დაშბაშის კანიონი

თბილისური ცხელი ზაფხულისგან თავის დასაღწევად, უბრალოდ გასასეირნებლად და სულ მარტივად ერთდღიანი განიავებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშს. არ ვიცი ამ დრომდე რატომ არ იყო ასე მასიურად ცნობადი ეს მხარე. ფაქტია, რომ სანახაობა მოლოდინს ნამდვილად აჭარბებს.



დაშბაშის კანიონი მდებარეობს მდინარე ქციის, იგივე ხრამის ხეობაში, თბილისიდან 88 კილომეტრში, სამანქანო გზა დაახლოებით 1სთ და 30 წთ-ია, იმის გათვალისწინებით, რომ გზა არის საკმაოდ დახვეული. ქალაქ წალკის შესასვლელშივე გვხვდება ნიშანი, სადაც მითითებულია, რომ სოფელ დაშბაშამდე დაახლოებით 2 კმ-ია. გზის ეს მონაკვეთი, არ არის მოასფალტებული, თუმცა თითქმის ყველანაირი გამავლობის მანქანისთვის მიღწევადია. გზად კარგი იქნება თუ ნახავთ IV საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, საიდანაც ძალიან ლამაზი ხედი იშლება თავად კანიონზე.




კანიონამდე ჩასასვლელად დაახლოებით 20 წუთის დაღმართზე დაგჭირდებათ ჩასვლა, არ დაგავიწყდეთ, რომ  ამოსვლისას ეს დაღმართი აღმართად იქცევა, თუმცა მასში დაუძლეველი ნამდვილად არაფერია. წყალი ხეობაში არის ძალიან ცივი.











საპიკნიკოდ თუ მოსასვენებლად კარგი იქნება თუ შეჩერდებით იქვე ხელოვნურად გაშენებულ ნაძვნარში, სადაც ყველანაირი სიცხის მიუხედავად აუცილებლად დაგჭირდებათ მოსაცმელი.



შატილი

მზე პიკზეა, გაგანია ზაფხულია, მე კი ჩემს პოსტებში ვაგრძელებ საქართველოში არსებული მოსანახულებელი ადგილების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
ვინაიდან ჩემი გრძელვადიანი შვებულება სექტემბერში დაიგეგმა, ვცდილობ შაბათ-კვირა მაქსიმალურად გამოვიყენო. 1 კვირის წინ უკვე მეორედ ვეწვიე შატილს.



ინფორმაციისთვის: არსებობს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი. დათვიჯვრის უღელტეხილთან სრულდება პირაქეთა მხარე და გზას ვაგრძელებთ პირიქითა ხევსურეთისკენ, სადაც ჩვენი პოსტის მთავარი წერტილი - შატილი და მუცო მდებარეობს.

ჟინვალის გადასახვევიდან შატილამდე სულ რაღაც 100 კმ-ია. ერთი შეხედვით ეს მარტივად ათვისებადი ციფრი სულაც არ გულისხმობს 1 საათიან სამანქანო გზას. ვინაიდან გზა არ არის ასფალტიანი, ასევე ძირითადი ნაწილის გადავლისას მივუყვებით უღელტეხილს და შესაბამისად საჭიროა გარკვეული სიჩქარის შეზღუდვა, ამ  100 კმ-ის დაფარვას ჩავთვალოთ რომ სჭირდება საშუალოდ 3 საათი



რეკომენდაცია: 
1. იმისთვის რომ კარგად შეიგრძნოთ ამ მხარის სილამაზე, მინიმუმ 2 დღიანი ტურის დაგეგმვას გირჩევთ, თუმცა თუ ამ შემთხვევაში ჩემნაირად დროში იქნებით შეზღუდული და მაინც გაგიჩნდებათ სურვილი ერთხელ მაინც მოინახულოთ ეს მხარე 1 დღეშიც ჩვეულებრივ ესწრება ყველაფერი. 
2. ერთ დღიანი ტურის შემთხვევაში კარგი იქნება დილით ადრე დაიწყოთ სვლა, რადგან უკან გზაზე ნათელზე მოასწროთ უღელტეხილზე გადმოსვლა. 
3. ვინაიდან და რადგანაც გზად ხვდებით ისეთ ნაცნობ ადგილებს, როგორიცაა: ჟინვალის წყალსაცავი, ჩარგალი, ბარისახო, გუდანი, ხახაბო და ა.შ ნუ გადაწყვეტთ ამ ერთ დღეში ბარემ მოინახულოთ ყველაფერი, რადგან ასე ვერასდროს ჩააღწევთ დანიშნულების ადგილამდე.
4. ხევსურეთში პატივს სცემენ ე.წ. ხატებს, სალოცავ ადგილებს, რომელთა გარჩევა შესაძლებელია. ამ ადგილებში ქალის მიახლოება უბრალოდ აკრძალულია და ჩემი რჩევა იქნება პატივი ვცეთ ადგილობრივ ტრადიციებს და ნუ გავანაწყენებთ მთის ხალხს, რომლებიც ითვლება რომ მძიმე ხასიათით გამოირჩევიან, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ტრადიციებს ეხება.



