა, რომ ამ ფრაზებით ცდილობს შენი ყურადღება მიიპყროს, სამზარეულოსკენ გარბის აცნობოს, რომ მისიანები არიან აქ.






თავიდან ქართველებზე ასეთი აღტაცების მიზეზს ვერ მივხვდით, რადგან საქართველოდან სულ მესმოდა, რომ ბევრია ემიგრაციაში და ცოტა არ იყოს სახელიც კარგად გვაქვს გატეხილი. საბოლოოდ გავარკვიეთ, რომ ასეთ ტურისტულ ადგილებში ქართველები ძირითადად სასტუმროებს სტუმრობენ all inclusive მომსახურებით. შესაბამისად ქუჩებშიც ნაკლებად დაიარებიან, თან ეს კონკრეტული მხარე ნაკლებად ათვისებულია ქართველი ტურისტების მიერ. ვახშამს ნებისმიერ კვების ობიექტში თან ახლავს უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი მისი მფლობელის მხრიდან, მხოლოდ იმის გამო რომ ქართველები ვართ.

კიდევ ერთი დეტალი, რამაც ჩვენი ქართველობის გამო გვასიამოვნა მანქანის დაქირავება გახლდათ. სურვილი გვქონდა მოგვენახულებინა საოცარი მეტეორა, ადგილზე გვირჩიეს თუ შეგვეძლო მანქანის მართვა, მისი დაქირავებით იაფად შევძლებდით ამ სასწაული ადგილის დათვალიერებას, ასევე მოვასწრებდით უფრო მეტის ნახვას, ვიდრე ამას ტურისტული გვთავაზობდა. მანქანის ქირაობისას დაზღვევის, ასევე საგარანტიო თანხა (სტანდარტული 500 ევრო) არ მოგვთხოვა კომპანიის მფლობელმა და შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყველა გზა მოგვიხაზა რუკაზე, ფურცელზე თუ ყველა საშუალებაზე, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება გამოადგეს ადამიანს.








სოფელი, დაბა პეფხოპორი სრულიად არ გავს ჩვენს ქობულეთს. ეს არის ლამაზი, მყუდრო პატარა ადგილი, კომფორტული გარემოთი, ნაკლები სანახაობებით, საოცარი დაისით, რომელიც იისფერს ხდის გარემოს (სხვათაშორის აქ მზე ზღვიდან ამოდის) და ყველაფერი იმით, რაც მოგცემს საშუალებას დაისვენო ყოველდღიური რუტინისგან.იაფი და გემრიელი (დიდი პორცია) საკვებით, გულიანი ხალხით. სურვილის შესაბამისად შეგიძლია გაისერინო გემით, შეიძინო ნახევარდღიანი ტური, რომელიც მიგიყვანს ლამაზ სანაპიროებთან და გაჩვენებს მიმდებარე ლამაზ საზღვაო ქალაქებს.







საკვები, რომელიც საბერძნეთში უნდა გასინჯო:

რვაფეხა:


შემწვარი მიდიები


გირო (იგივე შაურმა)


ძაძიკი


მუსაკა


 კრევეტები


ბერძნული სალათი



და.ა.შ


P.S