განვაგრძოთ...

ზემოთაღნიშნული დათვიჯვრის უღელტეხილის ცნობა შეგიძლიათ აქ აღმართული ჯვრით. რეალურად ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი ამ მხარეში, საიდანაც იშლება ძალიან ლამაზი ხედი ჭაუხებზე (მთათა სისტემა). მეორე მხრივ, აქედან უკვე იწყება დაშვება პირიქითა ხევსურეთისკენ.




დაშვებისას გზად პირველი საინტერესო ადგილი ლებაისკარია, ეს არის ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი, თუშური კოშკის ასლი. ლებაისკარი ხუთსართულიანი კოშკია, რომლის სართულები შიგნით ერთმანეთს უკავშირდებიან გადასატანი ხის კიბეებით.





აქვე ახლოს მდებარეობს სოფელი კისტანი, ორდღიანი ტურის შემთხვევაში, აბსოლუტურად გამართლებულია ცოტა ხნით შეჩერდეთ ამ ადგილას და მოინახულოთ პატარა მთის წვერზე აშენებული სამი კოშკი. თუ დრო ამის საშუალებას არ მოგცემთ, შეგიძლიათ ქვევიდან შეავლოთ თვალი.


გზად შატილისკენ შეგხვდებათ ძალიან ლამაზი ადგილი, მე პირობითად წვეთებს შევარქმევ, დამღლელ გზაზე აქ შეჩერება და ცოტა დასვენება ცუდი აზრი ნამდვილად არ არის. 





სოფელ შატილს სწორედ მაშინ მიადგებით, როცა არ ელოდებით, მისით აღფრთოვანების საიდუმლო ალბათ პირველი ეფექტის მომენტიდან იწყება, დანარჩენი მოწონება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოგწონთ "ველური" ძეგლების თვალიერება. 





ჩემს აზრს დავწერ: პირველ ნახვაზე ისეთი ცივი, უკარება და გოროზი მეჩვენა შატილი, ცოტა უკმაყოფილომ დავტოვე ეს ადგილი და დაახლოებით ექვსი წელი სურვილი არ გამჩენია უკან დაბრუნების, მეორე მისვლაზე ისეთი ლამაზი იყო, მზიანი, ნათელი :)



ინფორმაციისთვის: შატილი - კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. სოფელი მდებარეობს არღუნის ხეობაში, აქვე არის სასაზღვრო პუნქტი. ეს ადგილი საზღვარია ჩრდილო კავკასიასთან. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.













ორდღიანი ტურის შემთხვევაში შატილში შეგიძლიათ მინდორზე გაშალოთ კარვები, ასევე დაიქირავოთ საოჯახო სასტუმრო, როგორც სოფლის რესტავრირებულ ნაწილში, ასევე ისტორიულ კოშკებში.



შატილის დათვალიერების და ფეხით შემოვლის შემდეგ, გირჩევთ გზა განაგრძოთ მუცოსკენ, რომელიც შატილიდან დაახლოებით 11 კმ-ში მდებარეობს. გზად აუცილებლად შეჩერდით ე.წ. ანატოლიებთან. (ნიშანი მიგახვედრებთ სად არის ეს ადგილი), სადაც ნახავთ ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ამავდროულად ადამიანობის გამომჟღავნების სიმბოლოს ანატოლიას, ეს არის ადგილი ქალაქის მოშორებით, სადაც იმ დროისთვის დამახასიათებელი უკურნებელი დაავადებით (ქოლერა, შავი ჭირი) დასნეულებული ადამიანი თავისი ნებით მიდიოდა და ცხოვრების ბოლო ყველაზე მძიმე დღეებს ატარებდა აქ. ადამიანობის სიმბოლო, რადგან ჩემი აზრით აქ გარდაცვლილ ყველა ადამიანს ზუსტად ჰქონდა გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ თუ ასე არ იზავდა დააზარალებდა და თავის დაავადებას გაავრცელებდა სხვებშიც, რაც გამოიწვევდა ისედაც მხცირერიცხოვანი მოსახლეობის სრულიად განადგურებას. ამ მცირე ზომის შენობაში ეხლაც შეგიძლიათ ნახოთ გარდაცვლილი ადამიანების ნაწილები. 




ამის შემდეგ გზა გრძელდება მუცოსკენ.

ინფორმაცისთვის: მუცო — სოფელი მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1880 მ. 

დღეს ეს სოფელი უფრო ნასოფლარია და რაც გადარჩენილია უბრალოდ კარგი არქიტექტურის გამო უძლებს დროს. მუცოს ნასახლარი მდებარეობს საკმაოდ მაღალი მთის თავზე, რომლის სანახავად საჭიროა ფეხით აიაროთ რამდენიმე კილომეტრი. დროის განსაზღვრის და ვიზიტორის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ადვილად შესაძლებელია ერთ დღეში მოასწროთ ამ ადგილის დათვალიერებაც. 


 თორღვას აუღებელი ციხე



P.S.